კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 რატომ ვერ აიღო ჯალალედინმა ისნის ციხე და რატომ დათანხმდა იქ გამაგრებული ქართველების უომრად გაშვებას

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

  მონღოლების სამსახურში მყოფი, სპარსელი ისტორიკოსი ალა ალ-დინ ათა მალიქ იბნ მუჰამად ჯუვეინის თქმით, ტფილისის გალავანში შეჭრისა და ქალაქის აღების მერე, ჯალალედინმა, თითქოს, შეიწყალა ტფილისში, ისანში მდგომი ქართული ნაწილები და გაუშვა სამშვიდობოს, დასავლეთ საქართველოში:
  „ციხეში მყოფთ (ქართველმა მეომრებმა)...  ...ყიზ-მალიქის (იგულისხმება რუსუდან მეფე) ხაზინა წყალში ჩაყარეს და მეორე დღეს პატიება ითხოვეს. სულთანმა მათი თხოვნა დააკმაყოფილა და პირადად იდგა, სანამ ის ხალხი მის საგუშაგოებს ჩაუვლიდა და აფხაზის საზღვარს მიაღწევდა“.
  ისე გამოჰყავს, თითქოს ჯალალედინი, კეთილი ნებით, პირადად დარაჯობდა, რათა ქართველ ჯარისკაცებს მისი ჯარისგან არაფერი დაშავებოდათ, ისე გადასულიყვნენ დასავლეთ საქართველოში.
რაღაცას მალავს მაჰმადიანი ისტორიკოსი.
  ჩვენი უცნობი ჟამთააღმწერლის მიერ, ჯალალედინის შემოსევის თანამედროვე, ქართველი მემატიანეების გადმოცემის საფუძველზე შექმნილი თხზულებით, ჯუვეინის ნათქვამითა და სხვა გადმოცემებით, შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორ იყო საქმე.
  ჯალალედინის ქვემო ქართლში შემოსვლისთანავე რუსუდან დედოფალი აიყარა და გაემგზავრა ქუთათისს. ტფილისის მცველებად დატოვა ძმები, მემნა და ბოცო ბოცოს ძენი. ჩვენი დედაქალაქი კარგად იყო გამაგრებული, როგორც მტკვრის მარჯვენა, ისე მარცხენა მხარეს.
  ქალაქთან იმართებოდა ბრძოლები. ერთ ღამეს, ტფილელმა მაჰმადიანებმა, რომლებიც ყველანაირი უფლებებით სარგებლობდნენ ჩვენს დედაქალაქში და საერთოდ, ჩვენს სამშობლოში, ყველა პირობა ჰქონდათ შექმნილი ცხოვრებისა და მოღვაწეობისათვის, კაცი გაუგზავნეს ჯალალედინს და ქალაქის კარის გაღებას შეჰპირდნენ, რომელსაც თვითონ იცავდნენ.
იმდენად ენდობოდნენ ქართველები ტფილისელ მაჰმადიანებს, რომ ერთ-ერთი კარიბჭის, მისი მიმდგომი გალავნისა და საგუშაგოების გამაგრება მათ ჰქონდათ მინდობილი. ეს კარგად ამტკიცებს ჩვენი წინაპრების ადამიანობას, თუმცა, სიფხიზლის უქონლობასაც.
  1226 წლის 9 მარტის დილას, სულთანი ჯალალედინი საომრად გაემზადა და ქალაქისკენ დაიძრა, დაიმედებული – კარებს ტფილელი მაჰმადიანები გაუღებდნენ. ჩვენი განწირული წინაპრები, ტფილისში მდგომი ჯარისკაცები, მემნასა და ბოცოს სარდლობით, მიადგნენ განძის კარს, რათა გასულიყვნენ ქალაქიდან და შებრძოლებოდნენ მტერს. მემნამ მოიხსნა მუზარადი და თავზე მუზარადის ჩასაფენის დახურვას აპირებდა. მოულოდნელად გვერდზე მდგომმა ტფილელმა მაჰმადიანმა ხმალი ჩასცხო მემნას შიშველ თავზე და მოკლა. ნიშანზე მოღალატე ტფილისელი მაჰმადიანები ზურგიდან დაერივნენ ქრისტიან მეომრებს. სხვადასხვა სადარაჯოზე მდგარი ქართველები ზურგიდან მიპარვით დახოცეს მაჰმადიანებმა. სანამ ქართველები გონს მოვიდოდნენ, მოღალატეებმა განჯის კარი (დღევანდელი ბოტანიკური ბაღის მახლობლად, ძველი ტფილისის ერთ-ერთი ისტორიული კარიბჭე) გაუღეს წინასწარ გაფრთხილებულ ხვარაზმელებს და ქალაქში შემოუშვეს.
  აირია ჯარი და ქალაქი. ვინ საიდან ესროდა ისრებს ან საიდან უტევდა ქართველ მეომრებს, კაცი ვერ გაიგებდა. მაჰმადიანები ბევრნი ცხოვრობდნენ ტფილისში. ქართული ციხიონის ნაწილი გაწყდა. ნაწილმა ბრძოლით გაიკაფა გზა ისნისკენ და ქალაქის იმ ნაწილში გამაგრდა ბოცო ბოცოს ძის მეთაურობით...  ტფილელი მაჰმადიანები გულგრილად უყურებდნენ, როგორ დაერივნენ მოხუცებს, ქალებსა და ბავშვებს მათ მიერ შემოშვებული ხვარაზმელები. ხედავდნენ სულგაყიდულები, როგორი სისასტიკით ხოცავდნენ მათ მეზობლებს, მათდამი მეგობრულად განწყობილ ქართველებს ველური ხვარაზმელები.
  ისანი კლდეზე მდგარი კარგად გამაგრებული ციხე იყო, სამეფო სასახლის გარშემო მთელი სისტემა იყო გალავნებისა და კოშკების.  
ისანი ვერ აიღო ჯალალედინმა. მაგრამ, ისანში გამაგრებულები უმძიმეს მდგომარეობაში იყვნენ. მარცხი მარცხია, მაგრამ, ღალატით გამოწვეული გამწარება – კიდევ სხვა. ისანში გამაგრებულები ხედავდნენ, როგორ ოხრდებოდა მათი სათაყვანებელი დედაქალაქი. ალბათ, თავი სიზმარში ეგონათ, წარმოუდგენელი სულიერი ტკივილი განიცადეს და უკანასკნელ სისხლის წვეთამდე ბრძოლა სწყუროდათ.
  ჯუვეინი დუმს იმ სისასტიკეზე, რაც მისთვის ძვირფასმა მაჰმადიანმა სულთანმა ჩაიდინა. ზემოთ ვთქვით, რომ ჯუვეინის თქმით, ისანში გამაგრებულმა ქართველებმა, თითქოს, პატიება და მშვიდობიანად გაშვება სთხოვეს ჯალალედინს. ჯუვეინი ამბობს, თვითონ სულტანმა გააცილა ქართველი ჯარისკაცები დასავლეთ საქართველომდეო.
  რადენიმე ასეულის ან, თუნდაც, რამდენიმე ათასი ქართველის, რომლებიც გადარჩნენ, განადგურება ჯალალედინს არ გაუჭირდებოდა. დიდი რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა ისანში გამაგრებულ ქართველებთან შედარებით. ჩვენი ბევრი მეომარი ღალატით დაიღუპა ჯერ გარნისში, მერე ლორეს მთებში, მერე ტფილისთან. მაშ რატომ გაუშვა ისინი ჯალალედინმა?
  ამ ამბავს პასუხობს ჩვენი მონღოლთადროინდელი მემატიანე, სხვა ქართველი მემატიანის, აღნიშნული ამბების შემსწრე, ვინმე ბერი მღვიმელის გადმოცემის საფუძველზე:
  „ვინათგან არღარა იყო ღონე და ლხინება ქალაქის, ბოლოს და სხუათა მცველთა ქალაქისათა წარმოუვლინა მეფემან რუსუდან კაცნი, რათა დაუტეონ ისანი და წარვიდენ. და ვითარ მრავალგზის მოავლინა დასტური მეფემან დატევებად ქალაქისა, ძლით დაარწმუნა მეფემან ბოცოს წარსლვა, ვითარცა სწერს ვინმე ბერი მღვიმელი“.
  მაშასადამე, კარგა ხანს გაგრძელებულა ისნის შტურმი და ვერ აუღია ისანი ჯალალედინს. სანამ ეს გაიგო ქუთათისში მყოფმა რუსუდანმა, სანამ კაცი გამოუგზავნა ისანში გამაგრებულ მეომრებს, თან რამდენჯერმე და ციხის დათმობა უბრძანა, მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით, არაერთი დღე, შეიძლება, რამდენიმე კვირაც კი გაგრძლებულიყო ეს ამბავი. ბოლოს, ეტყობა, რუსუდანის კარსა და ჯალალედინს შორის მოლაპარაკება შედგა და რუსუდანის ბრძანებით დაცალეს ისანი ჩვენმა მეომრებმა.
  ეტყობა, ჯალალედინსაც ეს უნდოდა. მიზანი მიღწეული ჰქონდა, საქართველოს დედაქალაქი მისი ხდებოდა, რაც აძლევდა საშუალებას, მთელი აღმოსავლეთ საქართველო დაეკავებინა და ეტრაბახა, თავისი მეომრებისა და სრულიად სამაჰმადიანოს წინაშე – ქართველთა დედაქალაქი ჩემი გახდაო. ქართული საომარი მანქანა დაამარცხა. ახლა, ტფილისის მთლიანად დაკავება უნდოდა, ჯარის მოსვენება, ხაზინის ხელში ჩაგდება და გამარჯვებით ტკბობა. სწორედ ამიტომ წერს ჯუვეინი, ქართველმა მეომრებმა ხაზინა წყალში ჩაყარესო.
  თუმცა, შემდეგ ჯალალედინს მაინც დიდი ფული ჩაუვარდა ხელში ქართული ხაზინიდან. მან გადაბეჭდა კიდეც რუსუდანის მონეტები, რომლებიც საკუთარი სახელით მოაჭრევინა რუსუდან მეფემ.
  საკუთარი სამშობლოს დამპყრობლების, მაჰმადიანთა მჟლეტავების, წარმართი მონღოლების მსახური ჯუვეინი დუმს ტფილისში ბავშვების, ქალების, მოხუცების, მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების ფაქტზე.

скачать dle 11.3