№9 უ ნ ა მ უ ს ო
ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი
პირველი მოთხრობა ციკლიდან „ოჯახური ისტორიები“
ავტორისაგან:
ეს ისტორია ერთმა ნათესავმა მიამბო, მოხუცებულმა ქალბატონმა, რომლის ოჯახსაც გადახდა თავს ქვემოთ აღწერილი ამბები და რომელიც თავადაც გახლავთ რომანის ერთ-ერთი პერსონაჟი. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ამ ამბების მონაწილეთაგან მის გარდა მხოლოდ ერთი ადამიანიღა დარჩა ცოცხალი (თუ არ ჩავთვლით „მასოვკას“ – პერსონაჟების შვილებსა და შვილიშვილებს, რომლებსაც პრაქტიკულად არაფერი აკავშირებთ ამ რომანში მოთხრობილ არცერთ ეპიზოდთან): ესაა მთავარი გმირი, ბატონი თაზო (ხანდახან რა შეუსაბამოდ ვიყენებთ ხოლმე სიტყვა „გმირს“, რადგან ბატონი თენგო გმირი კი არა, ყველანაირი გაგებით ანტიგმირია), რომელიც, როგორც აქტიურად მოქმედი პირი, ცოტა გვიან გამოჩნდება.
ცნობისათვის: ზოგიერთი პერსონაჟის სახელი და გვარი, გარკვეული მოსაზრებების გამო, შეცვლილია.
***
წარმოიდგინეთ სურათი: გამხდარი, ტანმორჩილი, ჭარმაგი მოხუცი, რომლის საგულდაგულოდ დავარცხნილი ჭაღარა თმიდან ყბებსა და საფეთქლებს შორის ვერტიკალურად მიმაგრებული ორი უფორმო ყური გამოშვერილა, თითქოს ვიღაცის ჩურჩულს უგდებს ყურსო. ტუჩებზე „ვაჟნი“ ღიმილი დასთამაშებს. ჩამჯდარა ძველებურ, ღრმა სავარძელში და მახვშივით იყურება ობიექტივისკენ.
ერთი შეხედვით, კეთილ ბაბუას ჰგავს, ოჯახის ბურჯს, შრომისგან დაღლილ ოჯახის უფროსს, მაგრამ წვრილი, მოჭუტული თვალებიდან გამომკრთალი უსიამოვნო სხივი მთელ სახეს რაღაცნაირ წუპაკ გამომეტყველებას აძლევს, რაც ეჭვს შეგატანინებს მის „კეთილ ბაბუობაში“. არადა, მის მონაგარს მართლაც ასეთი ჰგონია.
სავარძლის უკან უძვირფასესად მოწყობილი ოთახი ჩანს, მაგრამ მის ოჯახში არავინ იცის, რომ ეს ყველაფერი მოპარული, წართმეული და გამოძალვითა თუ მოტყუებით არის დათრეული და შეგროვილი. ეს მხოლოდ ცოლმა იცოდა, რომელსაც არასდროს გაუმტყუნებია ქმარი და არც საყვედური უთქვამს – რატომ ეტყოდა, მუქთად მოსული დიდი სიმდიდრე ძნელი დასათმობია. თუმცა, საყვედურობდა კი არა, წლების განმავლობაში თავის დედასა და დეიდასთან ერთად დირიჟორობდა კიდეც ქმრის მიერ წარმოებულ ძარცვა-გლეჯას. თავის შთამომავლებს კი ტკბილი ბაბუკელა სიამაყითა და თვალზე ცრემლით უყვებოდა, რომ ის, მდიდარი ოჯახის ერთადერთი შთამომავალი, როგორ თავგადაკლული უვლიდა ბებია-ბაბუას, როგორ დალოცა გამზრდელმა ბებომ სიკვდილის წინ ასეთი მზრუნველობისა და სიყვარულისთვის და როგორ დაუტოვა მთელი თავისი ქონება მილიონერმა კახელმა პაპამ.
***
დიდი ალბათობით, ამ რომანს მთავარი პერსონაჟი არ წაიკითხავს, რადგან კითხვა დიდად არც არასდროს ჰყვარებია და რაღა ამ სიბერეში დაითხრის თვალებს, მით უფრო, რომ ამჟამად ლოგინს არის მიჯაჭვული. მისმა შთამომავლებმა რომც წაიკითხონ, მაინც ვერ მიხვდებიან, რომ თენგო ლომჯარიძე მათი ბაბუაა, რადგან, როგორც უკვე მოგახსენეთ, გვარები და სახელები შეცვლილია, ეპიზოდები და მთლიანად ამბავი კი მათთვის აბსოლუტურად უცხოა.
მოხუცი ქალბატონი, რომელმაც ეს ისტორია მიამბო, მაინც იტოვებს იმედს, რომ ბატონი თენგო წაიკითხავს ამ რომანს და, მოხუცებულობის ასაკში, თუნდაც მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე, მოინანიებს, რაც ჩაიდინა და შვილიშვილებს პატიებას სთხოვს იმ ტყუილების გამო, რომლებითაც ის წლების განმავლობაში „კვებავდა“ გულუბრყვილო არსებებს.
ნეტარ არიან მორწმუნენი...
ნაშვილები
ჩემმა ნათესავმა ქალბატონმა თხრობა ასე დაიწყო:
„უნივერსიტეტს ვამთავრებდი. მეორე დღეს ბოლო სახელმწიფო გამოცდა მქონდა რუსულში. დედაჩემი მივლინებაში იყო ქარელში. მე სასწრაფოდ დავალაგე პაწაწინა ოთახი, რომელიც ერთ პატარა თბილისურ ეზოში მდებარეობდა, მეორე სართულზე, სადაც მე და დედა ვცხოვრობდით. დედაჩემი ძალიან ხშირად დადიოდა მივლინებებში და მე უმრავლეს შემთხვევაში მარტო ვრჩებოდი ხოლმე. სესიების დროს კი ჩემთან ჩემი ორი მეგობარი გოგონა მოდიოდა და მთელი ღამე ვმეცადინეობდით. მაშინაც ასე იყო – გოგოებს ველოდებოდი სამეცადინოდ და ოთახი დავაწკრიალე. წიგნები და რვეულები მაგიდაზე დავაწყვე და საათს დავხედე. წუთი-წუთზე უნდა მოსულიყვნენ, მაგრამ უცბად კარი გაიღო და ჩემი მეგობრების ნაცვლად ოთახში დედაჩემი შემოვიდა. წესით, ჯერ არ უნდა ჩამოსულიყო და გაოცებისგან პირი დავაღე, მაგრამ პირის დაღება მერე უნდა გენახათ, როცა დავინახე, რომ ხელში მოგრძოდ შეხვეული ფუთა ეჭირა და უცებ ეს ფუთა ბავშვის ხმით აჩხავლდა. შიშისგან კინაღამ წავიქეცი, ლამის გონება დავკარგე. ისევ ბავშვის ჩხავილმა და დედაჩემის შეძახილმა გამომაფხიზლა:
– რას გაშტერებულხარ, გამომართვი, თორემ, ლამის იატაკზე ჩავიკეცო!
მე მექანიკურად ჩამოვართვი ხმოვანი მუთაქა და სკამზე ჩამოვჯექი. დედაჩემმა სასწრაფოდ ამოიღო ჯიბიდან რძით სავსე შუშის ბოთლი, რომელსაც საწოვარა ჰქონდა ჩამოცმული, მერე ხელები დაიბანა, საწოლზე გაქათქათებული ზეწარი დააფინა და აჩხავლებული ფუთა დააწვინა. შემდეგ სახვევები მოხსნა და დავინახე, რომ ჩემ წინ ტირილისგან ლამის გალურჯებული პატარა ბიჭი იწვა და პაწაწინა ხელ-ფეხს უმწეოდ ასავსავებდა.
როგორც იქნა, გონს მოვედი და დედაჩემს შიშით ვკითხე:
– ვინ არის და საიდან მოიყვანე? – არ ვიცი, რისი შემეშინდა.
– ჯერ სახელი არ აქვს. ორი კვირისაა.
– ვინ არის-მეთქი? თავი ძლივს გაგვაქვს და ახალშობილი ბავშვის რჩენას შევძლებთ, დედა? გაგიჟდი?
დედაჩემმა ბიჭი მშრალ და სუფთა სახვევებში გამოკრა (რასაც ჩვენი ორი ზეწარი შეეწირა), მაგიდიდან რძიანი ბოთლი აიღო და ბიჭს ჭმევა დაუწყო. რამდენიმე წამში პატარა არსება გაჩუმდა და ნეტარებისგან კრუტუნი მორთო. დედაჩემმა მხოლოდ ამის შემდეგ გამცა პასუხი:
– ხვალიდან ეს ბავშვი შენი დეიდაშვილი გახდება. მე არ დავუშვებ, რომ ჩემი და უშვილოდ დარჩეს. გვარსაც თვითონ მისცემენ და სახელსაც თვითონ დაარქმევენ. ჩვენთან მხოლოდ ხვალ დილამდე იქნება, მერე კი ნუციკო და ირაკლი წაიყვანენ.
– იციან, შვილი რომ ჩამოუყვანე? – ეჭვი შემეპარა უცებ.
– ამ საღამოს გაიგებენ.
– რანაირად?
– რანაირად და ამას ან შენ დაიტოვებ და მე გავიქცევი ნუციკოსთან შესატყობინებლად, ან, პირიქით, ბავშვთან მე დავრჩები და შენ წადი. აქვე არიან, უცბად მიხვალ და მოხვალ.
კინაღამ გადავირიე სიბრაზისგან:
– დედა, ხვალ დილის 9 საათზე სახელმწიფო გამოცდას ვაბარებ და უამრავი სამეცადინო მაქვს. თან, გოგოებს ველოდები, ერთად უნდა გვემეცადინა. რა ვქნა, არ წავიდე გამოცდაზე? ჩავიჭრა? არ ავიღო დიპლომი? – ისტერიკას აღარაფერი მაკლდა. საშინლად გამაღიზიანა დედაჩემის ასეთმა არასერიოზულმა დამოკიდებულებამ ჩემ მიმართ და ტირილი დავიწყე. მაგრამ მივხვდი, რომ ვეღარაფერს შევცვლიდი და ჩაცმას შევუდექი.
– რას აკეთებ? – წარბის აწევით მკითხა დედამ.
– შენ დარჩი ბავშვთან, მე წავალ დეიდაჩემთან, გოგოები თუ მოვლენ ჩემს დაბრუნებამდე, დამელოდონ.
დეიდაჩემი ნუცა და მისი ქმარი ირაკლი მართლაც საკმაოდ ახლოს ცხოვრობდნენ, მაგრამ იმ საღამოს მეცადინეობა აღარ მეწერა.
დეიდასთან კისრისტეხით მივირბინე და აქოშინებულმა ვუამბე ყველაფერი. მოულოდნელმა ამბავმა ცოლ-ქმარი ისე დააბნია, ისიც კი წამოიძახეს, ვინ ეკითხდებოდა ვარინკას ჩვენს უკითხავად რომ გვიწყვეტს პრობლემებსო, მაგრამ ცოტა ხანში დამშვიდდნენ და, რადგან მიხვდნენ, რომ მთავარი (ბავშვის მოყვანა) უკვე მომხდარი იყო, იმავე დღეს შეძრეს მთელი სამეზობლო, სანათესაო, სამეგობრო და ორ-სამ საათში მათი ბინა სავსე იყო ახალშობილისთვის საჭირო ყველა ნივთით – აკვნითა და სახვევებით დაწყებული, სათამაშოებითა და საბანაო პატარა ტაშტით დამთავრებული. ბავშვის წაყვანა კი, როგორც დედაჩემი ვარაუდობდა, მეორე დღისთვის გადადეს.
სახლში ემოციებითა და სირბილით დაღლილი დავბრუნდი. პატარა ისევ ჩხაოდა. დედამ აღარ იცოდა, როგორ დაეწყნარებინა. რა არ ვცადეთ, თბილ წყალშიც კი ჩავსვით, მაგრამ არაფერმა უშველა.
როცა გავიგე, რომ ჩემი მეგობრები მოვიდნენ და დედაჩემმა ორივე უკან გააბრუნა – ლიზას დღეს არ სცალია სამეცადინოდო, – კინაღამ ბავშვზე უარესად ავჩხავლდი.
ჩვილის ტირილის გამო მთელი სამეზობლო ჩვენს პატარა ოთახში შემოლაგდა. როცა გაიგეს, რაც მოხდა, ზოგმა შეაქო დედაჩემი გულჩვილობისა და სულგრძელობისთვის, ზოგმა გაამტყუნა – ჯერ საკუთარ შვილზე უნდა ეფიქრაო; ყველამ ერთად კი ათასნაირი დახმარება შესთავაზა. ხოლო მათგან ერთ-ერთმა, ჩემმა უსაყვარლესმა პაშა დეიდამ, მითხრა, წამოიღე შენი წიგნები და რვეულები, ამაღამ ჩემთან მოდი და, თუ გინდა, იმეცადინე, მე მეორე ოთახში მძინავს და ხელს მაინც არ შემიშლიო. ასეც მოვიქეცი, მაგრამ ბავშვი მთელი ღამე ტიროდა და დედაჩემი ყოველ ნახევარ საათში მეძახდა დასახმარებლად. ამის გამო წესიერად მეცადინეობა ვერ მოვახერხე, მეორე დილით ნერვებაშლილი წავედი გამოცდაზე.
რუსულში მთელ კურსზე ყველაზე ძლიერი მე ვიყავი და ჩემს ლექტორს ძალიან გაუკვირდა, ძლივს რომ ვაძლევდი პასუხებს, რაც დაღლილობისა და ნერვების ბრალი უფრო იყო, ვიდრე უცოდინარობის. აშკარად მიხვდა, რაღაც რომ მოხდა და აღარ გადამეკიდა. მხოლოდ ის მითხრა, კარგ ნიშანს იმიტომ გიწერ, რომ მთელი წელი ყველაზე მაგარი შენ იყავიო.
ძალიან თავმოყვარეობაშელახული წამოვედი სახლში. კინაღამ სახელმწიფო გამოცდაზე ჩავიჭერი და ეს დედაჩემის მეტიჩრობის გამო მოხდა. ვინ ეკითხებოდა, ასეთი სერიოზული და პასუხსაგები საქმე სხვის (თუნდაც დის) ნაცვლად რომ იკისრა? ისეთი გაბრაზებული ვიყავი, გადავწყვიტე, საშინლად უნდა ვეჩხუბო-მეთქი, მაგრამ სახლში აღარც თვითონ და აღარც ბავშვი აღარ დამხვდნენ – დეიდაჩემს და ბიძაჩემს წაუყვანიათ ორივე.
ძალიან დაღლილი და უძილო ვიყავი, ჭამის თავიც კი აღარ მქონდა. მივეგდე საწოლზე და მკვდარივით ჩამეძინა, დედას მოსვლა არც გამიგია. თვალი რომ გავახილე, უკვე ღამე იყო. დედაჩემს თავის საწოლზე ეძინა – ჩემსავით, ტანსაცმელიც კი არ გაუხდია, ისე ჩასძინებოდა. უცბად ისე შემეცოდა, ჩხუბი გადავიფიქრე. ფრთხილად გავაღვიძე და ვუთხარი, ჩაი ხომ არ გაგიმზადო-მეთქი. ვიცოდი, რომ მშიერი იქნებოდა. მეც მშიოდა. ამიტომ ვახშამი გავაწყვე და ორივე მივუსხედით მაგიდას. ცოტა რომ დავნაყრდით, დედას მშვიდად მივმართე:
– ახლა დაწვრილებით მომიყევი, ვისია ეს ბავშვი, როგორ აღმოჩნდა შენს ხელში, რატომ წამოიყვანე ასე მოულოდნელად და გაუფრთხილებლად და, საერთოდაც, რატომ მოჰკიდე ხელი ასეთ საჩოთირო საქმეს?
– რატომ არის საჩოთირო?
– როგორ ვერ ხვდები, დედაჩემო! ჯერ შვილად აყვანის გაფორმებაა საჩალიჩო. მერე, რა იცი, ბავშვი ჯანმრთელია თუ არა? რამე რომ დაემართოს, შენ დაგბრალდება და ციხეში აღმოჩნდები. ან შენს დას უარი რომ ეთქვა, მერე რას აპირებდი, დაიტოვებდი თუ უკან დააბრუნებდი? და, საერთოდაც, რა იცი, ვისი შვილია, იქნებ, სულაც, არანორმალურების ან ბოროტმოქმედების შთამომავალია! ხომ შეიძლება, წლების მერე გამოვლინდეს მისი გენეტიკა?
– დაწყნარდი, ვიცი, ვისი შვილიც არის. დედა კი არა, მამა და პაპაც კი ვიცი, ვინ არიან და მათ შორის არც ბოროტმოქმედი არ არის არავინ და არც ფსიქიკური ავადმყოფი.
– მაინც, ვინ არიან?
– პაპა ერთი საწყალი კაცია, უბედური ცხოვრებისგან გალოთებული. რაც ცოლი მოუკვდა, ქარელის ბაზარს შეაფარა თავი. ვიღაცამ ძველი, ჭუჭყიანი ფარაჯა მისცა, რომ არ გაყინულიყო და ზამთარ-ზაფხულ ის აცვია. ერთი ფეხი ხის აქვს და ყავარჯნებით დადის. ბაზრის ლაზღანდარა ბიჭები აცეკვებენ ხოლმე და მერე ერთ ნაჭერ პურსა და ერთ ჭიქა არაყს აძლევენ გასამრჯელოდ. ზოგერ ვინმე კეთილი ადამიანი მოუტანს ხოლმე რამე საჭმელს და ამით გააქვს თავი. მოკლედ, გიჟი არ არის, მაგრამ ლოთობისგან გამოშტერებულია და ბაზრის მასხარად არის ქცეული.
– ოოო... ძალიან დამამშვიდებელი და იმედის მომცემი ინფორმაციაა. დედა და მამა ვინ არიან?
– დედა ამ მოხუცის შვილია, რომელიც ქარელის განაპირას, ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს. ეხვეწება მამამისს, სახლში წამოდი, თავს ნუ მჭრიო, მაგრამ ეს არ უჯერებს.
– ის გოგო რას წარმოადგენს?
– არც არაფერს. ერთი საწყალი და უპატრონო გოგოა. პრაქტიკულად, მეზობლები ინახავენ. მადლობის ნიშნად, ხან ვის წააშველებს ხელს შინაურ საქმეებში, ხან ვის და ისინიც ლუკმას არ იშურებენ. ისე, წესიერი გოგოაო, ამბობენ.
– მერე, ამ წესიერმა გოგომ როგორ გააჩინა ბავშვი?
– ერთ-ერთი მეზობლის ბიჭი ჩამოსულა ჯარიდან, გაარშიყებია ამ საცოდავს. მერე სიყვარულიც აუხსნია, შეჰპირებია, ცოლად შეგირთავო და ჩუმად შეხვედრებზე დაუთანხმებია. მაგრამ, რომ გაუგია გოგოს ორსულობა, გაულანძღავს, გაუგდია და უთქვამს, ჩემი სახელი არ ახსენო, ეგ ბავშვი კი, თუ გააჩენ, სადაც გინდა, იქ გადააგდეო. გოგოს აბორტის გაკეთების შეშინებია, მუცელი გაუკრავს და ბავშვი ჩუმად გაუჩენია. მეზობლის ქალს უმშობიარებია. შესაბამისად, სოფელსაც მაშინვე გაუგია. ბიჭის ოჯახმა ბავშვი არ მიიღო; გოგო, ჯერ ერთი, ძალიან ღარიბი და საცოდავი იყო, თან, ძალიან ახალგაზრდა – სულ რაღაც 16 წლის. ჰოდა, შეშინებულს, გადაუწყვეტია, შეხვეული ბავშვი ჩანთაში ჩაეწვინა და ქარელში ვინმეს სახლის ჭიშკართან დაეტოვებინა, ან, სულაც, საავადმყოფოში ან მილიციაში ჩაებარებინა, მაგრამ შეეშინდა და ვერ გაბედა. ამასობაში დღეები გადიოდა, ბავშვი თავისთან ჰყავდა და ის მეზობელი ქალი ეხმარებოდა, რომელმაც ამშობიარა, მაგრამ იმასაც ყელში ამოუვიდა – ყველას თავისი საქმე და თავისი პრობლემები აქვს. ბოლოს გოგოს უთხრა, თუ გინდა, გაშვილებაში დაგეხმარებიო და ისიც სიხარულით დაეთანხმა. მალე მთელი ქარელი ამ ბავშვის გაშვილებაზე ჩურჩულებდა და ასე მოვიდა ეს ამბავი ჩემამდე. მეც მივედი გოგოსთან, ის მეზობლის ქალიც დავისწარი, ქვეყნის სანოვაგე მივუზიდე იმ უბედურ დღეზე გაჩენილს, ახალი ტანსაცმელიც მივუტანე და ასი მანეთიც დავუტოვე. ამდენი ფული და ამდენი რამ ერთად ნანახიც კი არ ჰქონდა და თვალები ხარბად აენთო. შვილი აღარც კი ახსოვდა. გავახვიე ბავშვი სუფთა საფენებში და წამოვიყვანე. რაც შეეხება შვილად აყვანის გაფორმებას, ამას ნუციკოს და ირაკლის მეგობრები მოაგვარებენ – ზოგი მილიციაში მუშაობს, ზოგი ქალაქკომში და ზოგი რაიკომში. ასე რომ, ამის ნუ გეშინია, – დედაჩემმა ეს საკმაოდ გრძელი მონოლოგი ერთი ამოსუნთქვით ჩამირაკრაკა და კმაყოფილი სიამაყით მკითხა: – აბა, ახლა რაღას იტყვი?
– რაღა უნდა ვთქვა! ბავშვს ისეთი გენეტიკა ჰქონია და ისეთი წინაპრები ჰყოლია, ლამის მეც შემშურდეს! – ვთქვი ირონიულად და წამოვდექი, მაგრამ მერე ისევ დავჯექი და ვკითხე: – ბავშვის გვარი თუ იცი?
– მამა სიმონია ჰყავს, დედა – ტოროტაძე. ნუ გეშინია, ორივე მხრიდან ქართველია, – „დამაიმედა“ დედამ.
– ჰო, მაშინ ნამდვილად აღარაფერი მაქვს სანერვიულო, – „ვუიაზვე“ დედაჩემს, მაგრამ მერე ხმამაღლა გამეცინა: – დედა, ერთი ეს გამაგებინე, როდის უნდა გამოხვიდე ბავშვობის ასაკიდან?
დედას ეწყინა და გაბრაზებით მიპასუხა:
– არასდროს! ასეთი ვარ და რა ვქნა! – მერე წამოდგა, მაგიდა აალაგა და ორივენი დასაძინებლად დავწექით, რადგან უკვე შუაღამეს იყო გადაცილებული.
ის იყო თვლემისკენ წავედი, რომ დედამ ძილნარევი ხმით გამომძახა საწოლიდან:
– აი, ნახავ, სულ ცოტა ხანში როგორ შეგიყვარდება!
მე პასუხის გაცემის თავი აღარ მქონდა და მხოლოდ გულში გავიფიქრე, შეიძლება, ასეც მოხდეს-მეთქი.
და მართლაც ასე მოხდა: სულ რამდენიმე დღეში ისე შემიყვარდა თენგო (მშობლებმა თენგიზი დაარქვეს), რომ ყოველდღე საათობით მივდიოდი დეიდაჩემთან და ბავშვის მოვლაში ვეხმარებოდი, სასეირნოდ დამყავდა, ვეთამაშებოდი და მის სახელს ვიფიცებდი...“
***
ავტორისაგან:
ამბავი, რომელიც ზემოთ გიამბეთ, მოხდა მეოცე საუკუნის 60-იან წლებში, მაგრამ იმისათვის, რომ ყველას და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და თავისი ადგილი მიეკუთვნოს, დაახლოებით 40 წლით უკან უნდა გადავინაცვლოთ.
ვარინკა
გასული საუკუნის 10-იანი წლებია. გარეთ დეკემბერი დგას. რამდენიმე დღეში ახალი წელი დადგება. თბილისში უჩვეულოდ დიდი თოვლი დევს. ირიბად ბარდნის და თან საკმაოდ ძლიერი ქარი უბერავს. ქუჩებში კაცის ჭაჭანება არ ჩანს. მხოლოდ ერთი კოხტა სახლიდან ისმის უცნაური ხმაური. ამ სახლში ქალაქში ცნობილი კაცის ოჯახი ცხოვრობს. ის რამდენიმე რესტორნის მფლობელია, ფულიც ბევრი აქვს, მიწებიც. ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, მაგრამ მამის სახელით მიმართავენ (როგორც მაშინ იყო მიღებული) – ივან ივანიჩ.
ამ ქარიან და თოვლიან ღამეს ივან ივანიჩს პირველი შვილი შეეძინა. გოგონას ბარბარე დაარქვეს, მაგრამ პირველივე დღიდან ყველა ვარინკას ეძახდა.
ბედნიერ ოჯახში დაიბადა ვარინკა: სიმდიდრე, ძიძა-გადიები, ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული დედ-მამა... მაგრამ ამ ბედნიერებამ მხოლოდ ორ წელიწადს გასტანა. ორი წლის შემდეგ ვარინკას დედა მშობიარობას გადაჰყვა – ბიჭი გააჩინა, მაგრამ დედაც და შვილიც გარდაიცვალნენ. დაქვრივდა ივან ივანიჩი. წელიწად-ნახევარი იგლოვა საყვარელი მეუღლე, მერე კი შეუჩნდნენ ნათესავ-მეგობრები: ხომ ხედავ, თავდაყირა დადგა ოჯახი. ბავშვს დედა სჭირდება. შენც ახალგაზრდა კაცი ხარი, ცხოვრება გრძელდება, ცოლი უნდა შეირთოო. ჯერ ცივ უარზე იყო, მერე თანდათან შეაჩვია ყური მათ შეგონებას, ბოლოს კი დანებდა. ერთ-ერთმა მეგობარმა რამდენიმე დღეში მოუძებნა „შესაფერისი“ ქალი: გაუთხოვარი, პატიოსანი, კარგი დიასახლისი. მართალია, არც ლამაზი იყო, არც მთლად ქორფა ასაკის და ვერც განათლებით დაიკვეხნიდა, მაგრამ, სამაგიეროდ, ძლიერი ოჯახიდან გახლდათ და გვარიც კარგი ჰქონდა. რამდენიმე ძმის ერთადერთი და იყო და დედმამიშვილებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთში.
ივან ივანიჩი ორ მეგობართან ერთად ჩავიდა კახეთში საცოლის წამოსაყვანად. მართალია, ნანახიც კი არ ჰყავდა, მაგრამ გადაწყვეტილი ჰქონდა, მოეწონებოდა თუ არ მოეწონებოდა, მაინც შეერთო ცოლად. ასეც მოიქცა – არ მოეწონა, მაგრამ მაინც გაუკეთა ნიშნობის ბეჭედი და ქორწილის დღეც დათქვეს.
საპატარძლოს თავის ოჯახსა და სოფელში სონას ეძახდნენ. ივან ივანიჩმა სახელი გაუქალაქურა და სოფიო დაარქვა. ჩამოიყვანა თბილისში და პატარა ქორწილის მაგვარიც გადაიხადა. არ უნდოდა, მაგრამ ცოლისძმების მოერიდა.
დედინაცვალი
სოფიო მაღალი ქალი იყო, დიდი ხელებით, განიერი მხრებით, ბეჭებში მოხრილი. ფართო, მონღოლივით ყვრიმლებამოწეულ სახეზე მუდამ ხელოვნური, არაგულწრფელი ღიმილი დასთამაშებდა. მოწკურული თვალებიდან ავი ნაპერწყალი გამოუკრთოდა. საქმიანი, კაცური ნაბიჯებით იცოდა სიარული. დიასახლისი კი ნამდვილად საუკეთესო იყო: სუფთა, მოწესრიგებული, უმაღლესი დონის მზარეული: მურაბებით დაწყებული, ცხელი კერძებითა და ცომეულით დამთავრებული, ყველაფერი საუკეთესო იცოდა.
ივან ივანიჩის სახლში შესვლისთანავე, ორბის თვალები მოავლო სავსე, ანტიკვარებით გაჭედილ ოთახებს და, როგორც იტყვიან, მაშინვე „თათი დაადო“ ყველაფერს. შეძლებულ ოჯახში კი გაიზარდა, მაგრამ ასე მუზეუმივით მორთული სახლ-კარი მის მშობლებს არ ჰქონდათ. სოფელში სიმდიდრედ მიწები, საქონელი, საჭმელ-სასმელი და დიდი სახლი ითვლებოდა, აქ კი რა არ ნახა: ლომის თათებზე შემდგარი, უზარმაზარი, მოჩუქურთმებული, ბროლისმინებიანი ბუფეტი, საოცარი სილამაზის სერვიზები, კაცის სიმაღლე უცნაური სტატუეტები, აბანოზის ხის ლარნაკები, ვერცხლის დანა-ჩანგალი, უცნაური ჭაღები, სპარსული ხალიჩები... ქალს თვალები აუჭრელდა, პირს მომდგარი დიდი ნერწყვი გადაყლაპა და გულში მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ამ ფუფუნებასა და სილამაზეში მის მომავალ შვილებს ვერავინ შეეცილებოდა, თვით პატარა ვარინკაც კი, რომელიც ძიძის კაბის კალთას ჩაბღაუჭებოდა და შეშინებული შესცქეროდა უცხო ქალს, რომელსაც ხარბი მზერა ვერ მოეწყვიტა ნივთებისთვის და საერთოდ ვერ ამჩნევდა იქ მის ყოფნას. არ მოეწონა ეს ახმახი ქალი და ძიძას უფრო მიეკრო. ძიძა სკამზე ჩამოჯდა, ბავშვი კალთაში ჩაისვა და ალერსით უთხრა:
– ვარინკა, ეს შენი დედიკოა. მიდი, მიესალმე და ჩაეხუტე!
გოგონა ნელი, ფრთხილი ნაბიჯით მიუახლოვდა სოფიოს, წინ დაუდგა და მოფერების მოლოდინში, თვალებში შეხედა.
მართალია, ვერ იცნო და ბავშვური ინტუციით მიხვდა კიდეც, რომ ეს არ იყო მისი დედა, მაგრამ ისე ენატრებოდა დედობრივი სითბო და ალერსი, რომ სიმორცხვე დაძლია. თუმცა კი ქალი ისევ ჭერსა და კედლებს ათვალიერებდა. ივან ივანიჩმა იგრძნო, რომ რაღაც ისე ვერ ხდებოდა და საკმაოდ ხმამაღლა მიმართა ახალშერთულ ცოლს:
– სოფიო, აი, ესაა ჩემი ვარინკა, მამას სიხარული! დღეიდან ის შენი შვილიც იქნება. იმედია, ბავშვს სითბოსა და სიყვარულს არ მოაკლებ. ხომ იცი, როგორ აკლია დედის ზრუნვა და ალერსი!
სოფიო გამოაფხიზლა ქმრის სიტყვებმა და ბავშვს შეხედა, ძალიან შეეცადა, თბილი და მოსიყვარულე ყოფილიყო მისი მზერა, დაიხარა კიდეც მისკენ და ხეშეშა თითები ლოყაზეც მოუთათუნა, და, თან, ცოტა არ იყოს, ბოხი ხმით უთხრა:
– ე რა კარგი ბავშვი ყოფილხარ! მოდი, გო, ჩემთან!
მაგრამ ვარინკამ იგრძნო, რომ ეს კაცისხმიანი ქალი, რომელიც მისთვის უცნაური დიალექტით/კილოკავით დაელაპარაკა, არასოდეს გახდებოდა მისი დედა, ვერასდროს შეიყვარებდა და არც არასდროს ჩაიკრავდა გულში (ბავშვის ალღო ასეთ საკითხში ყოველთვის შეუმცდარია); მისი ყალბი ღიმილიც დააფიქსირა და, ატირებული, ძიძისკენ გაიქცა ყვირილით:
– წავიდეს აქედან, ცუდი ქალია, მეშინია! მამიკო, უთხარი, წავიდეს!
ყველა დაიძაბა. ივან ივანიჩმა იუხერხულა და სიტუაციის განმუხტვა იმით სცადა, რომ ცოლს ოჯახის მომსახურე პერსონალი გააცნო: ძიძა, მზარეული, მებაღე, მოახლე, ბაზრიდან სანოვაგის მომტანი, მეეტლე... მერე კი მათ მიმართა:
– დღეიდან სოფიოა ამ ოჯახის დიასახლისი. იმედი მაქვს, ისე მოიქცევით მასთან, როგორც საჭიროა!
ივან ივანიჩს ბევრი ლაპარაკი და ენის მოჩლექა არ ეხერხებოდა. ამ ხანმოკლე წარდგენის შემდეგ ქალს ხელი ჩაჰკიდა და საწოლ ოთახში შეიყვანა:
– ეს ჩვენი ოთახია. რაც აქ დევს, ყველაფერი შენია და როგორც გინდა, ისე გადაალაგ-გადმოალაგე, მხოლოდ ამ სურათსა და ამ პატარა ზარდახშას არ შეეხო. სურათზე ჩემი ცოლია, ვარინკას დედა, ზარდახშაში კი მისი ნაქონი სამკაული აწყვია, რომლებსაც ვარინკა გაიკეთებს, რომ წამოიზრდება – ასე დაიბარა დედამისმა. გასაგებია?
გაგრძელება შემდეგ ნომერში