№9 რატომ შეაცვლევინა სტალინმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი მეორე მსოფლიო ომის დროს
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

– ფრონტებზე ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ძალიან გვიჭირს ზურგშიც. ვფიქრობ, რომ ჩვენმა დასავლელმა მოკავშირეებმა დახმარება უნდა გაგვიზარდონ და საამისოდ რამდენიმე ტაქტიკური ნაბიჯის გადადგმას ვაპირებ. ამ ნაბიჯებს ზოგიერთი არასწორად მიიჩნევს და შესაძლოა, ღალატიც კი დამაბრალონ, მაგრამ ჩვენი ძირითადი მიზნის მისაღწევად ასეა საჭირო. ხვდები ჩემს აზრებს?
– რა თქმა უნდა, კობა, ვხვდები, – მხრები ავიჩეჩე და დავამატე, – ჩვენი მთავარი, ძირითადი მიზანი ჰიტლერის განადგურებაა და ამაში ანგლო-ამერიკელები უნდა დაგვეხმარონ.
– არა! – თავი გააქნია სტალინმა, – ჰიტლერის განადგურება ჩვენი უახლოესი ამოცანაა. ძირითადი მიზანი კი მსოფლიოში სამართლიანობის დამყარებისთვის ბრძოლაა და ეს ვიგულისხმე. თუმცა, ჰიტლერის განადგურების გარეშე ეს არ მოხდება. ამიტომ, ჩვენი მოკავშირეები რომ უფრო მეტად დაგვეხმარონ, ტაქტიკური ნაბიჯები უნდა გადავდგათ. მათ უნდა დავანახვოთ, რომ მზად ვართ მათთან მშვიდობიანი თანაარსებობისთვის და დავარწმუნოთ, რომ კაპიტალისტურ და სოციალისტურ სამყაროებს შესანიშნავად შეუძლიათ ერთმანეთთან პარტნიორობა. საამისოდ კი უკვე უნდა გადავდგათ ნაბიჯები და ამას პირველად შენ გიზიარებ. შენი აზრი მაინტერესებს და ყურადღებით მომისმინე.
– გისმენ, კობა, – ვთქვი მე და სტალინს მივაპყარი მზერა.
– ჩვენი დასავლელი მოკავშირეები რომ უფრო მეტად მოვიზიდოთ, საჭიროა, მათ მოვუსპოთ მსოფლიო რევოლუციის შიში – გავაუქმოთ „კომინტერნი“ (კომუნისტური ინტერნაციონალი) და შევცვალოთ ჩვენი ქვეყნის ჰიმნი, რომელიც სინამდვილეში, პარიზის კომუნის აჯანყებისადმი მიძღვნილი სიმღერაა და მსოფლიო რევოლუციის სულითაა გაჟღენთილი, – მითხრა სტალინმა და ჩიბუხი გააბოლა, ბოლოს კი შემეკითხა:
– რას იტყვი?
– მძიმე გადაწყვეტილებაა და ბევრმა შესაძლოა, ვერც კი გაიგოს ამ ნაბიჯის მართებულობა, – ვთქვი მე. თავი გავაქნიე და დავამატე, – ჰიმნი კიდევ ჰო, მაგრამ „კომინტერნის“ დაშლა?..
სტალინმა ისევ გააბოლა ჩიბუხი და მიპასუხა:
– რომ იცოდე, „კომინტერნი“ უკვე აღარ ასრულებს თავის პირვანდელ ფუნქციებს. მასში არაერთი მტერი შემოიპარა და სულ მალე უცხოეთის ჯაშუშთა ბუდედ გადაიქცევა. ამიტომ, მისი დაშლა სასიკეთოც კი იქნება საერთო საქმისთვის. ხოლო, რაც შეეხება ჰიმნს, საბჭოთა კავშირს საბჭოური ჰიმნი უნდა ჰქონდეს და არა ფრანგული სიმღერა. ხოლო მოწინააღმდეგენი კი, არა მგონია, ბევრი გამოგვიჩნდეს, თუმცა, არც ესაა უბედურება. სამაგიეროდ, საერთო, დიდი საქმე გაიმარჯვებს. სტალინს უხმოდ დავუქნიე თავი...“
საბჭოთა ბელადის ამ ნაბიჯმა გაამართლა და 1943 წლის 19 მაისს „კომინტერნი“ დაშლილად გამოცხადდა. სამაგიეროდ, გაიმართა თეირანის კონფერენცია და საბჭოეთს დასავლური დახმარება გაეზარდა, რამაც უფრო მალე შეიტანა გარდატეხა ჰიტლერთან ომში. ასევე, გამოცხადდა კონკურსი საბჭოთა კავშირის ახალ ჰიმნზე, რომლის პრემიერა 1944 წლის 1 იანვარს, ახალი წლის დადგომისას შედგა საკავშირო რადიოთი.
სტალინის ამ ორმა ნაბიჯმა მართალია, ზოგიერთი ძალად ორთოდოქსი კომუნისტის უკმაყოფილება გამოიწვია და ის (სტალინი) გააკრიტიკეს, მაგრამ საბჭოთა ბელადმა თავისას მიაღწია. დასავლეთის დახმარება მიიღო. მათი ყურადღება მოადუნა და ჰიტლერის განადგურების შემდეგ მთავარი მიზნისკენ – მსოფლიო სამართლიანობის დამყარებისკენ სვლას წარმატებით განაგრძობდა...“