კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 როგორ გაძარცვეს გურულმა მოჯირითეებმა ბანკი და რატომ შეიშალა ქალი ჭკუიდან მამის ცხედრის მოპარვის შემდეგ

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

  კინოდოკუმენტალისტისა და მკვლევრის, ირაკლი მახარაძის პირველი მხატვრული ნაწარმოები – „ერთხელ გურიაში“, იმ უამრავ ამბავს აერთიანებს, რომელიც გურული მოჯირითეების შესახებაა ცნობილი. ორი ძმის თავგადასავლებით სავსე, ტრაგიკული ცხოვრება მაშინდელი მძიმე, თუმცა უკვე ჩვეულებრივად ქცეული ყოფის შესახებ გვიყვება.
  ირაკლი მახარაძე: მხატვრული ნაწარმოები არასდროს დამიწერია. კინოდოკუმენტალისტი ვარ და წიგნებსაც დოკუმენტური ხასიათისას გამოვცემ. გურული მოჯირითეების შესახებ ბევრი ამბავი მსმენია და გადავწყვიტე, ისინი ერთ მოთხრობაში მომექცია. მომინდა, მისთვის მხატვრული ფორმა მიმეცა, ამიტომ გადავწყვიტე, ყველა ამბავი ორი ძმის ცხოვრების ისტორიაში გამეერთიანებინა და დავარქვი „ერთხელ გურიაში“. გმირებს ჩემი ნათესავების სახელები და გვარები მივეცი. ძმებს მამაჩემისა და ბიძაჩემის სახელები და ბებიაჩემის გვარი აქვთ.  მსგავსი ამბები გურიაში ძალიან ხშირად ხდებოდა, ბევრის დადასტურებაა შესაძლებელი, ზოგის შესახებ კი მხოლოდ გადმოცემა არსებობს. მაგრამ მათი რეალურობა სავსებით ლოგიკურია და თან, კარგია, რომ მხატვრული ნაწარმოები თავისუფლების საშუალებას გაძლევს. თუმცა, ვიმეორებ, ამ ისტორიებს, ძირითადად, რეალური საფუძვლები აქვთ. მაგალითად, ვიცით, რომ ორი ძმა ბათუმში წავიდა, სადაც რუს გენერალთან მოუვიდათ ჩხუბი. რის შემდეგ ისინი ისე სცემეს, სიკვდილის პირას მიიყვანეს. მართალია ისიც, რომ ნათესავებს მამა მოუკლეს და ისინი მკვლელს გაედევნენ ამერიკაში, მაგრამ ვერ იპოვეს.
– თქვენს მოთხრობაში ბანკის გაძარცვის ამბავია საკმაოდ შთამბეჭდავი. ესეც რეალურია?
– ბანკის გაძარცვის ამბავიც ნამდვილად მომხდარა, ნაღდი ამბავი აღვწერე, რომელშიც გურულები მონაწილეობდნენ. რევოლუციური კომიტეტების დასახმარებლად ფული სჭირდებოდათ, რომ იარაღი შეეძინათ და კონსტანტინეპოლში მართლა გაძარცვეს ბანკი. წიგნში სტამბული მიწერია, სტამბული ხომ წინათ კონსტანტინეპოლი იყო. ყველაფერი წინასწარ დაიგეგმა და გაძარცვის დღეც დაითქვა. ბანკის გარშემო უამრავი ხის ძველი შენობა იდგა, ბიჭებმა მოიმარაგეს ბლომად ნავთი, ბაზარში მეხანძრეთა ტანსაცმელი შეიძინეს. დათქმულ დღეს ჯერ კიდევ ბნელოდა, როცა რამდენიმე სახლს ნავთი მიასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. მზისგან გამომხმარი ხე მაშინვე აალდა. სულ რამდენიმე წუთში კი ატყდა განგაში და შეიქნა ჩოჩქოლი: „ხანძარია! ხანძარი!“ ცეცხლი ქარის მეოხობით სწრაფად მოედო გვერდით მდგომ ხის სახლებს და სულ მალე ბანკის მიმდებარე ტერიტორია აბრიალდა. შეშინებული ქალებისა და ბავშვების წივილ-კივილი და ტირილი აყრუებდა იქაურობას. კაცები დაფეთებულები აქეთ-იქით დარბოდნენ და წყალს ეზიდებოდნენ. ვისაც შეეძლო, სახლებიდან ნივთები გამოჰქონდა. შავი ფერის კვამლმა შთანთქა ყველაფერი, პანიკამ მოიცვა იქაურობა. სულ მალე მეხანძრეთა ეტლები გამოჩნდნენ, გაშალეს მილები და შეუდგნენ ხანძრის ჩაქრობას. გამოჩნდა პოლიცია. ბანკის დაცვაც თითქმის ერთიანად გარეთ გამოცვივდა. ცეცხლისა და კვამლის მიუხედავად სეირის მაყურებელიც ბლომად მოგროვდა, პოლიცია გინებით, ყვირილითა და ხელჯოხებით მათ დაშლას ცდილობდა. ამასობაში მეხანძრეთა ერთი ეტლი ბანკს უკანა მხრიდან მიადგა, მათთვის ყურადღება არავის მიუქცევია. ეტლიდან ჩვენი გურულები გადმოვიდნენ. ფსევდო მეხანძრეები შენობის სახანძრო კიბის მეშვეობით მეორე სართულზე აძვრნენ, ჩაამტვრიეს ფანჯარა, შეძვრნენ შენობაში, სეიფები გააღეს და ფულის გადმოლაგება დაიწყეს. ბანკნოტები ტომრებში ჩააწყვეს, ზურგზე აიკიდეს, შენობიდან ისევ კიბის საშუალებით ჩამოვიდნენ, ეტლში ჩასხდნენ და მოცოცხეს – ეტლი ადგილიდან მოსწყდა და წამიერად კვამლში გაუჩინარდა. ფული გაიყვეს და იმავე დღეს წინასწარ დაქირავებული პატარა კატერით სტამბულს გაერიდნენ.
– კიდევ რა არის რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული?
– მე ვასო წულაძის ისტორია ავიღე. მან გაძარცვა მატარებელი, გენერალი სცემა, ოქროს პორტსიგარი წაართვა. მერე ამერიკაში წავიდა და ტეხასში გარდაიცვალა. მანამდე აქ ყოფილა ჩამოსული და ნათესავებს ეხმარებოდა, მაგრამ შემდეგ გაიგო, რომ უთვალთვალებდნენ და სასწრაფოდ დატოვა ქვეყანა. ჩამოსული იყო ცნობილი ჯორჯ კობიც, რომელმაც რაჭაში თავის სოფელს სკოლა აუშენა და ხიდიც გაუკეთა. მერე ცნობა მოუვიდა, კომუნისტები დაპატიმრებას გიპირებენო. იცოდა, რომ აუცილებლად დახვრეტდნენ და აქედან გაიქცა.
– ბევრი მოჯირითე უკან არც ბრუნდებოდა...
– ბევრი იქ რჩებოდა და ოჯახს ქმნიდა. იყო ერთი სურგულაძე, რომელმაც იქ ცოლი მოიყვანა, შვილიც გაუჩნდა. მაგრამ მანამდე ოჯახი აქაც ჰყავდა. სამშობლოში რომ ჩამოვიდა, ამ აბდალამ თავისი ცოლის ფოტოები ჩამოიტანა და გურულ ცოლს აჩვენა. სულ გადეირია გურული ქალი, გამოიტანა ყველაფერი, რაც იქიდან ჰქონდა ჩამოტანლი მის ქმარს, ეზოში დაყარა და დაწვა. ბევრი მათგანი კომუნისტების დროს დაბრუნდა, მაგრამ მათი სიცოცხლე რეპრესიებმა იმსხვერპლა. იყო ერთი ცინცაძე, რომელსაც ხელწერილი დაადებინეს, არასდროს იტყვი სიტყვა ამერიკასო. სახლში მოვიდა, ტუალეტში შევიდა, ნერვიულობისგან გული გაუსკდა და მოკვდა. ივანე ბარამიძე მაგალითად, სადგურიდან აიყვანეს და გააქრეს. ივანე მახარაძეს თეთრი ულაყი ჰყავდა, რომელიც ბოლშევიკებს არ გადასცა და შვილი გადაუსახლეს ციმბირში. პავლე მახარაძის მეუღლე ნერვიულობისგან ლოგინად ჩავარდა, ეს მაშინ ძალიან ჩვეულებრივი ამბავი იყო. სასტიკი რეჟიმი იყო. ხალხს ისე კლავდნენ, როგორც ტარაკნებს. ძალიან ხშირად, ვინმეს რომ დახვრეტდნენ, მისი საფლავი იკარგებოდა, არავინ იცოდა, სად იყო დამარხული. მაგალითად, კომუნისტები რომ გურიაში შემოვიდნენ, რამდენიმე კაცი დახვრიტეს. ერთ-ერთის ქალიშვილმა გადაწყვიტა, გაეთხარა ის ადგილი, სადაც მამის  საფლავი ეგულებოდა და ცხედარი მოეპარა. მართლაც, ღამე მივიდა, ამოთხარა და წამოიღო ცხედარი. სახლში რომ მიიტანა და სინათლეზე ნახა, მიხვდა, რომ სხვისი ცხედარი ამოუთხრია და ამ ამბავზე ჭკუიდან შეიშალა. ეს მაშინ ჩვეულებრივი ამბავი იყო. არ იცოდნენ, დახვრეტილები სად იყვნენ დასაფლავებული. თუ გაიგებდნენ, მიდიოდნენ, იპარავდნენ და სხვაგან ასაფლავებდნენ. ასე რომ, ის ისტორია, რომელიც იქ მოვყევი – როგორ მოიპარა მეგობარმა მეგობრის ცხედარი და ეზოში დამარხა, რეალობითაა ნასაზრდოები.

скачать dle 11.3