№10 უ ნ ა მ უ ს ო
ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #9(1000)
სოფიომ თავი დაუქნია, მაგრამ, გავიდა თუ არა ოთახიდან ქმარი, მაშინვე ახადა თავი ზარდახშას და ინტერესით დაათვალიერა იქ მოთავსებული რამდენიმემეტრიანი საოცარი მარგალიტის მძივი, ბრილიანტისა და ზურმუხტის ბეჭდები და საყურეები, თითის სიმსხო ბაჯაღლო ოქროს ძეწკვები ჯვრითა და მედალიონებით, ულამაზესი გულსაბნევები... თვალები აუჭრელდა და ნერწყვი მოადგა. მართალია, ქმარმა ორი ამდენი ოქრო და ბრილიანტი მიართვა, მაგრამ ესეც მოუნდა.
იხ. „თბილისელები“ #9(1000)
სოფიომ თავი დაუქნია, მაგრამ, გავიდა თუ არა ოთახიდან ქმარი, მაშინვე ახადა თავი ზარდახშას და ინტერესით დაათვალიერა იქ მოთავსებული რამდენიმემეტრიანი საოცარი მარგალიტის მძივი, ბრილიანტისა და ზურმუხტის ბეჭდები და საყურეები, თითის სიმსხო ბაჯაღლო ოქროს ძეწკვები ჯვრითა და მედალიონებით, ულამაზესი გულსაბნევები... თვალები აუჭრელდა და ნერწყვი მოადგა. მართალია, ქმარმა ორი ამდენი ოქრო და ბრილიანტი მიართვა, მაგრამ ესეც მოუნდა.
„იმ გომბიოს რატომ უნდა დარჩეს ეს ყველაფერი?! ახლა მე ვარ აქ მთავარი! – შემდეგ კი ჩურჩულით დაამატა: – ოღონდ, ჯერ ადრეა. მე ვიცი, როგორც მოვიქცევი!..“ – მერე ვარინკას დედის სურათი ზარდახშაში ჩადო, კოლოფი რაღაც ტილოში გადაახვია და ერთ-ერთი კარადის უჯრის შორეულ კუთხეში შეტენა.
გვიან ღამით საწოლ ოთახში შემოსულმა ივან ივანიჩმა მაშინვე მოისაკლისა გარდაცვლილი მეუღლის სურათი და მისი სამკაულის ზარდახშა და ცოლს საკმაოდ მკაცრად ჰკითხა, სად წაიღეო.
– ტილოში გავახვიე ერთად და, აი, იმ უჯრაში შევინახე, – საკმაოდ ცივად უპასუხა სოფიომ.
– რატომ? მე ხომ გითხარი, ხელი არ ახლო-მეთქი? – ყინული გაერია ქმრის ტონს.
– იმიტომ, რომ წესი არ არის, პატარძლის საწოლთან მისი ქმრის ყოფილი, თანაც მკვდარი ცოლის სურათი იდოს. რატომ უნდა მიყუროს დარაჯივით? არც მისი სამკაული მაინტერესებს, ჩემიც ბევრი მაქვს. ხომ არ გადამიყრია, შევინახე. არ მინდა, რომ ყოველ ღამით მკვდარი დამცქეროდეი თავზე! – და ქალმა ნაძალადევი ზლუქუნი ამოუშვა.
– კარგი, დაწყნარდი, მოდი ჩემთან, – დაუყვავა ცოლს და გულზე მიიხუტა. მიხვდა, რომ ქალი მართალი იყო – ქორწინების ღამეს ქმრის ყოფილი ცოლის სურათის ყურება ნამდვილად არავისთვის იქნებოდა სასიამოვნო.
***
სოფიოს ორიოდე დღე დასჭირდა იმისთვის, რომ ივან ივანიჩის სახლ-კარი მთლიანად მოევლო, დაეთვალიერებინა და ყველაფერი, უმცირეს ნივთამდე, ზედმიწევნით დაწვრილებით აღენუსხა არა მხოლოდ გონებაში, არამედ სპეციალურ დავთარში, რომელიც პატარძალმა თავისთვის შემოიღო. ამ დავთრის არსებობა არავინ იცოდა, სულ თან დაჰქონდა; თუ გარეთ გადიოდა, სპეციალურ სამალავში ინახავდა.
ორი-სამი დღის შემდეგ კი ყოფილი სონა, მერე კი სოფიო, ივან ივანიჩის სახლში სრულუფლებიანი ქალბატონი გახდა. მის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ოჯახის მართვის კარგი ნიჭი აღმოაჩნდა. მთელი მომსახურე პერსონალი მუჭში მოიქცია და დაიმორჩილა, თუმცა ზედმეტად მკაცრი არ იყო, პირიქით, ხანდახან მათი შექება და დასაჩუქრებაც იცოდა, რომ მტრები არ ჰყოლოდა მსახურებს შორის, რადგან იცოდა: ყველაზე საშიში შინაური მტერია. მეტ-ნაკლებად ყველასთან დაამყარა ურთიერთობა, ვარინკას გარდა. ბავშვი აშკარად გაურბოდა – არ ეკარებოდა, თითქოს არ ენდობოდა. არც იყო გასაკვირი, გერს მხოლოდ მაშინ დაუპირებდა ჭმევას ან დაძინებას, როცა ქმარი ბრუნდებოდა შინ. ეს მზრუნველობაც ისეთი ხელოვნური იყო, რომ ერთხელ ივან ივანიჩმა თვითონ ჩამოართვა ატირებული შვილი სოფიოს, კალთაში ჩაისვა და საკუთარი ხელით აჭამა საჭმელი, თან ზღაპარს უყვებოდა. ბავშვი დამშვიდდა, დაწყნარდა და გამხიარულდა. მერე მამამ ეზოში გაიყვანა ვარინკა და კარგა ხანს ისმოდა მათი სიცილის ხმა.
სოფიომ იეჭვიანა – ახალშერთულ ცოლს ყურადღებასაც არ მაქცევს, შენიშვნას არ მაკლებს ამ პატარა გომბიოს გამოო და მთლად მოიძულა ბავშვი. თანდათან გამკაცრდა მის მიმართ. სულ რაღაც არ მოსწონდა მისი, სულ საყვედურებით ავსებდა, საღამოს კი მამასთან აბეზღებდა – ასე მოიქცა, ასე შემეპასუხა, ეს გატეხა, ის გააფუჭაო. ამის გამო თანდათან მცირდებოდა ივან ივანიჩის ერთ დროს გადარეული სიყვარული ერთადერთი შვილისადმი. თვითონაც სულ უფრო მეტს საყვედურობდა და ნაკლებს ეფერებოდა ვარინკას. ერთი სიტყვით, მოხდა ისე, როგორც საერთოდ ხდება ხოლმე: დედინაცვლის წყალობით, გოგონას მამაც მამინაცვლად ექცა. მშობლის ასეთმა მოპყრობამ ბავშვს ჯინიანი, ჯიუტი და ხისტი ხასიათი ჩამოუყალიბა.
სოფიოს უხაროდა მამა-შვილის დაშორება, რადგან მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ გერსაც უკეთ მოუგრეხდა კისერს და ქმარსაც უკეთ გაატარებდა თავის ჭკუაზე, მაგრამ თავის მეორე ნახევართან ურთიერთობის და, ზოგადად, ოჯახის მესაჭის როლის განსამტკიცებლად შვილი იყო აუცილებელი, საკუთარი შვილი, რომელიც სოფიოს პოზიციებს გაუმყარებდა, ივან ივანიჩს კი ვარინკას დაავიწყებდა ან, უარეს შემთხვევაში, „მეორე პლანზე“ გადააყვანინებდა. სოფიო ბიჭზე ოცნებობდა. ქმარს ბიჭს თუ გაუჩენდა, დამთავრებული იქნებოდა ვარინკას სიმღერა. მაგრამ, ბედის ირონიით, არც ბიჭი და არც გოგო არ უჩნდებოდა. სოფიო მაინც არ იტეხდა იხტიბარს და დედის ყველა რჩევას ზუსტად ასრულებდა: ფიზიკურად ზედმეტად არ იტვირთავდა თავს, რომ დაორსულებაში ხელი გარე მიზეზების გამო არ შეშლოდა. ოჯახი მუდამ მოვლილი და მოწესრიგებული ჰქონდა; ძალიან მოკლე ხანში მთელ ავლადიდებას სრულად დაეპატრონა და მის გარეშე ოჯახში ნაბიჯსაც ვერავინ გადადგამდა. ქმარსაც თვალებში შესციცინებდა და ცივ ნიავს არ აკარებდა; გარეშე თვალის დასანახად ვარინკაც სულ მოვლილი და სუფთად ჩაცმული დაჰყავდა.
უყვარდა კია ქმარი?! შესაძლოა, თავისებურად უყვარდა კიდეც, მაგრამ მისი სიმდიდრე და ქონება უფრო უყვარდა და მის მთლიანად დაპატრონებას კანონიერად ცდილობდა.
გავიდა რამდენიმე წელი. ამასობაში ვარინკა წამოიზარდა. უკვე ეტყობოდა, რომ ძალიან ლამაზი ქალი დადგებოდა, მაგრამ მამა ამას ვერ ამჩნევდა. ობოლ გოგოს მძიმე ხასიათი ჩამოუყალიბდა: პირში მთქმელი იყო, ქალური სითბო აკლდა. თავდაცვის ინსტინქტი გაუძლიერდა. უხეშად შეპასუხება იცოდა, განსაკუთრებით დედინაცვალთან. გრძნობდა, რომ სოფიო ლუკმას უთვლიდა და მის ჯინაზე სადილად მეგობრები მიჰყავდა სახლში; არ შიოდა, მაგრამ მაინც ჭამდა, რომ სოფიოს გული გახეთქოდა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ლამაზმა და უაღრესად ნიჭიერმა ვარინკამ დედინაცვლისგან ყველაფერი უმაღლეს დონეზე ისწავლა, არა იმდენად სურვილით, რამდენადაც იძულებით და თვითონაც საუკეთესო კულინარი და მოხელსაქნარე დადგა.
ერთ დღეს კი, გათხოვებიდან ხუთი წლის თავზე, მოხდა სასწაული და სოფიო დაორსულდა. მის სიხარულსა და ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. ბიჭი უნდა გაგიჩინოო, – ჰპირდებოდა გახარებულ ქმარს, მაგრამ ცხრა თვის თავზე გოგონა გაუჩნდათ. მამას არ სწყენია და თავისი დედის სახელი დაარქვა – ნუცა. ცოტა შეუხედავი ბავშვი იყო (დედას დაემსგავსა), თუმცა ცოცხალი და გონებაგახსნილი. ივან ივანიჩმა ცოლს ძიძის აყვანა შესთავაზა, მაგრამ მან უარი უთხრა – მე თვითონ მოვუვლიო, სინამდვილეში კი ნანატრი შვილის მოვლა-პატრონობისა და ღამეების თევის მთელი სიმძიმე და პასუხისმგებლობა 9 წლის ვარინკას აჰკიდა.
ვარინკას ძალიან შეუყვარდა უმცროსი და და დედასავით უვლიდა, თუმცა სოფიო რას არ აბრალებდა – გინდა, რომ ჩემს შვილს რამე ავნოო და ჩუმ-ჩუმად უთვალთვალებდა, მაგრამ ვერასდროს ვერაფერში გამოიჭირა. ამის მიუხედავად, ქმარს ტყუილებით ბერავდა: შენი შვილი ჩვენს შვილს ვერ იტანს, ეჭვიანობს და სულ იმას ცდილობს, რამე დაუშავოსო. ივან ივანიჩს უკვე ისე ჰქონდა ტვინი გამოლაყებული ცოლის ენის ტარტარით ვარინკაზე, რომ ბოლოს უკვე იჯერებდა მის ტყუილებს და ობოლ გოგონას სხვადასხვა მეთოდით სჯიდა: ახალ ნაყიდ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს კახეთში უგზავნიდა ცოლის ნათესავებს; არ უშვებდა გიმნაზიაში – სახლში იჯექი და, ან ბავშვს მოუარე, ან სახლს მიხედეო; ცივად ექცეოდა. საერთოდ არაფერს ეკითხებოდა არც გიმნაზიის ამბებზე და არც დედინაცვალთან ურთიერთობაზე. სოფიო კი ამ ყველაფერს იმას უმატებდა, რომ ხშირად, ვითომდაც ჭკუის სწავლების მიზნით, ვახშმობის (ხანდახან სადილობისაც) უფლებას არ აძლევდა და ბავშვი მშიერი წვებოდა ხოლმე. ამ ყველაფერმა ვარინკას საკმაოდ მძიმე ხასიათი ჩამოუყალიბა: არავის არაფერს დაუთმობდა, ძალიან განუვითარდა თავდაცვის ინსტინქტი და რადგან მისი ცხოვრება პრაქტიკულად არავის აინტერესებდა, აკეთებდა იმას, რაც მოესურვებოდა. საოცარი კი ის იყო, რომ მამისა და დედინაცვლის ასეთმა მოპყრობამ უმცროსი და კი არ შეაძულა, პირიქით, უსაზღვროდ შეაყვარა.
– ვარინკა! – გასძახა ერთხელ დედინაცვალმა, – უსაქმურად რომ დაბორიალობ ოთახებში, მიდი, ბავშვს აჭამე და დააძინე!
ვარინკა სიხარულით გაიქცა ამ დავალების შესასრულებლად. დაიკოს აჭამა, საფენები გამოუცვალა და აკვანში ჩააწვინა, მაგრამ ბავშვმა არა და არ დაიძინა. მაშინ ვარინკამ აკვნიდან ამოიყვანა ნუციკო და ხელებზე გადაიწვინა, თვითონ კი ტახტზე ჩამოჯდა, რომელზეც კედლიდან იატაკამდე იყო გადაფარებული უზარმაზარი ხალიჩა და რწევა დაუწყო, თან „იავნანას“ უმღეროდა თავისი ტკბილი ხმით. ბავშვი ხმამაღლა ატირდა. ვარინკამ უფრო ძლიერად დაუწყო რწევა, რის გამოც ხალიჩაც ამოძრავდა. უცებ, ხალიჩის გარედან, ლურსმანზე ჩამოკიდებული უზარმაზარჩარჩოიანი სურათი მოსწყდა კედელს და პირდაპირ ნუციკოს თავისკენ დაეშვა. ვარინკამ ინსტინქტურად აიხედა ზემოთ და ბავშვისკენ გრუხუნით წამოსული ჩარჩო რომ დაინახა, დას გადაეფარა. მერე აღარაფერი ახსოვდა. თვალი რომ გაახილა, ნუციკოს გახედა შეშინებულმა – რამე ხომ არ დაუშავდაო, მაგრამ პატარას არაფერი სჭირდა. ის აკრიახებულ სოფიოს ეჭირა, რომელიც ხმამაღლა გაჰკიოდა – ამ წუნკალმა გოგომ ჩემი შვილის მოკვლა დააპირაო. ოთახი მოსამსახურეებითა და მეზობლებით იყო სავსე. ივან ივანიჩიც მოსულიყო და უმცროს შვილს დასტრიალებდა თავს. მთელი ოთახი სისხლით იყო მოსვრილი. ვარინკას ისევ თვალთ დაუბნელდა და გონება დაკარგა.
– ხალიჩა, ხალიჩა გამიფუჭა ამ არგასაზრდელმა! – ყვიროდა დედინაცვალი, – ეხლა ამოდენა სისხლის ლაქაი ვინ გამააცლის ამ ხალიჩაი?
ერთ-ერთმა მეზობელმა მხოლოდ ამ სიტყვების გაგონებაზე დახედა ტახტს და მასზე მისვენებული ვარინკა დაინახა, რომელსაც შუბლიდან თქრიალით მოსდიოდა სისხლი, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევდა. გაგიჟდა ქალი. მიუბრუნდა სოფიოს და ივან ივანიჩს და მთელი ხმით უყვირა:
– მხეცები ხართ თუ ადამიანები? ვერ ხედავთ, ბავშვი სისხლისგან იცლება, თქვენ კი ხალიჩას ჩივით? ივანიჩ, შენ რაღამ გამოგაშტერა, ეს ბავშვიც შენი სისხლი და ხორცი არ არის? ამ შენმა ქოფაკმა ცოლმა როგორ გადაგიბრუნა ასე ტვინი, რომ ობოლი შვილი შეგაძულა? ახლავე მიხედეთ ამ გოგოს, თორემ, რამე რომ დაემართოს, მე ვიცი, რასაც გიზამთ! – მერე თვითონ მივარდა გულწასულ ვარინკასთან და პირველი დახმარება აღმოუჩინა.
მუქარამ ივან ივანიჩი გამოაფხიზლა და სასწრაფოდ გაგზავნა ბიჭი ექიმის მოსაყვანად, რომელიც მეზობელ ქუჩაზე ცხოვრობდა. სოფიოსაც შეეშინდა, მას არ დაბრალებოდა რამე და მეზობლებთან თავის მართლება დაიწყო:
– ქა, მეგონა, ეს სისხლი ნუციკოსი იყო და...
ექიმმა სულზე მოუსწრო ვარინკას. რამდენიმე წუთითაც რომ დაეგვიანა, გოგონა სისხლისგან დაიცლებოდა და ვეღარავინ უშველიდა.
დამფრთხალი სოფიო გარკვეული ხნის განმავლობაში შედარებით უკეთესად ექცეოდა გერს. ივან ივანიჩი გვიან მიხვდა, რომ ვარინკამ ნუციკო გადაარჩინა და ინანა თავისი სიმკაცრე უფროსი შვილის მიმართ, მაგრამ ეს სინანული დიდხანს არ გაგრძელებულა.
იარა, რომელიც სურათის დაცემამ დაამჩნია შუბლის ზედა ხაზისა და თმის გასაყართან, სიცოცხლის ბოლომდე ეტყობოდა ვარინკას და, უკვე მოხუცებული, თავის შვილიშვილებს ეუბნებოდა ხოლმე, ეს „შრამი“ დედინაცვალმა მისახსოვრაო.
ახალი ოჯახი
ძალიან ლამაზი გოგო დადგა ვარინკა: მაღალი, კარგი აღნაგობის. შავგვრემანი იყო, ეშხიანი. კარგად უკრავდა გიტარაზე, ჩონგურსა და ფანდურზე. საოცრად ლამაზი ხმა ჰქონდა. მომწონებელიც და ხელის მთხოვნელიც ბევრი ჰყავდა, მით უფრო, რომ შეძლებული მამის შვილი იყო, მაგრამ უსიყვარულოდ გათხოვებას არ აპირებდა. თან, სწავლის გაგრძელება უნდოდა. ოჯახმა არ შეუწყო ხელი, უმაღლესი განათლება მიეღო, მაგრამ გიმნაზიის ამარა მაინც არ დარჩა – ტექნიკუმში ჩააბარა და სწორედ იქ ეწვია პირველი სიყვარული – ძალიან ლამაზი და გოგოებში ძალიან პოპულარული ბიჭი შეუყვარდა – მასავით დედით ობოლი და დედინაცვლისგან დაჩაგრული ლადიკო. ოღონდ, მისგან განსხვავებით, ბიჭი ჯიბეგაფხეკილი და უქონელი იყო.
არ მოიწონა ოჯახმა ვარინკას არჩევანი – მაგისი გარეგნობა და ნიჭიერება ვის რაში სჭირდებაო, მაგრამ სიყვარულით ატაცებულმა გოგომ თავისი გაიტანა და მაინც გაჰყვა ცოლად. მამის ოჯახში ქმართან ერთად ცხოვრება არ იკადრა და ოთახი იქირავეს. ერთი წლის თავზე გოგონა გაუჩნდათ – ლიზა. ივან ივანიჩს შერცხვა – ქალაქში თავი მომეჭრება, შვილი და შვილიშვილი სხვის კარზე რომ ცხოვრობენო და ძველ უბანში ერთი პატარა ოთახი უყიდა თბილისურ ეზოში – სწორედ ის ოთახი, რომელშიც წლების შემდეგ ვარინკა ახალშობილ ბიჭუნას მიიყვანს დისთვის.
სიყვარულში ზრდიდნენ თავიანთ გოგონას, მაგრამ მათი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა: მოულოდნელად ლადიკოს ჭლექი აღმოაჩნდა და, მკურნალობის მიუხედავად, რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. დარჩა ვარინკა მარტო, თოთო ბავშვით, სიყვარულისა და საყვარელი ადამიანის გარეშე. იძულებული გახდა, ისევ მამისთვის მიემართა დახმარების სათხოვნელად. ამჯერად მამას უარი აღარ უთქვამს და წლების განმავლობაში ეხმარებოდა, თუმცა თავს დიდად არ იკლავდა. ეხმარებოდა ნუციკოც: დადიოდა ლიზასთან, სასეირნოდ დაჰყავდა, თავისთანაც მიჰყავდა ხოლმე ხშირად. სხვათა შორის, სოფიოც არ ექცეოდა ბავშვს ცუდად – ალბათ, ნუციკოს გავლენა იყო მისი ფერისცვალება. ვარინკას კი უკვე ძალზე მორიდებით ექცეოდა.
წლების შემდეგ ვარინკამ ერთი-ორჯერ სცადა პირადი ცხოვრების მოწყობა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა – არ უმართლებდა მამაკაცებში, ყველა გამორჩენაზე იყო და მანაც თავი დაანება ბედის ძიებას.
მთავარი კი ის იყო, რომ საოცრად უყვარდათ ერთმანეთი დებს. ერთმანეთისთვის ყველაზე დიდი მეგობრები და გულშემატკივრები იყვნენ და ასე გაგრძელდა ნუციკოს გარდაცვალებამდე.
გაგრძელება შემდეგ ნომერში