№11 რა პრობლემას ქმნის ტონალურითა და პუდრით დახშული ფორები და დამალული შავი წერტილები
ნინო კანდელაკი ანი რევია
სახის კანზე გაფართოებული ფორები ხშირად ქმნის პრობლემას, განსაკუთრებით კი, თუ ცხიმიანი კანი გაქვთ. მისი წარმოშობის მიზეზები სხვადასხვაა – ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებები, არასწორი კვება, კანის არასათანადო მოვლა და ასე შემდეგ. ის საკმაოდ თვალშისაცემია და იმის ნაცვლად, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს, უმეტესობა ამ დეფექტს კოსმეტიკით ნიღბავს. პუდრი და ტონალური საცხები კიდევ უფრო ახშობს ფორებს. შედეგად კი, ჩნდება კანის სიწითლე, გაღიზიანება, შეშუპება. ამ პრობლემას სწრაფად და მარტივად რომ გაუმკლავდეთ, მთავარია, სწორად მოუაროთ თქვენს კანს.
ამ პრობლემის მოგვარებაში ძალიან დაგეხმარებათ სპეციალური ნიღბების გაკეთება, რაც სახლის პირობებშიც არ გაგიჭირდებათ. გაფართოებული ფორების შესავიწროებელი ნიღბების წასმამდე კი აუცილებელია, კანი ადუღებული წყლის ორთქლით დაიორთქლოთ – აადუღეთ წყალი, ჩაასხით ჯამში, გადაიფარეთ პირსახოცი თავზე და სახე ორთქლს მიუშვირეთ. ეს დაარბილებს შავ წერტილებს და ნიღბის კომპონენტები უკეთ შეაღწევს კანში.
ცილის ნიღაბი: ათქვიფეთ 1 კვერცხის ცილა და ნახევარი ლიმონის წვენი. მიღებული მასა წაისვით სუფთა კანზე და დაიფინეთ ხელსახოცის ქაღალდი. როდესაც მასა გაშრება, სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
პომიდვრის ნიღაბი: დაჭერით პომიდორი თხელ რგოლებად, დაიდეთ სახეზე და დაიტოვეთ, დაახლოებით, 10 წუთით. შემდეგ სახე კონტრასტულად – ხან ცივი, ხან ცხელი წყლით დაიბანეთ.
მსხლის ნიღაბი: გათალეთ წვნიანი მსხალი და კარგად დაჭყლიტეთ, შეურიეთ სახამებელი, ისე, რომ გაქსელდეს და სახეზე გაჩერდეს. დაიტოვეთ 15-20 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით. ეს ნიღაბი შეავიწროებს სახეზე ფორებს, მოაცილებს შავ წერტილებს და გააღიავებს პიგმენტურ ლაქებს.
პურის ნიღაბი: 100 გრამი ჭვავის პური ჩაალბეთ ნახევარ ჭიქა თბილ წყალში. დატოვეთ 5 წუთი, შემდეგ გაწურეთ და წაისვით სახეზე. 10 წუთის შემდეგ სახე დაიბანეთ. პურში შემავალი კომპონენტები შეავიწროებს ფორებს და კანს ცხიმიან ბზინვარებას მოაცილებს.
კიტრის ნიღაბი: კიტრი გათალეთ და დააბლენდერეთ. შემდეგ, გაწურეთ და შეურიეთ 1 კვერცხის ათქვეფილი ცილა. კარგად გადაურიეთ და წაისვით სახეზე. ეს ნიღაბი შეავიწროებს ფორებს და გააღიავებს კანის ფერს.
სოდის ნიღაბი: 1 კვერცხის ათქვეფილ ცილას დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და ნახევარი ჩაის კოვზი სოდა. გაიჩერეთ, დაახლოებით, 8-10 წუთი და ჩამოიბანეთ ცივი წყლით. სოდა კანს ჩამჯდარ ჭუჭყს მოაცილებს, ლიმონის წვენი სახის კანის ფერს გაახალისებს, ცილა კი – ფორებს შეავიწროებს.
თაფლის ნიღაბი: დაადნეთ ადუღებულ წყლის ორთქლზე 1 სუფრის კოვზი თაფლი. შეურიეთ 50 გრამი ქერის ფქვილი და 1 კვერცხის ათქვეფილი ცილა. დაამატეთ 1 წვეთი პიტნის ზეთი, კარგად გადაურიეთ, წაისვით სახეზე და დაიტოვეთ 10-15 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ. ამ ნიღაბს მკვებავი ეფექტი აქვს და კანს ტონუსს მატებს.