№9 როგორ უნდა მოვიქცეთ ალკოჰოლით ინტოქსიკაციის დროს
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ალკოჰოლის ჭარბი მიღება ხშირად იწვევს ალკოჰოლურ მოწამვლას ანუ ინტოქსიკაციას. სპირტიანი სასმელების მიღებაზე კონტროლის დაკარგვა შესაძლოა, სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოთა სერიოზული დაზიანებითა და სიკვდილით დასრულდეს, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს მოწამლულისთვის პირველი დახმარების დროულად და სწორად აღმოჩენას.
ალკოჰოლური ინტოქსიკაციის სიმპტომები ძალიან ჰგავს ინსულტის დროს კომისწინარე მდგომარეობისა და თირკმლის უკმარისობისთვის დამახასიათებელ ნიშნებს. ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია სასწრაფო დახმარების დაუყოვნებლივ გამოძახება. მხოლოდ გამოცდილ ექიმს შეუძლია, განასხვავოს ალკოჰოლური ინტოქსიკაციით გამოწვეული კომური მდგომარეობა ინსულტისაგან. ალკოჰოლურ კომასა და ინსულტს ერთმანეთისგან პარეზი (დამბლა) განასხვავებს – ეს უკანასკნელი ინსულტისთვის არის დამახასიათებელი. გარდა ამისა, ინსულტის დროს კომა მყისიერად ვითარდება. საყურადღებოა, რომ ინსულტის გამო კომაში მყოფი ადამიანის შეხება და გადაადგილება სასწრაფო დახმარების მოსვლამდე არ შეიძლება. თირკმლის უკმარისობით გამოწვეული კომური მდგომარეობის დროს დაზარალებულის ამონასუნთქ ჰაერში ამიაკის სუნი შეინიშნება, ხოლო შარდის გამოყოფა შეფერხებულია, მაშინ როდესაც ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს შარდის გამოყოფა ინტენსიურია და თვითნებურად ხდება. ალკოჰოლური და ნარკოტიკული ინტოქსიკაციის დროს გუგები მინიმალურ ზომამდეა შევიწროებული.
ალკოჰოლური ინტოქსიკაციის იდენტიფიცირებისთანავე მოწამლულს დაუყოვნებლივ, ჯერ კიდევ სასწრაფო დახმარების მოსვლამდე, უნდა გავუწიოთ პირველი დახმარება. პირველი ამოცანა სისხლში ალკოჰოლის შეწოვის შეფერხებაა. ამისთვის ყველაზე საიმედო მეთოდია ღებინების გამოწვევა ნებისმიერი საშუალებით – კარგია კალიუმის პერმანგანატის ძალიან ბაცი ხსნარი. ის ღებინების რეფლექსს იწვევს და ერთგვარ გამწმენდ ზემოქმედებას ახდენს კუჭის ლორწოვან გარსზე. ასევე, შეიძლება ენტეროსორბენტების - გააქტიურებული ნახშირის, პოლიფეპანისა და პოლისორბის – გამოყენება. აქედან უკანასკნელი ორი პრეპარატი გააქტიურებულ ნახშირზე გაცილებით ეფექტურია, ამიტომ საოჯახო აფთიაქში ისინი აუცილებლად უნდა იყოს. როდესაც მოწამლული დიდი რაოდენობით მასას ამოაღებინებს, სასურველია, შევუყვანოთ ნატრიუმის სულფატის ხსნარი, არა უმეტეს 20-30 გრამისა. ალკოჰოლის დაშლის პროდუქტთა და სხვა ტოქსინების გამოსაძევებლად, ოჯახის პირობებში, რეკომენდებულია მარილიანი საფაღარათოს გამოყენება. მისი მომზადების წესი მარტივია: ერთ ლიტრ თბილ წყალში 4-6 ჩაის კოვზი მარილი უნდა გახსნათ. ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს მოწამლულს ძლიერ ამცივნებს, ამიტომ აუცილებელია მისი ჩაფუთვნა და ჩათბუნება. დიდი რაოდენობით მაგარი ცხელი ჩაი და ყავა ერთდროულად რამდენიმე ფუნქციას ასრულებს: ათბობს მოწამლულს, ასტიმულირებს მისი გულისა და ფილტვების მუშაობას, ახდენს შარდმდენ მოქმედებას. თუ პაციენტს დამოუკიდებლად არ შეუძლია სითხისა და მედიკამენტების მიღება, მათი მიწოდება ზონდით უნდა მოხდეს.