№10 რა უნდა ვიცოდეთ სარძევე ჯირკვლების დაავადებების შესახებ
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
სარძევე ჯირკვლის გამოკვლევა რეკომენდებულია მენსტრუალური ციკლის პირველ ფაზაში, სახელდობრ, ციკლის მეექვსე-მეთორმეტე დღეს. ციკლის მეორე ფაზაში ჯირკვლის სიმკვრივე იცვლება, რამაც შესაძლოა, დიფუზური პათოლოგიების დროს შედარებით განსხვავებული ექოლოგიური სურათი მოგვცეს. მენსტრუალური ციკლის ფაზების მიხედვით იცვლება წარმონაქმნის ზომაც. ულტრაბგერით კვლევას კი უკუჩვენება არ გააჩნია, მისი ჩატარება ყოველთვის შეიძლება.
მასტოპათია სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი დაავადებაა. განასხვავებენ მის რამდენიმე ფორმას, რაც სარძევე ჯირკვალში ამა თუ იმ კომპონენტის – ჯირკვლოვანის, კისტოზურისა თუ ფიბროზულის – სიჭარბეზეა დამოკიდებული. ყველაზე გავრცელებული შერეული ფორმებია. მასტოპათიის დროს ჯირკვალში შეინიშნება დიფუზური ცვლილებები ან სხვადასხვა ზომის ცისტოზური და ფიბროზული ჩანართები. თუ სათანადოდ ვუმკურნალეთ, ის არ მიეკუთვნება საშიშ დაავადებათა რიცხვს, არანამკუნალევი და გართულებული შემთხვევები კი კიბოსწინარე მდგომარეობად მიიჩნევა.
ფიბროადენომა კი სარძევე ჯირკვლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კეთილთვისებიანი წარმონაქმნია. ახასიათებს მკვეთრი, სწორი კონტური და საშუალო ექოგენობა. შეიძლება იყოს ერთეულიც და მრავლობითიც, ცალმხრივიც და ორმხრივიც. განსაკუთრებით საყურადღებოა ფოთლისებრი ფიბროადენომა. ამ დროს ერთდროულად რამდენიმე წარმონაქმნი ჩნდება. ფოთლისებრ ფიბროადენომასაც მკვეთრი, სწორი კონტური აქვს, თუმცა სწრაფად იზრდება და დიდ ზომებს აღწევს. ფოთლისებრი ფიბროადენომა ავთვისებიანი პროცესის მოსაზღვრე მდგომარეობად მიიჩნევა, ამიტომ კვლევის დროს განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. საეჭვო დიაგნოზის შემთხვევაში აუცილებელია ბიოფსია. თუ დიაგნოზი დადასტურდა, ტარდება ოპერაციული მკურნალობა, თუ არა, წესდება შედარებით ინტენსიური კონტროლი და მეთვალყურეობა.
რისკის ფაქტორებს შორის აღსანიშნავია:
* მენსტრუალური ციკლის ადრეულ ასაკში (12 წლამდე) დაწყება;
* ნაგვიანევი მენოპაუზა (მენსტრუაციის შეწყვეტა 50 წლის შემდეგ);
* აბორტები;
* მშობიარობა გვიან ასაკში (ძუძუს კიბოს განვითარების რისკი, ასევე, შედარებით მაღალი აქვთ არანამშობიარებ ქალებს);
* ხანმოკლე ლაქტაცია, ანუ ძუძუთი კვების ნაადრევად შეწყვეტა;
* საკვერცხეების ქრონიკული ანთებითი დაავადება;
* გენეტიკური განწყობა, ოჯახური ისტორია;
* ძუძუს კიბო პირველი რიგის ნათესავებში (დედა, და, დეიდა).
ძუძუს თვითგასინჯვა რეგულარულად, ყოველთვიურად მენსტრუალური ციკლის დამთავრებიდან მე-7–მე-10 დღეს აწარმოეთ, მენოპაუზის შემთხვევაში კი – ყოველი თვის ერთსა და იმავე რიცხვში. თვითგასინჯვა უნდა ჩაიტაროთ მდგომარემ – სარკის წინ, შხაპის ქვეშ – ან ზურგზე მწოლიარემ. პირველ რიგში, აზღუდი (ბიუსტჰალტერი) დაითვალიერეთ. შესაძლოა, მასზე სისველე, დვრილიდან გამონადენის კვალი იყოს დარჩენილი. გულდასმით დაითვალიერეთ ძუძუს დვრილები, ხომ არ შეინიშნება ჩაბრუნება, დაწყლულება, ფერის შეცვლა. დაითვალიერეთ ძუძუს კანი, ხომ არ შეინიშნება მისი შეშუპება, შეჭმუხვნა, ფერის შეცვლა.