№10 როცა ბედნიერი არ ხარ
ჰენრი სლეზარი
ერთიანად აჭარხლებული მისის პენინგტონი აღარ ტიროდა. უკანასკნელ წამს ნაღველი გაუქრა და სიბრაზემ აიტანა.
– მეტს ვეღარ გავუძლებ! – ცოტა ხანს ჩაფიქრებული იყო, მერე ამოილუღლუღა – ეგ კახპა, ეგა! საძაგელი. გველაძუა გომბიო! ჯორჯი რაღამ გამოასულელა ასე!
თვალებზე ცრემლები მოადგა და დანაოჭებულ ლოყებზე ჩამოუცურდა. ყველასაგან მიტოვებულად, უმწეოდ და მეტისმეტად საცოდავად იგრძნო თავი და, ვინ იცის, უკვე მერამდენედ წაიკითხა პირველ გვერდზე დაბეჭდილი კერძო განცხადება: „ბედნიერი არ ხართ? მიაკითხეთ მისტერ რიჩმონდს“.
„რა დამიშავდება, რომ მივიდე და ვნახო?“ – გაიფიქრა ქალმა.
* * *
– როგორც ჩანს, ბედნიერად ვერ გრძნობთ თავს? – ვითომ სხვათა შორის ჰკითხა მისტერ რიჩმონდმა, – ძალიან ცოტა ვინმეა ბედნიერი. მე ხომ ექიმივით ვარ. ის ჯერ დიაგნოზს უსვამს თავის პაციენტს, მერე კი ურჩევს, როგორ იმკურნალოს. გარწმუნებთ, მისის პენინგტონ, თუკი სატკივარს ალღო ავუღე, განკურნება თითქმის გარანტირებულია.
მისის პენინგტონი იმედით მიაჩერდა კაცს.
– გინდათ, გითხრათ, აქ რამ მოგიყვანათ? – ჰკითხა მან ღიმილით, – საქმე თქვენს ქმარს ეხება. ის სამუშაოზე დაწინაურდა. საქმეში ყმაწვილი ქალი უნდა იყოს გარეული – ალბათ, თქვენს ქმართან მუშაობს.
– მბეჭდავია, ერთი თავხედი გოგო, პომადაწათხიპნილი, აბრეშუმისწინდებიანი და თმადაკუწკუწებული, – გულიდან ამოსკდა ქალს. მდინარეზე დაატარებს ხოლმე. მეც მიყვარს მდინარის პირას სეირნობა. მაგრამ მეუბნებოდა, მე გოლფის თამაში მირჩევნიაო. ამ გოგოსთვის კი გოლფსაც თმობს. ის ქალი საცეკვაოდ დაჰყავს. საცეკვაოდ და ნაშუაღამევს სამ საათზე ბრუნდება შინ... საცოდავი ვარ. მუდამ კარგი ცოლი ვიყავი ჯორჯისთვის. პირდაპირ თავი მქონდა გადადებული, რომ ფეხზე დამეყენებინა. ვითომ შეგიძლიათ დამეხმაროთ?
– რა თქმა უნდა, ქალბატონო. ამ საქმეს ნამდვილად ეშველება. გადასახადი კი ორასი გინეა იქნება.
ქალმა წიგნაკი ამოიღო, ჩეკი გამოწერა და მიაწოდა.
– შინ დაბრუნდით. ხვალ დილის ფოსტით ჩემს მითითებებს მიიღებთ და მოხარული ვიქნები, თუ შეასრულებთ!
მისტერ პენინგტონი ბედნიერი დაბრუნდა შინ. სიამოვნება იყო ასეთი გოგოს მოდურ რესტორანში წაყვანა. ატყობდა, როგორ შურდათ მისი კაცებს. გოგონა ხომ ძალიან ლამაზი იყო, თანაც ეუბნებოდა, სულაც არ მეჩვენები მოხუციო.
ფიქრებში გართულმა ჯორჯმა აიხედა და ცოლის თვალებს წააწყდა. „რა გონებაშეზღუდული, ეჭვიანი ქალია მარია! ამ ერთი ბეწო სიხარულსაც კი არ მაცდის“.
მეორე დილით მისის პენინგტონმა სამი წერილი მიიღო. ერთი აუწყებდა ცნობილ კოსმეტოლოგთან დანიშნულ შეხვედრას, მეორე – მკერავთან, მესამეთი აგენტი „რიცში“ საუზმეზე ეპატიჟებოდა.
სახეზე პროცედურები ჩაუტარეს, ხელები უტყაპუნეს, მასაჟი გაუკეთეს, მერე პუდრიც შეაფრქვიეს და ბოლოს ერთი-ორჯერ კიდევ მიუსვ-მოუსვეს ხელი.
ბოლოს სარკეში ჩაახედეს. „თქმა არ უნდა, გამაახალგაზრდავეს”, – გაიფიქრა ქალმა.
მკერავმაც ასეთივე სიხარული მოჰგვარა, ახალ სამოსში მოხდენილად და მოდურად გამოიყურებოდა და თავისუფლადაც გრძნობდა თავს.
* * *
– მშვენივრად გამოიყურებით, – გამოცდილი თვალით აათვალიერ-ჩაათვალიერა კაცმა, – თავს უფლება მივეცი და თქვენთვის კოქტეილი შევუკვეთე. თქვენი მეუღლე უნდა გავაოცოთ, ხომ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ. ამას რომ მივაღწიოთ, ვაპირებ ერთი ჩემი ჭაბუკი მეგობარი წარმოგიდგინოთ. დღეს ერთად ისაუზმებთ.
მისტერ კლოდ ლატელი ოცდაათიოდე წლის იქნებოდა. მომხიბვლელი, ლამაზი ყმაწვილი იყო, უნაკლოდ ეცვა.
– მოხარული ვარ, რომ გაგიცანით, – თქვა მან.
სამიოდე წუთიც არ იყო გასული, მისის პენინგტონი თავის ახალ მასწავლებელს ეჯდა წინ ორი კაცისათვის გაწყობილ პატარა მაგიდასთან.
ერთმანეთს მიჰყვა ათი მშფოთვარე დღე. მისის პენინგტონი ჩაის სვამდა, ტანგოს ცეკვავდა, სადილობდა და ვახშმობდა ახალგაზრდა კაცთან ერთად. დაწვრილებით შეიტყო ყველაფერი კლოდ ლატრელის ნაღვლიან ბავშვობაზე. ყმაწვილ კაცს არც თავისი ტრაგიკული სიყვარულის ამბავი დაუმალავს.
მეთერთმეტე დღეს ისინი „რედ ადმირალში“ ცეკვავდნენ. ქალმა თავისი ქმარი მანამ დაინახა, სანამ თავად კაცი შეამჩნევდა. ჯორჯი თავის თანამშრომელ ახალგაზრდა ქალთან ერთად იყო. ორივე წყვილი ცეკვავდა.
– ჰელო, ჯორჯ, – სხვათა შორის მიესალმა მისის პენინგტონი, როცა ერთმანეთთან ახლოს მოხვდნენ.
ქალი გაართო იმის დანახვამ, როგორ წამოჭარხლდა მისი ქმარი, თითქოს დანაშაულზე წაასწრესო. მისის პენინგტონმა ვითარების ბატონ-პატრონად იგრძნო თავი. „საბრალო ბებერი ჯორჯი! რა მსუქანი და რა მელოტი იყო. როგორ საშინლად დაბაჯბაჯებდა!“ ის გოგოც შეებრალა, თავს რომ აჩვენებდა, თითქოს ძალიან მოსწონდა ჯორჯთან ცეკვა. გოგოს თავი კაცის მხარზე დაედო და საკმაოდ გაბეზრებული სახე ჰქონდა, ჯორჯი კი ამას ვერ ხედავდა,
ჩემი მდგომარეობა ბევრად უფრო შესაშურიაო, ფიქრობდა ქალი. შეჰყურებდა მშვენიერ კლოდს, რომელსაც ძალიან კარგად ესმოდა მისი. მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ. კლოდმა გაუღიმა.
– ისევ ვიცეკვოთ? – ჩასჩურჩულა მან.
ისევ იცეკვეს. ქალს თავი ზღაპარში ეგონა.
* * *
– შენ რომ გახლდა, ის ყმაწვილი ვინ არის? მე არ ვიცნობ...
– ლატელია გვარად, კლოდ ლატელი.
– რა უცნაურია, ამ ხნის ქალი საცეკვაოდ რომ დადიხარ.
მისის პენინგტონი ისეთი ბედნიერი იყო, სულაც აღარ ენაღვლებოდა, იეჭვიანებდა თუ არა ჯორჯი.
მისტერ პენინგტონი შინ ერთი საათის მისული იყო, მისის პენინგტონი რომ დაბრუნდა. ჯორჯი აფორიაქებული იყო და საკუთარ თავში დაჯერებულიც აღარ ჩანდა.
– ჰმ, მოხვედი? – თქვა მან.
ქალმა ძვირფასი კაბა გაიხადა, იმ დილით ორმოცი გინეა რომ დაუჯდა.
ჯორჯმა ჩაახველა.
– რა უცნაურად შევხვდით ერთმანეთს, არა?
– ჰო, მართლაც, – გაეპასუხა მისის პენინგტონი.
– მე ვიფიქრე, კარგი იქნება, ეს გოგო სადმე დამაპატიჟებინა-მეთქი. შინ ისე აწეწილი აქვს საქმეები, ამ სიკეთეს გავუკეთებ-მეთქი, ხომ გესმის.
საბრალო ჯორჯი დაბაჯბაჯებდა, ოფლში იწურებოდა კმაყოფილი აღარ იყო საკუთარი თავით.
ქალი ისეთ გუნებაზე იყო, ქვეყანა თავისი ეგონა. უცებ ქმარმა უთხრა:
– ხომ იცი, ფრთხილად უნდა იყო. ბევრია ისეთი კაცი, ქალისგან გამორჩენას რომ ელის. ხნიერი ქალები ხშირად ისულელებენ თავს. მე, უბრალოდ, გაფრთხილებ, ძვირფასო, არ მინდა, უღირსად, უკადრისად მოიქცე.
– კარგია, როცა ადამიანი ბედნიერიაო. მახსოვს, ერთი ათი დღის წინ, საუზმეზე ასე ამბობდი, – გაუღიმა ქალმა, – უნდა დავწვე. სხვათა შორის, ჯორჯ, ამ ბოლო დროს ცოტა ხელგაშლილობა გამოვიჩინე, რამდენიმე ჩეკი გვაქვს გასანაღდებელი, ხომ არ გეწყინება?
– ჩეკი? – ჰკითხა მისტერ პენინგტონმა.
– ჰო, ტანსაცმლის, მასაჟის, ვარცხნილობის საფასური... ვიცი, წინააღმდეგი არ იქნები.
ქალმა კიბე აიარა. მისტერ პენინგტონს პირი ღია დარჩა. მარიას მშვენივრად ეჭირა თავი ამ საღამოს. დასანანი იყო, ასე ერთბაშად რომ გაფლანგა ფული. მერე ვინ, მარიამ, ვინც მომჭირნე ადამიანის ნიმუშად გამოდგებოდა!
მისის პენინგტონმა მხოლოდ დილით გაიაზრა ქმრის ნათქვამი, ყმაწვილი კაცები შუახნის ქალებისაგან გამორჩენას ელიანო. ბევრი რამ წაეკითხა ალფონსებზეც და ხანშიშესული ქალების უგუნურებაზეც. იყო თუ არა კლოდი ალფონსი? ალბათ იყო. მაგრამ ალფონსებს ეპატიჟებოდნენ, ფულს უხდიდნენ, კლოდი კი ყოველთვის იქით პატიჟებდა ქალს, ფულსაც თავად იხდიდა. ალბათ მისი ორასი გინეიდან. ნეტავ კლოდ ლატელი თუ დასცინოდა ზურგს უკან. ამის გაფიქრებაზე სახე აელეწა.
გამოდის, რომ კლოდი ალფონსია, თვითონ კი სულელი ხანშიშესული ქალი. იფიქრა, რამე უნდა ვაჩუქო, მაგალითად, ოქროს პორტსიგარიო... კლოდს საუზმისათვის უნდა შეხვედროდა.
ყავას რომ წრუპავდნენ, ჩანთიდან პორტსიგარი ამოიღო.
– პატარა საჩუქარია, – ჩაიჩურჩულა მან. კლოდმა აიხედა.
– ჩემთვის?
– დიახ. ვიმედოვნებ, მოგეწონება.
– რატომ მაძლევთ? არ ავიღებ. დაიბრუნეთ, გეუბნებით, დაიბრუნეთ-მეთქი! – გაბრაზდა. შავი თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა.
– უკაცრავად, – ამოილუღლუღა ქალმა და პორტსიგარი ისევ ჩანთაში ჩაიდო.
იმ დღეს ორივენი დაძაბული იყვნენ. მეორე დილით კლოდმა დაურეკა:
– უნდა გნახოთ, შეიძლება, შუადღისას თქვენთან მოვიდე?
მოვიდა, ერთიანად გაფითრებული და დაძაბული იყო. უცბად წამოხტა და წინ დაუდგა ქალს.
– რა გგონივართ, ვინ ვარ? თქვენთან ამის საკითხავად მოვედი. ჩვენ ხომ მეგობრები ვიყავით? მაგრამ მაინც იფიქრეთ, რომ ალფონსი ვარ და ქალების ხარჯზე ვცხოვრობ. ხომ ასეა? მართალი ხართ! მიბრძანეს წამეყვან-წამომეყვანეთ, გამერთეთ, სიყვარული ამეხსნა. ქმარი დამევიწყებინა თქვენთვის, ეს ჩემი სამუშაო იყო. საძაგელი სამუშაოა, არა?
– ამას რატომ მეუბნებით? – ჰკითხა ქალმა.
– იმიტომ, რომ... მორჩა. ასე ვეღარ გავაგრძელებ, თქვენთან მაინც. თქვენ სულ სხვანაირი ხართ, ისეთი ქალი ხართ, რომლისაც მწამს, ვენდობი, ვაღმერთებ. ალბათ, გგონიათ, ესეც ჩემი როლის ნაწილია? დაგიმტკიცებთ, რომ ასე არ არის. მივდივარ... ვაპირებ, კაცად ვიქცე, ამ საზიზღარ არსებად არ დავრჩე.
უცბად ხელები მოხვია, ტუჩები ტუჩებს შეუწება, მერე გაუშვა და განზე გადგა.
– ნახვამდის. ყოველთვის არაკაცი ვიყავი. მაგრამ გეფიცებით, დღეიდან შევიცვლები. გახსოვთ, ერთხელ მითხარით, ნაირ-ნაირი ამბების სვეტში განცხადებების წაკითხვა მიყვარსო? დღეიდან მოყოლებული, ყოველთვის ნახავთ ჩემს განცხადებას, რომ მახსოვხართ და კარგად ვარ, მაშინ მიხვდებით, რა ძვირფასი ხართ ჩემთვის. კიდევ ერთი რამის თქმა მინდა: თქვენგან არაფერი ამიღია, მაგრამ მინდა, რომ ჩემი სახსოვარი გქონდეთ, – თითიდან ოქროს ბეჭედი წაიძრო, – დედაჩემის ნაქონია. მინდა, თქვენ ატარებდეთ. ნახვამდის!
წავიდა და მისის პენინგტონი გაოცებული დატოვა, ხელში ოქროს ბეჭდით.
ჯორჯ პენინგტონი შინ ადრე მოვიდა. ცოლი გაშტერებული ჩაჰყურებდა ცეცხლს. მეგობრულად, მაგრამ დაბნეულად გაეპასუხა.
– ყური მიგდე, მარია, – ამოღერღა კაცმა, – იმ გოგოზე მინდა, გითხრა.
– გისმენ, ძვირფასო.
– ჩემს და მას შორის არაფერი ხდება.
– ვიცი, სულელი ვიყავი. რამდენჯერაც გინდა, იმდენჯერ შეხვდი, თუ ეს შენ გაგიხარდება.
ამ სიტყვებს, ალბათ, კაცი უნდა გაეხალისებინა. მაგრამ ასე არ მოხდა. აბა; რაღა სიამეა ვიღაც გოგოსთან დროს ტარება, თუკი ამისაკენ საკუთარი ცოლი გაგულიანებს? დალახვროს ეშმაკმა, ეს ხომ უხამსობაა! იმის შეგრძნება, რომ დარდიმანდი კაცია, ძლიერი პიროვნება, რომელიც ცეცხლს ეთამაშება, წამსვე გაუქრა. ჯორჯ პენინგტონმა უცბად დაღლილობა იგრძნო, მიხვდა, რომ ჯიბე საგრძნობლად შეუმსუბუქდა. ის გოგო დიდი ეშმაკი ვინმე გამოდგა.
– იქნებ ერთად წავსულიყავით სადმე, მარია? – მორცხვად შესთავაზა ცოლს.
– ოჰ, ჩემზე ნუ წუხხარ, სავსებით ბედნიერი ვარ.
– იქნებ რივიერაზე წავსულიყავით.
...საბრალო მოხუცი ჯორჯი. რა საყვარელია, რა მგრძნობიარე, რა ძვირფასი. მას ხომ ცხოვრებაში ისეთი თავგადასავალი არ ღირსებია, თავად მარიას რომ გადახდა. ქალმა კიდევ უფრო ნაზად გაუღიმა.
– მშვენიერი იქნებოდა, ძვირფასო, – უთხრა ქმარს.
მის ლემონი, სწორედ ის ტუჩებწათხიპნილი გოგო – მისტერ პენინგტონის მუზა, ფულს ითვლიდა.
– ას ორი გირვაქა სტერლინგი და ექვსი პენსი. დიახ, მოგება დაგვრჩა ოთხმოცდაჩვიდმეტი გირვანქა სტერლინგი და ოთხი პენსი, რაც სავსებით საკმარისია.
– მომისმინეთ, – ამოხედა კლოდმა, – ასეთი რამ სულაც არ მომწონს, სულმდაბლური თამაშია.
– შენ შეგეძლო, მეტი მიგეღო იმ ქალისგან, თითქმის შეუყვარდი, – ნიშნისმოგებით გაუცინა გოგომ.
– სულმდაბლური თამაშია-მეთქი. ის კარგი, წესიერი ქალია. დასწყევლოს ღმერთმა, ამდენი ტყუილების ჩმახვა, ცუდად მხდის.
– გართობის ხარჯები რამდენია? – იკითხა მისტერ რიჩმონდმა.
– ას ორი გირვანქა სტერლინგი და ექვსი პენსი, – უპასუხა მის ლემონმა.
კლოდ ლატელი დაღვრემილი ჩანდა.
– ყველაფერი რიგზეა? – ჰკითხა რიჩმონდმა
– მგონი, კი.
– ბეჭედს რა სახელი დააწერე?
– მატილდა, 1899, – პირქუშად უთხრა კლოდმა.
– მშვენიერია. რა განცხადებას წერ?
– კარგად ვარ, ისევ მახსოვხარ. კლოდი.
– ჩაინიშნეთ, მის ლემონ, გეთაყვა. 3 ნოემბრიდან ათი თვის განმავლობაში გამოაქვეყნეთ ნაირ-ნაირ ამბებში. რა იცი, რა ხდება, – კაცმა სათვალე გაისწორა და კლოდს ერთგვარი მეცნიერული ინტერესით დააკვირდა.
– ღმერთო ჩემო! – თქვა მშრალად, – რაღაც არ მახსოვს შენი სინდისი რამეს შეეწუხებინოს შენი ერთობ სახელგანთქმული კარიერის განმავლობაში. შენი საქმეები რივიერაზე განსაკუთრებული უტიფრობით გამოირჩეოდა. მახსოვს მისის ჰეტი უესტი, კალიფორნიელი კიტრის მეფის ცოლი უგულოდ, ხარბად გაფცქვენი
– ახლა ისე ვეღარ მოვიქცევი, – ჩაიბურდღუნა კლოდმა.
– ჰო. ამ შემთხვევაში შენ, ჩემო ძვირფასო კლოდ, ღირსეულად მოიქეცი, უბედურ ქალს მიეცი ის, რაც ყველა ქალს სჭირდება – სიყვარული, ქალი ასეთ რამეს შეიძლება, წლობით ელოდოს. ჩემო ბიჭო, მე კარგად ვიცნობ ადამიანის ბუნებას და გეუბნები, რომ ქალი ასეთი რომანით წლობით ისულდგმულებს, – მან ჩაახველა, – მისის პენინგტონის წინაშე ჩვენი ვალი კეთილსინდისიერად მოვიხადეთ.
– კეთილი, მაგრამ მე მაინც არ მომწონს ეს ამბავი, – ჩაიბურტყუნა კლოდმა და ოთახიდან გავიდა.
მისტერ რიჩმონდმა უჯრიდან თავისი დავთრები ამოიღო და ზედ დააწერა: „გულქვა, გამობრძმედილ ალფონსს სინდისი ქენჯნის. შენიშვნა: ამ საკითხის შესწავლა უნდა დავიწყო“.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ