№10 უცნაური
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ანუ ვის უნდა დაუხშონ საინფორმაციო ღრუ
ეს ჩვენი ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აზრის გამოხატვის ფრიად უცნაური მანერით გამოირჩევა, იმდენად უცნაურითაც კი, რომ ახერხებს, პერიოდულად საზოგადოების წყობილებიდან გამოყვანას.
სულ ახლახან ლამის თამბაქოს ნაწარმზე ფასის 15 ლარამდე გაზრდა გვიწინასწარმეტყველა (ევროკავშირი გვთხოვსო), არადა არჩევნების წინ მტერი ვერ უზამს მშობლიურ გუნდს იმას, რაც ამ წინასწარმეტყველებას შეუძლია. თუმცა მიგვიანებით ქართველი მწეველები (რომლებიც სიგარეტს მაინც ეწევიან საკუთარ ნებაზე) დაამშვიდეს, თეორიულად ივარაუდაო.
მაგრამ, რაკი, თუ დაგღუპავს, შენი ენაო, ბ-ნმა მაჭავარიანმა (ივანემ) ეკონომიკურ კონფერენციაზე („საქართველო და მსოფლიო 2020“), რომელსაც 200 მონაწილე ესწრებოდა, განაცხადა, რომ ეკონომიკურად ერთიანი ქვეყანა არასდროს გვქონია (აი, იმ სტილში, მიხეილ სააკაშვილი რომ გვამუნათებდა, ის რომ არა, არც სახელმწიფო გვეღირსებოდა, რადგან მის პოლიტიკურ ამობრწყინებამდე, თურმე, არც გვქონია) და მხოლოდ იმიტომ, რომ რიკოთის უღელტეხილი გვაფერხებდა. ხოლო, რაკი ამჟამად ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რაც მარტივად დააკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთ საქართველოს ერთმანეთთან (და ეს მართლაც კარგი და საშური საქმეა), გვეშველება და როგორ გვეშველებაო.
გონიერი ადამიანისთვის გასაგებია, რომ მინისტრს ზემოხსენებული პროექტის მნიშვნელობისთვის უნდოდა ხაზგასმა, თუმცა მეტად უნიჭოდ და, რაც მთავარია, ანტისახელმწიფოებრივად გამოუვიდა. იმას გარდა, რომ მის ისტორიის მასწავლებელს მკვდარ-ცოცხლის მოკითხვა ეკუთვნის. რადგან, თუ მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეებში საქართველოს ექსპორტის ჩამონათვალს ჩავხედავთ, ის იმდენად შთამბეჭდავია, რომ აშკარაა, რიკოთის უღელტეხილი უბრალოა ჩვენი ეკონომიკის სავალალო მდგომარეობაში, თან, გაითვალისწინეთ, იმხანად ტაო-კლარჯეთიც ჩვენი იყო და ურმის გარდა სატრანსპორტო საშუალება არ არსებობდა.
ამდენად, თუ მაჭავარიანს ვერ ელევიან, ტაოში მაინც ამოგზაურონ, ეგებ მიხვდეს, რომ, თუ ამხელა ქვეყანა იმართებოდა შუა საუკუნეებში, მისი ნახევრის მართვას, თან – გაქანებული ციფრული ტექნოლოგიების პირობებში, წინ არაფერი უდგას. თუ არადა – დაუხშვეთ მაინც პატივცემულს საინფორმაციო ღრუ!