№10 კითხვა-პასუხი
ნინო კანდელაკი ანი რევია
კითხვა: სახეზე ცხიმიანი ლაქები გამიჩნდა. არის რაიმე საშუალება, რომ მოვიცილო?
პასუხი: საღამოს მოხარშეთ თეთრი ან ჭრელი ლობიო, დილას კი კარგად ამოზილეთ, ისე, რომ პიურე მომზადდეს. დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, აურიეთ და წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 15 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით თქვენი კანის ტიპისთვის შესაბამისი კრემი.
კითხვა: საკმაოდ უხეში და დაუმორჩილებელი წარბები მაქვს. მაკიაჟის გაკეთების მერე სპეციალური სავარცხლით ვივარცხნი, თუმცა მალევე კარგავს ფორმას. რა გავაკეთო?
პასუხი: წარბების ფიქსაცია რომ მოახდინოთ, ვაზელინის მცირე რაოდენობა ფრთხილად წაისვით წარბების დაუმორჩილებელ ადგილებზე. ვაზელინი მომენტალურად დააფიქსირებს წარბის ფორმას და მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ.
კითხვა: არ ვიყენებ ტუჩსაცხებსა და ბალზამებს. ბოლო პერიოდში ტუჩის კანის სიმშრალე დამეწყო და რით ვუშველო?
პასუხი: ვაზელინი ერთ-ერთი საუკეთესო დამატენიანებელი და ბალზამია ტუჩებისთვის. წაისვით ყოველთვის, როცა სიმშრალეს იგრძნობთ და ძილის წინ. განსხვავებას მალე შეამჩნევთ – ტუჩის კანი რბილი და გლუვი გახდება.
კითხვა: სახის სიწითლის დასაფარავად ტონალურს ვიყენებ, თუმცა ამ ბოლო დროს რომელიც შევიძინე, ცუდად ნაწილდება სახის კანზე. თვალის მაკიაჟიც დღის ბოლომდე არ მიმყვება და მხოლოდ ადგილ-ადგილ რჩება. არსებობს რაიმე საშუალება, რომ ეს პრობლემა მოვაგვარო?
პასუხი: ამისთვის კარგია ბაზისის გამოყენება. ბაზისი გამოიყენება დამატენიანებლის შემდეგ, ტონალური კრემის წასმამდე. ის გვეხმარება გლუვი ზედაპირის შექმნაში, რაც აადვილებს ტონალურის სწორად და ეკონომიურად გადანაწილებას. მწვანე საფუძვლის მქონე ბაზისი, აქრობს სიწითლეს სახეზე, გამჭვირვალე სილიკონის ბაზისი კი, უბრალოდ, ძალიან ადვილად ანაწილებს ტონალურს. ასევე, არსებობს თვალის ბაზისი, რომელიც გამოიყენება ჩრდილების გამოსაკვეთად და მათი მთელი დღით შესანარჩუნებლად. დაიტანეთ ბაზისი მთელს სახეზე ტონალურის გადასმამდე 1-2 წუთით ადრე.
კითხვა: დავაკვირდი და რუჯს, რომელსაც უკვე თვეებია ვხმარობ, ვადა არ აწერია ან მე ვერ ვკითხულობ. ხომ არ არის პრობლემა, მისი დიდი ხნით გამოყენება?
პასუხი: მაკიაჟის პროდუქტები დიდხანს არ ძლებს, ვადა ყველას გასდის. თუ რომელიმე პროდუქტი იმაზე დიდი ხანი გაქვთ, ვიდრე მისი გამოყენების ვადაზეა მითითებული, სასწრაფოდ მოისროლეთ სანაგვე ყუთში.