№9 ანუ აღარ უნდა...
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ანუ აღარ უნდა...
ქართულ პოლიტიკურ სცენაზე ისეთი ამბები ხდება, რომ შექსპირმა უკვე კარგა ხანია, გადააგდო თავისი კალამი – ახლა გზა ქართველ პოლიტიკოსებს უნდა დავუთმოო (ან კი როგორ არ დაუთმობდა, როდესაც დედამიწის ნომერ პირველ ტრაგიკოსად აღიარებულის გონებაშიც კი ვერ მომწიფდა თავის დროზე ის სიუჟეტები, რაც ჩვენებურმა პოლიტიკოსებმა ერთი ხელის მოსმით დაახვავეს – ისეთები და ისინი გაერთიანდნენ, რიჩარდიც კი გულუბრყვილო ბალღივით იჭყიტება ჭუჭრუტანიდან და მოთქვამს, არადა თავი გმირი მეგონაო!).
როგორც ჩანს, როლშიც ისე შევიდნენ (ჩვენებური პოლიტიკოსები), რომ აწ უკვე ქართველ სპორტსმენებსაც დაერივნენ (არადა, ამ პოლიტიკოსების სახელები ისე გაქრება, როგორც შარშანდელი თოვლი, ქართველი სპორტსმენების სპორტული მონაგარი კი საძირკვლად დარჩება) და, ცხადია, პირველობა კვლავ „ლეიობორისტთა“ უცვლელმა ლიდერმა ითავა და გვაუწყა, რომ, არც მეტი, არც ნაკლები, ქართული პროფესიული სპორტის გაგონება არ უნდა.
არგაგონების მოტივი საქართველოს რაგბის კავშირის მილოცვა გახდა (ივანიშვილს დაბადების დღე მიულოცეს) და, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ჩვენებურ მორაგბეებს „სპორტული მხედრიონიც“ კი უწოდა, იმას გარდა, რომ „სულამოცლილებადაც“ შერიცხა (სხვათა შორის, სიზმრად ვნახე, რომ ბ-ნი ნათელაშვილის სული სადღაც ქრისტეს დავანების მიდამოებში დაეხეტებოდა, განსაკუთრებით ამ ბოლოდროინდელმა კონსულტაციებმა ისე აუმაღლა სიხშირე).
თუ გავიხსენებთ, რომ ივანიშვილი რაგბის ფედერაციას 200 მილიონამდე ლარით შესწევია, ხოლო, თავის დროზე, ზემოხსენებული ნათელაშვილი ჭმუნავდა, რომ ივანიშვილმა განა ის გვითხრა, აი, ბიჭებო, თქვენ ფული არჩევნებისთვის, თავად გაპოლიტიკოსდაო, ვეჭვობ, ქართველი რაგბისტების ამოჩემების მიზეზი მეტად მერკანტილურია (იმიტომ რომ ფული ყველას უნდა, ანუ მწუხარება სხვისა სიკეთესა ზედა?!).