№9 თაკო მელიქიშვილი: სარკის წინაც კი მიჭირს, ჩემს თავს პრობლემებში გამოვუტყდე და ვცდილობ, დავემალო
ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე
მომღერალმა და რადიოწამყვანმა თაკო მელიქიშვილმა ახალი სიმღერის დუეტი რუსეთში პოპულარულ და ცნობილ ბითბოქსერ, ვახტანგ კალანდაძესთან ერთად ჩაწერა, რომლის რუსული ვერსიაც მალევე ჩაიწერება. ვახტანგი ამ მუსიკალურ მიმდინარეობაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახეა. თავის დროზე მან დუეტები ჩაწერა ვალერი მელაძესთან, „ვია გრასთან“, სოსო პავლიაშვილთან. კომპოზიტორმა ცირა ბზიშვილმა სპეციალურად თაკო მელიქიშვილისთვის შექმნა სიმღერა, რომლის სახელწოდებაა – „მერე“. კომპოზიციაზე კლიპს მოსკოვსა და თბილისში გადაიღებენ და მასზე რეჟისორი ზურაბ ციციშვილი იმუშავებს.
თაკო მელიქიშვილი: ჩემთვის ეს წელი მნიშვნელოვანად დაიწყო. ზოგადად, ეს წელი ჩემია, რადგან ვირთხის წელში ვარ დაბადებული და განსაკუთრებულად შევხვდი, სხვა ემოციებით. შინაგანი ხმა მეუბნებოდა, საინტერესო წელი გექნებაო და ასეცაა – ახლა ჩემი დროა (იცინის). ჩავწერე ცირა ბზიშვილის ახალი სიმღერა და გავაკეთე დუეტი მოსკოვში წარმატებულ ბითბოქსერ ვახტანგ კალანდაძესთან ერთად. ცირას რამდენიმე სიმღერა მაქვს ჩაწერილი და დიდი ხანია, აღარაფერი ჩამიწერია. ერთი სული მქონდა, როდის დავასრულებდი ახალი სიმღერის ჩაწერას და მასზე კლიპის გადაღებასაც სულ მალე ვგეგმავთ. ცირამ სიმღერა, „მერე“ რომ მომასმენინა, მივხვდი, ზუსტად ჩემთვის იყო მორგებული. ზოგადად, ცირას სიმღერები განსაკუთრებულად მიყვარს, მაბედნიერებს მათი მღერა და ესეც არ არის გამონაკლისი. ღამე დამირეკა და მითხრა: დილით ჩემთან, სტუდიაში გამოდი, შენთვის სიურპრიზი მაქვსო. მივხვდი, რასაც დამახვედრებდა და განცდების გამო მთელი ღამე არ მიძინია. მოვისმინე თუ არა, მომინდა მღერა და ეგრევე ავღიღინდი (იცინის). ეს სიმღერა არ არის სევდიანი, თუმცა, ჩემს ცხოვრებას მოვარგე. დროსთან ერთად, დავაფასე დღევანდელი დღე, ვისწავლე, რომ დღეს უნდა დავაფასოთ ურთერთობები, მერე რომ გვიან არ იყოს. სიმღერაც, სწორედ ამაზეა, რომ მერე იქნება გვიან.
– ვახტანგ კალანდაძე, ვისთანაც დუეტი ჩაწერე, საკმაოდ წარმატებულია რუსულ შოუ-ბიზნესში. როგორ მოხდა მისი შემოსვლა ამ სიმღერაში?
– სიმღერა რომ ჩავწერე, ცირამ მითხრა, კიდევ რაღაც სჭირდებაო. დავფიქრდით და მივხვდით, დუეტში უკეთესი იქნებოდა. გადავავლეთ თვალი მომღერლებს, მუსკოსებს და გაგვახსენდა ვახტანგი. გადავუგზავნეთ სიმღერა, მოეწონა და დაგვთანხმდა.
– როგორც ვიცი, ვახტანგი თბილისში არ ჩამოსულა, შენ მოსკოვში არ ყოფილხარ და დუეტი როგორ შეიკრა?
– ვახტანგმა თავისი პარტია მოსკოვში, გიგა კვენეტაძის სტუდიაში ჩაწერა, მე – თბილისში და სიმღერა ასე შევკარით (იცინის). ზაფხულში აქვს დაგეგმილი საქართველოში ჩამოსვლა. მანამდე კი, აპრილში ვიწყებთ კლიპის გადაღებას, რომლის რეჟისორი ზურა ციციშვილია და სავარაუდოდ, მე მომიწევს მოსკოვში ჩასვლა, ანუ გარკვეული კადრები თბილისში უნდა გადავიღოთ და ნაწილი – მოსკოვში.
– გავიგე, რუსულენოვანი ვერსიის ჩაწერასაც გეგმავთ და გავრცელდა ჭორები, რომ თაკო მელიქიშვილი ამ სიმღერით გეგმავს, რუსულ შოუ-ბიზნესში შედგას ფეხი. ამაზე რას მეტყვი?
– რატომაც არა? (იცინის) დიახ, რუსულენოვანი ვერსიაც უნდა ჩავწეროთ და ეს რუსული ბაზრისთვის იქნება გათვლილი. ვერ ვიტყვი, საქართველოში მაქსიმუმი გავაკეთე-მეთქი და არ იქნება ცუდი, თუ ბედს რუსულ ესტრადაზეც მოვსინჯავ. ასე რომ, ვისაც ჩემი ნამღერი მოსწონს, სადაც ვიქნები, წარმატებები მისურვოს (იცინის).
– მანამდე თუ იცნობდი ვახტანგს და რა ურთიერთობა გაკავშირებდა?
– ვახტანგს შორიდან ვიცნობდი, გამარჯობის დონეზე. იმ სფეროში, რაშიც ის პროფესიონალია, ბითბოქსს ვგულისხმობ, საკმაოდ ძლიერი და მოთხოვნადია. ჩვენს სიმღერაშიც გამოყენებულია მისი კლასი, რითიც სახელი გაითქვა. ახლა პირადად გავიცნობ და იმედია, ახლო მეგობრები გავხდებით (იცინის).
– კლიპის გადაღებას, კარგი სიმღერის, პროდიუსინგის და გუნდის გარდა, საკმაოდ დიდი თანხები სჭირდება, მით უმეტეს, როცა კადრების გადაღებას ქვეყნის გარეთაც გეგმავთ. ამბობენ, ფინანსურად შენი შვილის მამა გეხმარება, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს.
– არა, ეს ნამდვილად ჭორია. მე არ გამიგია და თუ სიურპრიზს მიმზადებს, არ ვიცი (იცინის). თუ დამიფინანსებს, უარს არ ვეტყვი, თუმცა, არ მგონია. ერთადერთი კლიპი მაქვს და შევეცდები, მეორეც კარგი გამოვიდეს, ფინანსებთან ერთად, მის ხარისხზეც ვიფიქრო და თუ ამაში ცირას, ზურას და ვახტანგის გარდა, სხვებიც დამეხმარებიან, დიდ მადლობას გადავუხდი.
– რადგან პირად ცხოვრებას შევეხეთ, გკითხავ – გაქვს შვილის მამასთან ურთიერთობა და შვილს თუ ეხმარება ფინანსურად?
– შვილს, შეძლებისდაგვარად, ეხმარება ფინანსურად, თუმცა მე და მას სხვა ურთიერთობა არ გვაქვს. ჩემს პირად ცხოვრებაში დღეს არაფერი ხდება. რამდენჯერაც ვთქვი და გავაჟღერე, ბედნიერი ვარ-მეთქი, თვალი მეცა (იცინის). არ ხდება არაფერი და რომც მოხდეს, არ გავუკეთებ აფიშირებას. ზოგადად, სიყვარულის ამბების დამალვა არ მიმაჩნია სწორად, მაგრამ პირადი, პირადია და ვეცდები, გარკვეულ ეტაპამდე დავმალო. სერიოზული ურთიერთობისთვის მე მზად ვარ, თუმცა ჯერ არაფერი ხდება და როცა მოხდება, პირველს თქვენ გეტყვით (იცინის).
– მიგაჩნია, რომ მამაკაცებში, ვისთანაც ურთიერთობა გქონდა, არ გაგიმართლა?
– ვფიქრობ, ბედნიერება დროებითია, პოვნა ადვილია და წლების განმავლობაში ურთიერთობის შენარჩუნება – რთული. გამიმართლა შვილებში, საქმეში, მეგობრებში, რასაც პირადზე ვერ ვიტყვი. თუმცა, რაც მაქვს, ჩემი ბედნიერებისთვის მყოფნის. ბევრი მიზეზი მაქვს ბედნიერებისთვის და რაშიც არ მიმართლებს, ალბათ, ოდესმე იმაშიც გამიმართლებს.
– ვერ დაგეთანხმები, რომ პოვნა ადვილია.
– არა, პოვნაც არ არის ადვილი, მაგრამ დაკარგვა უფრო მარტივია. ამიტომ, ხვალ გვიანი რომ არ იყოს, დავფიქრდეთ და მეტი სიყვარული გავცეთ. ადრე უფრო მეტად აფასებდნენ ერთმანეთს და უხაროდათ ერთმანეთის წარმატება. დღეს კი ასე არ არის და არ ვიცი, რისი ბრალია. ყველას უდარდელი და მხიარული ვგონივარ, პრობლემების გარეშე. მეუბნებიან: რა განაღვლებს, მთელი დღე რადიოში სიმღერებს უსმენ, მერე რესტორანში მღერი, სადარდებელი რა გაქვსო. ყველას თავისი პრობლემა აქვს და საბოლოოდ, ყველაფერი ჩემი გადასაწყვეტია. სარკის წინაც კი მიჭირს ჩემს თავს პრობლემებში გამოვუტყდე და ვცდილობ, დავემალო. სევდას და დარდსაც ვმალავ.