№10 როგორ იმგზავრა შალვა ღამბაშიძემ ზესტაფონამდე კონტროლიორთან ერთად
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
ერთხელ, ცნობილმა მსახიობმა შალვა ღამბაშიძემ (მაკარი – „ქეთო და კოტეში“) დედას თბილისში ტაშტი უყიდა და ზესტაფონში გაემგზავრა. თავად უკაპიკოდ დარჩა და ტაშტთან ერთად უბილეთოდ მგზავრობდა.
„ვიფიქრე გავძვრები-მეთქი. მაგრამ თვალი მომკრა კონტროლიორმა და ამომყვა. მე ადგილი ვინაცვლე, ის ჩემკენ წამოვიდა. თავი ავარიდე, სხვა ვაგონში გადავედი, ვიმალებოდი, მაგრამ ფეხდაფეხ მომყვებოდა... ორივენი დავიტანჯეთ. უძინარმა და გასავათებულმა ჩამოვაღწიე ზესტაფონში და რომ ვიფიქრე, მეშველა, ახლა რაღას დამაკლებს-მეთქი, გავიხედე და ის ღმერთგამწყრალი წინ არ დამიდგა ბაქანზე?
– ბიძიკო, – მითხრა ჭაღარა კონტროლიორმა, რატომ გამაწვალე ამხელა ადამიანი? მინდოდა, ჩემი ადგილი დამეთმო, რომ მოსვენებით გემგზავრა და ამიტომ დაგდევდი, შენ კი, როგორც ჭირიანს გამირბოდი. სცენაზე გნახე, ძალიან მომეწონე და ადგილს როგორ დაგამადლიდიო“.