№11 როდის ხდება ცოლ-ქმრის დაშორება გარდაუვალი და რატომ ვეღარ აკონტროლებენ ისინი სიტუაციას
ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე
წყვილის ურთიერთობებში კრიზისები ნამდვილად არსებობს. თანაცხოვრების დროს ეს გარდაუვალია. მათი გადალახვა მარტივი არ არის, თუმცა შესაძლებელია. მაგრამ ზოგჯერ იქმნება მდგომარეობა, როდესაც დაშორება გარდაუვალი ხდება. პრობლემა ისაა, რომ ცოლ-ქმარი ვერ აცნობიერებს, რა არის კრიზისი ურთიერთობებში. კარგი იქნება, თუ წყვილი თავიდანვე გაიაზრებს, რომ ეს არის ბუნებრივი პროცესი, რომელიც შესაძლოა, ურთიერთობის სხვადასხვა ეტაპზე წარმოიშვას. წყვილების უმრავლესობა ამბობს, რომ მისი გადალახვის შემდგომ ურთიერთობა უფრო მჭიდრო და მყარი ხდება. მთავარია, კრიზისი ისეთ ჩიხში არ შევიდეს, საიდანაც გამოსვლა მტკივნეული და შეუძლებელი იქნება.
სოფო (36 წლის): როდესაც ორი ადამიანი ერთად იწყებს ცხოვრებას, წინა პლანზე სულ სხვა პრიორიტეტები მოდის და სხვა პრობლემებიც ჩნდება. ახლა არ მითხრათ, რომ ყველაფერი ინდივიდუალურია, რომ ქორწინება პრობლემა არ არის ან, პირიქით, ერთი დიდი პრობლემაა. მე ვფიქრობ, რომ ოჯახის შექმნას მეტი სერიოზულობით უნდა ვეკიდებოდეთ. ქალებიც მომზადებულები უნდა იყვნენ და კაცებიც. გეტყვით, რასაც ვგულისხმობ – რამდენმა ადამიანმა იცის, სანამ ოჯახს შექმნის, რა დაბრკოლებები შეიძლება, გაჩნდეს ურთიერთობაში?
– ანუ, იმის თქმა გინდათ, ქორწინებაში კრიზისები გარდაუვალია?
– რა თქმა უნდა. იცით, ჩვენ რა გვეშლება? როდესაც შეყვარეულები ერთმანეთს სასიამოვნო გარემოში ხვდებიან, ერთია, და ოჯახში, ერთ სივრცეში, მუდმივად ერთმანეთზე შეჩერებული წყვილი – მეორე. შეყვარებულები ცდილობენ მეტი დადებითი ემოცია გამოხატონ ერთმანეთის მიმართ და ურთიერთობაში მეტი რომანტიკა იყოს. ამ ყველაფერს ის ფაქტიც უწყობს ხელს, რომ ასეთ ურთიერთობაში პასუხისმგებლობა ნაკლებია. ფსიქოლოგები ამბობენ, ოჯახში ერთმანეთის თავიდან გაცნობა ხდებაო. დამიჯერეთ, მართალია. მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ჩემი ქმარი – შეყვარებულობის პერიოდში უსაყვარლესი, უთბილესი და ყურადღებიანი კაცი, ერთ დღესაც დაიბოღმებოდა და მასთან საერთო ენის გამონახვა შეუძლებელი გახდებოდა.
– კრიზისი ეს არის ერთმანეთთან შეგუების, შეთავსებისა და მიღების ეტაპი. ბოღმაც იგულისხმება?
– არ ვიცი. ფაქტია, რომ მის საქციელს სხვა ახსნა არა აქვს. ყველაფერი კარგად იყო, სანამ მე სოციალურ კიბეზე მასზე დაბალ საფეხურზე ვიდექი. კრიზისები მანამდეც გვქონდა, მაგრამ პატარ-პატარა – ზუსტად ეგ შეგუება-შეთავსების. ჩვენ ამ ყველაფერს მეტ-ნაკლებად ვუმკლავდებოდით. რომ ამბობენ, ოჯახი შესაძლოა, დაანგრიოს პერიოდმა, როდესაც წყვილის ურთიერთობაში ერთფეროვნების ხანა დგებაო. ჩვენ ამას არ შევუშინებივართ. საკმაოდ ღირსეულადაც გადავლახეთ. ამ დროს ახალი თავგადასავლებისა და შთაბეჭდილებების მოთხოვნილება გვქონდა და ძალიან დიდი ადრენალინიც მივიღეთ. დიახ, მართალია ის, რომ ყოფითი პრობლემებისა და ყოველდღიური რუტინის გამო შესაძლოა, ადამიანები ერთმანეთის მიმართ გაუცხოვდნენ, ურთიერობა გაცივდეს. მაგრამ ჩემს ოჯახურ ბედნიერებას სხვა რამე დაემუქრა.
– ანუ, ფიქრობთ, რომ შესაძლოა, ისეთი კრიზისიც დაუდგეს ოჯახს, რომელზეც ფსიქოლოგები არ საუბრობენ?
– არ ვიცი, რაზე საუბრობენ ფსიქოლოგები, მაგრამ ჩემს მაგალითზე ვიტყვი, რომ საფრთხე ბევრია. ახლა უკვე ძალიან მეპარება ეჭვი, რომ დაშორებას თავიდან ავირიდებთ. ვეღარ ვცნობ კაცს, რომელიც მიყვარდა და ჩემს მთავარ დასაყრდენად მიმაჩნდა.
– ანუ, აღარ გიყვართ?
– არ ვიცი. ძალიან მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, საკუთარ თავთანაც კი. გაუცხოებისა და წყენის განცდა მაქვს. საყვარელი ადამიანის მხრიდან მუდმივი კრიტიკა და უკმაყოფილება ისეთი დამანგრეველია, ვერ წარმოიდგენთ. თან, როცა იცი, ეს ყველაფერი რამ გამოიწვია.
– ამბობენ, როდესაც წყვილი ერთმანეთში გულახდილად არ საუბრობს, ერთად არ ეძებს გამოსავალს, კრიზისი ღრმავდება და ურთიერთობის დასასრული დგებაო.
– ზოგჯერ საუბარიც ვერ გშველის და ურთიერთობაში რეალურად დგება მომენტი, როდესაც დაშორება გარდაუვალია. ეს მომენტი მაქვს ახლა მე. როგორ გავაგრძელო ცხოვრება იმ ადამიანის გვერდით, რომელსაც ჩემი წარმატება აცოფებს. ჩემთვის ცოლქმრობა არ ნიშნავს კლასიკური გაგებით ოჯახს. ცოლ-ქმარი ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები, საყვარლები და თანამოაზრეები უნდა იყვნენ. ეს კი ჩვენს ურთიერთობაში აღარ არის. სულ ვჩხუბობთ. ჩემი აშკარად შურს და ყველანაირად ცდილობს, დააკნინოს ჩემი პიროვნება. ეს ფსიქოლოგიური ძალადობაა. ცოლები ხომ იმიტომ ეყრებიან ქმრებს, რომ მათ საყვარელი ჰყავთ. ჩემს შემთხვევაში ეს რომ ყოფილიყო, იქნებ უფრო გადამელახა. ჩვენი განხეთქილების მიზეზი ისეთი მძიმეა, ძალიან მეეჭვება გადავლახოთ. მით უმეტეს, რომ არაფერს აკეთებს სიტუაციის გამოსასწორებლად. მას თავი მართალი ჰგონია. მითხრა, შენ ქმარი შირმად გჭირდება და ეს ასე აღარ გაგრძელდებაო. კარგად ვხვდები, სინამდვილეში რაც აწუხებს, მაგრამ ჩემს წარმატებულ კარიერაზე უარის თქმას არ ვაპირებ. ეს უსამართლობა იქნება. ჩემი ქმარი ამ მსხვერპლს მაინც არ დააფასებს, იმიტომ რომ მას მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს.