№11 თავმდაბლობის არსი და მისი ნაყოფი
ქრისტესმიერ თავმდაბლობაში ყველა სათნოებაა თავმოყრილი. რაც მეტად დაიმდაბლებს ადამიანი თავს, იმდენად მეტი ნიჭი მიეცემა ღვთისგან. ადამიანს ერთი თავმდაბალი ზრახვისთვისაც კი მადლი უბრუნდება. წმიდა მამები წერენ: დიდი ვერაფერი საქმეა სასწაულების ქმნა; არც ანგელოზთა ხილვა ნიშნავს ბევრს; უდიდესი საქმეა საკუთარი ცოდვების დანახვა. საკუთარი ცოდვის შემგრძნობი აღემატება იმას, ვინც თავისი ლოცვით მკვდრებს აღადგენს“.
სულის უღრმესი სიღატაკე ცვლის ყველა ხორციელ ღვაწლს (მარხვას, მეტანიებს, ხანგრძლივ ლოცვას), თუკი ქრისტიანი სხეულის უძლურების გამო მათ აღსრულებას ვერ შეძლებს.
ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული წერს: „სულიერი ცხოვრების წარმატება უფრო მეტად საკუთარი არარაობის შეგრძნებით გამოიხატება. მაგრამ საკუთარი არარაობის შეგრძნებისგან ადამიანი სულით არ უნდა დაეცეს, არ უნდა დამძიმდეს და არ დრტვინავდეს.
ამპარტავნების არსი ღვთის წინაშე ჩაკეტილობაა; თავმდაბლობისა კი ის, რომ უფალს საშუალება მისცე, შენში დაივანოს. ეს ნიშნავს ღვთის ხმას მიაყურადო და მისი წმიდა ნება აღასრულო.
რაც მარილია საკვებისთვის, იგივეა თავმდაბლობა სათნოებისთვის. მარტო თავმდაბლობას ძალუძს, ზეციურ სასუფეველში შეგვიყვანოს, თუმცა კი ნელა; სულს თავმდაბლობის გარეშე კეთილი საქმეებიც კი ვერ აცხოვნებენ, ხოლო ნიჭებს თავმდაბლობის გარეშე მისი დაღუპვაც კი შეუძლიათ.
ღირსი ისააკ ასური წერს: „ნიჭები განსაცდელის გარეშე მისი მიმღების დაღუპვაა. თუ სიკეთეს ღვთის წინაშე აღასრულებ და იგი წყალობას გიბოძებს, ევედრე, მოგანიჭოს შემეცნება იმისა, რის საშუალებასაც თავმდაბლობა მოგცემს; ანდა წაიღოს შენგან წყალობა, რათა იგი შენი დაღუპვის მიზეზი არ გახდეს, რამეთუ სიმდიდრე ყველასთვის უვნებელი როდია“.
წმიდა მამები პირდაპირ ამბობდნენ, რომ თუკი ადამიანში არ იქნება უკიდურესი თავმდაბლობა (ანუ თავმდაბლობა მთელი გულით, გონებით, სულითა და სხეულით, იგი ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს.
ბოროტ ძალას თავმდაბლობა ცეცხლივით წვავს. ის ისევე სძულს მზაკვარს, როგორც უფლის ჯვარი; ამიტომ თავმდაბალი ადამიანი სრულიად თავისუფალია ბოროტი ძალის მეუფებისგან და მის გულში მუდამ სიმშვიდე, სიხარული და მყუდროება სუფევს. იგი სუფთა, სულიერი ლოცვით ოცნებისა და გართობის გარეშე ლოცულობს.
სული თავის სრულყოფილებას ქრისტეში მოიპოვებს და არა საკუთარ თავში; ამიტომ თავმდაბალი ადამიანი თავისი უძლურებით ხარობს და ადამიანების წინაშე დიადად წარმოჩენა არ სურს; პირიქით, ცდილობს, მის უღმერთობასა და არარაობას ყველა ხედავდეს.
თავმდაბლობა შესაძლებლობას იძლევა, მშვიდად გადაიტანო მწუხარება და უბედურება; თავმდაბლობა ამსუბუქებს ყველაზე მძიმე შრომას; თავმდაბლობა ათბობს ლოცვის ნიჭს; თავმდაბლობა იცავს ზნეობრივი დაცემისგან და აღადგენს მათ, ვისაც ეს უბედურება შეემთხვა; თავმდაბლობას სინანულისკენ მივყავართ. თავმდაბლობა სულიერი წარმატების ფესვია: იგი სათნოებისთვის შთააგონებს და განამრავლებს მას; თავმდაბლობა ადამიანების კეთილგანწყობას მოიპოვებს.
აი, რა ძვირფასი და ფასეულია თავმდაბლობა. ჩემო მეგობარო, ყველა ღონე ვიხმაროთ, რათა მოვიპოვოთ ეს საუნჯე და, რაც ყველაზე მთავარია, ვევედროთ უფალს, რათა ეს სათნოება მოგვანიჭოს.
სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)