№11 უოხრესი შიში
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ანუ ჭინკების შფოთი
შიში არათუ ოხერი, უოხრესია, ამიტომაც თითქოს გასაგები უნდა იყოს მავანთა შფოთვა, თავდაპირველად – ერთჯერადი კოვზებით მიიღეთ ზიარება, შემდეგ კი – ტაძრებს დეზინფექცია ჩაუტარდეთო. ცხადია, მრევლისადმი გულგრილობასა და უპასუხისმგებლობაში საპატრიარქოს დადანაშაულების ავანგარდში „რესპუბლიკელები“ მოექცნენ (ეს თემა, მგონი, პრივატიზებული აქვთ). ყველაზე მეტად შფოთავენ ადამიანები, რომლებიც საერთოდაც არ აღიარებენ არც ეკლესიას და არც ზიარების საიდუმლოს, თუმცა თავს იმით იმართლებენ, რომ ზიარებიდან გარეთ გამოსულები მათ შეუქმნიან საფრთხეს (იმედია, ეკლესიების დანგრევასაც არ მოითხოვენ?!)
ათეისტებთან და ხატმებრძოლების არაპირდაპირ (იქნებ – პირდაპირ) შთამომავლებთან კამათს აზრი არ აქვს, ისევე, როგორც არც პოლიტიკური გამორჩენის მსურველებთან. ამასობაში კი მაცხოვრის შობის ტაძარიც დაიკეტა, ცხადია, ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილებით (იმედია, ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალზე მაინც შეუშვებენ სასულიერო პირებს). მეორე მხრივ, იმავე ისრაელის სულიერმა ლიდერებმა ერს გოდების კედელთან საყოველთაო ლოცვისკენ მოუწოდა ვირუსის დასამარცხებლად.
თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენებური პოლიტიკოსები (ეკლესიასთან აქტიურად მებრძოლები და აწ კორონავირუსთან მებრძოლთა რიგებში მოხალისეებად ჩაწერილები) კრინტსაც არ ძრავენ, რომ დეზინფექცია ჩატარდეს საქართველოში მოქმედი ყველა კონფესიის სალოცავში (უდიდესი ალბათობით, იმ მიზეზით, რომ მაშინ ეს სიძულვილის ენად ჩაეთვლებათ), დიდ ეჭვს ბადებს, რომ უბრალოდ, მომენტით სარგებლობენ ეკლესიისთვის ტალახის სასროლად.