№8 როგორ მოძრაობდა მსხვილი, საერთაშორისო ნარკოტრაფიკი ავღანეთიდან საქართველოს გავლით
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
ლეგალური ნარკონედლეული
ავღანეთი ძველთაგანვე იყო ნარკოტიკული ნედლეულის უმსხვილესი მწარმოებელი მსოფლიოში. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისიდან ოპიუმის ყაყაჩოს მთელი მოსავლის 55 პროცენტი სწორედ ავღანეთზე მოდიოდა. ამ მცენარისგან სხვადასხვა სამედიცინო-ნარკოტიკული ნივთიერებები მზადდება და მის ექსპორტს ავღანეთი მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებდა. ამგვარად, ავღანეთის სახელმწიფო ბიუჯეტის 75 პროცენტს სწორედ ოპიუმის ყაყაჩოს ექსპორტისგან მიღებული თანხები ავსებდა და მისი წარმოებაც ყოველწლიურად იზრდებოდა. ფართოვდებოდა ყაყაჩოს პლანტაციები და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი სამუშაო ადგილები იქმნებოდა. ამ ყაყაჩოს უმსხვილესი იმპორტიორი თურქეთი იყო, ავღანეთიდან ამ ქვეყნისკენ მიმივალი ყაყაჩოს გზა კი საქართველოზე გადიოდა. ავღანეთში დაფასოებული ყაყაჩო ჯვალოს უზარმაზარ ტომრებში თავსდებოდა, იპლომბებოდა და უზარმაზარ ტრაილერებში იტვირთებოდა, რომლებიც თბილისისა და ბათუმის გავლით თურქეთში შედიოდა. სარფის საბაჟოზე ნედლეულს ზერელედ ამოწმებდნენ და დაუბრკოლებლად უშვებდნენ საზღვარზე. მეოცე საუკუნის სამოცდაათიან წლებში მსოფლიოში ნარკოვაჭრობის ბუმი იდგა, რომელმაც პიკს 70-80-იანი წლების მიჯნაზე მიაღწია და ავღანეთი ლეგალურ ნარკონედლეულთან ერთად, უკვე არალეგალურ ნარკონედლეულსაც აწარმოებდა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იგზავნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთში 1979 წელს დაწყებული ომი 80-იან წლებშიც გრძელდებოდა, ავღანელები ლეგალური გზით მაინც აწვდიდნენ თურქეთს ყაყაჩოს და ეს მარშრუტი კვლავ საქართველოზე გადიოდა.
ნარკოტრაფიკი
არალეგალური ნარკოვაჭრობის გაძლიერებასთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ძალოვანმა სტრუქტურებმაც გააძლიერეს ნარკოდანაშაულთან ბრძოლა. მათ შორის საბჭოთა კავშირმაც და შინაგან საქმეთა საკავშირო სამინისტროში ნარკოდანაშაულთან მებრძოლი სპეციალური სტრუქტურა შეიქმნა. თუმცა, საბჭოთა მილიციელები მხოლოდ საბჭოეთის ტერიტორიაზე მოქმედებდნენ და ვერც ისე ეფექტურად, როგორც შეერთებულ შტატებსა და დიდი ბრიტანეთის შესაბამისი უწყებები. ამ ტიპის დანაშაულის მთავარი არტერია ნარკოტრაფიკი იყო და მის წინააღმდეგ მებრძოლი სტრუქტურა უკვე სახელმწიფო უშიშროების კომიტეტშიც შეიქმნა. მათ ბევრად უფრო გაფართოებული უფლებამოსილება ჰქონდათ და შეეძლოთ, საბჭოეთის საზღვრებს გარეთაც ემოქმედათ. ეს კი უფრო ეფექტურს ხდიდა მათ მუშაობას. თუმცა, მაინცდამაინც ვერც საბჭოთა უშიშროება უმკლავდებოდა ნარკოდანაშაულს, არადა, აშკარა იყო, რომ მძლავრი ნარკოტრაფიკის ერთ-ერთი უმსხვილესი არტერია საქართველოზე გადიოდა. „ჩეკისტებმა“ ძალიან მოინდომეს, დიდი ძალისხმევაც ჩადეს ამ ამოცანის ამოსახსნელად, ბევრი ოპერაციაც ჩაატარეს, მაგრამ რა გზითა და საშუალებით გადიოდა ნარკოტიკები საქართველოდან თურქეთში, ამის გაგება მაინც ვერ მოახერხეს.
„ჩეკისტური“ ეშმაკობა
საქართველოზე გამავალი ნარკოტრაფიკის ამოცანის ამოხსნაზე საკავშირო „სუკის“ სპეცჯგუფთან ერთად ადგილობრივი, ქართველებისგან შემდგარი ჯგუფიც მუშაობდა, რომელსაც 30 წლის მაიორი მიხეილ კოკაია მეთაურობდა. მათ ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია უტყუარად მიუთითებდა იმაზე, რომ საქართველოს გავლით ავღანეთიდან თურქეთში გადიოდა დიდი რაოდენობის არალეგალური ნარკოტიკი. ერთ-ერთ თათბირზე მაიორმა კოკაიამ თავის მოსკოველ კოლეგას, პოლკოვნიკ სტეპან ვოლკოვს უთხრა:
– საქართველოში ყველა გასაძრომ-გამოსაძრომი საიმედოდაა გადაკეტილი და გამორიცხულია, რომ სადმე არალეგალური საქონელი გაიტანონ. მით უმეტეს, დიდი რაოდენობით ნარკოტიკები. ამიტომ რჩება ერთადერთი გზა – ლეგალური ნარკონედლეულის მარშრუტი და ძაღლის თავიც სწორედ იქაა დამარხული.
– გამორიცხულია! – გაეცინა პოლკოვნიკს და დაამატა, – ლეგალური ოპიუმის ყაყაჩო გრამ-გრამში გადის და ამას უმკაცრესად აკონტროლებენ ჩვენი მებაჟეები.
– თუ ეგრეა, მაშინ ტყუილი ყოფილა, რომ საქართველოზე უკანონო ნარკოტრაფიკი გადის, – თქვა კოკაიამ.
– არა. ეს ასპროცენტიანი ინფორმაციაა და ზუსტად ვიცით, რომ ასეა, – მტკიცედ თქვა პოლკოვნიკმა.
მაიორს მეტი არაფერი უთქვამს და უხმოდ დაჯდა სკამზე. თუმცა, თავში ერთმა აზრმა გაუელვა და თავის კოლეგასა და მეგობარს, კაპიტან ნუგზარ სილაგაძეს უთხრა:
– ნუგო, თუ პოლკოვნიკი არ ცდება და რასაც ამბობს, მართალია, მაშინ ჩემი აზრით, ერთი პატარა ეშმაკობა უნდა ჩავატაროთ და მოემზადე.
1981 წლის 10 მაისს, ლეგალური ავღანური ოპიუმით დატვირთული ოთხი უზარმაზარი თურქული ტრაილერი სოღანლუღის „ტეკთან“ გაჩერდა და რვა თურქი მძღოლი იქვე მდებარე რესტორან „მარაბდაში“ შევიდნენ. ისინი ადმინისტრაციასთან იყვნენ შეთანხმებული და ყოველ რეისზე აქ სადილობდნენ. მძღოლებმა, ჩვეულებისამებრ, ხინკალი, მწვადები, ლიმონათი და „ბორჯომი“ შეუკვეთეს. უშიშროების გადაცმულმა მიმტანებმა კი ისინი ლიმონათში გარეული ბანგის მეშვეობით 24 საათით დააძინეს. ამასობაში კი „ჩეკისტებმა“ ტრაილერები სპეციალურ სადგომზე გადაიყვანეს და ოთხივე გულდასმით შეამოწმეს, თუმცა ყველაფერი წესრიგში აღმოჩნდა. მაშინ, მაიორმა კოკაიამ კოლეგებს ერთ-ერთი ჯვალოს ტომრის ლაბორატორიული შემოწმება შესთავაზა და როდესაც ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი, ყველაფერს ფარდა აეხადა. საქმე ის იყო, რომ ჯვალოს უზარმაზარი ტომრები, რომლებშიც ლეგალური ოპიუმის ყაყაჩო იყო მოთავსებული ჰეროინის სითხით იყო გაჯერებული. თურქი მძღოლების გაღვიძებამდე 6 საათი რჩებოდა. ამიტომ „ჩეკისტებმა“ ყველაფერი საწყის მდგომარეობაში დააბრუნეს, თანაც ისე აკურატულად, რომ გაღვიძებული თურქები ვერც კი მიხვდნენ, რომ ერთმა დღე-ღამემ გაიარა. ისინი მანქანებში ჩასხდნენ და ბათუმისკენ აიღეს გეზი. სარფში კი თურქულ ტრაილერს უკვე სპეციალურად მომზადებული ოპერატიული ჯგუფი ელოდა. იქვე იყვნენ თურქეთის კონსული და დიპლომატები. სწორედ მათი თანდასწრებით გახსნეს ტრაილერები. განხორციელდა შემოწმება, ტომრების ექსპერტიზა და საბჭოთა უშიშროებამ ოთხი თურქული ტრაილერიდან 600 კილოგრამი სუფთა ჰეროინი ამოიღო, რომლებიც ჯვალოს ტომრებს ჰქონდა შეწოვილი. მას სპეციალური რეაქტივის მეშვეობით ხსნიდნენ და შემდეგ განსაკუთრებული ხერხით ამუშავებდნენ. ანტინარკოტიკული ოპერაციის შედეგად უშიშროების კომიტეტმა გამოავლინა მსხვილი ნარკოკარტელი, რომელშიც საბჭოთა არმიის ავღანეთში დისლოცირებული ჯარების რამდენიმე მაღალჩინოსანი იყო გაერთიანებული, ასევე, ორი თურქი ბიზნესმენი. სულ ამ საქმეში გარეული 27 ადამიანი დააპატიმრეს. მაიორმა მიშა კოკაიამ კი პოდპოლკოვნიკის რიგგარეშე ჩინი მიიღო და ის მოსკოვში, უშიშროების ცენტრალურ აპარატში გადაიყვანეს სამუშაოდ.