№8 ლიზა მაღრაძე: ძალიან ბევრჯერ მიფიქრია, ნეტავ, ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ ოჯახში დავბადებულიყავი-მეთქი
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
21 წლის ლიზა მაღრაძემ გადაწყვიტა, ბაბუის, ბადრი პატარკაციშვილის ტრადიცია გაეგრძელებინა ბავშვებთან მიმართებაში და ბავშვთა გასართობი ცენტრი – „ქენდი ქიდს“ გახსნა.
ლიზა მაღრაძე: ყველაფერი, რაც აქამდე გამიკეთებია და რასაც მომავალში გავაკეთებ, აუცილებლად იქნება ჩემი ოჯახის ტრადიციების ღირსეული გაგრძელება. ამას მაქსიმალურად ვეცდები. ბავშვთა გასართობი ცენტრის გახსნის იდეაც აქედან გამომდინარე გამიჩნდა. მინდოდა, ამას, კომერციულის გარდა, სოციალური ხასიათიც ჰქონოდა. ამ ადგილას ადრეც ბავშვთა გასართობი ცენტრი იყო, რომელიც ჩვენს ოჯახს ეკუთვნოდა, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო აღარ ფუნქციონირებდა. ჩემი ბავშვობის მეგობარი ანიმატორია და იმდენად ხშირად მელაპარაკებოდა ამ საკითხზე, რომ ბოლოს გადარეული ვიყავი, ისე მინდოდა ბავშვთა გასართობი ცენტრის გახსნა. ძალიან მეხმარებოდა, კი არა, ფაქტობრივად, ყველაფერი თავად გააკეთა. ოჯახში რომ ვთქვი ამ იდეის შესახებ, არ გაჰკვირვებიათ, რა მაგარიაო, მითხრეს. თითქოს, ლოგიკურიც იყო ეს ყველაფერი. ბევრი პრობლემა შეგვხვდა, მაგრამ მაინც მოვედით აქამდე.
– შენ რა დოზით იყავი მთელ ამ ამბებში ჩართული?
– სახელოები მქონდა აკეცილი და ყველაფერს თავად ვაკეთებდი (იცინის). მაგალითად, საკუთარი ხელით შევღებე ბარი. ხან ერთი მეგობარი იყო კიბეზე ამძვრალი და მე ვიჭერდი, ხან მე ვიყავი კიბეზე და მეგობრები მიჭერდნენ. აღმოჩნდა, რომ ძალიან მაგარი მღებავი ვყოფილვარ (იცინის). ეს ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპია. სიმღერიდან უცებ ბავშვთა გასართობ ცენტრზე გადმოვედი. ამ გამოცდილებამ პიროვნულადაც გამზარდა.
– კმაყოფილი ხარ საკუთარი თავით?
– კი. ყველაფერი რომ დამთავრდა და ხალხი წავიდა, მიმოვიხედე და მივხვდი, რომ გამოვიდა. ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვიყავი საკუთარი თავით. მაგრამ ჩემი მეგობრები რომ არა, ალბათ, საერთოდ ვერაფერს გავაკეთებდი. არადა, გახსნის დღეს ძალიან ვნერვიულობდი. დედაჩემს ვეუბნებოდი, არ წავალ-მეთქი და მარწმუნებდა, სირცხვილია, შენი გაკეთებულია ყველაფერი და აუცილებლად უნდა მიხვიდეო. კამერასთან თავს ყოველთვის კომფორტულად ვგრძნობ, მაგრამ გახსნაზე ისე ვნერვიულობდი, სამზარეულოში დავდიოდი აქეთ-იქით და ჩემთვის ვლაპარაკობდი – ვიმეორებდი ვისთან რა უნდა მეთქვა. შემდეგ კამერებში მაყურებინეს მეგობრებმა და უნდა გენახათ, რა სცენა იყო (იცინის). საბოლოო ჯამში, არაფერი ისე არ მოხდა, როგორც მე ვგეგმავდი, მაგრამ ყველაფერმა მაინც კარგად ჩაიარა. არ მეგონა, თუ ასე შრომატევადი აღმოჩნდებოდა. ვფიქრობდი, რომ ერთ თვეში დასრულდებოდა. გაცილებით მეტი დრო და რესურსი ყოფილა საჭირო.
– არ გიფიქრია ამ პერიოდში – რა მინდოდა, აღარ შემიძლიაო?
– კი. სამჯერ ხელი ისე ჩავიქნიე, რომ ჩემი მეგობარი, რომელიც ბევრ რამეს აგვარებდა, დილით რომ მირეკავდა, აღარ ვპასუხობდი. ლაპარაკიც კი აღარ მინდოდა ამ საკითხზე. მაგრამ რომ მოვდიოდი, ვხედავდი, რომ მას უამრავი რამ ჰქონდა გაკეთებული, რაც დიდ სტიმულს მაძლევდა.
თამო (ლიზას დედა): ისე აზროვნებს, ზოგჯერ ჩემზე დიდი მგონია. ამ თვალსაზრისით, პატარა რომ იყო, მაშინაც მაკვირვებდა. ვინც არ იცის, ვერც ხვდებიან, რომ დედა-შვილი ვართ. გახსნის დღეს კახეთში მომიწია წასვლა. ძალიან ვნერვიულობდი და მერე ეკრანზე რომ ვუყურე, ცრემლებს ვერ ვიკავებდი, იმდენად ამაღელვებელი იყო.
ლიზა: მინდა, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებთან უსასყიდლოდ ვიარო კლინიკებში. დედა თინათინს უკვე ვესაუბრე, მას საოჯახო ტიპის თავშესაფარი აქვს და როცა შესაძლებლობა გვექნება, იქ მცხოვრებ ბავშვებს უსასყიდლოდ გადავუხდით დაბადების დღეებს. სხვათა შორის, ჩემდა გასაკვირად, ამ ყველაფერს ძალიან პოზიტიური განწყობა მოჰყვა. არ ვარ მიჩვეული, რომ ყველა პოზიტიურად იქნება განწყობილი ჩემ მიერ გადადგმული ნაბიჯის მიმართ. ხშირად ელემენტარულსაც არ გაპატიებენ, მაგრამ ეს სხვა თემაა. ერთადერთი ცუდი კომენტარი ვნახე, ვიღაც წერდა: ისე უხარიათ, გეგონება ყველაფერი უფასოდ უნდა გაუკეთონო და კარგი, რა... სხვათა შორის, „ფეისბუქზე“ მოგვწერეს, სოციალურად დაუცველი ბავშვის შესახებ და რომ არ ველოდი, ისე აიტაცეს ჩემი სტაფის ბავშვებმა, უბედნიერესი ვიყავი. საუბარია ყველაფრის სრულიად უსასყიდლოდ გაკეთებაზე. აბსოლუტურად ყველამ მომწერა, გეხვეწები ყველა ერთად წავიდეთო. მოკლედ, ახლა სულ აქაურობაზე ვფიქრობ. ამ ცენტრისთვის ყველაფერს გავაკეთებ, საჭირო რომ გახდეს, საღამოსაც წავიყვან და სხვათა შორის, დალაგებაც არ გამომდის ცუდად (იცინის). ასე რომ, საჭმელსაც გავაკეთებ და მენეჯერიც ვიქნები.
– ალბათ, ბევრს ძალიან განებივრებული გოგო ჰგონიხარ. გეხერხება დალაგება, კერძების მომზადება?
თამო: მართლა არ ვიცი, საიდან იცის, არასდროს დამივალებია, სახლი დაალაგე-მეთქი, მაგრამ შინაგანად ასეთი ტიპია, დარწმუნებული ვარ, მართლა შეძლებს დალაგებასაც და ყველაფერს, რაც დასჭირდება. აქ ყველაფერს მართლა საკუთარი ხელით აკეთებდა: ღებავდა, ელიავაზე მიდიოდა, რაღაცები მოჰქონდა. კერძებს რაც შეეხება, ყველაფერი გემრიელი გამოსდის.
ლიზა: უფ, უფ, იცით, როგორ საჭმელებს ვაკეთებ?! (იცინის). კარგი ჩაქაფული, ჩახოხბილი. სპეციალურად არ მისწავლია, მაგრამ დიდი ბებია – ნათელა ისეთ საჭმელებს აკეთებდა და არა მხოლოდ ის, რომ მეც ვისწავლე მათგან.
თამო: ბებიაჩემისთვის, ანუ ბადრის დედისთვის ლიზა პირველი შვილთაშვილია და მისდამი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. ისეთი აღფრთოვანებულია ლიზას ამ ნაბიჯით, გეგონება, ამის მეტი ცხოვრებაში არავის არაფერი გაუკეთებია (იცინის).
– ლიზა, პროფესიაზეც მინდა გკითხო. არჩევანი შეიცვალე, არა?
ლიზა: თეატრალურზე ჩავაბარე – რაღაც პერიოდში მსახიობობა მინდოდა. მაგრამ შემდეგ ვიფიქრე, რომ მსახიობობისთვის გვიანი არასდროს არაა და გადავწყვიტე, მთავარ პროფესიად სხვა რამ ამერჩია. თუმცა არასდროს ვამბობ, არასდროს და ერთ დღეს შეიძლება, ისევ მომინდეს მსახიობობა. ახლა „გეპეიში“ ვსწავლობ საჯარო მმართველობაზე. ერთ დღეს მომინდა ამ მიმართულებით წასვლა, მაგრამ ახლა გადავწყვიტე, სწავლა ინტერიერის დიზაინზე გავაგრძელო. სანამ ჩემს თავს არ ვიპოვი, არსად მეჩქარება. ბავშვობაში ავთო მიხატავდა ხოლმე გოგონებს კაბებით და მე მაფერადებინებდა. სულ მაქებდა, რა მაგრად სვამ ფერებსო. ჰოდა, გადავწყვიტე, რომ კარგი გემოვნება მაქვს (იცინის). დედაჩემი რომ კაფეს აკეთებდა, იქაც ვეხმარებოდი და ყველაფერი კარგად გამოვიდა. ამიტომაც მინდა, ამ მიმართულებით ვისწავლო.
– ავთო ცქვიტინიძე რომ გყავს ოჯახში, ჩაცმულობაზე, ალბათ, განსაკუთრებულად ზრუნავ. ასეა?
– ამ საკითხში ძალიან არასტაბილური ვარ. გუშინ სპორტულები მეცვა, დღეს კაბის ჩაცმა მომინდა. არასდროს ვიცი, დილით რა ხასიათზე გავიღვიძებ. ავთოს სამოსი ძალიან ხშირად მაცვია, ყველაფერზე ვგიჟდები. რამეს რომ კერავს, მგონია, ჩემს ტანზე აკეთებს. მისგან რაც არ უნდა წამოვიღო, გაუსინჯავად ვიცი, ზუსტად საჩემოა.
– რამდენად პრანჭია ხარ?
– ძალიან, პროფესიონალურ დონეზე ვიცი მაკიაჟის კეთება. თავადაც მე ვიკეთებ და მეგობრებიც ყოველთვის მე მომმართავენ ამ თხოვნით (იცინის). სხვათა შორის, აქ ანიმატორებსაც მე ვუკეთებ მაკიაჟს. თვითონაც სულ ვიპრანჭები, მგონი, მაღაზიაშიც საღამოს კაბით ჩავდივარ (იცინის).
– შემოქმედებას რაც შეეხება, რა გეგმები გაქვს?
– ძალიან მწყდება გული, რომ ამ საქმეების გამო სიმღერა ძალიან უყურადღებოდ დავტოვე. რამდენიმე თვეა, საერთოდ არაფერი გამიკეთებია. გამზადებული მაქვს სიმღერები, მხოლოდ სტუდიამდე მიღწევა მინდა, რომ ჩავწერო. ეს ჩემი უახლოესი მიზანია, რადგან ეს საქმე ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
– წეღან კრიტიკა და ნეგატიური დამოკიდებულება ვახსენეთ, ისწავლე ამ ყველაფერთან გამკლავება?
– გარდატეხის ასაკში გულთან ძალიან ახლოს მიმქონდა კრიტიკა. ახლაც მიმაქვს, მაგრამ ამ ასაკში ვისწავლე საკუთარი ემოციების კონტროლი. ძალიან ბევრჯერ მიფიქრია, ნეტა ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ ოჯახში დავბადებულიყავი-მეთქი. რომ ყურადღების ცენტრში არ ვყოფილიყავი, მაგრამ წამის მეასედში რომ გავიაზრებ, რომ შეიძლებოდა, ეს ოჯახი არ მყოლოდა, ამაზე ფიქრიც კი ცუდად მხდის და ყველაფერი მომენტალურად მავიწყდება. თუმცა, კრიტიკამ ერთი კარგი რამ მასწავლა, თუ რამეს პროფესიონალურ დონეზე არ ვაკეთებ, მირჩევნია, საერთოდ არ გადავდგა ეს ნაბიჯი.