№9 რატომ არის გარდაუვალი რუსეთისა და თურქეთის სამხედრო დაპირისპირება და რატომ ვერ „დააბა“ პუტინმა ერდოღანი
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სირიიდან ჯარებს გაიყვანდა, პუტინი, ერდოღანი და როუჰანი შეთანხმდნენ, რომ იქნებოდნენ სირიის ტერიტორიული მთლიანობის გარანტები. ამასობაში კი – სანამ მხარეები თავიანთ სამხედრო მიზნებს აღწევდნენ ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, სირიის ტერიტორიაზე, რუსეთი და თურქეთი, ფაქტობრივად, სამხედრო ძალით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. თურქეთი ებრძვის პროასადისტურ ძალებს, რუსეთი კი – მათ ეხმარება. მეტიც, ახლახან ბაშარ ასადმა სომხების გემოციდიც ცნო, რითაც ერდოღანის გულისკენ მიმავალი გზა მისთვის საბოლოოდ ჩაიკეტა. რაც მთავარია, თურქეთმა სირიის ხელმძღვანელობას ულტიმატუმი შეუთვალა (რასაც რუსეთისადმი ულტიმატუმად ნათლავენ), რომ უპასუხებენ ნებისმიერ შემოტევასა და საჰაერო გადაფრენას თურქულ სადამკვირვებლო პუნქტებთან. რა მიზნის მიღწევას ცდილობს თურქეთი და რა მანევრი ჩაატარა დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში, იმის გათვალისწინებით, რომ იქ გასროლას საკმაოდ დიდი ექო მოსდევს სამხრეთ კავკასიაშიც? – ამ თემას რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ანალიტიკოს ზაალ კასრელიშვილთან ერთად განვიხილავთ.
ზაალ კასრელიშვილი: აშშ-მა ტრამპის მმართველობის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიტიკური გამარჯვება მოიპოვა და ამ პოლიტიკურმა გამარჯვებამ გადაწყვიტა ახლო აღმოსავლეთის ბედი. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამცირებდა ჯარებს ერაყში, ავღანეთსა და სირიაში და საქართველოს ხელისუფლებაში ერთხელ რომ მოხვდებიან გაურკვეველი გზებით და პოლიტიკოსებს უწოდებენ თავს, მათაც და პრორუსულებმაც, სხვათა შორის, ეგრეთ წოდებულმა, პროდასავლურებმაც, ვერ გაიგეს, ეს რა პროცესი იყო. თან – მსოფლიო მედიამ გაავრცელა კადრები, როდესაც ქურთები ქვებს ესროდნენ სირიიდან გასულ ამერიკის ჯარებს და ყველას ეგონა, რომ აშშ-მა დაიხურა ქუდი და გავიდა რეგიონიდან. ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ ეს იყო აშშ-ის დიდი პოლიტიკური გამარჯვება. იმ პერიოდში აშშ რეგიონში იყო დამაბალანსებელი ძალა და ამის გამო ილანძღებოდა. როდესაც ილანძღები იმისთვის, რომ შენ გამო ერთმანეთს თოფს არ ესვრის სამი ყოფილი იმპერია, სამი ანტიდასავლური სახელმწიფო, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, გააფართოონ გავლენები თავიანთი ყოფილი იმპერიების ფარგლებში, აშშ-ს არჩევანი არ ჰქონდა: ან უნდა დაეტოვებინა სალანძღავად თავისი ჯარი, ან უნდა გასულიყო, რომ ამ სამს შორის მომხდარიყო დაპირისპირება. ამიტომ გაიყვანა ჯარი. უფრო ზუსტად, გაიწია შუიდან, საიდანაც აბალანსებდა ყველას და ერთმანეთის პირისპირ დატოვა რუსული სამხედრო-პოლიტიკური ელიტა, რომელსაც, ასევე, წარმოადგენს ბაშარ ალ ასადი (ის არ არის სირიის პრეზიდენტი, სახელმწიფო სირია აღარ არსებობს, ის სამადაა გაყოფილი და ახლა ჩხუბია, რომ მეოთხე ნაწილიც წაიღონ), თურქეთი და ირანი. ირანი გაჩერებულია, იმ მარტივი მიზეზით, რომ ისტორიულად აღმოსავლეთში სპარსეთზე ცბიერი პოლიტიკა არავის უწარმოებია. ისინი მიხვდნენ, რომ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ამბიციების საპირწონედ დასავლეთმა ხელ-ფეხი გაუხსნა თურქეთს. ირანმა ძალიან კარგად იცის, რომ ეს არ არის ერთდღიანი კონფლიქტი და არ დამთავრდება მანამ, სანამ რომელიმე სახელმწიფო ან ეკონომიკური სანქციებით არ გატყდება წელში, ან სხვა რამე მნიშვნელოვანი პრობლემები არ შეექმნება. სანქციების ქვეშაა რუსეთი და ყველა მეზობელთან აქვს კონფლიქტი, დასავლეთთან დაპირისპირების პარალელურად. ეკონომიკის ენაზე ეს ნიშნავს, რომ რუსეთს შემოსავალი შეუმცირდა და ხარჯი გაეზარდა. იგივე დაემართა დაშლამდე საბჭოეთსაც. ჩვენ არ ვიცოდით, რომ რუსეთს ავღანეთში ჯარების შეყვანის გამო სანქციები დაუწესეს და მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადაზე რომ სახელწიფოებმა სპორტსმენები არ გამოუშვეს, ეს ამის პირდაპირი შედეგი იყო. ამ სანქციებმა სსრკ, ფაქტობრივად, დაშალა. ლოგიკურად, „ნატოს“ ქვეყანა თურქეთს უფრო ნაკლები შანსი აქვს, ეკონომიკურად გაუჭირდეს, თურქეთს უფრო ნაკლები კონფლიქტი აქვს სამეზობლოსთან, პარალელურად, „ნატოს“ ქვეყნების მხარდაჭერის იმედი აქვს. აზერბაიჯანიდან პირდაპირ იღებს ენერგომატარებლებს საქართველოს გავლით და სულ არ სჭირდება არავინ. ასე რომ, ირანის გათვლები სწორია, ის არ უნდა ჩაერიოს. მას ურჩევნია, დაელოდოს და შემდეგ ამ დაპირისპირებაში გამარჯვებულ მხარესთან ივაჭროს. თუ დააკვირდებით, სადაც შევიდა რუსეთი თავისი გავლენის აღსადგენად, ყველგან შეჰყვა მას თურქეთი. ლიბიის მაგალითიც ამას მოწმობს. ვფიქრობთ, რომ გრძელვადიან პერიოდში რუსეთი ამ დაპირისპირებას ვერ გაუძლებს, რუსეთი ჯარს ვერ გამოიყენებს, ვერც იმ რაკეტებს, რომლითაც, მისი აზრით, უპირატესობა აქვს თურქეთთან შედარებით.
– თურქეთი დამოუკიდებლად მოქმედებს თუ აშშ-თან შეთანხმებით და რუსეთი თუ მოელოდა თურქეთის ასეთ ქცევას?
– დარწმუნებული ვარ, რუსეთი თურქეთისგან ასეთ ქცევას არ მოელოდა. უხეშად ვიტყვი, რუსეთი დარწმუნებული იყო, რომ თურქეთი „დააბა“. დაგეგმილი ჰქონდათ, ოდესღაც, თურქეთს რომ გამოიყენებდნენ აშშ-ის წინააღმდეგ და ამერიკელებს თურქეთისა და ირანის დახმარებით აიძულებდნენ დიალოგს, ირანსა და თურქეთს „გადააგდებდნენ“. არადა „გადაგდება“ თურქისა და ირანელის მოგონილია. ამას გარდა, ძალიან მარტივი რამ ვერ გათვალა რუსეთმა: თურქეთს მართლაც აქვს ოსმალეთის იმპერიის გავლენის აღდგენის ამბიცია, რომ ის ისლამურ სამყაროში ყველაზე წარმატებული სახელმწიფოა, რომ ის ერთადერთი მუსლიმანური ქვეყანაა, რომელიც მისაღებია დასავლეთისთვის და დასავლეთის კარიბჭე, სრუტეები, მისი გასაღებია ამ ვაჭრობაში. რუსის რაკეტამ მოგვიგო ომი ჩვენ, 4 მილიონს და მოუგო ჩეჩნეთს, 1,2 მილიონს, მაგრამ 70 მილიონ თურქს, რომლის ენაზე ლაპარაკობს პოსტსაბჭოური სივრცის 30 პროცენტი, ეჭვი მეპარება, ასეთივე წარმატებით მოუგოს. ბოლოს თურქეთი კარგად მოიქცა დიდი სახელმწიფოების სასარგებლოდ, როდესაც აშშ-მა ისრაელის დედაქალაქად აღიარა იერუსალიმი, თურქეთს განგაში არ აუტეხავს ამის გამო და ანტიდასავლური და ანტიამერიკული საპროტესტო აქციები არ მოუწყვია, განსხვავებით ზოგიერთი ქვეყნისგან. ასე რომ, ულტიმატუმი, რომელიც წაუყენა ერდოღანმა პუტინს, ამუშავდება ამ თვის ბოლომდე და, სამწუხაროდ, ულტიმატუმში შედის საჰაერო სივრცის დაცვა. იცით, რომ ერდოღანმა გასცა ბრძანება, ჩამოაგდონ საფრენი აპარატებიც.
– საინტერესოა, ჩვენს ცასთან ახლოს შეიძლება, მოხდეს.
– ჩვენთან ახლოს არაფერი მოხდება, თურქეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ახლაც და სამომავლოდაც, ისევე, როგორც რომის პოლიტიკისთვის იყო მთავარი ამოცანა – კავკასიაში მშვიდობა და სტაბილურობა. სწორედ ამ ნოტაზე გახდა გმირიც და სასურველი პარტნიორიც ფარსმანი. ის, ფაქტობრივად, კავკასიის მეფე იყო.
– იმიტომ აქტიურობს თურქეთი, საქართველო „ნატოში“ უნდა მივიღოთ და ასპირანტ ქვეყნებს ავტომატურად მიენიჭოს წევრობის კანდიდატის სტატუსიო?
– რა თქმა უნდა, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მისთვის კავკასიაში სტაბილურობას, რომ რუსეთი არ შემოვარდეს და არ მოაწყოს პროვოკაციები. თურქეთისთვის კავკასია ზურგია, მკითხველს აქვე შევახსენებ, რომ ბაქოში ყოფნისას ერდოღანმა გამოაცხადა, რომ სამხრეთ კავკასია არის ჩვენი მეზობელი დ იქ არეულობა საფრთხეს უქმნის ჩვენს სტაბილურობას. სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას კი ხელს უშლის ყარაბაღი, ცხინვალი, აფხაზეთი და ყირიმიო. ეს არის მესიჯი. პოლიტიკა ქვეტექსტების ენაა. ერდოღანი ამბობს, სირიასა და ლიბანში კი არა, კავკასიაშიც მაქვს ინტერესი და ჩემო კონკურენტო, ძმას რომ მიწოდებ და პირზე მკოცნი, იცოდე, სადაც შეხვალ, ყველგან შემოგყვები. საქართველოში რუსეთის ან თურქეთის შემოსვლას რომ დიდი ამბავი მოჰყება, კარგად იცის ერთმაც და მეორემაც, ამიტომ ურჩევნიათ, საქართველო რაღაც ფორმით დაცული იყოს ჰაერიდანაც, ხმელეთიდანაც და ზღვიდანაც, რომ ახლო აღმოსავლეთში არ მოსწყდნენ თავიანთ ინტერესებს. იქ დაღლაზეა უკვე საქმე, შუბლი შუბლზე აქვთ მიდებული. ნოკდაუნზე იქ არავინ ფიქრობს. ცდილობენ, რაც შეიძლება, მეტი ქულა აკრიფონ, რომ ლიბანისა და სირიის მოსახლეობის მხარდაჭერა მოიპოვონ და, თან, საერთაშორისო საზოგადოების თვალში არ გამოჩნდნენ, როგორც სისხლისმსმელები, მტარვალები და ოკუპანტები. რაც შეგვეხება ჩვენ: საქართველოს ისტორიაში იყვნენ მმართველები, რომლებმაც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირება კარგად გამოიყენეს, მაგალითად, სპარსეთისა და ბიზანტიის, მანამდე რომაელებისა და სპარსელების. მაგრამ იყვნენ მმართველები, რომლებიც ბრიყვულად ხან ერთის მხარეს დადგნენ, ხან – მეორის ან დროზე ადრე ამოიღეს ხმა, ან დააგვიანეს ხმის ამოღება და შარში გაეხვნენ. ვფიქრობთ, რომ ეს არის ისტორიული შანსი. თუ ჭკვიანურად მოვიქცევით, 2025 წლამდე ტერიტორიული მთლიანობის საკითხიც უნდა გვქონდეს მოგვარებული და საერთაშორისო ორგანიზაციებშიც უნდა ვიყოთ ინტეგრირებული. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, თურქეთის გარდა „ნატოს“ სხვა ქვეყნებიც, გერმანია და საფრანგეთიც კი, ალაპარაკდებიან, დროზე მივიღოთ საქართველო და გადავფაროთ ეს სივრცეო და ეს ყველაფერი გადაწყდება ამ თვის ბოლოს, როდესაც ვადა გაუვა ერდოღანის ულტიმატუმს. რუსეთი, ცხადია, ეცდება, ისევ მოლაპარაკების რეჟიმში გადაიყვანოს პროცესი, დაურეკავენ, შეხვდებიან, მაგრამ, გარწმუნებთ, ეს შედეგს არ მოიტანს.
– მაგრამ ხომ არსებობს მოვლენების ცუდი სცენარით განვითარების ალბათობაც?
– აუცილებლად ესვრიან ისინი ერთმანეთს. პირდაპირი შეტაკება იქნება, თუმცა ჯერ ორივე მხარემ შეიკავა თავი ისტერიკისგან იმის გამო, რომ ცეცხლი უკვე გაუხსნეს ერთმანეთს. ეს გამძაფრდება და აუცილებად დაიღვრება სისხლი და არავინ აღარ დამალავს რეალურ ციფრებს, განსხვავებით რუსეთისგან, რომელიც ბოროდინოს ბრძოლიდან მოყოლებული, სულ მალავს დაღუპულების, დაკარგული ტექნიკის რეალურ რაოდენობას. ასე რომ, ეს დაპირისპირება გაგრძელდება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ღმერთმა ჩვენთვისაც მოიცალა. მიუხედავად იმისა, რომ ემოციური და არასერიოზული ხალხი ვართ, საბჭოთა პერიოდში გაზარმაცებული და განაზებულ-განარცისებული, როგორც ჩანს, უფალმა მაინც, როგორც გულუბრყვილო და ბრიყვ შვილს, მოგვცა შანსი, შევინარჩუნოთ რეალური დამოუკიდებლობა, რეგიონში ისტორიული მისია შევასრულოთ და აღვიდგინოთ ჩვენი სახელმწიფოს ფუნქცია და დანიშნულება.