№9 ვინ შემოიტყუა ამირა შადად შედადიანმა ანისში და რატომ დაატყვევებინა ის საქართველოს მეფეს
ნინო კანდელაკი გია მამალაძე
დემეტრე დავითის ძემ უფლისწულობის დროიდან გაითქვა სახელი, როგორც ნიჭიერმა სარდალმა. ჭაბუკობის ასაკიდან დაჰყვებოდა მამას ბრძოლებში. დავით მეფე მნიშვნელოვან დავალებებსაც აძლევდა. დიდგორში მეფისწულ დიმიტრის ძალიან საპასუხისმგებლო მოვალეობა ეკისრა – ჯარის ერთ ფლანგს ედგა სათავეში, რომელსაც მოულოდნელი შეტევა უნდა განეხორციელებინა მტერზე. ტახტის მემკვიდრემ შესანიშნავად შეასრულა დავალება და მისი და მისი რაზმის წვლილი დიდი ყოფილა დიდგორის გადამწყვეტ ბრძოლაში ჩვენი წინაპრების გამარჯვებაში.
ლაშა-გიორგის მემატიანე წერს: „ოდეს ჯერ არა იყო მეფე, დიდმან დავით შარვანს გაგზავნა შვილი დემეტრე და ქმნნა ომნი და ბრძოლანი, რომელ ყოველნი მხედველნი მისნი განაკვირვნა, და აღიღო ციხე ქალაძორი, და აღივსო ალაფითა და ტყვითა ურიცხვითა, გააქცივნა სუქმანეთნი (ოდეს სუქმანეთნი გააქცივნა დემეტრე, ქრონიკონი იყო სამას ორმოცდაათი), თავი ყოვლისა სპარსეთობისა, დახოცნა და ამოსწყვიდნა, და აღავსნა საჭურჭლენი და ლაშქარნი მისნი“ (ალბათ, შაჰარმენი ნასირ ადდინ სუკმან მეორე, 1128-1183).
დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან მალე დიმიტრი მეფემ საქართველოს დაუბრუნა დმანისი და ხუნანი.
ლაშა-გიორგის მემატიანის ცნობით, დიმიტრი მეფე „ერთგულთა შემწყნარებელი იყო და შეცოდებულთა სამართლიანად მწურთელი“.
მამამისის მიერ საქართველოსთვის შემოერთებული ანისი და შირვანი, ზოგიერთი მიზეზის გამო, ძველ მფლობელებს გადასცა, ყმადნაფიცობის პირობით.
როგორც ცნობილია, ბაგრატიონებს ქართველები (და უამრავი უცხოელიც) თვლიან ისრაელის დიდი მეფის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და მართალი იოსების წინაპრის, წინასწარმეტყველი დავითის შთამომავლებად. ჩვენი მემატიანე წერს დიმიტრი მეფეზე: „ყოვლითურთ ემსგავსა ძირსა კეთილსა დავითიანსა, ხესა ღმრთივ-დანერგულსა და ცხებულიანსა“.
საქართველოში დემეტრე პირველის სამსახურში ნამყოფი არაბი ისტორიკოსი და მოგზაური, აჰმად იბნ იუსუფ იბნ ალი ალ-ფარიკი, საინტერესო ისტორიებს გვიყვება დავით აღმაშენებლის, დემეტრე პირველისა და გიორგი მესამის დროინდელი საქართველოს ცხოვრებიდან.
1138 წელს ადარბადაგანსა და რანში საშინელი მიწისძვრა მომხდარა. ქართველებმა ისარგებლეს ამით და აიღეს განჯა. ოღონდ, მაჰმადიან ისტორიკოსს ეშლება თარიღი და განჯის ამღები მეფის სახელი. განჯაში ილაშქრა არა დავით მეფემ, არამედ მისმა ძემ, დიმიტრიმ.
„როგორც ამბობენ, 516 (1122/3) წელს ქალაქ ჯანზაში (განჯა) მოხდა მიწისძვრა, მისი ნაწილი დაზიანდა და ჩამოინგრა მისი კედლები. მეფე დავითი გამოვიდა და დაიძრა მისკენ. მან აიყვანა ტყვედ მისი მოსახლენი და ცხვრებივით ურმებზე შესმული გარეკა. მან გაძარცვა ყველაფერი, რაც იქ იყო. მან მოიყვანა მისი ხალხი ტიფლისში. და ტიფლისის მცხოვრებლებმა გამოისყიდეს მათი დიდი ნაწილი და გაუშვეს თავისუფლებაზე“.
აქ, ალბათ, აჭარბებს მაჰმადიანი ისტორიკოსი, რომელიც სხვაგან დემეტრე მეფეს ძალიან აქებს მაჰმადიანებისადმი კეთილად მოპყრობის გამო.
განჯაში ლაშქრობის დროს ქართველებს, გამარჯვების ნიშნად, ჩამოუხსნიათ ქალაქ განჯის კარი, წამოუღიათ საქართველოში და მეფეს გელათის მონასტრისთვის შეუწირავს.
ძალიან საინტერესო ამბავს გვიამბობს ალ-ფარიკი. როგორც ზემოთ ვთქვით, დიმიტრი მეფეს მოუწია ანისი მაჰმადიანი, ძველი მფლობელებისთვის, შედადიანებისთვის (შადადიანებისთვის) გადაეცა, ყმადნაფიცობის პირობით. შემდეგში, როგორც ჩანს, ჩვენი ხელმწიფე არა მხოლოდ ხარკს იღებდა მაჰმადიანი ყმა-ვასალებისგან, რომლებიც, ვასალობის პირობით, თავის სამთავროებში ქრისტიანებს კარგად ექცეოდნენ, არამედ იყენებდა კიდეც მათ, სხვა ამირების წინააღმდეგ. ალ-ფარიკი წერს:
„549 (18 მარტი 1154-6 მარტი 1155) წელს ანისის ამირამ ფაჰრ ად-დინ შადადმა არზრუმის მფლობელ იზზ ად-დინ სალთუკს ქალიშვილი სთხოვა ცოლად. იზზ ად-დინმა პირობა მისცა, მაგრამ შემდეგ მან თავისი ასული არზან-ბითლისის ამირას ფახრ ად-დინ დავლათ შაჰს მიათხოვა“.
ამის გამო გამწარებულა ანისის ამირა და დიმიტრი მეფის ხელით, მისი გამაწბილებლისთვის სამაგიეროს მიზღვა გადაუწყვეტია.
ალ-ფარიკი განაგრძობს: „შეურაცხყოფილმა შადადმა გადაწყვიტა, რომ სალთუკი დემეტრე მეფის ხელით დაესაჯა. მან შეატყობინა სალთუკს, რომ ჩემი ხელისუფლება ანისში დასუსტდა, მოდი და იყიდე ქალაქი ჩემგან, მე ვეღარ ვუძლებ ქართველებს და არ შემიძლია მათი უკუგდება, მე ვიქნები შენს სამსახურში და პატივს გცემ შენ“.
ამასობაში, ანისის ამირას წერილი გამოუგზავნია ჩვენი ხელმწიფისთვის. მომეშველეო. აღნიშნული შეტაკება ანისთან ნამდვილად მომხდარა. თუ ეს ამბავი მართალია, ვგულისხმობ, ანისის ამირას მიერ სალთუკის (ქართული წყაროებით სალდუხი) შემოტყუებას, შესაძლოა, ჩვენი მეფე და მისი ვასალი – შადადი, წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები, რათა სალთუკი დაემარცხებინათ. შესაძლოა, შადად შადადიანმა წინასწარ არც გააფრთხილა ჩვენი ხელმწიფე.
ალ-ფარიკი განაგრძობს: „მაგრამ როდესაც სალთუკი მივიდა შადადმა შურის საძიებლად გაგზავნა კაცი დემეტრესთან, რომელიც იქვე ახლოს იყო – ერთი დღის სავალზე ანისიდან და შეატყობინა სალთუკის მოსვლა. დემეტრე წავიდა ქართველთა ლაშქრით და დილით ანისში იყო. იგი თავს დაესხა სალთუკს და დახოცა მრავალი მისი ხალხი. ეს იყო საშინელი დღე მუსლიმთათვის. სალთუკი ტყვედ ჩავარდა. შემდეგ დიარ-რაბის, დიარ-ბაქრისა და სირიის მუსლიმმა გამგებლებმა ის 100 000 დინარად გამოისყიდეს.
მეფემ გაათავისუფლა სალთუკი, ოღონდ დააფიცა, რომ ვიდრე ცოცხალი იყო აღარ დასცემდა მახვილს დემეტრესა და მისი შვილების წინააღმდეგ და აღარც ლაშქრით შეეყრებოდა მათ“.
ამ ამბავს ადასტურებს ერთი ქართული წყარო: „მოუხდა სა[ლ]დუხ ყაენი ანის[ის] ქალაქსა, მოადგა; აქათ დემეტრე მეფე მოვიდა; შეიბნეს, ნებითა ღმრთისა?თა მეფეს გაემარჯვა, დახოცნა და ამოსწყვიტნა“ („მოკლე ცნობები საქართველოს ისტორიიდან“, ე. თაყაიშვილის გამოცემა). ივანე ჯავახიშვილმა შეასწორა „ყაენი“ „ამირად“, რადგან, იმ დროს ყაენი არ ერქვათ მთავრებს მცირე აზიაში.
აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს, ასევე, თამარ მეფის ისტორიკოსიც: „სალდუხ ეზდინი პაპასა მათსა (თამარისას) დემეტრეს, ხელმწიფესა დიდსა და სახელოვანსა, ჭაბუკსა გურგასლიანსა, ძალითა და ღუაწლთა სიმრავლითა ხელთ ეგდო და მოეყვანაო“ (ტყვედ).
ადასტურებს ამ ამბავს, ასევე, სხვა მაჰმადიანი, ისტორიკოსიც, იბნ ალასირი: „548 წ. ჰიჯრ. (1153—54) ქართველებსა და არზრუმის მთავრის სალიხს (სალდუხს) შორის სომხითში სასტიკი ბრძოლა მოხდა. ქართველებმა სალიხი უკუ აქციეს და დაატყვევეს, მაგრამ მერე განათავისუფლესო“.