კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 როგორ თქვა თეო ჩიტიშვილმა უარი ოჯახსა და კარიერაზე სიყვარულის გამო და რატომ გრძნობს მის წინაშე თავს დამნაშავედ ფრანგი მეუღლე

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

  როკ-ჯგუფ Vanilla Cage-ის ვოკალისტი თეო ჩიტიშვილი, ბოლო წლებია, საფრანგეთში ცხოვრობს. ამის მიზეზი სიყვარულია, რომელსაც ზღაპრული ისტორია აქვს.
  თეო ჩიტიშვილი: წლებია, ერთ-ერთი მუსიკალური ჯგუფის Trepalium-ის მსმენელი ვარ, ყოველთვის გამორჩეულად მიყვარდა მათი შემოქმედება. მათი ჯგუფის ვოკალისტს ვესაუბრებოდი ხოლმე „ფეისბუქით“. ჯგუფის ყველა წევრი მეგობრებში მყავდა დამატებული, მაგრამ ვოკალისტთან აქტიური მიმოწერა მქონდა, რადგან მეც ვოკალისტი ვარ და რჩევებს მაძლევდა. აი, ჩემი მომავალი მეუღლე, დიდი აქტიურობით არ გამოირჩეოდა. ის ამ ჯგუფის დრამერია. ერთხელ მომწერა – მადლობა გადამიხადა, ჩემს გვერდზე მათი სიმღერების გაზიარებისთვის. დიდი მადლობა, რომ პოპულარიზაციას გვიწევ საქართველოშიო. ასე დაიწყო ჩვენი მიწერ-მოწერა და შემდეგ უფრო გააქტიურდა. რაღაც პერიოდის შემდეგ მითხრა, საქართველოში უნდა ჩამოვიდე და გნახოო. დაუჯერებლად მომეჩვენა ეს ამბავი, მაგრამ მართლა ჩამოვიდა (იცინის). მეუბნებოდა, რომ ძალიან მოვწონდი. ჩამოსვლამდე ექვსი თვე აქტიურად ვსაუბრობდით, დღეში რამდენჯერმე. შეიძლება, ღამე გაგვეთენებინა. ჩამოსვლა რომ გადაწყვიტა, ძალიან დიდ ემოციებში ვიყავი. რომ ვნახე, შემდეგ უფრო გამიჩნდა გრძნობები. ვირტუალურ ურთიერთობას სერიოზულად არასდროს ვუყურებდი, მაგრამ რომ ჩამოვიდა და რეალური ადამიანი გავიცანი, მივხვდი, რომ ისეთივე იყო, როგორსაც ვირტუალურად ვიცნობდი.
– მისთვის როგორი აღმოჩნდა რეალობა, თქვენთან და საქართველოსთან მიმართებაში?
– ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ თავიდან საერთოდ არ იცოდა, საქართველო სად იყო. ოჯახის წვერები ეუბნებოდნენ, სად მიდიხარო. მაგრამ რომ ჩამოვიდა და ქართულ კულტურას გაეცნო, ძალიან მოეწონა. ჩვენ ტრადიციულად, როგორც ქართველებმა ვიცით, ისე დავხვდით. ძალიან მოიხიბლა ქართული ღვინით, ტრადიციებით, ჩვენი ქვეყნის კუთხეებით. საქართველოში უნდა ვიცხოვრო, როგორი სტუმართმოყვარე და კეთილი ხალხი ხართ, ფრანგები აღარ მიყვარსო (იცინის).
– ამის შემდეგ როგორ წარიმართა თქვენი ურთიერთობა?
– შემდეგ უკვე მე ჩავედი საფრანგეთში. მისი ოჯახი გავიცანი. უკვე ძალიან ხშირად ვნახულობდით ერთმანეთს, ხან მე ჩავდიოდი, ხან ის ჩამოდიოდა. დაახლოებით, ერთი წლის შემდეგ მითხრა, აღარ შემიძლია დისტანციური ურთიერთობა და სხვა გზა არ გაქვს, ცოლად უნდა გამომყვეო. ვფიქრობ, როცა ამხელა პასუხისმგებლობას იღებ, ურთიერთობისთვის ერთი წელი არაა საკმარისი, მაგრამ გავრისკე და ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. გვყავს პატარა შვილი – ელენა. რომელსაც ორი მშობლის გვარი აქვს ბუვიე-ჩიტიშვილი.
– ზღაპრული ამბავია, როგორიც იშვიათად ხდება, მაგრამ ალბათ, ბევრი სირთულეც ახლდა.
– ძალიან აქტიური მუსიკალური ცხოვრება მქონდა და როცა ასეთ გადაწყვეტილებას იღებ, ნიშნავს, რომ უნდა მიატოვო კარიერა, მეგობრები, ოჯახი, სამშობლო – ყველაფერი, რაც მანამდე შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო და წახვიდე ქვეყანაში, რომლის ენაც კი არ იცი. ძლიერი ადამიანი აღმოვჩნდი. რაც უნდა ვიოცნებოთ, რეალობა ცოტა სხვაა და მნიშვნელოვანი სირთულეების წინაშე დავდექი. მაგრამ სიყვარული დამეხმარა. მეუღლემ ბევრი რამ გამიმარტივა, სხვათა შორის, მისი მშობლებიც. ჩემებს ეუბნებოდნენ, არ ინერვიულოთ, თქვენი შვილი, როგორც თქვენთან, ჩვენთანაც ისე იქნებაო და დღემდე ასე გრძელდება. ყველაზე რთული ენის ბარიერი იყო. არც თუ ისე ბევრი ლაპარაკობს საფრანგეთში ინგლისურად. კომუნიკაცია მიჭირდა, ამიტომ ერთ წელიწადში ვისწავლე ენა. ძალიან განსხვავებული კულტურა და აზროვნება აქვთ, რასთან შეგუებაც, ასევე, მიჭირდა. ჩემი მეუღლე მუსიკოსია, ძალიან ხშირად მიდიოდა ტურში და ფაქტობრივად, მარტო ვრჩებოდი.
– რძალდედამთილობის ამბავი როგორაა საფრანგეთში?
– ერთი წელი ვცხოვრობდით ერთად. ჩემი დედამთილი ძალიან თავისუფალი და გულღია ადამიანია. ძალიან მეგობრული და თანამედროვე. როგორც დაქალი, ჩემთვის ისეა. სანამ ფრანგულს ვისწავლიდი, ხელებით და ფეხებით ვლაპარაკობდით. სულ ტელეფონი მეჭირა ხელში და ვცდილობდი, როგორმე მეთარგმნა სათქმელი. იმდენად გახარებული იყო საკუთარი შვილის გაბედნიერებით, რომ ძალიან დადებითად იყო განწყობილი. თვითონ ორი ბიჭი ჰყავს და ჩემი შვილი რომ გოგო დაიბადა, ეს მისთვის უდიდესი სიხარული იყო და დედამთილის თვალში კიდევ უფრო ავმაღლდი (იცინის). ძალიან მანებივრებს. ელენა ახლა სამი წლის ხდება და ორივე ენაზე ლაპარაკობს. თავიდან ბავშვთან მიმართებაშიც გამიჭირდა ბევრი რამ. მინდოდა, ქართული ტრადიციებით გამეზარდა, აქ ძალიან სხვანაირი მიდგომები აქვთ. ძალიან ხშირად ჩამოვდივართ საქართველოში. მეუღლე მეუბნება ხოლმე, რომ დავბერდებით, საქართველოში გადავიდეთ, მინდა იქ მოვკვდეო.
– რაც შეეხება შემოქმედებას, მოგიწევდათ ტაიმაუტის აღება.
– საფრანგეთში მაშინ გადმოვედი საცხოვრებლად, როცა უკვე პატარა უნდა გამეჩინა. ბავშვი რომ დაიბადა, მთელი ჩემი დრო ამას ხმარდებოდა, მაგრამ ახლა ისევ დავიწყე ჯგუფ Vanilla Cage-სთან დისტანციურად მუშაობა, რაც ძალიან პროდუქტიულია და  მსმენელს მალე შევთავაზებთ ახალ ჩანაწერებს. ამ მხრივ, მეუღლე ძალიან მეხმარება. ჩვენი ჯგუფის პროდიუსერობას მოჰკიდა ხელი და საკმაოდ კრიტიკულია. ძალიან უნდა, რომ მუსიკალურად აქტიური ვიყო და ყველანაირად ცდილობს, საფრანგეთში დაფუძნებაში შემიწყოს ხელი. მეუბნება, დანაშაულის გრძნობა მაქვს, რა კარგად იყავი და ყველაფერს მოგწყვიტეო.
– როგორ დაიწყო თქვენი კარიერა საქართველოში?
– დედაჩემის მამა – ხასან ღოღობერიძე ძალიან დიდი მუსიკოსი იყო და ქართულ ფოლკლორში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. დღემდე ბევრი ქართული ცეკვის ანსამბლი უკრავს ბაბუას განდაგანას. ექვსი შვილიშვილიდან ერთადერთი ვარ, ვისაც სიმღერის ნიჭი აღმოაჩნდა. დედა მეუბნება, ლაპარაკის დაწყებამდე შეგატყვე, რომ მუსიკალური ნიჭი გქონდაო. შვიდწლედი ფორტეპიანოს განხრით დავამთავრე, მაგრამ შემდეგ სიმღერა ავირჩიე. ეს გზა წარმატებებით დაიწყო და დარწმუნებული ვარ, ამ ტაიმაუტის შემდეგაც ასე გაგრძელდება. ჩემ მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯი „ნუცას სკოლა“ იყო, შემდეგ – „ქართული ხმა“, „X ფაქტორი“. კონკურსები ძალიან არ მიყვარს, მაგრამ საქართველოში თუ გინდა, შენით დაინტერესდნენ, ერთადერთი გზა ტელევიზიაა. კონკურსების შემდეგ ძალიან ბევრი შემოთავაზება წამოვიდა. ჯგუფს კი არაერთი წარმატება ჰქონდა, რომელიც ოცნების ახდენას ჰგავდა. 2018 წლის ზაფხულს მონაწილეობა მივიღეთ მსოფლიოში ყველაზე გრანდიოზულ როკ-ფესტივალში Hell Fest, რომელიც საფრანგეთში ყოველწლიურად ტარდება. დაუჯერებლად ჟღერს, ისეთი მუსიკოსებისა და ჯგუფების გვერდით გამოვდიოდით.  ფესტივალ Hell Fest-ზე მაქვს საუბარი, რომელშიც  მონაწილეობას იღებდნენ: Marilyn manson, Deep purple, Link bizkit, Iron Maiden, Alice in Chains, Aerosmith, Black sabbat, System Of Downs და ასე შემდეგ. ჯონი დეპიც კი იღებდა მონაწილეობას ელის კუპერთან ერთად ჯგუფ Hollywood Vempires-ში. ასევე, გამოვედით თბილისის ერთ-ერთ კლუბ Elektrowerk-ში ლეგენდარულ ჯგუფ Sepultura-სთან ერთად – დაუვიწყარი მომენტი იყო. ჩვენი ჯგუფი Vanilla Cage ოთხი გოგოსგან შემდგარი ერთი დიდი ოჯახია, რომელიც არ ნებდება, ჩვენ მუსიკის სიყვარული გვაერთიანებს და აუცილებლად მივაღწევთ ძალიან დიდ წარმატებას.

скачать dle 11.3