№10 მარიტა ჯანაშია: აღარ უნდა აწვალო ურთიერთობა, როცა გრძნობ, რომ მას პერსპექტივა აღარ აქვს
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
მარიტა ჯანაშიამ კიდევ ერთი ამპლუა მოირგო და ახალი წლიდან მაყურებელს ტელეწამყვანად მოევლინა, სადაც მისი თანაწამყვანი, არც მეტი, არც ნაკლები, საკუთარი ბებია – მსახიობი მარინა ჯანაშიაა.
მარიტა ჯანაშია: ერთი თვეზე მეტი გავიდა, რაც ეს ამპლუა მოვირგე. ჯერ „ჭყინტი“ ვარ, მაგრამ ძალიან მომწონს (იცინის). ყველა გადაცემაში ახალ ინფორმაციას ვიღებ, ბევრ რამეს ვსწავლობ და ყველას ვეხვეწები, შენიშვნები მომცენ.
– შენთვის მთავარი სირთულე რა არის?
– დილით ადრე გაღვიძება (იცინის). ეს დღემდე ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენს ჩემთვის. მეგობრები სულ მეჩხუბებოდნენ, დილით გაღვიძებას რომ ვერ ვახერხებდი, მაგრამ ამასაც ვეჩვევი. 13 იანვარს გავდიოდით ეთერში. 2 იანვარს ოფიციალურად „წავიქეცი“ ყველასთვის ცნობილი „ბ“ ტიპის ვირუსის გამო. ჩავწექი ლოგინში და ვეღარ ავდექი. მომცელა ამ ვირუსმა. რომ ავმდგარიყავი და ტელევიზიაში მივსულიყავი, ყველას ჩავაწვენდი. ცოტა ხნით ადრე, რომელი მეგობარიც ვნახე, ყველას იგივე დაემართა და მლანძღავდნენ (იცინის). პირველი კვირა ჩემმა თანაწამყვანებმა იმუშავეს ჩემ მაგივრად, გაგებით მოეკიდნენ ამ სიტუაციას და ბოლომდე მაცადეს გამოჯანმრთელება. ეს ძალიან დასაფასებელია. მიმუშავია სამსახურში, რომლის უფროსიც ფილტვების ანთებით წაქცეულს მირეკავდა, მალე გამოდი სამსახურშიო. ამჯერად, იმდენად განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდათ, მართლა მეტირებოდა.
– ახალი ამპლუის მორგებისას არ ნერვიულობდი? აქამდე ყოველთვის რესპონდენტი იყავი.
– მართალია. პირველი ორი კვირა ძალიან ვნერვიულობდი. ჩემი ყველა ორგანო განიცდიდა (იცინის). მერე ნელ-ნელა მომეხსნა. ეს იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც ჩემ გვერდითაა, ყველაფერში მათი იმედი მაქვს. თუ დავიბენი, ვიცი, რომ დამეხმარებიან.
– როგორ მიიღე ეს შემოთავაზება?
– რეალურად, მარინას დაურეკეს, უნდოდათ, მის შესახებ მოემზადებინათ სიუჟეტი. პროდიუსერს უკითხავს, ვინმე გოგოს ხომ არ გვირჩევთ, გუნდი გვაქვს შეკრული და ერთი წამყვანი გვჭირდებაო. მარინამ ვიღაცები ურჩია და ბოლოს, ძალიან სასხვათაშორისოდ, უთქვამს: შემიძლია, ჩემი შვილიშვილის ნომერიც მოგცეთ, თუ დაგაინტერესებთო. მერე რამდენიმე სინჯზე მივედი და საბოლოოდ, დამტოვეს, რაც ძალიან გამიხარდა.
– ფაქტობრივად, ბებიას გაუჩნდა იდეა. შენ თუ გქონდა მანამდე ამის სურვილი?
– კი და ძალიან ადრე „მუზიკ-ბოქსზე“ გადაცემაც მიმყავდა. ეს ყველაფერი ყოველთვის მომწონდა, მაგრამ შემდეგ სწავლაზე გადავერთე. სხვადასხვა სიტუაციებისა და მდგომარეობების გამო ამისთვის დრო აღარ მრჩებოდა. მაგრამ სურვილი ყოველთვის მქონდა და ტელევიზია მენატრებოდა. მარინა მეუბნებოდა ხოლმე, იქნებ სადმე გეცადაო. ეს შემოთავაზება რომ გაჩნდა, თავიდან ძალიან შემეშინდა, რადგან პირდაპირ ეთერში წამყვანად მუშაობის გამოცდილება არ მქონია. მაგრამ სინჯებზე ისეთი გუნდი დამხვდა, რომ მათი დახმარებით შევძელი, ყველაფრისთვის ალღო ამეღო.
– ალბათ, დიდი პასუხისმგებლობაა ისეთი ბებიის შვილიშვილობა, ყველას რომ უყვარს.
– ძალიან სასიამოვნოა, როცა ვხედავ, რომ მარინა ასე უყვარს ხალხს. ადრე მერიდებოდა ხოლმე მისი სახელისა და გვარის ხსენება – ძალიან ამაყობ, მაგრამ არ გინდა, შეწუხდეს ადამიანი იმის გამო, რომ შენ მისი შვილიშვილი ხარ – ეს მომენტი მქონდა. რადგან ვიცოდი, სადაც მარინას სახელი გაიჟღერებდა, ყველგან განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩნდებოდა. ის არაა ჩემთვის მარინა ჯანაშია, ბებია მარინაა, თუმცა ძალიან სასიამოვნოა, როცა მისდამი ამხელა სიყვარულს ვგრძნობ. ტელევიზიაში თავიდან დილის გადაცემაში მივედი, მაგრამ შემდეგ გაჩნდა იდეა, შუადღის გადაცემისთვის, რომ მე და მარინა ერთად დავესვით. აქამდე ქართულ ტელესივრცეში არ ყოფილა პრეცედენტი, რომ ოჯახის წევრები თანაწამყვანები ყოფილიყვნენ.
– ახლა ორივეს ორმაგი პასუხისმგებლობა გაქვთ, არა?
– მე არ ვნერვიულობ ისე, როგორც მარინა. გადაცემის წინა ღამით არ სძინავს, იმ დღეს ძალიან ღელავს, საოცარი პასუხისმგებლობით ეკიდება და ძალიან ნერვიულობს, აქამდე ამ ამპლუაში არასდროს ყოფილა. ვაიმე, თავი რომ ვერ გავართვაო... არადა, ყველა საპირისპიროში ვართ დარწმუნებული. ცალკე ჩემზე ნერვიულობს. მაგრამ, მგონი, ნელ-ნელა ისიც ეჩვევა.
– ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დიდი სირთულე გამოიარა და საზოგადოება ფიქრობს, რომ ძალიან ძლიერი ადამიანია. ასეთია რეალურადაც?
– მარინა არასდროს განახვებს, რომ რაღაც უჭირს. ძალიან ბევრი წელი ჰქონია სიმსივნე, დათესვის შემდეგ გაიგეს, რომ დაახლოებით, 6-8 წლამდე მაინც. მაგრამ ის იმდენადაა სხვებზე ორიენტირებული, თითქოს, საკუთარი თავი უკანა პლანზე ჰყავს გადაწეული. მარინას თუ რამე სტკივა, თუ რამე აწუხებს, ამას ვერ გაიგებ, არასდროს გაგრძნობინებს. ყველაზე რთულ მომენტში დიდი ძალა გამოავლინა. ერთი წამი არ უფიქრია ცუდზე. რეალურად ძალიან მძიმე დიაგნოზი ჰქონდა. მაგრამ ამ ყველაფერს ისე მოერია, რომ ყველასთვის მაგალითია. ბოლომდე დიდი შემართება ჰქონდა და ჩემი აზრით, ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა მის გამოჯანმრთელებაში. როგორ მძიმე მდგომარეობაშიც უნდა იყო, პოზიტიურად უნდა იფიქრო, ეს ყველაფერში გეხმრება ადამიანს. მაგრამ როცა ცუდად ხარ, არც ორგანიზმი და არც ემოციური მდგომარეობა არ გაძლევს კარგზე ფიქრის საშუალებას. თუმცა მარინამ ეს შეძლო, რასაც დიდი ძალა სჭირდება.
– რაც შეეხება პროფესიას...
– თეატრალური რომ დავამთავრე, მივხვდი, რომ მსახიობობა არ იქნებოდა ერთადერთი პროფესია, რომელიც მე მექნებოდა, იმიტომ რომ სხვა სფეროებიც მაინტერესებდა. შემდეგ ვისწავლე გრაფიკული დიზაინი, დღემდე ამ პროფესიით ვმუშაობ და ძალიან მიყვარს. მსახიობის კარიერა, მით უმეტეს, საქართველოში, სამწუხაროდ, არაა იმდენად შემოსავლიანი, რომ პარალელურად, სხვა საქმის კეთება აღარ გჭირდებოდეს. ყველა ადამიანს აქვს ფინანსური პასუხისმგებლობები. მე ყოველთვის ვიცოდი, რომ თეატრალურის გარდა, სხვა საქმეც მექნებოდა. რაც შეეხება, სამოდელო სფეროს, წინა წელს ჩავარდნა მქონდა. შარშან ჩემთვის საკმაოდ რთული წელი იყო. უცებ გავქრი რადარებიდან (იცინის). მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ისევ გავაქტიურდები.
– გაქრობის მიზეზი რა იყო?
– ყველა მხრივ რთული წელი მქონდა. მაგრამ მგონი, მარტო ჩემთვის არა, ბევრისგან მოვისმინე იგივე. იყო რაღაც მიზეზები, სწავლა, პირადი ცხოვრება და ასე შემდეგ, გამოვიდა, რომ ძალაუნებურად გავქრი, ისე, რომ თვითონაც ვერ მივხვდი. მაგრამ ახლა დავბრუნდი.
– რთულ წელში რას გულისხმობ?
– შარშან მქონდა ყველაზე რთული პერიოდი. მამაჩემს, რომელიც არ ცხოვრობს საქართველოში და რომელიც ჩემთვის ყველაფერია, მთელი ცხოვრება ჩემი საუკეთესო მეგობარია, შარშან ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. საბოლოო ჯამში, გავიგეთ, რომ სერიოზული და მოუგვარებელი – არაფერი, მაგრამ სანამ ეს გვეცოდინებოდა, მანამდე ის პერიოდი იმდენად მძიმე იყო, კარგად არც მახსოვს. როცა შენთვის ამდენად მნიშვნელოვან ადამიანს რაღაც სჭირს და არ იცი, რა, გადმოცემაც კი მიჭირს, ისე მტკივნეულია. თან, ვერც მე ჩავდიოდი მამასთან, ვერც ის ჩამოდიოდა ჩემთან. მის გვერდით რომ არ ვიყავი, ეს კიდევ უფრო ართულებდა მდგომარეობას.
– როგორი ხარ ასეთ სიტუაციებში?
– შემიძლია მყარად ფეხზე დგომა. არ მიყვარს, სხვას რომ ახვევ საკუთარ განცდებს. მაგრამ ეს ყველაფერი შიგნიდან მანგრევს. მხნედ ვიყავი, მაგრამ ხანდახან ძალიან მეშინოდა, თუმცა ამას გარეთ არ ვუშვებდი. რაც ძალიან არასწორია, შეიძლება, ამის გამო ფსიქოლოგიური მდგომარეობა დაგიმძიმდეს. ძალიან რთული პანიკური შეტევები დამეწყო მარინას ამბის შემდეგ, იმიტომ, რომ მანამდე ჩემს ემოციებს არ გამოვხატავდი. როცა ცუდად ხარ, ჯობს გარეთ გამოუშვა, გამოხატო ემოციები, რომ მერე არ დაგანგრიოს.
– რაც შეეხება პირადს, მრავალწლიანი ურთიერთობის შემდეგ, შენი და ჯეჯი გომელაურის ურთიერთობა დასრულდა. არც ეს იქნებოდა მარტივი.
– კი, შვიდწლიანი ურთიერთობა დასრულდა. რა თქმა უნდა, რთული იყო, მით უმეტეს, როცა ერთმანეთი გიყვართ, მაგრამ ვთვლი, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა დასრულებულიყო. აღარ უნდა აწვალო ურთიერთობა, როცა გრძნობ, რომ მას პერსპექტივა აღარ აქვს. ასე ჯობდა. დაახლოებით ხუთი თვეა, რაც დავშორდით. შარშან, სხვა მიზეზებთან ერთად, ამის გამოც მქონდა მძიმე წელი, მაგრამ უკვე ორივემ გადავიტანეთ და ცხოვრება გავაგრძელეთ. მჯერა, რომ ტყუილად არაფერი ხდება. ალბათ, ასეც იმიტომ განვითარდა მოვლენები, რომ ორივე უკეთესად ვიყოთ.