№8 როგორ დააჰიპნოზა ნოდარ სიმსივე შეყვარებულმა პირველივე შეხვედრისას და რა წაშალა მან მისი მეხსიერებიდან
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
სპორტული კომენტატორი და მსახიობი, ნოდარ სიმსივე შეყვარებულია. მისი რჩეული ჟურნალისტი სალომე მურცხვალაძეა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ჟურნალისტიკიდან პიარში გადაინაცვალა. მათი ურთიერთობა კი ტელეკომპანია „იმედში“ დაიწყო.
ნოდარ სიმსივე: ჩვენი ურთიერთობა 2018 წელს დაიწყო. იმ წელს დავიწყე მუშაობა „იმედზე“. ახალი გამოწვევების წინაშე ვიდექი და პირადზე საერთოდ არ ვფიქრობდი. სიმართლე რომ გითხრათ, არც მაწუხებდა, რომ მარტო ვიყავი. რომ იგებდნენ, უკვე 31 წლის გავხდი, დროაო, მეუბნებოდნენ. რაზეც ყოველთვის ვპასუხობდი, რომ სიყვარულის რეცეპტი და დრო არ არსებობს. ერთ დღეს სამსახურში ვიყავი და ეზოში ყავის დასალევად გამოვედი, თან სიუჟეტის აწყობაზე ვფიქრობდი. უცებ მანქანა გაჩერდა და ჟურნალისტი გოგონა გადმოვიდა – სენიორიტა სალომე. იქვე დავჰიპნოზდი. ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება, მე არ გავურბივარ ამ შეფასებას და არც ბანალურად მეჩვენება. ამ ჯადოსნური შეხვედრით გავბედნიერდი. იმ ერთ წუთში ვიგრძენი ის, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში არ მიგრძნია. შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ. გატაცებები იყო, მაგრამ ამით უკვე აღარ ვიხიბლებოდი. სალომე რომ დავინახე, იმდენად მოვიხიბლე, მთელი მანამდელი გატაცებები ერთ წამში წაიშალა ჩემი მეხსიერებიდან და ახალი ფურცელი გაჩნდა, რომელმაც „დამგრუზა“, მაგრამ კარგი გაგებით.
– რას გულისხმობ?
– იმ წუთიდან მოყოლებული სულ სხვა ადამიანი გავხდი. მოვიწყინე, მინდოდა სალომესთან კონტაქტში შესვლა. მივხვდი, რომ ჟურნალისტი იყო, მაგრამ ვინ – არ ვიცოდი. მისით მოვიწამლე, დამეწყო მონატრება და მოწყენილობა. ეს ჩემი ხასიათია. ემოცია ისე გამიტაცებს ხოლმე, რომ სულ ჩაფიქრებული დავდივარ. ერთ კვირაში კოლეგებმაც შეამჩნიეს, რომ სხვა ადამიანი ვიყავი. მერე თვალებში უკვე ეშმაკუნებმა დაიწყეს ციმციმი. სპეციალურად ვცდილობდი, სალომეს ეზოში შევხვედროდი ან კარებში შევფეთებოდი. არ დავმალავ, სიამოვნებისგან გულიც მიჩქარდებოდა. ერთხელ ისე დაჟინებით ვუყურებდი, შემამჩნია კიდეც. სოციალური ქსელით კონტაქტიც არ მინდოდა, თითქოს, ესეც გაცვეთილი თემაა. ის ერთი კვირა გამოსავალს ვეძებდი, როგორ დავახლოებოდი. ორივე „იმედში“ ვმუშაობდით, მაგრამ აბსოლუტურად სხვადასხვა მიმართულებით. თან, არ მინდოდა ეფიქრა, რომ ჩემი მიზანი ფლირტი იყო. ბოლოს ისევ სოციალურ ქსელში გავუგზავნე მეგობრობა და ისე არაფერი გამხარებია, როგორც მისი თანხმობა. პირველ რიგში, მადლობა მივწერე დამეგობრებისთვის და სიცილთან ერთად, არაფრისო, მიპასუხა. მივხვდი, რომ თავისუფალი ადამიანი იყო, რომელიც აგყვებოდა. იუმორი ძალიან დაგვეხმარა ურთიერთობაში, თან დაინახა, რომ სხვა მიზნები არ მქონდა და ნელ-ნელა აეწყო ჩვენი ურთიერთობა.
– სალომე, შენ რა დამოკიდებულება გქონდა თავიდან?
სალომე მურცხვალაძე: თავიდან სერიოზულად ვერ აღვიქვი. ტელევიზიაში ყველა ერთმანეთს ვესალმებით. შეიძლება, ახლო ურთიერთობა არ გქონდეს ადამიანთან, მაგრამ იცი, ვინცაა და არც სოციალურ ქსელში დამეგობრება გიკვირს. მე პირველად ზუსტად იმ მომენტში დავაფიქსირე, თვითონაც რომ თქვა – ძალიან უცნაურად მიყურებდა (იცინის). თავიდან საკმაოდ ასაკიანი მეგონა. გადაცემიდან გამომდინარე სხვა იმიჯი ჰქონდა – გრძელი თმა და კლასიკური სამოსი. ერთხელ ღამე გამოვედი ტელევიზიის ეზოში და ნოდარი იჯდა სკამზე. ირგვლივ ჩვენ გარდა არავინ იყო. არ ვიცი, ის ემოციები ზუსტად როგორ ავხსნა, მაგრამ მაშინ ვიგრძენი, რომ დადებითი ადამიანი იყო. ზუსტად მეორე დღეს დამამატა „ფეისბუქზე“ (იცინის). თვენახევრიანი მიმოწერის შემდეგ შევხვდით და მივხვდი, რომ ეს „ის“ ადამიანი იყო. მანამდე ძალიან საინტერესო მიმოწერა გვქონდა, კარგი იუმორი აქვს და ყველაფერზე ვიცინოდით. აღმოვაჩინეთ, რომ ერთნაირი გემოვნება გვაქვს, ერთი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ვართ დაბადებულები და საერთო ენა ადვილად გამოვნახეთ. იმ პერიოდში ფლორენციაში წავიდა, ისეთი ინტენსივობით ვეღარ მწერდა და ცუდად ვიგრძენი თავი. ამიტომ, რომ ჩამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ გვიანი იყო და თან, მეორე დღეს არჩევნები იყო, რის გამოც, გადარბენა მქონდა, მაინც შევხვდი.
ნოდარი: ორგანიზატორული ნიჭით არ გამოვირჩევი. პირველ შეხვედრაზე ერთ-ერთ კაფეში დავპატიჟე. რომ მივედი, დავურეკე, უკვე აქ ვარ-მეთქი და ისე წინასწარ რომ დაგეჯავშნა ადგილი არა? მანდ სულ გადარბენებიაო და იცინის. შევაღე კარი და გადატენილია იქაურობა. ვიფიქრე ყველაფერი თავზე დამექცა-მეთქი. ერთი ადგილი ვერ ვიშოვე, უკვე დამცხააა. გარეთ გამოვედი და ბედად, გვერდით ძალიან მყუდრო და თავისუფალი ადგილი აღმოვაჩინე და ამოვისუნთქე. არადა, მანამდე ნერვიულოსგან დავრბოდი. ძალიან მერიდებოდა – პირველ პაემანზე თუ საკუთარ თავს პენალტი დავურტყი, მორჩა-მეთქი.
სალომე: თან თმაგადაპარსული მოვიდა. ძველ ფოტოებში რა კარგად გაქვს მოკლე თმა-მეთქი, მანამდე ვუთხარი და გაუთვალისწინებია (იცინის).
ნოდარი: რომ შემოვიდა, გულმა ბაგა-ბუგი დამიწყო.
სალომე: ნოდარი ძალიან ემოციურია. ბევრს ჰგონია, რომ ცანცარაა. რეალურად კი, ძალიან დადებითი ადამიანია, ცდილობს, ყველაში კარგი იპოვოს. მაგრამ ძალიან პრინციპულია, თუ ვინმეს შეეშლება, აუცილებლად შესაბამისად რეაგირებს. ძალიან დაკვირვებულია და კარგი მეგობარია. რაც ყველაზე კარგია, მეწვრილმანე პედანტი ტიპი არ არის. არ არსებობს, უმნიშვნელო წვრილმანზე პრობლემა შექმნას. ამიტომაც, წელიწადზე მეტია, ერთად ვართ და სერიოზულად არ გვიჩხუბია. შეიძლება, მე უფრო ვიყო კონფლიქტის გამომწვევი, ვიდრე ის. რაღაც სისულელის გამო არ მოგიშლის ნერვებს და არც ეჭვიანია.
ნოდარი: ძალიან მწამს ღმერთის. მით უმეტეს, როცა სიყვარულს ეხება საქმე. თითქოს ზემოთ იყო დაწერილი, რომ ამდენ ხანს უნდა მეხეტიალა, ბევრი თავგადასავალი მქონოდა, აქამდე გული არავის უნდა აეჩქარებინა ჩემთვის და მერე შევხვედროდი სალომეს. სალომე რომ გამოჩნდა, სახლშიც კი სხვანაირი გავხდი. ეს ყველაფერი ზემოდან იყო განსაზღვრული. მიხარია, ის სიტყვები რომ მართლდება, რასაც ხშირად ვამბობ – მე მინდა ისეთი ადამიანი, ვისაც სიყვარულში შევეჯიბრები. ჩემთვის წარმოუდგენელია, ფორმალურად გვერქვას ოჯახი, რეალურად კი თვალები სხვა ადამიანებისკენ გამირბოდეს და ენერგიასა და ყურადღებას სხვას ვახმარდე. ან სალომემ დააშავა, ან სხვა ნებისმიერმა? რატომ სვამ ციხეში მეორე ნახევარს ან საკუთარ თავს? თუ მასთან არ გინდა, იყავი მარტო და როგორც გაგიხარდება, ისე მოიქეცი. სალომე რომ არ მენახა, დარწმუნებული ვარ, ისევ მარტო ვიქნებოდი. ამიტომაც ვამბობ, რომ ზემოდან ყველაფერი კარგად არის აწყობილი. რას ჰქვია სიყვარულის ძებნა ან ასაკზე ხაზგასმა? ახლა, პირიქით, დაღვინებული გონება მაქვს, ცუდიც და კარგიც გამოვიარე, გატაცებებიც ვნახე. ეს ყველაფერი მტკვარში გადავყარე და ახალი, ნამდვილი ეტაპი დავიწყე. ეს ის არის, რაც მინდოდა, ყველაფერი კარგ ლიტერატურულ ნაწარმოებს ჰგავს. სალომესთან ერთად თავისუფლების მოედნიდან ნახალოვკამდე ფეხით გავსულვარ, ისე, რომ არც გამიგია. ეს რომ ჩემს მეგობრებს ვუთხარი, არ დამიჯერეს. იციან, რომ სიარული მეზარება. ეს მხოლოდ იმ ადამიანს შეუძლია გაგაკეთებინოს, ტვინში რომ ყველაფერს გიცვლის. ამაზე მაგარი შეგრძნება არ ყოფილა, ყველას ვუსურვებ, იგივე განიცადოს. მაგრამ ჯობს მარტო იყო, ვიდრე ძალით შექმნა ოჯახი, იმის გამო, რომ გვარის გამგრძელებელი გყავდეს. გვარის გამგრძელებელი რომ არის შენი მთავარი ამოცანა, მანდ იღუპები. სიყვარული ისედაც მოიცავს ამ ყველაფერს, მაგრამ მხოლოდ ამ მიზნით გადადგა ეს ნაბიჯი, ძალიან ცუდია და მერე უკვირთ, რატომ დაინგრა ოჯახიო. ყოველთვის ვკამათობდი ბიჭებთან, რატომ უნდა უღალატო საყვარელ ადამიანს, რატომ? არ მოიყვანო და „იგრიალე“ მაშინ, თუ ეს გინდა. თუ გიყვარს, მთელი ენერგია და რესურსი მას მოახმარე, შეეჯიბრე სიყვარულში, სიურპრიზები გაუკეთე, მასთან ერთად იყავი – სხვანაირად მე არ მესმის.
– ერთმანეთის პროფესიულ ამბებში ჩართულები ხართ?
სალომე: სპორტულ ამბებში ნაკლებად ვერკვევი, მაგრამ როგორც მსმენელს, ძალიან მომწონს მისი კომენტატორობა, ძალიან გამორჩეული მიდგომა აქვს. ისე ახალისებს თამაშებს, სულ რომ არ იყო გულშემატკივარი, მაინც მოგასმენინებს.
ნოდარი: ერთხელ „სეტანტაში“ მივიყვანე – რეპორტაჟზე შევალ, დამელოდე და ერთად წავიდეთ-მეთქი. საერთოდ, არავის ვურჩევ ჩემს საკომენტატორო ჯიხურში დანახვას. იქ ცალკე კუნძული მაქვს, რომელსაც სანტა-ესპერანსას ვეძახი. ტანზე მაქვს გახდილი და ძალიან არაესთეტიკურად გამოვიყურები. მე შენ გეტყვი, შვიდი კუბიკი მაქვს მუცელზე. მაგიდასთან გადამჯდარი ჩემს ემოციებში ვარ და უცებ კარი იღება. ძალიან გამიკვირდა, იმიტომ, რომ ყველამ იცის, ამ დროს კარი არ უნდა შემომიღონ. შემოდის სალომე ტელეფონით და ღიმილით. ჰგონია გადამიღებს და მეც ძალიან მესიამოვნება. ერთადერთი შემთხვევა, როცა დავუბღვირე და უხეშად ვუთხარი, გადი-მეთქი, ეს იყო. ძალიან ცუდი რეაქცია მქონდა მის ქმედებაზე და ძალიან ცუდად იგრძნო თავი.
სალომე: ვერ მივხვდი, რატომ ჰქონდა ასეთი რეაქცია. თითქოს, სხვა ადამიანი დავინახე და შემეშინდა (იცინის).
ნოდარი: ჩემი ბრალი იყო, რომ არ გავაფრთხილე. გამოვედი ოფლის წმენდით უკვე ჩვეულებრივი ნოდარი – სალო, წავედით-მეთქი და ზის გაბუსხული. მერე ავუხსენი ყველაფერი (იცინის).
– მომავლის გეგმები...
– ძალიან მინდა, რომ ზაფხულში შევუღლდეთ.
სალომე: განსაკუთრებული გეგმები არ გვაქვს. გრანდიოზული ქორწილი არ მინდა. მხოლოდ ჯვრისწერა მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში.
ნოდარი: და მინდა, რომ ამ ყველაფრის გვირგვინი ესპანეთში მოგზაურობა იყოს.