№10 როგორ გასწირა მარიამ ლაფაჩი-კონცელიძემ საკუთარი სიცოცხლე სხვისი შვილების გადასარჩენად და რა ტრაგედია დატრიალდა მის ოჯახში
ნინო კანდელაკი ნინო სანებლიძე
მარიამ ლაფაჩი-კონცელიძემ 33 წლის ასაკში სიცოცხლე გმირულად დაასრულა. ის გახლდათ საბავშვო ბაღის პედაგოგი, რომელმაც 12 ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა, თავად კი ტრაგიკულად დაიღუპა. შემთხვევა 2019 წლის 5 მაისს სოფელ ციხისძირის საჯარო ბაღის მიმდებარედ მოხდა. ბაღის ეზოსთან ახლოს ფერდობზე მყოფი მანქანა დაგორდა და ბავშვების მიმართულებით დაიძრა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მარიამი ერთი წუთითაც არ დაფიქრებულა, ისე განარიდა ბავშვები საფრთხეს, თავად კი, სამწუხაროდ, ვეღარ მოასწრო გამოსვლა... ამ თავდადების გამო, ქობულეთის მერიამ მადლობის ნიშნად, მარიამ კონცელიძის სახელზე მემორიალის გახსნა გადაწყვიტა, რომელიც საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკვერში დაიდგემება. მარიამ კონცელიძეს ორი შვილი და მეუღლე დარჩა.
ია ხალვაში (ქობულეთის გაერთიანებული საბავშვო ბაღების ხელმძღვანელი): მარიამი იყო უკარგესი ადამიანი, ერთგული და თავისი საქმის პროფესიონალი. ის ისე გადაეფარა ბავშვებს, საკუთარ სიცოცხლეზე არც უფიქრია. საღამოს ექვსი საათისთვის, როცა ბავშვების ბაღიდან გაყვანის დრო მოახლოვდა, მარიამმა ბავშვების ერთი ჯგუფი ეზოში გამოიყვანა. დაახლოებით, 10-12 ბავშვი იქნებოდა. საბავშვო ბაღს ემსახურება ტრანსპორტი, რომელსაც ბავშვები დაჰყავს. ერთი ნაკადი უკვე წასული იყო და ტრანსპორტს მარიამის ჯგუფი ელოდებოდა. ერთ-ერთი ბავშვის მშობელი თავისი მიკროავტობუსით გაჩერდა სკოლასთან, რომელიც ბაღის გვერდზეა. მანქანა ფერდობზე იყო, რაღაც მომენტში დაგორდა და ბაღის მიმართულებით, ბავშვებისკენ წამოვიდა. მძღოლი უკვე გადმოსული იყო მანქანიდან, რომ დაუნახავს ეს სიტუაცია გაქცეულა, მანქანის გაჩერების მიზნით მის წინ დაწოლილა, თუმცა ტანსპორტის გაჩერება ვერ შეძლო – თავად კი ფეხი მოსტყდა. მარიამს წამებში განურიდებია ბავშვები და მეორედ მიბრუნებულა იმ ადგილას, რომელიმე ხომ არ დამრჩაო. ამ დროს მანქანა დაეტაკა ბაღის ჭიშკარს, რომელიც მოწყდა და დაეცა მას. მარიამი შემთხვევიდან დაახლოებით ორ კვირაში გარდაიცვალა. ყველა ბავშვი უვნებელი გადარჩა. ასე გასწირა თავი და იხსნა 12 პატარას სიცოცხლე. ამ გმირობისა და თავდადების გამო, მას მემორიალს დაუდგამენ, რომლის ინიციატორიც ციხისძირის მაჟორიტარი დეპუტატი ვაჟა შავიშვილი გახლავთ.
მზია კონცელიძე (მარიამის დედამთილი): მარიამი გორის რაიონის სოფელ ტყვიავიდან იყო, იქ დაიბადა. დაამთავრა ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტი პედაგოგიკის განხრით. ძალიან კეთილშობილი ადამიანი გახლდათ, უზომოდ შეყვარებული პატარებზე და თავის საქმეზე. მართლაც გმირია, თავი გასწირა და ბავშვების სიცოცხლე გადაარჩინა. საოცრად ზრდილობიანი და პატიოსანი გოგო იყო. ჩემთან 14 წელი გაატარა, ერთად ვცხოვრობდით. პატარა იყო, რძლად რომ მოვიდა და შვილივით გამოზრდილი მყავდა. ასეთი მოულოდნელი, საშინელი ტრაგედია დაგვატყდა თავს. სამსახურში წასულს, საღამოს სახლში ველოდებოდით და ეს ამბავი მოხდა. როცა მისმა მეუღლემ სამსახურში შვილებთან ერთად მიაკითხა, ამ სიტუაციას შეესწრნენ.
– ანუ, ბავშვებიც ამ ყველაფრის თვითმხილველები იყვნენ?
– მარიამი უკვე გამოყვანილი ჰყავდათ, როცა ბავშვები მივიდნენ. ბევრი ხალხი ეხვია და ჩოჩქოლი იყო, შესაბამისად, არ იცოდნენ, რა ხდებოდა და ვერც წარმოიდგენდნენ, თუ მათი დედა და ჩემი შვილის შემთხვევაში – მეუღლე, ასეთ მდგომარეობაში დახვდებოდათ. ისე განიცდიან ბავშვები, განსაკუთრებით უფროსი გოგო, ფსიქოლოგთანაც კი ვატარებთ. როგორია, ჯერ საკუთარი თვალით ნახო და მერე კიდევ ასეთი რამ მოჰყვეს... მარიამს დარჩა ორი შვილი: მე-9 კლასელი ლიზი და მე-7 კლასელი ირაკლი.
– ოჯახისთვის დიდი ტრაგედია იქნება...
– რა თქმა უნდა, თუმცა მის ოჯახს მარიამამდეც არა ერთი ტრაგედია შეემთხვა. ერთი წლით ადრე მისი ძმა, ახალგაზრდა ბიჭი თბილისში მშენებლობიდან გადმოვარდა და დაიღუპა. მარიამი საშინლად განიცდიდა ამას, სულ დარდობდა, თან, პატარა და სამი წლის ასაკში გარდაეცვალათ. სამივე შვილი დაკარგა ოჯახმა ამაზე დიდი ტრაგედია რა შეიძლება იყოს, არ ვიცი. სამივე დედმამიშვილი თავის ტრავმით დაიღუპა. მათ სახლში, დედამისს სამი შვილის ფოტო რომ უდევს ხატებთან, ვერ გეტყვით, ეს რა გრძნობაა, რა ტკივილია. რომ ნახოთ, ალბათ, გაგიჟდებით. ცუდად არიან დედაც და მამაც... იქაც ორი ობოლი დარჩათ, პატარები. პატიოსანი, კარგი, მშრომელი ხალხია, ყველაფერი საკუთარი შრომითა და წვალებით აქვთ აგებული და გაკეთებული. ასე რატომ მოხდა და გაუბედურდა ოჯახი, არ ვიცი. მეზობლებიც გაოგნებულები არიან.
– რაიმე წინათგრძნობა ხომ არ ჰქონია მარიამს?
– კი, ჰქონდა. იმ პერიოდში მე საავადმყოფოში ვიწექი, ცუდად ვიყავი. დილით რომ ამდგარა, ჩაუცვამს, მოწესრიგებულა, მეუღლესთან მისულა და უთქვამს, რომ მოვკვდე, ახლოს მოხვალ და ხელზე შემეხებიო? მერე უკოცნია და გასულა სახლიდან. მეზობლები ამბობენ, იმ დილით საოცრად ლამაზი იყო მარიამი, არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, თან გაღიმებული მიდიოდაო. უცებ ჩაგვიქროლა და ყველას კარგი განწყობა დაგვიტოვაო.
– შემთხვევიდან რამდენ ხანში გარდაიცვალა და რას ამბობდნენ ექიმები?
– ეს ინციდენტი 5 აპრილს მოხდა და 24-ში გარდაიცვალა. ექიმების თქმით, თავის ქალა ჰქონდა გატეხილი, თვალების, ყურებისა და ცხვირის ძვლები – დამტვრეული. გადარჩენის შანსი ძალიან მცირე იყო.