№8 გავყევი ისეთ ადამიანს, ვისაც ჩემს შესაფერისად არ თვლიდნენ და დღეს ბედნიერი ვარ
თბილისში, იტალიურ ეზოში, სხვადასხვა ეროვნების მეზობლების გარემოცვაში გავიზარდე. მართალია, თავადური წარმოშობის გვარის არ ვიყავი, მაგრამ თუ რომელიმე ბიჭს მოვეწონებოდი, ჩემი მშობლები, ყოველთვის აქცევდნენ ყურადღებას მის წარმომავლობას და გენეტიკას. ერთ ძალიან კარგ ბიჭს ვუყვარდი და იმის გამო დაიწუნეს, ცუდი გვარი აქვს, არ გაეკარო, იმაზე იფიქრე, შენს შვილებს კარგი წარმოშობის მამა ჰყავდეთ, რომ კარგი გვარიშვილები იყვნენო. არასდროს ვაქცევდი მათ შეხედულებებს ყურადღებას და სულ მაღიზიანებდა მათი ამგვარი აზროვნება. ჩემი და რომ გათხოვდა, კარგა ხანს არ ელაპარაკებოდნენ – ეს გლეხის გვარის სად გამოქექე და გაჰყევიო. არადა, მართლა კარგი სიძე გვყავს. მოკლედ, როგორც გითხარით, იტალიურ ეზოში გავიზარდე და ჩვენი მეზობელი იეზიდების ოჯახი იყო. საკმაოდ კულტურული და შეძლებულები ხალხი. ქმარი ადრე დაეღუპა და დედა ოთხ ობოლ შვილს ზრდიდა. მათი სახლიდან ხმამაღალი ლაპარაკიც არ გამოსულა. დედაჩემი მათთან ურთიერთობაში მხოლოდ გამარჯობით შემოიფარგლებოდა და თუ ეზოში მათთან ერთად ვთამაშობდი, მეძახდა, ახლავე სახლში შემოდიო. მერე, ის ოჯახი გლდანში გადავიდა საცხოვრებლად. ისე გავიზარდე, არსად შემხვედრიან. ერთ დღესაც ჩემს მეგობარს ვესტუმრე გლდანში და აღმოჩნდა, რომ მისი მეზობლები ყოფილან. კორპუსთან მათი უფროსი ვაჟი დავინახე, რომელიც სულ პატარა მახსოვდა. გადავირიე – მაღალი, სიმპათიური, მოწესიგებული, თვალში მოსახვედრად დახვეწილი ბიჭი გამხდარა. რასაკვირველია, მომერიდა მისვლა და გამოცნაურება. თუმცა, ისე მომინდა იმ ამბების გახსენება მასთან, რასაც ბავშვობაში ჩავდიოდით, გადავწყვიტე, ჯერ ჩემს მეგობართან მივსულიყავი და მერე, ის იეზიდი, ყოფილი მეზობლები მომენახულებინა. ასეც მოვიქეცი და ახლა ვთვლი, რომ იმდენი წლის მერე იმ ოჯახის პოვნა ბედისწერა იყო. მოკლედ, მივედი, კარზე დავაკაკუნე და რომ გაიღო და გულო დეიდა დავინახე, ცრემლები წამომივიდა, მაგრად ჩავეხუტე. თვითონ ვერ მიცნო და რომ ვუთხარი, ვინც ვიყავი, გადაირია, აქ როგორ მომაკითხე, ამდენი წლის მერეო. ბავშვობაში მართლა ძალიან მიყვარდა ეს ქალი. ხან რაც მჩუქნიდა და ხან რას და დედას რომ არ ენახა, ჩუმად ლეიბის ქვეშ ვინახავდი. მოკლედ, შემიპატიჟა სახლში და იმ დღეს ბევრი ვისაუბრეთ. მისი უფროსი შვილი – ედუ სახლში არ იყო. ჩემი ტელეფონის ნომერი დავუტოვე და ვთხოვე, არ დამეკარგოთ, დამირეკეთ-მეთქი. რასაკვირველია, ეს ამბავი ჩემს ოჯახს დავუმალე. მოკლედ, იმ დღის მერე, ხშირად ვსტუმრობდი და მათთან ყოველი მისვლა მიხაროდა. თითქოს ბავშვობაში ვბრუნდებოდი და თავს რაღაცნაირად ბედნიერად ვგრძნობდი. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ედუს და მე ერთმანეთი შეგვიყვარდა. როდემდე დავმალავდი? შევაპარე ჩემს მშობლებს და გადამერივნენ. მთელი სანათესაო ჩაერია ამ ამბავში. დამიწყეს ჭკუის სწავლება: რა შენი შესაფერისია, მოაშორე, მოაწყვიტე აქედანო. მე არ ვუსმენდი, დავკარი ფეხი და გავყევი ედუს ცოლად. ეს წლების წინ მოხდა და მთელი ათი წელი დედ-მამა ახლოს არ მიკარებდა. სამი შვილი ისე გავაჩინე და გავზარდე, არ მოვუკითხივართ. დედ-მამამ კი მომიკვეთა, მაგრამ ჩემს დას და სიძეს არ მივუტოვებივართ, ვურთიერთობდით, ერთმანეთთან ხშირად დავდიოდით. ბევრი რომ არ გავაგრძელო, დღეს უბედნიერესი ქალი ვარ. მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა, არც ჩემი საყვარელი ადამიანის გვარიშვილობას მივაქციე ყურადღება და არც ეროვნებას და ნამდვილად, სწორად მოვიქეცი. ჩემი დაქალების უმეტესობამ, რომლებიც გვარითა და წარმოშობით თავიანთ „შესაფერისებს“ გაჰყვნენ, დაანგრია ოჯახი ან თავს უბედურად გრძნობს. მე კი, ჩემი იეზიდი ქმრის გვერდით, ისეთი ოჯახი შევქმენი, ბევრს რომ შეშურდება. გვარი არაფერს წყვეტს, თბილისში გაზრდილია, არაჩვეულებრივი დედისა და დედ-მამიშვილების გარემოცვაში, რომელთანაც შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს და ის, რომ ჩემი შვილები ქართულ გვარს არ ატარებენ, რა პრობლემაა? არც ფული მაკლია, არც სიყვარული და არც დაფასება საყვარელი კაცის მხრიდან. მეტი რა უნდა უნდოდეს ქალს? შესაფერისობა, მხოლოდ წარმომავლობა და გვარია? დღეს მოხუც დედ-მამასაც ვაქცევ ყურადღებას და არასდროს ვსაყვედურობ იმისთვის, რა წლებიც გამომატარეს ჩემი არჩევნის გამო. თუმცა, ვაღიარებ, ის სიმწარე და დამცირება სულ მემახსოვრება.
თამრიკო, 50 წლის.