№8 ნიკა ქავთარაძე: იდეალურია ქალი, რომელიც ჩემს ტვინში ღრმად შემოვა
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
სახელი: ნიკა.
გვარი: ქავთარაძე.
პროფესია: იუმორისტი, ტელეწამყვანი, პროდიუსერი, სცენარისტი.
– ბავშვობა...
– ძალიან საყვარელ ოჯახში ვიზრდებოდი და ამ მხრივ, კარგი ბავშვობა მქონდა, თუმცა მაშინ საბჭოთა კავშირის პერიოდი იყო, რასაც კარგს ნამდვილად ვერ დავარქმევ. პირველი მძაფრი მოგონება ბავშვობიდან მახსოვს, როცა ოთხი წლის ვიყავი თავი გავიტეხე. იმ ღამეს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი იყო და მამა და ბიძა ერთად უყურებდნენ თამაშს. ამ დროს საწოლზე დავხტოდი, გადმოვვარდი და... წავედით საავადმყოფოში ნაკერების დასადებად. ასე ჩავუშხამე ფეხბურთის ფინალი.
– ჩემი პროფესია განაპირობა...
– სიტუაციამ. საერთოდ არ მქონდა გადაწყვეტილი, ისე გავხდი „კავეენშიკი“. ეკონომიკურზე როცა ჩავაბარე, გავიცანი ადამიანები, რომლებსაც ამ მიმართულებით ჰქონდათ გამოცდილება. მანამდე საერთოდ არ მიფიქრია ამ სფეროზე.
– მშობლების როლი...
– ყველაზე მთავარი, რაც არის, ჩემმა მშობლებმა დამარწმუნეს, რომ ადამიანი თავისუფალი არსებაა და შვილს რაც შეიძლება, მეტი თავისუფლება უნდა მისცე. მათ ბავშვობიდან გამაგებინეს თავისუფლების ფასი.
– ადამიანში ვაფასებ...
– იუმორის გრძნობას – ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირდაპირ მიბმულია ინტელექტზე. მეორე – თავისუფლებას, თუ ადამიანი თავისუფალია, ის უკვე საინტერესოა.
– მეშინია...
– სიკვდილის. მეშინია იმის გამო, რომ არ მომწონს ასე რომ წყდება ცხოვრება, რომელსაც შენ არ მართავ. გასაგებია, რომ სიცოცხლე სწორედ ამიტომ ფასობს, მაგრამ არ მომწონს ეს პროცესი.
– ცოდვა – ეს არის...
– ცოდვა იმათთვის არსებობს, ვინც რელიგიურია. მე შემიძლია, გითხრათ, რა არის ამორალური. ადამიანების მტრობა არის ყველაზე დიდი დანაშაული, ასევე, თავისუფლების შეზღუდვა და მათ ცხოვრებაში ხელის შეშლა.
– მწამს...
– სიკეთის, სიყვარულის, თავისუფლების. მგონია, რომ სწორედ ეს არის ღმერთი.
– მაღიზიანებს...
– სხვადასხვა დროს სხვადასხვა რამე მაღიზიანებს, მაგრამ ძალიან არ მომწონს, როცა ადამიანები ჩემს თავისუფლებას ეხებიან.
– რა არის ბედისწერა?
– მგონია, რომ ყველაფერში არსებობს ლოგიკა. შესაბამისად, თუ ტოტზე ზიხარ, რომელსაც ჭრი, როცა ჩამოვარდები, ეს ბედისწერის ბრალი არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში, რაღაც მოვლენები, რომლებშიც ჩვენ ვმონაწილეობთ, ან სხვები მონაწილეობენ, განაპირობებენ ჩვენს მომავალს. ამ ყველაფერს კი ბედისწერას ვეძახით, რადგან მასში ლოგიკის პოვნა არ შეგვიძლია.
– რისკიანი ხართ?
– კი, საკმაოდ. ის არჩევანი, რაც ცხოვრებაში გავაკეთე, რისკი იყო, რადგან ამ ნაბიჯს მაშინ არანაირი მომავალი არ უჩანდა. ეს სფერო ძალიან სარისკო იყო და ოჯახის არც ერთ წევრს არ ესმოდა, რატომ ავირჩიე. ისე, ფიზიკური რისკები არ მიყვარს, ექსტრემალური სპორტი ან რამე მსგავსი.
– შეგშურებიათ?
– არასოდეს. ჩემი ტვინი ვერ აღიქვამს მოვლენას ისე, რომ მერე ამან შური გამოიწვიოს. შეიძლება, გავბრაზდე ან რაღაც მსგავსი, მაგრამ შური არასდროს მქონია, არ ვარ ცუდი ადამიანი. ვფიქრობ, რომ შურიანი ადამიანი ნახევარი ადამიანია.
– სამაგიერო გადაგიხდიათ?
– სამაგიეროს გადახდა შესაძლებელია კარგი კუთხითაც და ცუდითაც. კარგი კუთხით გადამიხდია და ცუდით – არა. როცა ადამიანი ცუდ ქმედებას ჩადის, ჩემთვის მთავარია ის, რომ ეს აქტი უკვე შედგა. მე კი იმ ადამიანს ამით ფასს განვუსაზღვრავ. როცა ვინმეს ცუდ სამაგიეროს არ გადაუხდი, მაშინ ხარ მაგარი. კეთილ და კაცთმოყვარე გარემოში ვარ გაზრდილი, სადაც ადამიანებს პატიების უნარი ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, შემიძლია, ადამიანს ვაპატიო ნებისმიერი რამე, თუ განზრახვა სიცოცხლეს არ ეხება. ამ შემთხვევაშიც მას დაიჭერენ და ჩემი სამაგიეროს გადახდაც რაღა საჭირო იქნება. მსგავს საკითხებზე დროის დაკარგვას არ ვაპირებ, როგორც გითხარით, სიკვდილის მეშინია, ამიტომ სიცოცხლეს ძალიან ვუფრთხილდები.
– ეჭვიანი ხართ?
– ეჭვიანი ვარ ნებისმიერ რამეში, ეჭვი შემაქვს ნებისმიერ მოვლენაში, რომ ისე არ მივიღო, როგორც მოცემულობა. ეჭვი შემაქვს და მერე ვიწყებ ამ ჩემს ეჭვზე ფიქრს, რამდენად აქვს მას არსებობის საფუძველი. ისე, ადამიანებთან ურთიერთობაში ეჭვიანობის „მუღამი“ არ არის, რადგან ეს ხომ საქმიანი შეთანხმება არაა. თუ შენს ემოციებში არსებობს ეჭვი, ეს ნიშნავს, რომ ვიღაცას არ ენდობი და თუ არ ენდობი, მაშინ რატომ ხარ იქ.
– როდის ყვირით?
– როცა ვბრაზობ, თუმცა ჩემი წყობიდან გამოყვანა ყველას არ შეუძლია. ყვირილის გამომწვევი მხოლოდ ფაქტი ვერ იქნება, ემოციური ფონიც მნიშვნელოვანია. არსებობს მშვიდი და მძაფრი ფონი. შესაბამისად, ადამიანის გაბრაზება, როცა მას ცხოვრების მშვიდი ფონი აქვს, რთულია. ყვირილი არის ყველაზე მაქსიმუმი, რითიც შემიძლია ჩემი სიბრაზის გამოხატვა – ხელის დარტყმა და რაიმე მსგავსი ჩემში არ ზის.
– ბილწსიტყვაობთ?
– კი, ოღონდ უკონტექსტოდ არა. რაც უფრო ახლო წრეში ვლაპარაკობ, უბრალოდ, მეტი გახსნილობაა. მოვლენების გამოსახატავად დახვეწილი მეტყველება ყოველთვის მიზანშეწონილი არ არის, ამიტომ ვბილწსიტყვაობ. ქუჩაში ვიდგე და გამვლელებს ვაგინებდე, ასე – არა.
– სიყვარული – ეს არის...
– შენი თავისუფლების სიამოვნებით დათმობა მეორე ადამაინისთვის, არა წნეხის საფუძველზე, არამედ, როცა მეორე ადამიანს უზიარებ შენს თავისუფლებას. იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როცა თავს გრძნობ თავისუფლად. თუ, რამე გრძნობა ამ თავისუფლებას გიმცირებს, კარგი ვერ იქნება. სიყვარული კი იმდენად კარგია, რომ ამ თავისუფლებაში ხვდება.
– როგორია იდეალური ქალი?
– ჭკვიანი, მხიარული, ლამაზი. ეს იმდენად სუბიექტური საკითხია, რომ ყევლას თავისი კრიტერიუმები აქვს, ჩემი იდეალური ქალი წარმოუდგენელია, მეორე ადამიანისთვისაც იდეალური იყოს. იუმორის გრძნობა უნდა ჰქონდეს, სექსუალური უნდა იყოს და ჩემთვის ის ქალია იდეალური, რომელიც ჩემს ტვინში ღრმად შემოვა. ასეთი ქალი, ამ შემთხვევაში, ჩემი ცოლია.
– ქალს ალამაზებს...
– ბედნიერება არის სილამაზის მიზეზი. ადამიანი შინაგანად იქმნის განწყობას, რომელიც მერე მის გარეგნობაზეც მოქმედებს.
– კაცის ბედნიერებისთვის ქალი აუცილებელია?
– არა. არსებობენ კაცები, რომლებიც ბედნიერები არიან, იმის მიუხედავად, რომ ქალი არ არის მათ გვერდით. შეიძლება, გეი იყოს და სულაც არ აბედნიერებდეს ქალი. ადამიანის გაბედნიერება არის საკუთარ თავთან დიდი სიმშვიდისა და თავისუფლების მიღწევა. ამისთვის ქალი იქნება საჭირო, კაცი, ბუნება თუ ცხოველები მნიშვნელობა არ აქვს.
– ვემალები...
– ვერაფერს დაემალები. რომ მინდოდეს, რამეს დავემალო, საჯარო ადამიანი არ ვიქნებოდი, ჩემი პოვნა ადვილია.
– მრცხვენია...
– მრცხვენია, როცა მაქებენ, ვწითლდები, უხერხულად ვგრძნობ თავს. მეორე არის, როდესაც ჩემი ახლობელი ჩაიდენს ისეთ რამეს, რაც არ უნდა გაეკეთებინა. მრცხვენია, როცა ცუდად ხუმრობენ ტელევიზორში, მაშინაც კი, როცა მე არაფერ შუაში ვარ. ადამიანური სოლიდარობის განცდა მაქვს.
– მაკომპლექსებს...
– კომპლექსები გაქვს მაშინ, როცა საკუთარ თავთან ურთიერთობა არ გაქვს მოგვარებული. მე საკუთარ თავთან ყველაფერი დალაგებული მაქვს, შესაბამისად, კომპლექსებიც არ მაქვს. რატომ შევუქმნი ჩემს თავს დამატებით პრობლემას, რომელსაც შეიძლება, კომპლექსი ერქვას.
– ბოდიშის მოხდა გიჭირთ?
– არა, ბოდიშის მოხდაზე სასიამოვნო არაფერია, თუ გააზრებულად იხდი. ბოდიში რომ მოსახდელი გაქვს ეს შეიძლება, ცუდია, მაგრამ გულწრფელი ბოდიში არანაკლებ სასიამოვნოა, ვიდრე გულწრფელი მადლობა.
– მაკვირვებს...
– კარგი გაგებით, ადამიანების შესაძლებლობები, როგორ ვითარდება ადამიანი. ასევე, საკუთარი თავი მაკვირვებს ხოლმე, რადგან მგონია, ადამიანი ვეღარ გამაკვირვებს თავისი ცუდი საქციელით, მაგრამ ხანდახან ისეთებს ჩადიან, რომ მართლა ძალიან მიკვირს.
– ვერიდები...
– ყველაფერს, რაც ჩემს ფილოსოფიასა და მსოფლმხედველობას ეწინააღმდეგება. ღია ადამიანი ვარ, შესაბამისად, საზღვრები არ მაქვს სამყაროსთვის დაწესებული, რაღაცებმა რომ ვერ შემოაღწიონ ჩემამდე. თავისუფლების მუღამიც ეგ არის – შეიძლება, ცუდი რამ შეგხვდეს, რომელსაც თავი კი არ უნდა აარიდო, არამედ გაიაზრო და მიხვდე, რომ იგივე აღარ გაიმეორო. ძიების კაცი ვარ და არა რაღაცებზე უარის თქმის.
– როდის იტყუებით?
– როცა ტყუილი არ არის ბოროტება. ტყუილს ხუმრობა მირჩევნია, რადგან სიმართლისგან თავის არიდების კრეატიული ფორმაა. სჯობს იხუმრო, ვიდრე მოიტყუო. ზოგადად ტყუილების თქმა გვიწვეს იმის გამო, რომ ჩვენზე ვიღაცას რაღაც შთაბეჭდილება აქვს და ეს შთაბეჭდილება რომ არ დაეცეს, ტყუილს ვამბობთ. რაც უფრო მალე გავაცნობთ ისეთად თავს, როგორებიც რეალურად ვართ, მით ნაკლები ტყუილის თქმა მოგვიწვეს ცხოვრებაში.
– ვნანობ...
– ადრე რომ არ დავიწყე ფიქრი. დრო რომ სწორად არ გამოვიყენე, მაგრამ ესეც თავისუფლების გვერდითი მოვლენაა, როცა რაღაც გადაწყვეტილებამდე შენით მიდიხარ.