№10 შეაჩერეთ თმის ცვენა მარტივად და გახადეთ თმა მოცულობითი
ნინო კანდელაკი ანი რევია
თუ თმა გცვივათ, ამ პრობლემის მოსაგვარებლად ნატურალური ინგრედიენტები დაგეხმარებათ. ეს ის საშუალებაა, რომლის რეგულარული გამოყენებიდან ხანმოკლე დროში თქვენი თმა გაცილებით ძლიერი და მოცულობითი გახდება. ასეთ ნაზავებს, მართლაც რომ, დადებითი გავლენა აქვს თმაზე.
1 სუფრის კოვზი ხახვის წვენი, 1 სუფრის კოვზი თაფლი, 1 კვერცხის გული და 1 სუფრის კოვზი თალგამის ზეთი, რომელსაც აფთიაქში შეიძენთ, კარგად გადაურიეთ ერთმანეთში და შეიზილეთ თმის ძირებზე. დარჩენილი მასა კი გადაინაწილეთ მთლიან თმის სიგრძეზე. ერთი საათის შემდეგ, დაიბანეთ თავი თქვენი თმის ტიპისთვის განკუთვნილი შამპუნით. ჩაიტარეთ ეს პროცედურა კვირაში 2-ჯერ, თმის ცვენის სრულ შეჩერებამდე.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად დაგეხმარებათ, ასევე, მდოგვისა და შაქრის ნიღაბი. მისი გამოყენებისას, თმა საგრძნობლად გასქელდება და ღერი გაძლიერდება. ზოგადად, მდოგვი სისხლის მიმოქცევის მასტიმულირებელი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რის ხარჯზეც თავის კანი და თმის ძირები ყველა საჭირო საკვებ ნივთიერებას იღებს. გაითვალისწინეთ, რომ მდოგვისთვის გამახურებელი ძლიერი ეფექტია დამახასიათებელი, ამიტომ, უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე. თავის კანის გამოშრობა რომ აირიდოთ, მდოგვთან ერთად ყოველთვის უნდა გამოიყენოთ კეფირი, ზეითუნის, ნუშის ან თალგამის ზეთი. ნიღაბი ასე უნდა მოამზადოთ: 2 სუფრის კოვზი მდოგვის ფხვნილი, 2 სუფრის კოვზი ცხელი წყალი და 2 ჩაის კოვზი კეფირი ან ზემოთ ჩამოთვლილი ზეთები, კარგად გადაურიეთ ერთმანეთში, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებული მასა, გაინაწილეთ თავის კანზე და გაიკეთეთ თმის ძირების მსუბუქი მასაჟი. თითების ნაზი მოძრაობით დაიმუშავეთ მხოლოდ კანი და თმის ძირები. თუ წვის შეგრძნება ძლიერი არ არის, ნიღაბი ნახევარი საათით გაიჩერეთ. ხოლო, თუ წვა იმატებს, ჩამოიბანეთ შამპუნით. ეს ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში ერთხელ, ერთი თვის განმავლობაში. ეს საოცარ ეფექტს მოგცემთ მინიმალურ დროში – თმის ცვენა საგრძნობლად შემცირდება, ქერტლი გაქრება, თმა კი დამატებით ბზინვარებასა და გაცილებით ჯანსაღ იერსახეს შეიძენს, საგრძნობლად დაჩქარდება მისი ზრდის პროცესი, გასქელდება საფარი და ასე შემდეგ.
სიმელოტისგან და თმის მასიური ცვენისგან თავის დასაღწევად, აგრეთვე, ეფექტური და კარგია დაფნის ფოთოლი და გვირილის ყვავილი: 3 სუფრის კოვზი გვირილის ყვავილს, რომელსაც აფთიაქში შეიძენთ, დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი დაფქული დაფნის ფოთოლი და 100 მილილიტრი მდუღარე წყალი. გააჩერეთ 2-3 საათით. შემდეგ გადაწურეთ და ამ სითხით, კარგად დაიმუშავეთ თმის ძირები. დაიტოვეთ რამდენიმე საათით, შემდეგ კი, ჩამოიბანეთ შამპუნით. კვირაში ორი ასეთი პროცედურა სავსებით საკმარისი იქნება, თმის ცვენა შეაჩეროთ.
ასე რომ, თუ თმის ხშირი ცვენა გაწუხებთ, დროულად მიიღეთ საჭირო ზომები, რათა თავიდან აირიდოთ თმის საფარის შეთხელება და სიმელოტე. თუ აფთიაქში ნაყიდი პროდუქცია და თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნები ვერ გეხმარებათ, გირჩევთ, აუცილებლად სცადოთ ის საშუალებები, რომლებიც მხოლოდ ნატურალური, იაფი და ხელმისაწვდომი ინგრედიენტისგან მზადდება.