№11 ექიმის რჩევები
კითხვა: მყავს 1 წლისა და 3 თვის პატარა. 6 თვის მერე ძუძუ აღარ უჭამია. თუმცა, ძუძუს ხელს რომ მოვუჭერ, რძე ცოტა კიდევ გამოდის – ეს ნორმალურია თუ რამე წამალი ან ექიმთან მისვლაა საჭირო?
პასუხი: ნორმაში ლაქტაციის სრული შეწყვეტის შემდეგ ძუძუდან გამონადენი (თავისთავადი) გრძელდება 3-6 თვე, ხოლო დვრილზე ხელის მოჭერით – 1 წლამდე. თუ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ კვლავ გექნებათ იგივე ჩივილი, პროფილაქტიკური გასინჯვისა და გამოკვლევის მიზნით უნდა მიმართოთ მამოლოგს.
კითხვა: შეიძლება თუ არა ორსულისთვის ხანგრძლივი ფრენა?
პასუხი: თუ ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობს, მგზავრობა დასაშვებია ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტით ორსულობის 20 კვირამდე. 26-28 კვირის შემდეგ სასურველი არ არის თვითმფრინავით მგზავრობა, ხოლო 36 კვირის შემდეგ კი – სხვა ტიპის ტრანსპორტითაც კი.
კითხვა: რას ნიშნავს მეტატუბერკულოზური ცვლილებები?
პასუხი: მეტატუბერკულოზური ცვლილებები ეს არის ფილტვის ქსოვილის ცვლილებები, რომლებიც ვითარდება ტუბერკულოზის, ან პნევმონიის, ან პლევრიტის გადატანის შემდეგ. ანუ ფილტვში ტუბერკულოზის ან პნევმონიის თანმდევი ცვლილებები მწვავე პროცესში განვითარდა, მაგრამ მკურნალობის შემდეგაც, როგორც ნაწიბური რჩება ხოლმე კანზე ჭრილობის შეხორცების შემდეგ.
კითხვა: მაინტერესებს, რა იწვევს დაღლისას სახის გაწითლებას და როგორ გამოვასწორო?
პასუხი: თუ ფიზიკური დატვირთვის დროს სახის სიწითლეს გულისხმობთ, ეს ნორმალურ ფიზიოლოგიურ მდგომარეობად მიიჩნევა, რაც სისხლის მიკროცირკულაციის გაძლიერებით აიხსნება და პათოლოგიას ვერ დავუკავშირებთ.
კითხვა: ვარ 18 წლის გოგო, აბიტურიენტი. არასრულფასოვანი კვებისა და გადაღლილობის ნიადაგზე დამიქვეითდა ჰემოგლობინი. ექიმთან კონსულტანციის შემდეგ ვიღებ წამლებს, ყურძნის წვენს, ღვინოს დანამატების გარეშე და ბროწეულს. თუმცა მაქვს გულის ფრიალი, მესმის ჩემი გულისცემა და თავს არაკომფორტულად ვგრძნობ. რას მირჩევთ?
პასუხი: მკურნალობის ფონზე უნდა გაკონტროლდეს ჰემოგლობინი. პარალელურად, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების გამოსაკვლევად, მიმართეთ ენდოკრინოლოგს. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, ოჯახის ექიმმა უნდა განსაზღვროს, კონკრეტულად რა დამატებითი კვლევების ჩატარებას საჭიროებთ.
კითხვა: მაწუხებს თავის ტკივილები. დილით თავის ტკივილით ვიღვიძებ და ყოველ დღე მიწევს ციტრამონის მიღება. რამდენად უსაფრთხოა ეს წამალი და რას მირჩევთ?
პასუხი: ჩივილი შესაძლოა, უკავშირდებოდეს არაკომფორტულ წოლას – ამ დისკომფორტის გამომწვევი ხშირად საწოლი, ლეიბი ან არასწორად შერჩეული ბალიშიც არის ხოლმე. თუმცა, არც პათოლოგიაა გამორიცხული. დიაგნოსტიკისთვის ნევროლოგთან ვიზიტია საჭირო. ყოველდღიურად ციტრამონის მიღება კი, ცხადია, არ არის რეკომენდებული.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე