№8 რა არის საგვარეულო პროგრამა და რამდენ თაობაზე მოქმედებს მისი გავლენა წარსულსა და მომავალში
ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი
წინაპრების მემკვიდრეობა ამ პლანეტაზე იმდენად ძველია, რომ, როგორც მაგები და წინასწარმეტყველები ამტკიცებენ, რამდენიმე მილიონ წელს ითვლის. დღეისთვის მთელი ეს კოლოსალური გამოცდილება და ინფორმაცია ჩვენშია დალექილი - ჩაწერილია გენეტიკურ დონეზე, რათა თაობათა შორის კავშირი არასდროს შეწყდეს და საგვარეულო ენერგია თავისუფლად გადაედინებოდეს ერთიმეორეში. ადამიანი ვერ იარსებებს საკუთარი მოდგმის - საგვარეულოს გარეშე და გვინდა თუ არა, საგვარეულო პროგრამა თავისთავად მოქმედებს ჩვენზე. ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ისაა, რომ საკუთარ თავზე მუშაობით შევცვალოთ ეს პროგრამა. თუ რა მემკვიდრეობა გადმოგვეცემა მოდგმით და როგორ შეიძლება საგვარეულო პროგრამის შეცვლა, ამ თემაზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ბატონი ამირან გ.
- უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს საგვარეულო შტოს წინაპართაგან - მშობლებისა თუ გვარის უხუცესებისგან თავიანთ მონაგარზე მადლის გადასვლის ტრადიცია, დაოჯახებისა თუ გარკვეული საქმიანობის წარმართვის მიზნით... და ეს უმნიშვნელოვანესი წესი დღესაც აქტუალურია, რაც ოჯახის თითოეულ წევრს საგვარეულო ენერგიაზე წვდომის საშუალებას აძლევს. ვერც კი წარმოიდგენთ, რა ძალას მივიღებთ, თუ ჩვენს მოქმედებას იმ ყოველივეს შევუსაბამებთ, რასაც საგვარეულო მეხსიერება მოიცავს.
- რა მემკვიდრეობას ვიღებთ საგვარეულოსგან დედ-მამის ხაზით?
- დედისგან მემკვიდრეს ცხოვრების ძალა გადაეცემა, ხოლო მამა ჭკუითა და გონებით ავსებს მას. დედა გვასწავლის, როგორ ვმართოთ სხვადასხვა სიტუაცია, გავუმკლავდეთ დანაკარგისა და განუხორცილებელი ოცნებებისგან მიღებულ ტკივილს, ანუ გზას გვიკვლევს ცხოვრების ემოციურ ლაბირინთებში. ამიტომ, ცხოვრების ყოველი ახალი ფურცლის გადაშლისას, არ დაგავიწყდეთ, დედას ნებართვა სთხოვოთ. მისი დალოცვა საქმის წარმატების საწინდარია. ენერგეტიკულად ბავშვი დედის გაგრძელებაა და ამიტომაც შეუძლია მას, შვილის ბედი შეცვალოს. საგვარეულო მოდგმა, ანუ ერთი გვარის ნათესავთა შერწყმა, ქმნის ენერგოინფორმაციულ წარმონაქმნს - ეგრეგორს. მასში ენეგეტიკულად მხოლოდ რეალურ დროში ცოცხალი ადამიანები კი არ მონაწილეობენ, არამედ გვარის გარდაცვლილ წევრთა ენერგეტიკული კვალიც რჩება. მამა განასახიერებს ბუნების მამაკაცურ ძალას და ბავშვს ისეთი თვისებებით ავსებს, როგორიცაა: პასუხისმგებლობა, პრინციპულობა, ოპტიმიზმი, მიზანდასახულობა, ძალისხმიერება, შეუდრეკელობა, ენთუზიაზმი, კეთილშობილება, თვითდისციპლინა, გულუხვობა, შრომისგან გამოწვეული სიამოვნება. ქალური ენერგიების მფლობელი დედა კი შვილს გადასცემს: გარემოცვაზე ზეგავლენის, მიზიდულობისა და მოლაპარაკების, გაწეული სამსახურისთვის სარგებლისა და ფულის მიღების უნარებს და აგრეთვე, იღბალს... და თუ მშობლებთან ურთიერთობები დაირღვა, ირღვევა ამ ენერგიათა გავლენაც ჩვენს ცხოვრებაზე.
- რა არის საგვარეულო პროგრამა?
- საგვარეულო პროგრამა ჩვენი წინაპრების ნამოქმედართა შერწყმაა და სრულიად ასახავს ჩვენს პირად კარმასაც. სანამ ამქვეყანას მოვევლინებით, ყოველი ჩვენგანის სული ირჩევს მშობლებს, გვარს, ეროვნებას, დაბადების ადგილსა და დროს. თითოეული ჩვენგანი რგოლია შთამომავლობათა ჯაჭვში და ყველანი ჩვენი წინაპრების გამოცდილებას ვეყრდნობით. ამიტომ, მთელი ყურადღებით სიყვარულითა და პატივისცემით გამოიკვლიეთ თქვენი გვარი, რაც დაგეხმარებათ, უკეთ გაერკვეთ საკუთარ თავში, პრობლემებში და გააცნობიეროთ თქვენი მოწოდება, დანიშნულება. აუცილებელია, იცნობდეთ თქვენს ფესვებს და ბევრ საინტერესო რამეს აღმოაჩენთ. უნდა შეისწავლოთ თქვენი გენიალოგიური ხე და თუ კარგად ჩაუღრმავდებით, გარკვეულ მოვლენათა შორის კავშირსაც შეამჩნევთ, თაობიდან თაობამდე რომ მეორდება. ბევრი დღევანდელი პრობლემა რაღაცით წარსულში უკვე მომხდარს უკავშირდება.
- რით დავიწყოთ?
- უპირველესად გახსოვდეთ, რომ საკუთარი ცხოვრების განმრიგე თავად ხართ. მართალია, ეს იოლი ამოცანა არ გახლავთ, მაგრამ უნდა ამოხსნათ, რისთვისაც სრულყოფილი კვლევის ჩატარება მოგიწევთ. უმჯობესია, ინფორმაცია წინაპართა 3-4 თაობის შესახებ შეაგროვოთ. გამოკითხეთ ოჯახის წევრები ყველა საკვანძო საკითხზე, როგორიცაა: დაბადება, სკოლა, ქორწილი, გარდაცვალება, ინფორმაცია მათი საქმიანობის, ოჯახური ურთიერთობების, მატერიალური მდგომარეობისა და საგვარეულო დაავადებების თაობაზე. დაწვრილებით გამოიკითხეთ აგრეთვე, მშობლების და-ძმის - ბიძებისა და მამიდა-დეიდების შესახებაც. ამ ყველაფერში დაგეხმარებათ საოჯახო ფოტოალბომები, საგვარეულოში შემოინახული ძველი დღიურები ან წერილები. ასევე, აღადგინეთ ურთიერთობა შორეულ ნათესავებთან. აცნობეთ, რომ გვარის ისტორიას ადგენთ და ყველა ახლობლის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას აგროვებთ.
- როგორ უნდა შევცვალოთ საგვარეულო კარმა?
- ერთი მხრივ, გვარი წყაროა ჩვენი ძალისა და სიცოცხლის, მეორე მხრივ კი - კარმა ჩვენი გასავლელი გზაა. მართალია, არის ჩვენი გზა და გზა - გვარისა, თუმცა ერთი მეორეს გარეშე არ არსებობს. ყველა ადამიანს თავისი დანიშნულება, მისია აკისრია, რაც მჭიდროდაა გადაჯაჭვული გვარის ბედთან. ამიტომაც ვართ ვალდებული, რომ რაღაც გავაკეთოთ, რაღაც გზა მოვძებნოთ და შევცვალოთ საკუთარი და საგვარეულო კარმაც. ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ, რომ სრულყოფილების მიღწევით ადამიანი ეხმარებოდა შვიდ თაობას მომავალში და შვიდს - წარსულში. ასე ყალიბდება გვარის კეთილშობილება, რომელიც თაობიდან თაობაზე გადადის. მაგრამ, თუ სულს წავიწყმედთ, ამით საკუთარი თავის დეგრადირების გარდა, ჩვენი გვარის ათეულობით წინა და მომავალ თაობას ვაცლით ენერგიას. სწორედ ამით აიხსნება ის, თუ: დაბადებიდან რატომ დაჰყვება ერთს რაღაც მადლი და მეორეს - არა; რატომ იბადება ერთი ჯანმრთელი და მეორე - ავადმყოფი. საქმე ისაა, რომ ამას მხოლოდ მისი პირადი კარმა კი არა, მთელი საგვარეულოს კარმა განსაზღვრავს და თუ როგორ განკარგავთ ამ ძალებს, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. რომ იცოდეთ, გვარის კეთილშობილების ძალა გენიალური ბავშვის დაბადების საფუძველია. პრობლემები კი, რასაც ცხოვრებაში ეჯახებით, საგვარეულო ამოცანათა ამოხსნის გზებია. უფრო სწორად, როცა, ბოლოს და ბოლოს, რთული სიტუაციიდან გამოსვლის საკითხს გადაწყვეტთ, თავისუფლდებით იმ შინაგანი ენერგიისგან, ცხოვრების კიბეზე თქვენს ზემოთ ანაცვლებას რომ ეღობებოდა. ნებისმიერი წინააღმდეგობა ცხოვრების გზაზე ჭეშმარიტი შანსია ფასდაუდებელი გამოცდილებისა, რომელიც დასახული მიზნის მისაღწევადაა აუცილებელი. ასე რომ, საგვარეულო ამოცანების ამოხსნა სასიკეთოდ შეცვალის არა მხოლოდ თქვენს ბედს, არამედ თქვენს შთამომავლობასაც ჩამოხსნის მძიმე ტვირთს. ეს კი საუკეთესო მემკვიდრეობაა, რაც კი შეიძლება, შთამომავლობას დაუტოვოთ.