№9 მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: თუ შეიძლება, გვასწავლეთ, როგორ ვემთხვიოთ ხატებს მართებულად?
პასუხი: უნდა გვახსოვდეს, რომ ხატების მთხვევას თავისი წესი აქვს. მაგალითად, მაცხოვრის ჩვენის, იესო ქრისტეს ხატზე მთხვევისას უნდა ვეამბოროთ მის ფეხებს. რაც შეეხება ღვთისმშობელსა და სხვა წმიდანებს – ხელებზე უნდა ვემთხვიოთ, ხოლო მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატს და ასევე, ხატზე გამოსახულ იოანე ნათლისმცემლის თავს – თმებზე.
კითხვა: რატომ ვლოცულობთ გარდაცვლილთათვის?
პასუხი: ცოცხლები იმიტომ ლოცულობენ გარდაცვლილთათვის, რომ მათ საკუთარი თავისთვის ლოცვა არ შეუძლიათ და ეს ცოცხლებმა უნდა გააკეთონ. შესაძლოა, იმ ადამიანების სულებმა, ვინც წუთისოფელი დატოვეს, მათი ცოცხალი ნათესავებისა და მეგობრების ღვთის წინაშე შუამდგომლობითა და ეკლესიის ლოცვებით მიიღონ ხსნა.
კითხვა: როგორ უნდა აღვნიშნოთ უფლისა და წმიდანების დღესასწაულები?
პასუხი: უფლისა და წმიდანების დღესასწაულები განწმენდილი სულითა და შეურყვნელი სინდისით უნდა აღვნიშნოთ. უნდა წავიდეთ ეკლესიაში, შევუკვეთოთ სამადლობელი პარაკლისი, მივიტანოთ ტაძარში ყვავილები, რომელსაც დღესასწაულის ხატთან დავაწყობთ, ვთქვათ აღსარება, ვეზიაროთ და გავცეთ მოწყალება. ეს არის დღესასწაულის ქრისტიანულად აღნიშვნა და არა ღრეობა და ცეკვა-თამაში.
კითხვა: რატომ არის სინანული ასეთი მნიშვნელოვანი?
პასუხი: მამათა სწავლებით, სინანული ადამიანს უხელს თვალს, მასში ბადებს ცოდვათა დანახვის უნარს. ერთი ცოდვის მომნანიებელი ადამიანი სხვა ცოდვების შემჩნევას იწყებს. ასევე, იხსენებს წინათ მოუნანიებელ ცოდვებს და თვითონ ცოდვაც უფრო და უფრო მძიმედ ეჩვენება.
კითხვა: როდესაც ავად ვართ, უნდა ვითხოვოთ თუ არა უფლისგან გამოჯანმრთელება?
პასუხი: გამოჯანმრთელებისთვის ლოცვა ცოდვა არ არის, მაგრამ ასევე, უნდა ვთქვათ: „იყავნ ნება შენი, უფალო!“ ადამიანს ევალება უფლის სრული მორჩილება და მისი გამოგზავნილი ნებისმიერი მდგომარეობის ღირსეულად ატანა. უფალი ასეთად დაინახავს თქვენს გულს, გამოგაჯანმრთელებთ ან ნუგეშით აგავსებთ. თუმცა, არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ადამიანის ცხონებისთვის მისი ავადმყოფობა უფრო საჭიროა და ასეთ დროს ხორციელი განკურნება არ ხდება.
კითხვა: შეიძლება თუ არა, სხვებს ვუამბოთ, რა ვთქვით აღსარებაზე და როგორ დაგვარიგა მოძღვარმა?
პასუხი: არავის უთხრათ, რაზე ესაუბრეთ თქვენს მოძღვარს. საერთოდ, თქვენს განსაცდელებსა და წუხილზე სხვებს არ უნდა ესაუბროთ, ამით შვებას ვერ მიიღებთ, სხვას კი შესაძლოა, ზიანი მიაყენოთ – ისინი ცნობისმოყვარეობის გამო მოგისმენენ და შემდეგ შესაძლოა, განგიკითხონ. სულიერი მოძღვრის ყველა რჩევა და დარიგება გულში შეინახეთ, შეასრულეთ და სიკეთეს ეწევით.