კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 როგორ შეარჩიეს დავით დანელია ხუთასი ბავშვიდან „მამლუქისთვის“ ხვიჩას როლზე

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

დავით დანელია ქართველი ხელბურთის მსაჯია, რომელსაც1984 წელს საერთაშორისო კატეგორიის არბიტრის წოდება მიენიჭა. იმსაჯა ევროპის საკლუბო ტურნირებზე, აგრეთვე, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, მსაჯობდა სხვა საერთაშორისო შეჯიბრებებში, ჯამში, სულ 155 საერთაშორისო
შეხვედრაზე... თუმცა, მანამდე იყო კინო. ის ყველასთვის ცნობილ ფილმში – „მამლუქი“ – პატარა ხვიჩას როლს ასრულებს.
– ბატონო დავით, „მამლუქია“ თქვენი პირველი ფილმი?
– დიახ. ექვსი წლიდან პიონერთა სასახლის ანსამბლში ვცეკვავდი. იმ პერიოდში, ჩვენი ანსამბლი ქართული ხელოვნების დეკადისთვის ემზადებოდა, რომელიც მოსკოვში უნდა გამართულიყო. მოსამზადებელი პერიოდი მახინჯაურში გავიარეთ. იქ, თითქმის, ერთი თვე ვიყავით და მახსოვს, კინოსტუდიიდან ჯგუფი ჩამოვიდა ბავშვების ასარჩევად. ფოტოები გადაგვიღეს და ჩვენი მისამართები ჩაიწერეს. მაშინ სახლში ტელეფონიც არ გვქონდა და ცოტა ხანში წერილი მოგვივიდა, რომ კინოსტუდიაში სასინჯ გადაღებებზე მიძახებდნენ. გადამიღეს და  ამ როლზე დამამატკიცეს. ხუთასი ბავშვი გასინჯეს და მე ამარჩიეს. მაშინ ცხრა წლის ვიყავი და ეს ყველაფერი ძალიან მომწონდა, რადგან ისტორიული თემა ბავშვობიდანვე მაინტერესებდა. შემდეგში უნივერსიტეტშიც ისტორიულზე ვსწავლობდი, არქეოლოგიის განხრით.
– ფილმის გადაღების შემდეგ თავს, ალბათ, ნამდვილ ვარსკვლავად გრძნობდით.
– ფილმის გადაღების შემდეგ ძალიან რთული პერიოდი დაიწყო. შემაწუხებლად დიდი იყო ხალხის ინტერესი. რომ დამინახავდნენ, უმეტესობა ხვიჩას მეძადა,
რაც მაშინ არ მსიამოვნებდა. ყველა მოდიოდა, ხელს მკიდებდნენ, მეფერებოდნენ. ისეთი დიდი დოზით იჩენდნენ ყურადღებას, ვერსად მივდიოდი. კინოში მანამ არ შევდიოდი, სანამ დარბაზში შუქი არ ჩაქრებოდა. უცხოეთიდანაც ძალიან ბევრი წერილი მომდიოდა. ერთხელ, კინოსტუდიაში საკავშირო კინოდან მოვიდა წერილი – 1961 წელს საბჭოთა ფილმების კვირეული იყო ეგვიპტეში. ერთი ადგილი მისცეს საქართველოს ამ ფილმიდან და პირადად მე გამომიძახეს, პატარა ხვიჩას როლის შემსრულებელი უნდოდათ. მაშინც ცამეტი წლის ვიყავი და რატომღაც არ გამიშვეს.
– მხოლოდ ასაკის გამო თუ?
– ალბათ, ასაკის გამოც  და უნდოდათ რეჟისორიც წასულიყო. თუმცა, რატომღაც დავით რონდელი არ ჩართეს ამ სიაში.
– რთული იყო იმ ასაკში, ყოველგვარი გამოცდილების გარეშე როლისთვის თავის გართმევა?
– რთული იყო, მაგრამ ძალიან კარგი რეჟისორის ასისტენტი გვყავდა და გადასარევად მიხსნიდა ჩემს როლს, ბევრ რამეს მასწავლიდა. პატარა ვიყავი და გადაღებებზე თან დედა მახლდა. რომ გითხრათ, გაგეცინებათ, რამდენს მიხდიდნენ – 100 მანეთი იყო ჩემი თვიური ხელფასი. ფილმის გადაღება წელიწადი და ორი თვე მიმდინარეობდა. დედაჩემს ორმოცდაათ მანეთს უხდიდნენ. ჩემზე ეკონომია გააკეთეს, მერე გავიგე, რომ მეტი უნდა გადაეხადათ (იცინის). მაგრამ ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა, მამას ისეთი სამსახური ჰქონდა, რომ არ გვიჭირდა.
– თუმცა „მამლუქი“ არაა ერთადერთი, კიდევ ბევრ ფილმში გაქვთ მონაწილეობა მიღებული...
– თითქმის ოც ფილმში ვარ გადაღებული. მთავარი როლი მქონდა ასევე „პაპა გიგიაში“. სამწუხაროდ, როგორც მითხრეს, ბევრ სხვა ფილმთან ერთად, მისი ფირიც დაიწვა და ვერც ვნახე. ეს ფილმი არც კი გამოსულა. „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“, „გლახის ნაამბობი“, „თოჯინები იცინიან“, „ხევისბერი გოჩა“, „აბესალომ და ეთერი“,  „წყალდიდობა“ და სხვა. 27 წლამდე თითქმის ყველა დიდ ქართველ მსახიობთან მაქვს ნათამაშები. მის შემდეგ აღარ გადავუღივარ.
– რა შეიცვალა შემდეგ?
– როცა არ გიწვევენ როლებზე, უკვე ინტერესს კარგავ. ხელფასი ბოლოს კი კარგი მქონდა – 250 მანეთი. ღამის გადაღებებშიც ვმონაწილეობდი, ამაში ორმაგი ანაზღაურება გვქონდა. ჯირითში ვვარჯიშობდით ხოლმე ღამე და ერთი მაგარი მოჯირითე დაგვეღუპა, სპორტის ოსტატი. ცხენზე ფეხით დგებოდა და ისე აჭენებდა. მტკვარში ვხტებოდით, გადაღება მიმდინარეობდა, რუსთავთან ახლოს. ორი დუბლი რომ გადაიღეს, მხედრის ფეხის დასადგამი ადგილი დასველდა, დარბილდა. რომ ჩავხტით, გაწყდა და წყალში ჩავვარდით. მაგრამ მე ცხენს ხელი არ გავუშვი და გამიმართლა, რომ ცხენის ზემოდან მოვხვდი. იმიტომ, რომ ცხენი წყალში რომ ვარდება, წინა ფეხებს იქნევს და შეიძლება, ეს ყველაფერი ცუდად დამთავრდეს. სამწუხაროდ, ასე დაემართა იმ ცხენოსანს. ახალგაზრდა ბიჭი იყო – 25 წლამდე და ეტყობა, ცხენმა ფეხი ჩაარტყა თავში. ერთი-ორჯერ ამოყვინთა, შემდეგ კილომეტრები ვირბინეთ, მაგრამ ვერ ვნახეთ. მოგვიანებით, გარდაცვლილი  იპოვეს რუსთავთან, წყალსაცავში.
– თქვენ გადარჩენილხართ სიკვდილს.
– გადავრჩი რომელია, დამბაჩა მქონდა ქამარში, რომელიც 500 მანეთი ღირდა. მერე პიროტექნიკოსი მეუბნებოდა, გინდა თუ არა, შენ უნდა გადაიხადოო.
გიორგი შენგელაიამ შეუყვირა: რას ამბობ, კინაღამ დაიხრჩო, რა მაგის ბრალიაო.
– მსახიობობის პროფესიად ქცევაზე არ გიფიქრიათ?
– მაინცდამაინც არ მაინტერესებდა თეატრში მუშაობა და თეატრალურში არ ჩავაბარე.  ცეკვაში ჩემი ხელმძღვანელი ძალიან მაგარი პედაგოგი, რომან ჭოხონელიძე იყო,, რომელიც უნივერსიტეტის ანსამბლთანაც მუშაობდა. ისტორიულ ფაკულტეტზე ჩაბარების შემდეგ ამ ანსამბლთან ერთად ბევრი ქვეყანა შემოვიარე. ვცეკვავდი და თან ხელბურთსაც ვთამაშობდი, ამ სპორტმა გამიტაცა და ფიზკულტურის ინსტიტუტიც დავამთავრე.  1961 წელს ჩემპიონატზე ჩემი ნაცნობის თამაშის სანახავად წავედი. იმდენად მომეწონა, მაშინვე დავინტერესდი და მირჩიეს ვისთან მივსულიყავი. ჯუანშერ აფშილავა იყო არაჩვეულებრივი მწვრთნელი უნივერსიტეტში. ცამეტი წლიდან დავიწყე ხელბურთის თამაში და ოცდაათ წლამდე ვთამაშობდი. ჯერ ფიზკულტურის ინსტიტუტში, შემდეგ „ლოკომოტივის“ გუნდში ვიყავი მოთამაშე მწვრთნელი. ორჯერ გავხდი საქართველოს ჩემპიონი. შემდეგ მსაჯობა მირჩიეს და მეგობარმა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე წამიყვანა. შემდეგ  დიდ მოედნებზე  მსოფლიო, ოლიმპიური ჩემპიონების თამაშების მსაჯობა დავიწყე. სხვადასხვა რანგის შვიდი მსოფლიო ჩემპიონატი ვიმსაჯე. საერთო ჯამში – ხუთასზე მეტ თამაშზე. სამასზე მეტი – საბჭოთა ჩემპიონატებზე უმაღლეს ლიგაში, რუსეთის ჩემპიონატზეც  – თითქმის ამდენივე. ნახევარი მსოფლიო შემომატარა სპორტმა.
– ოჯახზე რას გვეტყვით?
– მყავს მეუღლე, რომელიც მოსკოვში გავიცანი. წარმოშობით ბასკია, ესპანური ძირი აქვს. 1987 წლიდან ოფიციალურად რუსეთში ვცხოვრობ. ვაჟი მყავს, რომელიც ასევე, სპორტსმენია, კარატეს მიმართულებით. მაგრამ ახლა უფრო რეკლამებში იღებენ. 72 წლის ასაკში ისევ აქტიურად ვავარჯიშებ ბავშვებს მოსკოვის პიონერთა სასახლეში. ყოველდღე მიწევს ვარჯიში. ვთამაშობ ფეხბურთსა და ჩოგბურთს.

скачать dle 11.3