№9 ექიმის რჩევები
კითხვა: როგორ გავამდიდრო წლინახევრის ბავშვის მენიუ?
პასუხი: ერთი წლის შემდეგ ბავშვი გადადის საერთო მაგიდაზე ანუ მისი კვება უნდა იყოს მრავალფეროვანი. ყოველდღიურად ის თითო სახეობის პროდუქტს მაინც უნდა მიირთმევდეს შემდეგი ოთხი ძირითადი ჯგუფიდან: მარცვლეული და სახამებლის შემცველი პროდუქტი; ხილი და ბოსტნეული; ხორცი და მისი ალტერნატივები (შემცვლელები – თევზი, კვერცხი, თხილი, კაკალი; პარკოსნები – ბარდა, ლობიო, სოია); რძე და რძის პროდუქტი. ძალდატანება საჭირო არ არის. აჩვენეთ მაგალითი – ოჯახის წევრებმაც მიირთვით ის საკვები, რომლის მიწოდებაც გსურთ.
კითხვა: წავიკითხე, რომ ორსულისთვის, რომელსაც აქვს დიაბეტი თვითმფრინავით მგზავრობა საფრთხეს წარმოადგენს. რამდენად შეესაბამება სიმართლეს?
პასუხი: ზოგადად, ორსულობა უნდა დაიგეგმოს კომპენსირებული დიაბეტის ფონზე და თუ სხვა თანმხლები პათოლოგია არ გექნებათ, მაშინ შეიძლება, თქვენმა ექიმმა ნებართვა მოგცეთ მგზავრობაზე. დიაბეტით დაავადებული ნებისმიერი ადამიანი საჭიროებს მგზავრობის დროს რიგი დეტალების გათვალისწინებას, ამიტომ გამგზავრების წინ კონკრეტული რჩევების მისაღებად ენდოკრინოლოგს უნდა მიმართოთ.
კითხვა: 20 წლის ბიჭი ვარ, მჯდომარე ცხოვრების წესი მაქვს, არ ვარ სპორტით დაკავებული და ასე შემდეგ. ბოლო დროს მცირე მანძილს გავივლი თუ არა, ორივე ფეხი საშინლად მტკივდება. როგორ მოვიქცე? ვის მივმართო?
პასუხი: თქვენი ჩივილი შესაძლოა, უკავშირდებოდეს სისხლძარღვოვან პათოლოგიას, ტერფის სტრუქტურულ ცვლილებებს, ძვლების ტკივილს... დიფერენცირებისთვის დასაზუსტებელია რიგი დეტალები, უნდა ჩატარდეს კვლევები. ამიტომ პირველადი შეფასებისთვის ოჯახის ექიმს მიმართეთ, რომ შემდგომ კვლევებს სწორი მიმართულება მიეცეს.
კითხვა: მაქვს ხორკლიანი კანი მკლავებსა და ბარძაყებზე. ხომ ვერ მირჩევდით რაიმე საშუალებას, რითაც ვიმკურნალებდი ან/და ნაკლებად შესამჩნევს გავხდიდი ამ პრობლემას?
პასუხი: ხორკლიანი კანი, ანუ ფოლიკულური ჰიპერკერატოზი, მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს აწუხებს. მისი გამოვლინებაა ხორკლიანი, გაუხეშებული, აქერცლილი კანი წვრილი გამონაყარით. ყველაზე ხშირია მისი ლოკალიზაცია მხრისა და ბარძაყის არეში. ძირითადად, ფოლიკულური ჰიპერკერატოზი გამოწვეულია A და C ვიტამინის დეფიციტით, თუმცა მნიშვნელოვანია მემკვიდრული წინასწარგანწყობაც, ალერგიული და ჰორმონული ფონი, გარემო ფაქტორების როლი და ასე შემდეგ. ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ ინდივიდუალურად, რაც მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად სხვა პროცედურებსაც მოიცავს (პლაზმოლიფტინგი, ელექტროკოაგულაცია, ვაკუუმმასაჟი, ფონოფორეზი და ასე შემდეგ). მიმართეთ დერმატო-კოსმეტოლოგს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე