კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 რა დაღს ასვამს სიღარიბე ბავშვს, როგორ წარმატებასაც უნდა მიაღწიოს ზრდასრულობაში

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  დროდადრო და, ძირითადად (რაც სამწუხაროა), პოლიტიკური მიზნებით საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხვდება პრობლემა, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილობენ, თუმცა შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია, რომ ჩვენებური ბავშვები არც ღაჟღაჟა ლოყებით გამოირჩევიან და არც კაჟივით ჯანმრთელობით. მეორე მხრივ, ეს მხოლოდ გულისამაჩუყებელი პრობლემა არ არის, ბავშვების სრულფასოვან კვებაზე დამოკიდებულია სახელმწიფოს მომავალიც, რადგან სწორედ სრულფასოვანი მოვლა უზრუნველყოფს ბავშვის სრულფასოვან – ფიზიკურად და სულიერად ჯანსაღ – ადამიანად გაზრდას, რაც სახელმწიფოს მთავარი რესურსია. ხოლო არსებული რეალობა მოწმობს, რომ ბავშვებზე არასათანადო ზრუნვა სახელმწიფოს მომავალში ძალზე სავალალოდ შეიძლება, შემოუტრიალდეს. ეკონომიკის ექსპერტ იოსებ არჩვაძესთან ერთად ვისაუბრებთ ამ პრობლემაზე.
– ერთია ციფრები, სტატისტიკა და მეორეა რეალობა, როგორია სინამდვილეში ბავშვების კვების დონე და ხარისხი ჩვენს ქვეყანაში?
– ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მახსოვს თვალსაჩინო ადგილას გამოკიდებული ლოზუნგი: „ბავშვები ჩვენი მომავალია“ და ეს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ასეა. მიუხედავად თავისი იდეოლოგიური დატვირთვისა, ის სისტემა მაინც იძლეოდა საშუალებას, რომ ყურადღების ცენტრში ყოფილიყვნენ ბავშვები. ფასწარმოქმნის სისტემა ისე იყო აწყობილი, რომ ორიენტირებული ყოფილიყო შედარებით დაბალშემოსავლიან ოჯახებზე, რომლებშიც პატარა ბავშვები იყვნენ, უპირველესად, საბავშვო მოხმარების საქონლის სუბსიდირება ხდებოდა, ეს იქნებოდა კვების პროდუქტები, ტანსაცმელი თუ სათამაშოები. რაც უნდა გულში მჯიღი ვიცეთ და ვთქვათ, რომ ყველაფერი კარგადაა, რომ ბავშვების საკვები გაჯერებულია ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებითა და მიკროელემენტებით, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. მარტივ მაგალითს გეტყვით: ხორცის ფაქტობრივი მოხმარება საქართველოში არის რაციონალური მოხმარების ნახევარი. ანუ, თუ მოსახლეობას სჭირდება, პირობითად, 100 კილო ხორცი, მოიხმარს ამის ნახევარს.
– ავტომატურად ვრცელდება ეს სტატისტიკა ბავშვებზეც.
– რა თქმა უნდა და მოხმარებული ხორცის ნახევარზე მეტი იმპორტულია, ამიტომ ფასების ცვლილება, ვალუტის კურსის რყევა გავლენას ახდენს მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობაზე და ესეც აისახება ბავშვების მდგომარეობაზე. კონკრეტულ ციფრსაც დაგისახელებთ: საქართველოში ყოველი ათასი ბავშვიდან ერთი წლის ასაკამდე ვერ აღწევს 8-9 ბავშვი. ევროპაში ეს მაჩვენებელია 3-4, იაპონიაში – კიდევ უფრო დაბალია. ევროპულ დონეზეც რომ იყოს საქართველოში ბავშვთა მოკვდაობა, ჩვენ ყოველწლიურად გადავარჩენდით არანაკლებ 270-300 ბავშვს.
– კვებასთანაა მხოლოდ დაკავშირებული თუ სამედიცინო მომსახურებასთანაც?
– სამი კომპონენტი უნდა გამოვყოთ: კვება, სამედიცინო მომსახურება, ჰიგიენა და ეს ყველაფერი ჯამში ქმნის წინაპირობას, რომ ბავშვები გაიზარდონ ჯანმრთელები და ჰქონდეთ პერსპექტივა.
– ბავშვის კვების რაციონისთვის აუცილებელია კვირაში ორჯერ თევზეული, 80-100 გრამი თითო ჯერზე. ერთი კილოგრამი ცოცხალი ორაგული, ნაჭრების მიხედვით, ღირს 56-დან 70 ლარამდე.
– მაგალითად, ორაგულის ერთ-ერთი ექსპორტიორი მსოფლიოში არის ნორვეგია.
– მეც ნორვეგიული ორაგულის ფასი ვთქვი.
– ნორვეგიელი ბავშვები თავიანთი განვითარების დონით უსწრებენ ბანგლადეშელ ბავშვებს. ნორვეგიაში მთლიანი შიდა პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე არის 75 000 აშშ დოლარი, ხოლო ბანგლადეშში – 5 000 აშშ დოლარი, ანუ 15-ჯერ ნაკლები და ეს პირდაპირ გავლენას ახდენს ბავშვების განვითარებაზე. მაგალითად, გასული საუკუნის 40-იან წლებთან შედარებით, თანამედროვე ჩინელი მოზარდები 20-25 სანტიმეტრით უფრო მაღლები არიან. სტრესის ფაქტორი  დიდ გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე. როდესაც ოჯახში დაძაბულობაა, არ აქვს მნიშვნელობა, ამის მიზეზი ეკონომიკურია თუ ის, რომ ოჯახის ერთი წევრი უცხოეთშია წასული სამუშაოდ, რადგან ბავშვი ვერ იღებს არა მარტო საკმარის საკვებ პროდუქტს, არამედ იმ დადებით ემოციურ მუხტს, რაც აუცილებელია მისი ნორმალური განვითარებისთვის. საქართველოში, მოგეხსენებათ, რამდენი ადამიანია გასული ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მილიარდ 700 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც 2019 წელს გადმოირიცხა ჩვენი მიგრანტების მიერ უცხოეთიდან, არის ჩვენი თანამემამულეების ოფლითა და შრომით, გაჭირვებით მოპოვებული თანხა. არც კი ვიცი, გადასწონის თუ არა ეს თანხა იმ დანაკლისს, რასაც ჩვენი ბავშვები და მოზარდები განიცდიან მშობლებთან წლობით დაცილების გამო.
– თან, არა მხოლოდ უდედოდ, უბებიოდაც არის დარჩენილი თაობები.
– ქალისთვის ბუნებრივად დამახასიათებელი თვისებები აკლდება ჩვენს მოზარდ თაობას, ამის სანაცვლოდ მიღებული თანხა არ ვიცი, რამდენად რაციონალურადაა გამოყენებული. კვლევა არ ჩატარებულა, მაგრამ თვით ის ფაქტი, რომ ჩვენი ახალგაზრდების საგრძნობი ნაწილი თამაშდამოკიდებული ან ნარკოდამოკიდებულია, არის იმ რეალობიდან გაქცევის მცდელობა, რომელშიც აღმოჩნდნენ დედებისა და ბებიების ქვეყნიდან გასვლის გამო და ეს კიდევ ცალკე სამსჯელოა.
– ამას ემატება მეორე ტრავმაც: დედა მუშაობს უცხოეთში, მამა მუქთახორაა, მაპატიეთ ნატურალიზმი.
– გაიცვალა ფუნქციები და თუ ადრე ოჯახის უფროსად და მარჩენლად მიიჩნეოდა მამაკაცი, ახლა როლები შეიცვალა და ის აგრესია, რაც არის საზოგადოებაში, გარკვეულწილად იმის მაჩვენებელია, საბაზრო ეკონომიკის პირობებში ქალები უფრო იოლად შეეგუენ შეცვლილ გარემოს, ვიდრე მამაკაცების დიდი ნაწილი. უცხოეთში წასულებიც რა ფუნქციას ასრულებენ? რაც  მათ დიასახლისობის, პედაგოგობის გამოვლენაში ეხმარებათ. მამაკაცებმა კი ბოლომდე ვერ შეძლეს თვითრეალიზაცია.
– ფაქტობრივად, უძალობის გამოხატულებაა, როდესაც ცოლებზე, ყოფილ ცოლებზე ძალადობენ და მათ ხოცავენ. ამიტომაც არ ვეთანხმები ფემიციდს, სასჯელის გამკაცრება ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, რადგან მისი საფუძველი სხვა რამაა.
– რა თქმა უნდა, სხვანაირად უნდა გადაიჭრას პრობლემა. კიდევ ერთ ციფრს დავსახელებ: საბჭოთა პერიოდში საქართველოში ყოველი ათასი ადამიანიდან დასაქმებული იყო 416 ადამიანი, დღეს კი ხელფასს იღებს ათასიდან მხოლოდ 230 ადამიანი. ესეც ახდენს გავლენას. დასაქმების ადგილი და რაოდენობა არ არის საკმარისი და ადამიანები ცდილობენ, როგორმე დაიბრუნონ თავიანთი სოციალური, ეკონომიკური ფუნქცია და ხშირად ამას საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, აგრესიით გამოხატავენ და დაბალი ღობის როლში ხშრად გამოდიან ქალები. ქართული სიმღერაცაა, კაცი რომ გაღარიბდება, ცოლს დაუწყებს ჯავრობასო. მისი მეორე ნახევარი გამოდის აგრესიის მსხვერპლი.
– მე ქართულ ზღაპარსაც გიამბობთ, ბავშვობაში წავიკითხე და მახსოვს, როგორ დავიზაფრე. ქმარი გაუბრაზდება ცოლს და სილას გააწნავს, ქალი მივა მამასთან და შესჩივლებს. მამა ჰკითხავს, რომელ ლოყაში გაგაწნა სილაო, შემდეგ თვითონ მეორე ლოყაში გააწნავს და ეტყვის, მან თუ შვილი გამილახა, მე ცოლი გავულახეო. მგონი, ამ ზღაპრის წაკითხვის შემდეგ გადავწყვიტე ფემინისტობა.
– ეს ზღაპარი არ წამიკითხავს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მხოლოდ დღევანდელობის მოტანილი არ არის. დღევანდელობამ, უბრალოდ, გააშიშვლა ის, რაც იყო. ისევ ჩვენს ძირითად თემას რომ დავუბრუნდეთ: ბავშვს ხომ მხოლოდ კვება არ სჭირდება?! ბავშვისთვის აუცილებელია ინფორმაციის, შთაბეჭდილებების მიღება, იმიტომ რომ 5 წლის ასაკამდე რასაც ისწავლის და გაითავისებს, ის მოქმედებს მის ინტელექტზე. ბავშვის ტვინი 80-90 პროცენტით ჩამოყალიბებულია 5 წლამდე. თუ ოჯახი გაჭირვებულია, არ აქვს სათანადო საკვები, ბავშვს ვერ აწვდიან შესაბამის ინფორმაციას, „დისნეილენდი“ არ გვაქვს საქართველოში, მაგრამ ბავშვის ასაკის შესაბამის გარემოშიც ვერ უზრუნველყოფენ ემოციების, შთაბეჭდილებების მიღებას, ის ინტელექტუალურად ვერ ვითარდება და ეს შემდგომში გავლენას ახდენს მის სოციალურ როლსა და ფუნქციებზე. ცნობილია, რომ ის დანაკლისი, რასაც ბავშვები განიცდიან სიცოცხლის პირველ წლებში, შემდეგ მთელი მათი ცხოვრების განმავლობაში სდევთ და ვერ ახერხებენ მის ანაზღაურებას. ჩემს სახელმძღვანელოში მაქვს მოტანილი სელენ დიონის მაგალითი, რომელსაც ბავშვობაში არ ჰქონდა ლამაზი ფეხსაცმელი, იმიტომ რომ უჭირდა მის ოჯახს და როდესაც ცნობილი გახდა, მის გარდერობში 200-მდე ფეხსაცმელი იყო და მაინც ვერ კმაყოფილდებოდა. ასევე, ცნობილია ალა პუგაჩოვას მაგალითიც, ბავშვობაში არ ჰქონდა თოჯინა და რადგან ვერ მოისურვილა თამაში, კაზინოში მისი ხშირი სიარული ბავშვობის შორეული გამოძახილია. ამდენად, ბავშვს უნდა ჰქონდეს თავისი ბავშვური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალება. საბაზრო ეკონომიკის პირობებში კი ყველაფერი ფულს უკავშირდება და სტატისტიკურად დადგენილია, რომ ოჯახებში, რომლებშიც ბავშვი იზრდება, სიღარიბის დონე, დაახლოებით, 30 პროცენტით უფრო მაღალია იმ ოჯახებთან შედარებით, რომლებშიც ბავშვი არ არის. ზრდასრულ ადამიანებს შორის დასაქმების დონე უფრო მაღალია. ანუ რა გამოდის? ჩვენ ბავშვებისთვის უფრო მეტი დახმარების გაღება გვმართებს, არადა მათი მდგომარეობა უფრო უარესია. მეორე მხრივ, სტატისტიკაც სცოდავს, უფრო ზუსტად, ის მეთოდიკა, რომლითაც აფასებენ სიღარიბეს. ოფიციალური მეთოდიკით, თურმე, ბავშვის საარსებო მინიმუმი უნდა იყოს მოზრდილის საარსებო მინიმუმის მხოლოდ 60 პროცენტი.
– რა აბსურდია, ბავშვს მოზრდილზე მეტიც კი სჭირდება სრულფასოვანი ცხოვრებისთვის.
– დიახ, ბავშვს, იმისთვის რომ არა მხოლოდ სრულფასოვნად გამოვკვებოთ, ჰქონდეს სეირნობის, გართობის, მოგზაურობის საშუალება, გაცილებით მეტი თანხა სჭირდება და უფროს ადამიანზე მეტიც. ამის რესურსი ღარიბ ოჯახებს ნამდვილად არ აქვს. რომ ვამბობთ, საქართველოში 77 000 ბავშვი შიმშილობსო, ეს მედლის მხოლოდ ერთი მხარეა, ამას უნდა დავამატოთ, ზოგადად, სოციალური ფონიც. ოჯახის წევრები მოცილებული არიან შვილებს და ვინც ამ ბავშვებთან არის, არ აქვთ იმდენი რესურსი, რომ უზრუნველყონ ამ ბავშვების ემოციურ-ინტელექტუალური განვითარება.

скачать dle 11.3