№9 მანიკა ასათიანი: ჩემთვის გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს
ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი
მანიკა ასათიანისთვის შარშანდელი წელი განსაკუთრებულად საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო, თუმცა 2020 წელიც საკმაოდ საინტერესოდ და დატვირთულად დაიწყო.
მანიკა ასათიანი: 2019 წელი ძალიან სტაბილური იყო ჩემთვის, თუმცა ერთფეროვნების მომხრე არ ვარ. ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, არც მიწევს ერთფეროვნება. ჩემი გადაცემისთვისაც წარმატებული იყო, ჩვენი თამასა დავიჭირეთ სატელევიზიო სივრცეში. მომწონს ის საქმე, რასაც ვაკეთებთ, თან იმ გუნდთან ერთად, რომელიც მიყვარს. 2020 წელსაც სიახლეებით შევხვდით. რეალურად, ფორმატი არ შეცვლილა, უბრალოდ, ქრონომეტრაჟი გაიზარდა: ეთერში 9 საათიდან პირველის ნახევრამდე ვართ. რა თქმა უნდა, ძალიან დამღლელია პირდაპირ ეთერში სამსაათ-ნახევარი ჯდომა, მაგრამ თან, სასიამოვნო. იცი, პირველი ეთერი როგორი იყო: ცოტა დამღლელი, არასდროს მთავრდებოდა. სამაგიეროდ, „ექშენი“ აქვს დიდი.
– დილით ადგომა, ალბათ, მაინც გარკვეული სტრესია.
– დილით ადგომა ხომ ადამიანისთვის და ზოგადად, ორგანიზმისთვის სტრესია, თან, მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ადრე იძინებს, ფიზიკურად არ შემიძლია. შესაბამისად, ეთერში მუდმივად მიწევს გამოუძინებელი ჯდომა. ეს უძილობა და ის სტრესი, რაც მას ახლავს, საერთოდ არ მაწუხებს, როცა ეთერში ვზივარ, რადგან ეს პროცესი ძალიან მიყვარს. პარასკევი და შაბათი აღარ მაქვს. ჩემი სამეგობროდან თითქმის ყველა მუშაობს. რომ გეგმავენ: პარასკევს ვიკრიბებითო, თავს არ ვიზღუდავ, გავდივარ, მაგრამ იქ ტექსტი მაქვს მოსამზადებელი, გასამზადებელი ვარ... ერთი საათით მივდივარ ხოლმე, თუმცა შუა კვირაშიც ვიკრიბებით ხოლმე. უბრალოდ, პარასკევი-შაბათს ღამის გართობებზე უარი ვთქვი.
– რთული იყო უარის თქმა?
– არა. წელიწადში ერთხელ ან მეტჯერ მაინც მიწევს უცხოეთში წასვლა და იქ ვინაზღაურებ დანაკლისს, ასმაგად ვიტენები ხოლმე. ძალიან კარგი მეგობრები მყავს. ზოგადად, მეგობარს ადამიანის ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი აქვს – ზურგს გიმაგრებენ.
– რა იყო ის მნიშვნელოვანი, რაც ცხოვრებამ გასწავლა?
– პატარა და დიდ მანიკას ძირითადი ფასეულობები იგივე აქვს. უფრო გამოცდილება დავაგროვე ადამიანებთან ურთიერთობაში ოჯახშიც, სამსახურშიც. ადრე თუ მიმნდობი ვიყავი, მეგონა, სამყარო სიკეთითაა სავსე და არ შეიძლება, ადამიანს შენთვის ცუდი უნდოდეს, რადგან შენ არ გინდა მისთვის ცუდი – ეს სტერეოტიპები დამემსხვრა. ისეთ სფეროში ვარ, იმდენ ადამიანთან მაქვს შეხება, რომ სულ იყო ეს ორთაბრძოლები. ურთიერთობებში სულ ხვდები ბარიერებს, რასაც არ ელოდები.
– როგორ რეაგირებდი ამ ყველაფერზე?
– თავიდან გაოგნებული ვიყავი ხოლმე, ვერ ვხვდებოდი, რატომ. თან, მაგ დროს საკუთარ თავში ეძებ: მე რატომ უნდა დამმართნოდა, რა უნდათ ჩემგანო და თან, საკუთარ თავსაც ვერ დაადანაშაულებ. სხვისი კარგი სულ მიხარია და ვერ ვხვდები, რატომ უნდა გეწყინოს სხვისი წარმატება ან ოჯახური სიკეთე, ცოტა გაოგნებული ვარ ხოლმე. ეს გამოცდილებაც დამიგროვდა, მნიშვნელოვანიც იყო, რადგან წინ მთელი ცხოვრება მაქვს, ალბათ, კიდევ ბევრი ბარიერი მექნება გადასალახი. ჩემთვის გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს. არ არსებობს სასოწარკვეთილებაში ჩავვარდე. ჩიხში ვარ, გამოსავალი არ არის – ეს მომენტი არ მქონია. ყოველთვის ვეძებ გზას, პირველ ნაბიჯს, როგორ გადავლახო. მებრძოლიც ვარ, მაგრამ არ მაქვს ის მომენტი, რომ ვინმეს რაღაც დავუმტკიცო. საკუთარ თავს უფრო ვუმტკიცებ. შეიძლება, სხვამ ვერც ვერაფერი დაინახოს და მე თუ ჩემს თავს დავუმტკიცებ, ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარ თავზე გამარჯვებაა. არიან ადამიანები, რომლებიც სხვისი ცხოვრებით ან სხვის დასანახად ცხოვრობენ. მე მირჩევნია, ჩემი თავისთვის ვიცხოვრო, საკუთარ თავთან ვიყო კომფორტში და ვაკეთო, რაც მომწონს და არა ის, რაც სხვას მოეწონება. ჩემი მთავარი პლუსი, ალბათ, არის ის, რომ სადაც უნდა ვიყო, მანიკა ვარ და არა მოგონილი. სატელევიზიოდ არ გამოვძერწე ჩემგან რაღაც განსხვავებული ტიპი. თამაში არ შემიძლია და ყველა ემოცია სახეზე მაწერია ხოლმე.
– პატარა იყავი, როდესაც გათხოვდი. რა ისწავლე ოჯახურ ურთიერთობებში?
– ნამდვილად პატარა ვიყავი, ბექაც პატარა იყო, ერთად გავიზარდეთ. წყვილში ყველაზე მთავარია, რომ ორივე ერთად განვითარდეს. რომელიმე არ ჩამორჩეს და განვითარების გზაზე ერთი მიმართულებით მიდიოდნენ. ეს კი დამოკიდებულია ოჯახში საუბრებზე, რაც წყვილებს, ხშირ შემთხვევაში, აკლიათ. ან სირაქლემის პოზიციაში არიან, ან იმდენად არიან საკუთარ საქმეში ჩაფლული, რომ ამისთვის დრო აღარ რჩებათ. საუბარი საჭიროა, თუნდაც, იმისთვის, რომ ჩვენ ერთმანეთს გავუზიაროთ ყველაფერი და პლუს, გვაქვს საერთო ინტერესები: მომავალს ერთად ვგეგმავთ. მე თუ რამეს ვისწავლი, ბექას ვუზიარებ, თუ ბექა ისწავლის, მე მიზიარებს და ვფიქრობ, ეს არის ურთიერთობის მთავარი საძირკველი, რაც ჯანსაღ ურთიერთობას გინარჩუნებს.
– პატარ ასაკაში ამას ვერ მიხვდებოდი.
– ეს ბექას ძალიან დიდი დამსახურებაა. თვითონ ისე უცბად გაიზარდა, დაიწყო მომავალზე ფიქრი, რომ მეც წინ გამახედა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მეოჯახე ტიპი ვარ, დღევანდელი დღით ცხოვრება უფრო მიყვარდა, ვიდრე მომავლის დაგეგმვა. ბექამ მიბიძგა, რომ ეს ყველაფერი უფრო ადრე მომხდარიყო. თან, როცა შვილი გყავს, მის მომავალზე ფიქრობ, ბუნებრივია, წინ უნდა გაიხედო და გჭირდება, რომ რაღაც დაგეგმილი გქონდეს, თუნდაც, შენს ტვინში და შემდეგ გადადგა ნაბიჯები. ბექა, ზოგადად, ძალიან მიზანდასახული და მებრძოლი ტიპია. დანებება მისთვის არ არსებობს. როცა შვილი გყავს, სხვანაირად გაყურებინებს აწყმოსაც და მომავალსაც. უკვე იმ კონკრეტული ადამიანიდან გამოდიხარ, ანუ მისთვის რა იქნება უკეთესი და არა შენთვის. გიოსთვის როგორ იქნება უკეთესი – ეს არის ჩვენი მთავარი მოტივი, რომ გიოს მომავალი კარგად დავგეგმოთ და ძირეული რაღაცები არ შეგვეშალოს. ბავშვთან ურთიერთობაც ძალიან რთულია. შვილის აღზრდა ყველაზე რთული პროფესიაა. მე და ბექას თითქმის თანაბარი როლი გვაქვს გიოს აღზრდაში. ფსიქოლოგების რჩევებს ვკითხულობ ხოლმე, რამდენჯერმე ლექციებზეც წავედი. თან, როცა დაკავებული ხარ, მაინც სტრესია: სამსახურიდან მიდიხარ სახლში დაღლილი და შეიძლება, რაღაც მომენტში საკუთარი თავი, სიტყვა, ნაბიჯი ვერ გააკონტროლო და უნდა იცოდე, ამ ყველაფერზე როგორ მოახდინო სწორი რეაგირება.
– თუმცა მის ცხოვრებაშიც იყო სირთულეები, მის სპორტულ კარიერაშიც. ამ დროს შენი გვერდში დგომა, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი იქნებოდა.
– კი და ზოგადად ოჯახში ორივეს ძალიან დიდი როლი გვაქვს. შეიძლება, მე მქონდეს პრობლემა და ამ დროს ბექა მჭირდება გვერდით ან მას ჰქონდეს პრობლემა და მე ვჭირდებოდე. როცა ცოლ-ქმარს ჯასაღი ურთიერთობა აქვს, ეს ნორმაც არის. როცა არაჯანსაღია, ალბათ, იქ ყველაფერი უკვირთ. ადამიანმა უნდა იგრძნოს, რომ გვერდში ძლიერი ქალი და ძლიერი მამაკაცი ჰყავს. ოჯახის სიმყარისთვის ქალსაც დიდი როლი აქვს და კაცსაც. თუ გვერდში დგომა ვერ დაინახე და მისი იმედი არ გაქვს, მერე ნელდება ურთიერთობა. დინებაზე მიყოლა არ მიყვარს. ურთიერთობისთვისაც უნდა იბრძოლო. ბუნებრივია, ვიზრდებით, ვიცვლებით, სხვანაირად ვხედავთ რაღაცებს და შეიძლება, ადრე თუ რამეზე პრეტენზია არ გქონდა, ახლა გაქვს.
– როგორ გამოხატავთ ერთმანეთის მიმართ პრეტენზიებს?
– ჩხუბიც მაქვს და ყველაფერი. ურთიერთობაში ჩხუბიც საჭიროა. თუ არ ჩხუბობ, ესე იგი, არ გაინტერესებს ის ადამიანი. დინებას არ უნდა მიჰყვე. დინებას მაშინ მიჰყვები, როცა ის არც გაინტერესებს და არც გაღიზიანებს. ეს არის სირაქლემას პოზიცია და მაშინ რისთვის ცხოვრობთ ერთად, ცოტა არ მესმის. შეიძლება, ბექამ მომცეს შენიშვნა: ამას არასწორად აკეთებო. ისე, სიმართლე რომ გითხრა, მე არ მიყვარს შენიშვნა. ცოტა უკურეაქციები მაქვს ხოლმე. კამათის დროს ვინმემ გარედან რომ შემოგხვედოს, სასაცილოები ვიქნებით, რადგან ბოლოს ყველაფერი სიცილით მთავრდება ხოლმე. მე სხვანაირად უნდა მითხრა. ვიღაცას შენიშვნა მოტივაციას აძლევს, მე ბევრად უფრო დიდი მოტივაცია მაქვს, როცა ჩემში რაღაცას კარგს დაინახავენ. ცუდიც უნდა მითხრა, მაგრამ შელამაზებულად. ბექაც არ მეუბნება ხისტად, მაგრამ არ მიყვარს შენიშვნები და თუ ის მეუბნება, მე ორმაგად ვეუბნები ხოლმე.
– ბექამ რა ისწავლა შენგან ყველაზე მთავარი?
– როგორც უკვე აღვნიშნე, ერთმანეთი გავზარდეთ. ჩემი თვისებები მან აიღო და მისი თვისებები – მე. შეიძლება, რაღაც მიმართულებით მე მკითხოს რჩევა, ჩემი დახმარება დასჭირდეს და პირიქით, მე დამჭირდეს მისი რჩევა. ბექა სულ მეუბნებოდა: მანიკა, რანაირად ხარ ასეთი მიმნდობი, იცოდე, ცხვირს დაარტყამო. შემეძლო, ვიღაცის გამო მაგიდაზე დამერტყა თავი: არა, ეს ასეთია! არა, სხვა შენთვის არ დაარტყამს თავს. ბექა სულ მაგას მეუბნებოდა: რანაირი მიამიტი ხარო, ბევრი მისი ნათქვამი დამხვდა წინ. ეს მანაც მასწავლა და გამოცდილებამაც. ბექა უფრო ღია და გახნსილი გახდა, უფრო თავისუფალიც. ჩემთან ურთიერთობაში არასდროს იყო ჩაკეტილი, მაგრამ ხალხთან ურთიერთობაში მე დავეხმარე, რომ უფრო კომუნიკაბელური ყოფილიყო, ისეთი, როგორიც ახლა არის.