კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 თაღლითი ლამაზმანი

დეშილ ჰემეთი

– ლანჩი მონკჰემპტონში გვექნება. იქ გემრიელად ამზადებენ  მოგეწონებათ, – თქვა ინსპექტორმა ლეისმა და თანაშემწეს უკმაყოფილოდ გახედა, – ვის მიაშტერდი?
– რა ვქნა, თუ ლამაზი გოგონას ცქერა უფრო მსიამოვნებს, ვიდრე, მაგალითად, იმ უცნაური ახალგაზრდა კაცის. რა უსიამოვნო გარეგნობა აქვს. ეტყობა, ულვაშის გაზრდას ცდილობს და რაღაც ღინღლისმაგვარი აქვს ტუჩზე.
ლეისმა ახალგაზრდა კაცი შეათვალიერა.
– რატომ აქვს უსიამოვნო გარეგნობა? უბრალოდ, ძალიან გამხდარია. მე ყველა კაცი მესიმპათიურება, ვინც ულვაშის გაზრდას ცდილობს.  მაგრამ, ეგეც ქარაფშუტაა თქვენსავით – ისე გადაიხადა ბილეთის ფასი, წარბი არ შეუხრია, არადა, ნახევარ გზაზე ჩადის, მონკჰემპტონში.
მათ ბარგი არ ჰქონდათ. დანარჩენი მგზავრებიდანაც საბარგულით მხოლოდ წითურთმიანმა ქალიშვილმა და სასაცილო ულვაშიანმა ახალგაზრდა კაცმა ისარგებლეს. თანაშემწეს  გაუმართლა – წითურთმიან ქალიშვილს მათ გვერდით სავარძელზე ჰქონდა ადგილი. 19 წლის იქნებოდა. საკმაოდ ენაწყლიანი და მხიარული არსება აღმოჩნდა.  ცოტა ხანში მათ  შორის გულითადი საუბარი გაიბა.  ქალიშვილმა – მას  დურანი ერქვა,  თავისი ოჯახის ამბავი მოყვა. მალე ლეისმა გაიგო, რომ ის დეიდასთან ერთად ცხოვრობდა ებერმუტში. ქალს იშვიათი ანტიკვარიატის სალონი ჰქონდა. საქმეები კარგად მისდიოდათ. დურანი კლიენტებთან ურთიერთობაში ეხმარებოდა დეიდას.
ბოლოს ლეისმა  ვეღარ მოითმინა:
– მადმუაზელ, არ შემიძლია, არ გითხრათ: მეტისმეტად გულახდილი და მიმნდობი ბრძანდებით ახალგაცნობილი ადამიანების მიმართ. მაგალითად, მე უკვე ვიცი, რომ ჩემოდანში 800 ფუნტად შეფასებული მინიატურები გიდევთ, რომლებიც კლიენტთან მიგაქვთ, იქიდან კი ფული უნდა წამოიღოთ. იქნებ მე და ჩემი მეგობარი ყაჩაღები ვართ?
ქალიშვილს განცვიფრებისგან თვალები დაუმრგვალდა. თანაშემწემ ლეისს სახელოზე დაქაჩა:
– რატომ აშინებთ, ეს რა ჯენტლმენის საქციელია?!
– კი არ ვაშინებ, რჩევას ვაძლევ, რომ მეორედ ასე გაუფრთხილებლად აღარ მოიქცეს.
– თქვენ ხომ არ ხართ ყაჩაღები?! – ქალიშვილმა მიამიტურად დაახამხამა წამწამები.
ლანჩი, როგორც დაგეგმილი იყო, მონკჰემპტონში ელოდათ. სამივენი ფანჯარასთან მდგარ მაგიდასთან მოთავსდნენ. აქედან რესტორნის მთელი ეზო მოჩანდა. ქალიშვილი ინტერესით იყურებოდა ფანჯარაში. მისი კლიენტი ამერიკელი იყო – ჯონ  ვუდი. ბეილში საგანგებოდ მინიატურებისთვის ჩამოვიდა და იქ ერთი კვირა აპირებდა დარჩენას. ჯერ მინიატურები არც კი ენახა. დურანის  დეიდასთან სატელეფონო ურთიერთობა ჰქონდა. იგი ქალიშვილს  6 საათისთვის ელოდა. უცებ ქალიშვილი დაიძაბა და ფანჯარას მიაშტერდა, სახეზე შიში გამოეხატა და თითქოს წამოსახტომად მოემზადა. სანამ ინსპექტორი და მისი თანაშემწე  რამეს ეტყოდნენ, მოეშვა   და თითქოს შვებით ამოისუნთქა:
– მომიტევეთ, უცებ მომეჩვენა, რომ ვიღაც კაცი საბარგულიდან ჩემს ჩემოდანს იღებდა!
ლეისი  აწრიალდა:
– მინიატურები ჩემოდანშია?
– დიახ, სპეციალურ, ნიანგის ტყავის ფუტლარშია, რატომ მეკითხებით?
– რა გაუფრთხილებლობაა, მადმუაზელ! ის კაცი იცანით?
– დიახ, ჩვენთან ერთად მგზავრობდა, ყავისფერკოსტიუმიანი. ახლა მომაგონდა, რომ თითქმის ერთნაირი ჩემოდნები გვქონდა. კიდევ კარგი, დროზე მივხვდი საკუთარ შეცდომას, თორემ, ძალიან შემრცხვებოდა, უდანაშაულო ადამიანისთვის ქურდობა რომ დამებრალებინა.
როცა ბეილში ჩავიდნენ და სასტუმროში დაბინავდნენ, თანაშემწემ ლეისს  ჰკითხა:
– დურანი ძალიან ლამაზია, არა?
– ჰო. ლამაზია, მაგრამ, ცოტას მოისულელებს, როგორც ყველა ლამაზი ქალი.
მას სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კარზე კაკუნი გაისმა და ოთახში ქალიშვილი  დაუპატიჟებლად შემოიჭრა:
– მიშველეთ, მუსიე გამქურდეს! მინიატურები ჩემოდნიდან გაქრა!
ორივე დურანის ნომერში შევიდა. ჩემოდნის საკეტი და ნიანგისტყავიანი ფუტლარი გატეხილი დახვდათ. ქალიშვილი ხელებს იმტვრევდა:
– დავიღუპე! დეიდაჩემი გადაირევა! რა პასუხი უნდა გავცე? გამძარცვეს...
– ნამდვილად იმ ახალგაზრდა კაცმა მოიპარა. პოლიციას უნდა შევატყობინოთ. თქვენ რას იტყვით, ლეის?
– როგორც გენებოთ, მაგრამ, მე პირველ ყოვლისა, იმ თქვენს კლიენტთან წავიდოდი.
ამერიკელთან საუბარი ხანმოკლე იყო:
– დაახლოებით, ორი საათის წინ ჩემთან მოვიდა მაღალი კაცი თხელი ულვაშებით და მინიატურები მომიტანა. მომეწონა და ფულიც გადავუხადე – დაპირებული 800 ფუნტი.
– ღმერთო  ჩემო, ღმერთო ჩემო... მან, ალბათ, ავტომობილი დაიქირავა და ჩამოგვასწრო, – ატირდა  ქალიშვილი, – მორჩა, აღარაფერი მიშველის!
პოლიციელებმა ხელჩასაჭიდი ვერაფერი იპოვეს.
– ლეის,  ნუთუ, არ დაეხმარებით? – საყვედურით ჰკითხა თანაშემწემ ინსპექტორს.
– აუცილებლად დავეხმარები, მაგრამ, როცა ებერმუტში ჩავალთ. სულ იმაზე ვფიქრობ, რაში დასჭირდა ქურდს ფუტლარის გატეხვა, როცა მისი მთლიანად აღება შეეძლო?
ებერმუტში მხოლოდ მეორე დღეს, საღამოს ჩავიდნენ. ინსპექტორმა  პოლიციაში შეიარა და ითხოვა, ეჭვი არ მიეტანათ იმ ახალგაზრდა კაცზე, რომელიც მათთან ერთად მგზავრობდა საექსკურსიო ავტობუსით – სულ ჩემ თვალწინ იყო და  ქურდი ვერანაირად ვერ იქნებაო.
– ლეის, რას აკეთებთ? აქამდე ყოველთვის ეხმარებოდით გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს?! –აღშფოთდა თანაშემწე.
– სწორედ ამას ვაკეთებ.  წამომყევით ანტიკვარიატის სალონში და ყველაფერს იქ მიხვდებით.
 დურანი გახარებული შეეგება მეგობრებს:
– პოლიცია დახმარებას დაგვპირდა, გვითხრეს, რომ ჩვენს კლიენტს ნაქურდალს ჩამოართმევენ და დაგვიბრუნებენ, თან, ქურდსაც მოძებნიან.
ინსპექტორმა უკმაყოფილოდ გადააქნია თავი:
– მადმუაზელ,  ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხართ, მაგრამ, უნდა იცოდეთ, რომ ასეთი თაღლითობისთვის, ერთხელაც, ციხეში აღმოჩნდებით. დეიდათქვენს დაუძახეთ!
 უკანა ოთახიდან მაღალი, გამხდარი ქალი გამოვიდა. მკაცრი სახითა და ქედმაღალი ღიმილით:
– ჩემი ნახვა გინდოდათ, ბატონო? რა თაღლითობაზე ლაპარაკობდით?
ინსპექტორი თანაშემწეს მიუბრუნდა:
– აი, ვინ ჩაუტანა მინიატურები ამერიკელ კლიენტს. ის მინიატურები არც კი ყოფილა ჩემოდანში. რომელმა თქვენგანმა მოიფიქრა ეს გენიალური გეგმა – დეიდამ თუ დისშვილმა? მინიატურებს, როგორც მოპარულს, უკან დაიბრუნებდით და ხელახლა გაყიდდით. შეიძლება, იმავე კლიენტზე, რომელიც გადარეულია ასეთ რამეებზე. მადმუაზელ, თქვენ ჯეროვნად ვერ შეაფასეთ ჩემი ტალანტი. როგორც კი რესტორანში დარბაზისკენ ზურგით დაჯექით, მაშინვე დავეჭვდი. თქვენი მეტისმეტი მიამიტობაც არაბუნებრივად მეჩვენა...
 თარგმნა
ნინო წულუკიძემ
скачать dle 11.3