№9 რომა რცხილაძე: არავის რომ არ ეგონა, რომა გადარჩებოდა, აი, ამას ვაჯობე
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
სახელი: რომა.
გვარი: რცხილაძე.
პროფესია: მუსიკოსი.
– მოგონება ბავშვობიდან...
– ერთი მომენტი ძალიან მძაფრად დამამახსოვრდა და უფრო მეტიც, გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა ჩემს პროფესიაში. ყვარელში გვაქვს მამული, სადაც ზაფხულობით ჩავდიოდით ხოლმე. მაშინ ოთხი წლის ვიყავი. ჩვენი სახლის მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობდა მჭედელი – პაპა ალექსი. ხმა გავიგონე, რომელმაც შემიყვანა ამ ადამიანის ეზოში, სადაც ჩემ წინ გადაიშალა შემდეგი სცენა: პაპა ალექსს შიშველ ტანზე ტყავის ქამარი ეკეთა, ერთ ხელში ეჭირა თოკი, რომლითაც ღუმელს უბერავდა ჰაერს და მეორე ხელში – ჩაქუჩი. ჰყავდა ორი შეგირდი ბიჭი. პაპა ალექსი ისეთი სიჩქარით აკეთებდა ჰაერის დაბერვის მოძრაობას, რომ საკუთარ თავს უქმნიდა ბანს, ამ ფონზე კი ღიღინებდა „ურმულს“. პაუზის დროს ჯერ ერთი შეგირდი დაარტყამდა ერთ ჩაქუჩს, მეორე – მეორეს. ამ მომენტმა დამშოკა და მაშინ მივხვდი, რომ ჩემს სამყაროში აღმოვჩნდი.
– მშობლების როლი...
– მამა – იურისტი, დედა – ექიმი. ჩვენს სახლში სულ წვეულება იყო, ორივე ძალიან ლამაზად მღეროდა. მამა სამამულო ომიდან რომ დაბრუნდა, მარჯვენა ხელი აღარ ჰქონდა და მარცხენა ხელით ააშენა დიდი ოჯახი.
– ჩემი პროფესია განაპირობა...
– ბავშვობა არ მქონია, რადგან ჩემი ტოლები რომ თამაშობდნენ, მე ვიჯექი და მუსიკას ვმეცადინეობდი, მაგრამ ეს იყო ჩემი სურვილი და არა ძალდატანება. თავიდან ვიოლინოზე მიმიყვანეს. ბავშვობიდან მაღალი ვიყავი და ამხელა ბავშვზე ეს პატარა ვიოლინო ძალიან სასაცილოდ ჩანდა (იცინის). ერთი წელი გავძელი და მერე ჩუმად შევიპარე დირექტორთან და ვთხოვე, ფორტეპიანოზე გადავეყვანე. ყოველ დილით 6 საათზე ვდგებოდი და 7 საათიდან ვიწყებდი გამებს, შუადღის 2-3 საათამდე ვმეცადინეობდი. ამის გამო მეზობლებთან გვქონდა ხოლმე პრობლემა – არ ვაძინებდი ხალხს, იყო მილიციის გამოძახებები და ერთი ამბავი (იცინის). პარალელურად, 15 წლამდე საკმაოდ წარმატებული კალათბურთელი ვიყავი. ამ ასაკში უნდა გადამეწყვიტა – სპორტი ან მუსიკა და მუსიკა ავირჩიე.
– პროფესიული ჩვევა...
– გამაღიზიანებლად, ზედმიწევნით პუნქტუალური ვარ და იგივეს ვითხოვ ყველასგან. ცხოვრებაში სადმე წამი არ დამიგვიანია. უმეტესობას ეს კულტურა არ გააჩნია და ძალიან მძაბავს. თუ ვინმესთან სერიოზული კამათი მქონია, მხოლოდ ამის გამო. ასევე, ჩვევა მაქვს – თუ საქმეს ხელს ვკიდებ, „ისე რა“ პროდუქტს არ გამოვიყვან.
– ადამიანში ვაფასებ...
– იუმორის გრძნობას. ადამიანში იუმორი თუ არ არის, ის ბოროტი და უთავმოყვარეოა. შენ თავზე თუ არ „იღადავე“, ისე არაფერი გამოგივა. იუმორის გრძნობა არის ყველაფრის მაჩვენებელი. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ როგორია, ვის რა ნაკლი აქვს, ყველა ერთია – მთავარი ფასეულობაა იუმორი და იყოს საინტერესო ადამიანი. ხშირად მქონია მომენტი, როცა ადამაინს ველაპარაკები, მიყურებს და ვერ მისმენს. ამიტომ უნდა იყო იმ ადამიანებთან, ვისაც შენი ესმის, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაკარგავ დროს და ენერგიას.
– მეშინია...
– დროის... ერთი ასეთი შედარება მაქვს დროსთან: კომუნისტების დროს იყო ტაქსი, რომლესაც ჰქონდა მრიცხველი. რომ ჩაჯდებოდი, 20 კაპკს მაშინვე წერდა, მერე 50 კაპიკამდე ნელა-ნელ ადიოდა და 50-ს, როგორც კი გადასცდებოდა, ტემპს უჩქარებდა. როცა 80 კაპიკს დაწერდა, აჩერებდი და ჩამოდიოდი, რადგან მანეთი უკვე დიდი ფული იყო. როცა ხურდას არ ართმევდი და იმ ოც კაპიკს მძღოლს უტოვებდი – დიდი საჩუქარი იყო. დრო ყველასთვის ერთნაირად მკაცრია, მნიშვნელობა არ აქვს, მდიდარი ხარ, ღარიბი, ცხოველი თუ ფრინველი. როცა დროს პატივს არ სცემ, ცუდია. ადამიანი, ასაკში რომ შედიხარ და განვლილ ეტაპს გადახედავ, ხვდები, რომ ბევრჯერ ეჯახები კლდეს, თუმცა თუ ამ გამოცდილებას ჭკუას დაახმარ, მაშინ გაანგრევ. 20 წლის ვყოფილვარ, 30, 40, 50, 60 და ახლა 70-ის ვხდები, მაგრამ ამით არაფერი შეიცვლება. დროს არ უნდა გაუსწრო, დროს უნდა დახვდე.
– ცოდვა – ეს არის...
– უთავმოყვარეობა – ეს ყველაფრის, ყველა სახელმწიფოს, ყველა დროის, ყველაზე დიდი პრობლემაა. უთავმოყვარეო საკუთარი თავი არ მინდა.
– ბედისწერა...
– ძალიან საინტერესოა ეს ცხოვრება. ჩვენ „ლამაზ“ ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ, მაგრამ გვიყვარს ეს ჯოჯოხეთი. აქ, დედამიწაზეა გამოცდა ჩასაბარებელი და სწორედ, იმიტომ იბადები, რომ ეს გამოცდა ჩააბარო. არავის ასცდება სასამართლო, მნიშვნელობა არ აქვს, ათეისტი ხარ, თუ მორწმუნე. ათეისტიც სწორედ იმიტომ არის, რომ ბოლოს უფალთან მივიდეს, უფალს ისიც უყვარს. როგორ ჩააბარებ გამოცდას ამ „ლამაზ“, „საინტერესო“ ჯოჯოხეთში – ეს უკვე ინდივიდუალურია. მერე გადაწყვეტს „ის“, მოგავლინოს უკან თუ სხვაგან გაგიშვას. ადამიანს დაბადებიდანვე აწერია შუბლზე ყველაფერი. ჩვენ ყველას
საკუთარი მფარველი ანგელოზი გვყავს, რომელიც ყოველთვის ჩვენს მხარზეა. ხშირ შემთხვევაში, მას ჩვენი ცუდი საქციელებით ვღლით.
საკუთარი მფარველი ანგელოზი გვყავს, რომელიც ყოველთვის ჩვენს მხარზეა. ხშირ შემთხვევაში, მას ჩვენი ცუდი საქციელებით ვღლით.
– რისკი...
– სულ – მთელი ცხოვრება, ყოვლდღე, ყოველ წამს ვრისკავ.
– სიყვარული – ეს არის...
– გზა უფლისკენ, ჭეშმარიტება. სიყვარულია, როცა შენშია და უფრთხილდები მას. ვერავის მისცემ უფლებას, მასში ხელი აფათუროს, შეეხოს და შეურაცხყოს, მათ შორის ვერც მე. სპილო მაქვს მეტსახელი. სპილო წყნარია, მაგრამ გაბრაზებული – მტერს. მაკედონელმა ერთადერთი ომი ჩემთან წააგო – როცა
ინდოეთში ჩავიდა და სპილო გაიცნო.
ინდოეთში ჩავიდა და სპილო გაიცნო.
– დრო და სიყვარული...
– სიყვარული არ ქრება, უბრალოდ, ისვენებს და ელოდება. ყველაფერი იღლება და ყველაფერს სჭირდება დრო. იმიტომ არის დღე და ღამე. თუ არ დაისვენე და გამოიძინე, შემდეგ დღეს ცუდად იქნები. სიყვარულიც იღლება ცუდი მოპყრობის ან ღალატის გამო. ამიტომ ცოტა ხანი უნდა დაასვენო. მერე თვითონ შეგირიგებს.
– იდეალური ქალი...
– ერთი ათი ცხოვრება უნდა იცოცხლო, რომ ამას მიხვდე. ადამი ეკითხება ღმერთს: ღმერთო, რატომ გააჩინე ევა ასეთი ლამაზი. იმიტომ, რომ შეგიყვარდესო. კი, მაგრამ, რატომაა ასეთი სულელი? იმიტომ რომ შენ უყვარხარო. ვერასდროს გაიგებ...
– სამაგიერო გადაგიხდიათ?
– ის, რაც მე მომიმოქმედებია, თუ სამაგიეროს გადახდაა, მაშინ იმ ობიექტისთვის კეთილი და კარგი საქმე გამიკეთებია. სასიკეთო, რომ იგივე აღარ ჩაიდონოს. შეიძლება, ჩემს მიმართაც გაუკეთებიათ იგივე. ცხოვრების გზაზე ყველა ვუშვებთ შეცდომას, უბრალოდ, ანალიზი უნდა გავაკეთოთ და დასკვნა გამოვიტანოთ ამ შეცდომიდან. თუ ამას ვერ შეძლებ, მაშინ ნული ინტელექტით ხარ. ნაკითხობა განათლება არაა. გლეხს რომ ვხედავ, მიხარია, ვჯდები, თემას ჩავაგდებ და ვუსმენ, ეს არის ყველაზე დიდი სიამოვნება ჩემთვის, მათთან ურთიერთობით იმდენ სიბრძნესა და ჭეშმარიტებას ვიგებ. შეიძლება, მას არ წაუკითხავს გოეთე, მაგრამ მართლა ბრძენები არიან. ეს კლასიკოსები სწორედ მათზე და მათ სიბრძნეზე წერდნენ.
– როდის ყვირით?
– მუშაობის დროს, რეპეტიციის დროს, მაგრამ იმდენად ვუყვარვარ ჩემს მუსიკოსებს, რომლებსაც სპლიყვებს ვეძახი, მიტანენ (იცინის). ოჯახშიც მქონია მსგავსი მომენტი, სახლში თუ არ იყვირე, აბა, სხვაგან სად უნდა იყვირო.
– ბილწსიტყვაობთ?
– მიხდება (იცინის). ვიცი – სად და როგორ, რა ენაზე და რა დიალექტით, რომელ ქვეყანაში და რა ფორმით. ვიცნობ ქალბატონებს, რომლებიც ბილწსიტყვაობენ, მაგრამ იმდენად ლამაზია ეს და ისე იხდენენ... თუმცა, ოფიციალურად, ტელევიზიით ან საზოგადოებაში – არავითარ შემთხვევაში.
– ვემტერები...
– არაფერს, რატომ უნდა ემტერო რამეს. რაც უფრო ნაკლები იქნება ჩემში ეს, მით ნაკლები მტერი მეყოლება. თუმცა მტერი ყველა ამბავში არსებობს და ღმერთმა ამრავლოს. აბა, თუ ცხოვრების განმავლობაში არ გყავს ისეთი ვინმე, ვისაც შეეწინააღმდეგები, მაშინ „ზერო“ ხარ. მე ვიცი, ვინც არის ჩემი მტერი, თუმცა მასთან დიპლომატიური ურთიერთობა მაქვს. რატომ არის მტერი? იმიტომ, რომ მასზე ძლიერი არ უყვარს. მე კი ვერ ვხვდები, რატომ უნდა მძულდეს ჩემზე ძლიერი.
– მრცხვენია...
– უცოდინარი მასის. ახლა ინტელიგენცია აღარ არის, მასა არის გარობოტებული, უშინაარსო, უცოდინარი, წაუკითხავი, თუმცა ამ დროს – ყველაზე დიდი პრეტენზიებით. მე არ მინდა, ასეთი ვიყო, არ მომწონს, არ შემიძლია ფიტულად ყოფნა. კომპიუტერმა და ინტერნეტმა წიგნის სურნელი დაავიწყა ხალხს, მათ შორის, მეც. ჩემს თაობას დიდი გამოცდილება აქვს, რაც სამწუხაროდ, ახალ თაობას ვერასოდეს ექნება.
– ვიტყუები...
– როცა ვიცი, რომ ეს ტყუილი კარგს მოიტანს. ხშირად ჩემს ტყუილს გადავურჩენივარ მეც და სხვებიც და სიმართლესთან უფრო მალე მივსულვართ ხოლმე.
– ბოდიშის მოხდა გიჭირთ?
– სიტუაციიდან გამომდინარე, 51 პროცენტი არ მიჭირს. ბოდიშს იხდიან ძლიერი ადამიანები, სუსტი ბოდიშს ვერ მოიხდის, იმიტომ რომ მასში ეგოიზმია და მისი მართვა არ შეუძლია.
– ვამაყობ...
– ჩემი გვარი რომ „ძე-ზე“ მთავრდება.
– ვერიდები...
– კაზინოს – რამდენიმეჯერ ვიყავი და ისიც 5-5 წუთი, ფიზიკურად ვერ ვჩერდები – ამ სიბინძურეში ყოფნა ცუდად მხდის.
ძალიან მომწონს და მიყვარს უბრალო სასადილოები, ვგიჟდები ამ ყველაფერზე, აქ ჭამა უფრო გემრიელია, ვიდრე „ძაან“ რესტორნებში. აი, ასე, გლეხურად, ხელებით რომ ჩააწობ და თითებით რომ შეჭამ... უბრალო ხალხი მიყვარს.
– ვაგროვებ...
– ანტიკვარულ მანქანებს. ოთხი მანქანა მყავს: 1965 წელს გამოშვებული „ხოჭო“, „ფოლკსკვაგენი ბიტლზი“, რატომაც დაირქვეს „ბითლზებმა“ სახელი. ასევე, მყავს 1975 წელს გამოშვებული „კადილაკი“; 1951 წლის „ლიმუზინი“ „კრაისლერ იმპერიალი“ და 1937 წელს გამოშვებული „მერსედესისა“ და „ბეემვეს“ იუშვიათესი „კაბრიოლეტი“.
– ღმერთის ჩემეული აღქმა...
– „ჭკვიანი ბიჭია“ ის, ზემოთ. მან ყველაფერი იცის. ის „ბიჭი“ ჩემში ზის, ჩემშია ეკლესია, ჩემთან არის და ჩემია. რამდენიმეჯერ ისეთი რამ მოხდა, ვერავინ გადამარწმუნებს მის არსებობაში. მართლა ვიწამე. მქონდა პერიოდი მწამდა, მაგრამ... ეს მაგრამ მქონდა სულ.
– იმედგაცრუება...
– ყოფილა, მაგრამ იმდენად ოპტიმისტი ვარ, რომ ძალიან ქვემოთ ჩავვარდნილვარ, ერთი პროცენტი მქონია ამოსვლის, მაგრამ ამოვსულვარ. არავის რომ არ ეგონა, რომა გადარჩებოდა, აი, ამას ვაჯობე. კარდიოგრამაა ჩვენი ცხოვრება, ზემოთ ავდივართ და ჩამოვდივართ. ზემოთ სვლა როდის გაჩერდება, ეს შენზეა დამოკიდებული. დღეს შეიძლება, მილიარდერი იყო და ხვალ „ვერის აღმართზე“ ქუდი გეჭიროს. აი, სულ როდის გაჩერდება ეს კარდიოგრამა, იმ „კარგმა ბიჭმა“ იცის.
– ვზარმაცობ...
– თურმე, სიზარმაცე აუცილებელი რამ ყოფილა. ბეჯითები მალე ბერდებიან, უცებ აღწევენ წარმატებას და ჩერდებიან. ადამიანი რომ ზარმაცობს, ამით პერიოდულად გასცემს საკუთარ შესაძლებლობებს. სიზარმაცესაც თავისი ადგილი აქვს ცხოვრებაში.
– არასოდეს დამავიწყდება...
– გარკვეული მიზეზების გამო პირველ წელს კონსერვატორიაში არ ჩავაბარე. ანბანის მიხედვით გაჰყავდათ ბავშვები გამოცდაზე და ვიდრე „რ“ ასოზე ჩამოვიდნენ, კომისიის წევრები დაიღალნენ. დავიწყე საათნახევრიანი ურთულესი ნაწარმოების შესრულება, მაგრამ კომისია არ აღმოჩნდა მზად მოსასმენად, ზოგი „პახმელიაზე“ იყო, ზოგი რა და ზოგი რა, ამიტომ გავჩერდი და შევკითხე, ხელს ხომ არ გიშლით-მეთქი და გამოვედი. ერთი ამბავი იყო, რცხილაძემ არ ჩააბარა, ეს როგორო. მეორე წელს ჩაატარეს ექსპერიმენტი, ჩამოკიდეს ფარდა და ვინ უკრავდა, არ იცოდნენ. სპეციალურად შევედი ფეხაკრეფით, იგივე პროგრამა დავიწყე და ჩავარიკრიკე, კომისიამ თქვა, რომ უკრავდა პატარა, სუსტი, გამხდარი გოგონა. როცა ფარდა აიწია და დამინახეს, გაგიჟდნენ, სხვა გამოცდა აღარ ჩამაბარებინეს.