№10 რა ნიჭს თრგუნავს ლელა კაკულია საკუთარ შვილში და როგორ ემზადება თამარ პატარაია პრემიერმინისტრობისთვის
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
როცა იგებენ, რომ წინასწარმეტყველ ლელა კაკულიას შვილია, ყველას განსაკუთრებული ინტერესი და უამრავი შეკითხვა უჩნდება. თუმცა, როგორც ამბობს, მისთვის ნათელმხილველის შვილობა ძალიან ორგანული ამბავია და ამას განსაკუთრებულად ვერ აღიქვამს.
თამარ პატარაია: დავიბადე და გავიზარდე ქალაქ თბილისში. სამი წლიდან დაიწყეს ჩემს სწავლა-განათლებაზე ზრუნვა. ბაღში არ დავდიოდი პროტესტის ნიშნად, რადგან ერთხელ, აღმზრდელმა უსამართლოდ, უხეშად დამიყვირა და დედამ აღმზრდელი ამიყვანა. ცალკე მყავდა ძიძა, რომელიც მივლიდა, აღმზრდელი კი მხოლოდ განათლებაზე ზრუნავდა. პირველ კლასში რომ მივედი, რუსულადაც ჩვეულებრივად ვსაუბრობდი. სამი-ოთხი წლიდან ძალიან მიყვარდა ეგვიპტის ისტორია, ესეც ჩემი აღმზრდელის დამსახურებით – უამრავ საინტერესო ამბავს მიყვებოდა. იმ ასაკში იმდენი რამ ვიცოდი, მშობლებსა და მთელ სანაცნობო წრეს ვაკვირვებდი (იცინის). შვიდი წლიდან მუსიკალურ ცხრაწლედში შემიყვანეს, პიანისტის განხრით – ამ მიმართულებით დიპლომიც მაქვს. სიმღერასა და ცეკვაზეც დავდიოდი. აღმზრდელს ხშირად დავყავდი თეატრში, ოპერაში, ბალეტზე. შემდეგ ამ ყველაფერს სკოლა დაემატა. იქაც კარგად ვსწავლობდი. როგორც მშობლები ამბობენ, ხასიათის ბავშვი ვიყავი. თუ რამის გაკეთებას მთხოვდნენ, გავაკეთებდი, მაგრამ მკაცრად თქმა არ ჭრიდა. ზოგჯერ ისეთი ჯიუტი იყავი, რაც არ უნდა გვექნა, ვერავინ ვერაფერს გაგაკეთებინებდაო.
– ბავშვობიდან დედა როგორი გახსოვს?
– ყოველთვის ძალიან დაკავებული იყო. ვიცოდი, რომ დედას წინასწარმეტყველების ნიჭი ჰქონდა და ყველაფერს ხედავდა, წარსული იქნებოდა ეს თუ მომავალი. ჩემთვის ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავი იყო, რადგან ამ გარემოში დავიბადე და გავიზარდე. ეს ჩემთვის იგივეა, რაც ის, რომ დედა ლელა კაკულიაა და მამა სიმონ პატარაია. ისევე ჩვეულებრივი მომენტია, როგორც ის ფაქტი, რომ მე ორი უფროსი ძმა მყავს. საერთოდ, დედა ძალიან მეგობრული ადამიანია. არც ის და არც მამა მკაცრები არ იყვნენ. თან მგონია, რომ მანებივრებდნენ, რადგან მესამე შვილი, თან გოგო ვიყავი. მით უმეტეს, მე რომ გამაჩინა, დედა 42 წლის იყო.
მახსოვს, ზურაბ ჟვანია რომ მოდიოდა ჩვენთან. ის და დედა კაბინეტში საათობით იკეტებოდნენ და საუბრობდნენ. დედას სულ შეხვედრები ჰქონდა. მაგრამ მეც დაკავებული ვიყავი. ასე რომ, მე ჩემი საქმეები მქონდა, დედას – თავისი. ძალიან ხშირად მივდიოდით ხოლმე სახლში ედუარდ შევარდნაძესთან. ნანულისთან ერთად შეკვეთილში ვისვენებდით. დიდ დროს ვატარებდი სოფო შევარდნაძესა და თაკო მოსეშვილთან. მახსოვს, თაკოს საჩუქრები და კაბები ჩამოჰქონდა ჩემთვის ამერიკიდან და სიხარულისგან ვგიჟდებოდი (იცინის). აბსოლუტურად ყველა მანებივრებდა.
დედასთან ძალიან ბევრ ადამიანს უნდა მოხვედრა. იაპონიის ელჩიც იყო მასთან და დედას ყველაფერი ნათქვამი აქვს მისთვის კატაკლიზმების შესახებ. იაპონიაში რადიაციის გაჟონვის შესახებაც გააფრთხილა. ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი მიმართავდა მას რჩევისთვის. მე მაშინ დაბადებულიც არ ვიყავი, როცა საქართველოს პირველი პრეზიდენტიც კი, თურმე, დედას ეკითხებოდა აზრს.
– როცა პროფესიის არჩევის დრო მოვიდა, დედა მომავალთან დაკავშირებით რას გეუბნებოდა?
– სულ პოლიტიკაზე მელაპარაკებოდა. მერვე-მეცხრე კლასში რომ ვიყავი, ჯერ კიდევ მაშინ მეუბნებოდა, საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩააბარეო. მეც ყველაზე მეტად პოლიტიკური მეცნიერებები მომწონდა. მე-11, მე-12 კლასში ბრიტანეთში ვსწავლობდი. სკოლის დამთავრების შემდეგ, სამართლის საფუძვლებზე გავაგრძელე სწავლა, მაგრამ მერე, მივხვდი, რომ კონკრეტულად იმ ქვეყნის კანონმდებლობას თუ ვისწავლიდი ინგლისის გარეთ ვეღარ ვიმუშავებდი. ამ შეზღუდვას ვარჩიე, ისევ საერთაშორისო ურთიერთობებზე მესწავლა, დედამაც იგივე მირჩია და საბაკალავროს დიპლომი ამ მიმართულებით ავიღე. ამჟამად პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე ვსწავლობ, სამაგისტრო კურსს გავდივარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელსაც მომდევნო წელს დავამთავრებ და წავალ ამერიკაში, სადაც უშიშროების განხრით მინდა სწავლის გაგრძელება.
– შენს მომავალთან დაკავშირებით დედას ნათქვამი აქვს, რომ პრემიერ-მინისტრი გახდები.
– კი, მაგრამ ზოგადად, მომავალთან დაკავშირებით არც მე ვეკითხები და თუ საჭირო არაა, თვითონაც არ მეუბნება ხოლმე. ცხოვრების დინებას მივყვები, რამე სერიოზული რომ ხდებოდეს, თუ საფრთხე მემუქრება, დედა აუცილებლად გამაფრთხილებს. შეიძლება, ისე მოაგვაროს პრობლემა და ისე ამაცილოს ხიფათი, რომ მე საერთოდ ვერ გავიგო. რაც შეეხება წინასწარმეტყველებას, თოთხმეტი წლის ვიყავი, როცა თქვა, რომ პრემიერ-მინისტრი გავხდებოდი, თუმცა ჩემთვის არ უთქვამს. შეიძლება, ვინმეს ძალიან გახარებოდა, მაგრამ მე ამ პასუხისმგებლობამ ძალიან დამამძიმა. მთელი ქვეყანა რომ შენ გაბარია, ეს არაა პატარა ამბავი, მძიმე ტვირთია. ახლა ყველანაირად ვცდილობ, რომ მომავალში ეს პოზიცია ღირსეულად დავიკავო. თუმცა, ამაზე ფიქრიც კი არაა მარტივი.
– როგორც ვიცი, პირადი ცხოვრების შესახებაც აქვს ნაწინასწარმეტყველები, რომ შენი მეორე ნახევარი უცხოელი იქნება.
– დედამ თქვა, საზღვარგარეთ გათხოვდებაო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი მეორე ნახევარი ეთნიკურად ქართველი არ იქნება. მაინცდამაინც უცხოელი იქნებაო, არ უთქვამს (იცინის). ნათქვამი აქვს, რომ ორი შვილი – გოგო და ბიჭი მეყოლება.
– შორიდან ცოტა მისტიკური ადამიანი ჩანს, რეალურად როგორია?
– ძალიან თბილი, გულკეთილი და ხელგაშლილი ადამიანია ყველას მიმართ. რომ დაინახავ, მოგინდება ჩაეხუტო და ხელი აღარ გაუშვა. ყველას აინტერესებს, როგორია და მისტიკურად, ჰოლივუდური ფილმების გავლენით ჰყავთ წარმოდგენილი. არადა, არანაირად. ჩათვალეთ, ტელევიზორს რომ რთავ და იქიდან ახალ ამბებს იგებ, ამის მსგავსად, დედას ნებიმისერ სიტუაციასა და მომენტში აქვს უნარი, მიიღოს ინფორმაცია ადამიანებსა და თუ მოვლენებზე. დაინახოს – სად რა მოხდება. ხანდახან მისი სურვილისამებრ კი არა, თავისით მოდის ზღვა ინფორმაცია. მითხრა: ადრე შუაღამით მეღვიძებოდა და ის ინფორმაცია, რომელიც თავში მომდიოდა, აუცილებლად უნდა დამეწერა. სანამ ფურცელზე არ გადმოვიტანდი, ვერ მოვისვენებდი და არ დამეძინებოდაო. რეალობას ხედავს, რომელიც ხან კარგია, ხან – ცუდი. ბევრჯერ უთქვამს, ხანდახან მეშინია, რა ინფორმაციას მივიღებ, მაგრამ შემდეგ, რომ ვიგებ, ჩემი ქვეყანა და ხალხი კარგად იქნება, ვმშვიდდებიო.
– მითხარი, არაფერს ვეკითხებიო. მაგრამ შენი დაქალების ამბავიც მაინტერესებს. ალბათ, შანსს არ უშვებენ ხელიდან.
– აინტერესებთ და მთხოვენ ხოლმე: გეხვეწები, დედაშენს ჰკითხე, რა იქნებაო (იცინის). მაგრამ მე არაფერს ვეკითხები. ჩემზე კითხვითაც არ ვაწუხებ, იმიტომ რომ დედაჩემი ამ ყველაფერს რომ ხედავს, თუ რამე ცუდია, მასზე გადადის. დედამ უნდა გაწმინდოს ეს ადამიანი ენერგეტიკულად, ხიფათი აარიდოს. ეს ავტომატურად ხდება. დედაჩემის ჯვარი და მისიაა, რომ ადამიანებს ცუდი ააშოროს. მე შვილი ვარ და ბუნებრივია, რომ ცოტა ეგოისტური დამოკიდებულება მაქვს. მინდა, დედა კარგად მყავდეს და მისი ჯანმრთელობა სხვის ცუდს არ გადავაყოლო. ამიტომ, როცა მთხოვენ, რამე ჰკითხეო, პირდაპირ ვეუბნები, რომ ვერ ვკითხავ. ძალიან დიდ გაჭირვებაში უნდა იყოს ადამიანი, რომ მის შესახებ დედას ვკითხო.
– დედას როგორი რეაქცია აქვს კრიტიკაზე?
– მივხვდით, რომ ამაზე ნერვიულობა სისულელეა, ამას ვერ გაექცევი. დედა სულ ამბობს, ნერვები არაფერზე მოიშალო, იმიტომ, რომ ნერვულ სისტემას ვეღარ აღიდგენ. თუ შეგიძლია, „გაატარო“, „გაატარეო“ და ასეც ვიქცევით. ცუდი პიარი არ არსებობს, ანტიპიარიც პიარია (იცინის). დედა ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი პიროვნებაა, ღრმა სოფლებშიც კი არ მეგულება ადამიანი, რომ არ იცოდეს, ვინაა ლელა კაკულია და ამიტომ, არაფერია ამაში გასაკვირი.
– შენთვის რას ნიშნავს მისი შვილობა? როგორი რეაქციები აქვთ, რომ იგებენ ვისი შვილი ხარ?
– შოკში ვარდებიან (იცინის). მეკითხებიან: როგორ ხედავს? არ გეშინია? შენ როგორ ხარ ამ ყველაფერთან? დედას ჩემზე აქვს ნათქვამი, რომ მაქვს მსგავსი ნიჭი, მაგრამ მე თამარში ამ ნიჭს ვთრგუნავ, რომ სხვებმა არ შეაწუხონო. რომ ვუყურებ, მართალიცაა. ძალიან დიდი სამეგობრო წრე მყავს და ყველა რომ ყოველ ნაბიჯზე მე მირეკავდეს, ჩემთან ელემენტარული ადამიანური ურთიერთობის ხალისს დაკარგავდნენ და მხოლოდ ამაზე იქნებიან ორიენტირებულები. ეს ძალიან დამთრგუნავდა და ამიტომ, დედაჩემის დამოკიდებულების კარგად მესმის.
– მამაზეც მინდა, გკითხო, ის როგორი ადამიანია?
– მამა უსაყვარლესი, უკეთილესი და უმშვიდესი ადამიანია. მაღალი, დიდი კაცია, რომლის ჰაბიტუსიც მის ხასიათს არ შეესაბამება. ბავშვობაში ისე მიყვარდა, რომ ვხედავდი, მის იქით აღარავინ მინდოდა და დღემდე ასეა.
– ასეთი ქალები რომ ჰყავს ოჯახში, როგორ უმკლავდება?
– ჩემი ძმები ცალკე ცხოვრობენ და ოჯახში მატრიარქატი აქვს (იცინის). ძალიან მშვიდი ადამიანია და ამ კუთხით არანაირი კონფლიქტი და დაძაბულობა არ გვქონია. მისთვის საზოგადოების დამოკიდებულება ზოგჯერ ერთგვარი სტრესია. ძალიან ემოციურია და თუ რამე კრიტიკული სიტუაციაა, შეიძლება, ცოტა მერე ვუთხრათ, როცა ყველაფერი გამოსწორდება და დამშვიდდება, რომ ტყუილად არ გავანერვიულოთ.