№11 მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: შეუნდობს თუ არა უფალი ადამიანს ცოდვებს, თუ ის არ არის სინანულში და არ ნანობს თავის ცოდვებს?
პასუხი: უფალზე კეთილი და გულმოწყალე არავინ არის, მაგრამ თუ ადამიანი არ განიცდის ჩადენილს, თუ ვერ აცნობიერებს იმ მდგომარეობის სიმძიმეს, რომელშიც თავისი ცოდვების გამო იმყოფება, უფალი მას ვერ შეუნდობს.
კითხვა: რომელი ლოცვა უნდა წავიკითხოთ, როდესაც რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებით?
პასუხი: ყოველგვარი გასაჭირის დროს უნდა იმეოროთ ეს ლოცვა: „ღმერთო, შეწევნას ჩემსა მომხედენ; უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფვე“. ეს ლოცვა დაგეხმარებათ, თავი დააღწიოთ ნებისმიერ შეჭირვებასა და განსაცდელს.
კითხვა: რა უნდა ვითხოვოთ უფლისგან ლოცვებში?
პასუხი: ლოცვების დროს, პირველ რიგში, სთხოვეთ უფალს, რათა განიწმინდოთ ვნებებისგან; მეორე, რაც აუცილებელია, უნდა სთხოვოთ, რომ გათავისუფლდეთ სულიერი სიბრმავისგან, ხოლო მესამე – შეევედრეთ უფალს, რომ გადაურჩეთ ყოველგვარ განსაცდელს და არ მიგატოვოთ ღმერთმა.
კითხვა: როდის შეიძლება, ვილოცოთ ჩვენი სიტყვებით?
პასუხი: საკუთარი სიტყვებით ლოცვა დაშვებულია ტაძრის გარეთ, რადგან ღვთისმსახურების დროს, წირვა-ლოცვისას არ არის მიზანშეწონილი ჩვენი სიტყვებით ვილოცოთ, ამ დროს უნდა ვუსმინოთ იმას, რაც ტაძარში იკითხება ან იგალობება.
კითხვა: რას გამოხატავს ხატის წინ ანთებული სანთელი?
პასუხი: სანთელი, ისევე როგორც, სეფისკვერი, უსისხლო მსხვერპლს წარმოადგენს. სანთლის ალი სიმბოლურად მარადიულობას გამოხატავს. წინათ, ძველი აღთქმის ეკლესიაში ადამიანებს უფლისთვის მიჰქონდათ დაკლული პირუტყვის ქონი და ბეწვი, რომელიც სამსხვერპლოზე იდებოდა ახლა კი ჩვენ, როდესაც ტაძარში მივდივართ, მსხვერპლად ვწირავთ არა პირუტყვს, არამედ სანთელს.
კითხვა: როგორ უყურებს ეკლესია იმ ფაქტს, რომ ადამიანმა კეთილი საქმე საეჭვო საშუალებებით აკეთოს? მიზანი არ ამართლებს საშუალებას?
პასუხი: რაც უნდა დიდი სიკეთე იყოს მიზნად დასახული, არ შეიძლება, მას მიაღწიო ურიგო და საეჭვო საშუალებებით. ამას არც უნდა ეცადო. მიზანი არ ამართლებს საშუალებას.
კითხვა: როგორ დავძლიოთ ბოროტი ძალის შემოტევები?
პასუხი: „კეთილი საქმის შემდეგ თავმოწონება, უკეთურის შემდეგ – სასოწარკვეთილება“... ეს ყოველივე ჩვეულებრივი შემოტევებია მტრის მხრიდან. პირველის საწინააღმდეგოდ თქვენი ცოდვები გაიხსენეთ, ხოლო მეორის დასამარცხებლად კი მოიშველიეთ რწმენა იმისა, რომ ცოდვა ვერ გადაწონის ღვთის მოწყალებას.
კითხვა: სად იწყება ცოდვა?
პასუხი: ცოდვების საწყისი არის თქვენს აზრებში, ამიტომ თვალყური ადევნეთ თქვენს აზრებსა და ფიქრებს.