№10 როგორ შეიძლება, აღმოჩნდეს მთელი ქართული ინტერნეტსივრცე, სამთავრობო საიტების ჩათვლით, რუსული ან არასასურველი უცხოური კომპანიის ხელში
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
მას შემდეგ, რაც „კავკაზუს ონლაინის“ მფლობელებს ჩაეშალათ კომპანიის წილის „ბილაინისთვის“, ანუ რუსული კომპანიისთვის მიყიდვა (ეს ის შემთხვევაა, როდესაც კომპანიის წარმომავლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან „კავკაზუს ონლაინი“ არის 1 200-კილომეტრიანი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ერთპიროვნული მესაკუთრე. სწორედ ეს კაბელი აძლევს საშუალებას საქართველოს, არ იყოს დამოკიდებული რუსულსა ან თურქულ ინტერნეტზე და შედარებით უსაფრთხო ინტერნეტით ევროპიდან უზრუნველყოს საქართველოც და თითქმის მთლიანად სამხრეთ კავკასიაც), გაირკვა, რომ კომპანიამ მაინც გაასხვისა თავისი წილი და არ ამხელს, ვინ გაიხადა მეწილეებად, თუმცა კანონით ამის უფლება არ აქვს. თუ გავიხსენებთ, ახლახან აშშ-მაც დაადასტურა, რომ 2019 წლის შემოდგომაზე საქართველოზე კიბერთავდასხმის უკან იდგა რუსული სპეცსამსახური, მართლაც ბევრ კითხვას ბადებს „კავკაზუს ონლაინის“ მიერ ინფორმაციის დამალვა. რატომ მალავს კომპანია ამ თითქოსდა უვნებელ ინფორმაციას (თუ მასში რამე ვნება მართლაც არ არის), რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის და რა სირთულეების შექმნა შეუძლია ზემოხსენებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის არათუ არასასურველი, ზოგადად, სხვა სახელმწიფოს კერძო კომპანიის ხელში აღმოჩენას? – ამ კითხვებზე პასუხს გაგვცემს აფბას ვიცე-პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე.
– ჯერ ვისაუბროთ იმაზე, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი სახელმწიფოსთვის შავი ზღვის ფსკერზე გატარებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი და არა მხოლოდ ჩვენთვის, მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის.
– საბითუმო ინტერნეტის თვალსაზრისით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კაბელი, ყველაზე დიდი რაოდენობის ინტერნეტი ქვეყანაში სწორედ ამ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მეშვეობით შემოდის ევროპიდან. შემდეგ უკვე „მაგთიკომისა“ თუ მცირე ქსელის სხვა აბონენტები, სწორედ, ამის მეშვეობით მარაგდებიან ინტერნეტით. ასევე, ამ კაბელის მფლობელობით, რეგიონში გვაქვს უპირატესობა და ინტერნეტით ვამარაგებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს, მათთან ბოლო წლებში ინტერნეტის 50 პროცენტი სწორედ საქართველოდან შედიოდა. ასევე, როგორც ვიცი, ბოლო წლებში ირანსა და ერაყშიც შევიდა საქართველოს გავლით ინტერნეტი. შესაბამისად, ფაქტი, რომ ქართული კომპანიის მფლობელობაშია ასეთი მნიშვნელოვანი რესურსი, გვაძლევს უპირატესობას. გარდა ამ კაბელისა, არსებობს სხვა კაბელიც, რომელიც „სილქნეთის“ მფლობელობაშია და მისი მეშვეობითაც შემოდის ინტერნეტი ქვეყანაში, მაგრამ „კავკაზუსის“ ეს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, რომელიც ათეულ წელზე მეტია, საქართველოს კუთვნილებაა, მთავარი რესურსია.
– „კავკაზუსის“ თავდაპირველი მფლობელის, მამია სანადირაძის ძალისხმევით მოხერხდა ამ კაბელის გაყვანა და რუსეთის გვერდის ავლით ინტერნეტის ევროპიდან მიღება.
– დიახ, მამია სანადირაძის დამსახურებაა ამ კაბელის არსებობა, როდესაც ის „კავკაზუს ონლაინის“ მფლობელი იყო. ამ უპირატესობის ხელში ჩაგდებას ჯერ კიდევ მაშინ ცდილობდნენ, როდესაც მამია სანადირაძემ მუშაობა დაიწყო ამ კაბელის გამოსაყვანად. თავდაპირველად, აზერბაიჯანი და შემდეგ – რუსული კომპანიებიც. იმდენად მნიშვნელოვანი რესურსია, რომ ამ კაბელის შესაძენად ხშირად გამოთქვამდნენ პრეტენზიას ჩვენი მეზობელი ქვეყნების კომპანიები.
– აქ მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიის მიღების ინტერესი არ არის, კონტროლის მომენტიცაა. ვინც აკონტროლებს ინტერნეტის მოწოდებას, მისთვის იოლია წვდომაც, თუ არაკეთილსინდისიერია, აბონენტების პირად მონაცემებზე. ეს აბონენტები კი სახელმწიფო სტრუქტურებიც არიან, ბიზნესმენებიც. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი პირდაპირ ევროპიდან ინტერნეტის მიღება.
– ამ კაბელის არსებობა გვაძლევს საშუალებას, რომ კიბერთავდასხმებისგან უფრო დაცულები ვიყოთ და არ ვიყოთ დამოკიდებული სხვა ქვეყნების ინტერნეტზე. მით უმეტეს, რომ დღემდე გრძელდება ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია რუსეთის მიერ, ნამდვილად არ იქნებოდა მისაღები, რომ ვყოფილიყავით დამოკიდებული რუსულ ინტერნეტ-კაბელზე, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში, კიბერთაღლითობისა და უსაფრთხოების მხრივ, უფრო რთული ვითარება გვექნებოდა. რუსული კონტროლის ქვეშ არსებული კაბელის მეშვეობით, უფრო ადვილად შემოაღწევდნენ ჩვენს ინტერნეტსივრცეში და ინტერნეტდაცულობა გართულდებოდა. მეორე მხრივ, რეგიონის ინტერესებიდანაც რომ შევხედოთ ამ ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელს, როდესაც აზერბაიჯანულ კომპანიას უნდოდა ამ კაბელის შესყიდვა, სომხეთი სვამდა უკვე კითხვას, იმიტომ რომ ისინი ვერ გრძნობდნენ თავს ამ შემთხვევაში უსაფრთხოდ. ამდენად, რეგიონში სტაბილურობისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ეს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი იყოს ქართული კომპანიის მფლობელობაში. ერთი სიტყვით, ეს უპირატესობა, რომელიც გვქონდა, არის უსაფრთხოების გარანტიაც ჩვენთვის: ჩვენ გვაქვს ინტერნეტკაბელი, რომელსაც ვაკონტროლებთ ჩვენ და უცხოური სპეცსამსახურები მარტივად ვერ შეძლებენ იქიდან ინფორმაციის მოპოვებას.
– განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ეს კაბელი, როდესაც უკვე დადასტურდა, რომ გასული წლის ნოემბერში კიბერშეტევის უკან იდგა რუსული სპეცსამსახური. ამის მიუხედავადაც, როგორ ხსნით ფაქტს, რომ „კავკაზუსმა“ მალულად მაინც გაასხვისა კომპანიის წილები და არც ამხელს ახალი მფლობელისა თუ მფლობელების ვინაობას?
– ჩემი აზრით, არ უნდა გასხვისებულიყო „კავკაზუსის“ წილები ან, თუ მაინც გაყიდიდნენ, ის მაინც უნდა ვიცოდეთ, ვინ შეიძინა და იგულისხმება თუ არა ამ გარიგებაში კაბელიც. ხომ არ შეიძინა რუსულმა კომპანიამ ან აზერბაიჯანულმა, რომელსაც, ასევე, ინტერესი ჰქონდა?! სამწუხაროდ, ისიც კი არ ვიცით, ვინ იყიდა ეს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი ან იყიდა თუ არა. შეიძლება, საქართველოში გაიყიდა, მაგრამ „კავკაზუსი“ არ ასაჯაროებს, ვის მიჰყიდა წილები და რა პროცენტი. ეს აჩენს კითხვის ნიშნებს. წილის გაყიდვა არ არის პრობლემა, მაგრამ, თუ, მაგალითად, რუსეთის ხელში გადავიდა კომპანია, ეს უკვე პრობლემაა. რადგან ინფორმაცია იმალება, ჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა, აქტივები ეყიდა ისეთ კომპანიას, რაც პროტესტს გამოიწვევდა საზოგადოებაში და, მეორე მხრივ, შეუქმნიდა საფრთხეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. საქართველოს მარეგულირებელმა კომისიამ ორჯერ დააჯარიმა და სამჯერ გააფრთხილა „კავკაზუსი“, რომ გაემჟღავნებინა ახალი მფლობელების ვინაობა. პირველ ეტაპზე მარეგულირებელმაც კი არ იცოდა, ვინ იყო მყიდველი.
– რა საფუძვლით ასაიდუმლოებს „კავკაზუსი“ ამ ინფორმაციას და რას ავალდებულებს მას კანონი?
– მათ აქვთ ვალდებულება, რომ, როდესაც გაასხვისებენ კომპანიის წილის 5 პროცენტზე მეტს, უნდა მიაწოდონ ინფორმაცია მარეგულირებელს და გაასაჯაროონ. სწორედ ამიტომ აჯარიმებს მათ მარეგულირებელი – კანონის გვერდის ავლით გაასხვისეს წილები. ეს კანონგარეშე ქმედებაა, მაგრამ კომპანია მაინც თავხედურად განაგრძობს ინფორმაციის დამალვას. ბუნებრივია, რომ წილის შეძენა არ ნიშნავს, რომ ვიღაც ამოიღებს კაბელს და წაიღებს, მაგრამ ბევრი საფრთხე ჩნდება, მათ შორის, ის, რომ ეს კაბელი შეიძლება, გააკონტროლოს სხვა ქვეყნის სპეცსამსახურმა. გარდა ამისა, „კავკაზუს ონლაინი“ ამ ოპტიკურ-ბოჭოვანი კაბელის გარდა, არის ჯი-დომეინების მფლობელიც. ანუ ყველა საიტის, რაც თავმოყრილია ამ სივრცეში, მათ შორის, სახელმწიფო სტრუქტურების საიტების – გოვ.ჯი. ბოლო ერთი წელია, რაც მარეგულირებლის ჩარევით გადაუნაწილდათ ეს დომეინები სხვა კომპანიებს, მაგრამ ძირითადი რესურსი კვლავ „კავკაზუსისაა“, იმიტომ რომ პირველ ეტაპზე ის იყო, სწორედ, მფლობელი. შესაბამისად, წილის გასხვისება ნიშნავს იმას, რომ ახალ მფლობელს საშუალება ექნება, ამ ჯი-დომეინებზეც ჰქონდეს წვდომა და ეს კიდევ უფრო დიდი საფრთხეა, იმიტომ რომ მთელი ქართული ინტერნეტსივრცე, ბიზნესი, კერძო პირები, სახელმწიფო ვებგვერდებიც კი იმ საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან, რომ მათი ვირტუალური სივრცე გადავიდეს ოკუპანტი ქვეყნის მფლობელობაში, რასაც შესაბამისი რეაგირება სჭირდება. ნებისმიერ შემთხვევაში, საგანგაშოა, რომ ეს მთელი ქართული ინტერნეტსივრცე არ აღმოჩნდეს სხვა ქვეყნის ხელში. ოკუპანტ ქვეყანასაც რომ თავი დავანებოთ, ჩემი აზრით, ქვეყნის მთავარი ინტერნეტ-კაბელი უნდა რჩებოდეს ამ ქვეყანაში და ამ ქვეყნის მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ წვდომა და არა უცხოურ კომპანიებს, მათ შორის, არც აზერბაიჯანულს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია.
– აშშ და გერმანიაც სტრატეგიული პარტნიორები არიან, მაგრამ, თურმე, მერკელს უსმენდნენ.
– ამდენად, ნებისმიერი კუთხითაა სახიფათო „კავკაზუსის“ მიერ წილის გასხვისება. ამიტომ ეს ინფორმაცია დროულად უნდა გასაჯაროვდეს და მარეგულირებელმა მკვეთრი ნაბიჯები გადადგას, რომ კომპანია აიძულოს, საზოგადოებას მოგვაწოდოს, ვინ და რა პროცენტი შეიძინა,
– შეიძლება, რომ 5 პროცენტზე ნაკლები გაასხვისა და ამიტომ არ ასაჯაროებს?
– 5 პროცენტზე ნაკლები რომ იყოს, მათ არ ექნებოდათ ვალდებულება, მარეგულირებელიც ვერ მოსთხოვდა ინფორმაციის გასაჯაროებას და ვერც დააჯარიმებდა. როგორც ჩანს, ამაზე მეტია. მახსოვს მარეგულირებლის განცხადება, რომ თავადაც ვერ გამოაქვეყნებდა ინფორმაციას, რადგან „კავკაზუსმა“ გაასაჩივრა სასამართლოში ჯარიმა და მოითხოვა, ინფორმაცია არ გასაჯაროებულიყო. შესაბამისად, შესაძლოა, მარეგულირებელს აქვს ინფორმაცია, მაგრამ ჯერჯერობით არ აქვს მისი გავრცელების უფლება.
– ვთქვათ და აღმოჩნდა, რომ შეიძინა რუსულმა ან ჩვენთვის არასასურველმა უცხოურმა კომპანიამ, პოსტფაქტუმ რის გაკეთება შეუძლია მარეგულირებელს ან სასამართლოს?
– მარეგულირებელს შეუძლია და მოსთხოვა კიდევ „კავკაზუსს“, თუ არ ამჟღავნებდა ინფორმაცია, წილები უკან დაებრუნებინა. შესაბამისად, თუ ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ეს ქვეყნისთვის სახიფათო გარიგებაა, მარეგულირებელს შეუძლია, „კავკაზუსს“ მოსთხოვოს წილების უკან დაბრუნება ან ჯი-დომეინებს მაინც გადააბარებს სხვა ინტერნეტკომპანიებს, თუმცა სხვა საკითხია, რამდენად გააკეთებს ამას მარეგულირებელი. ჯერჯერობით მთავარია, გავიგოთ, რა მოხდა და ვინ გახდა „კავკაზუსის“ მფლობელი.