№8 არის თუ არა ნასიცხი საშიში და როგორ გავუმკლავდეთ მას
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

გამოკვებეთ ბავშვი ძუძუთი. დედის რძე გაცილებით ამაღლებს პატარას იმუნიტეტს და ნასიცხი ძალიან მალე გადადის. უნდა დაარეგულიროთ ტემპერატურა ბავშვის ოთახში – ახალშობილისთვის კომფორტული ტემპერატურა 20-22 გრადუსია. არ დაგავიწყდეთ ოთახის ხშირი განიავება, თუმცა, ერიდეთ ორპირ ნიავს. ნუ ჩააცმევთ ბავშვს ზედმეტად თბილად, ნუ გაახვევთ საფენში ისე, რომ მოძრაობა შეეზღუდოს. ნუ ჩააცმევთ სინთეტიკურ სამოსს, რომელიც აძლიერებს ოფლის გამოყოფას. ახალშობილის ტანსაცმელი მხოლოდ ხარისხიანი, ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული უნდა იყოს და „სუნთქავდეს“. ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული უნდა იყოს ბავშვის თეთრეულიც. სამოსი უნდა იყოს ბავშვის ზომის და არ უნდა იყოს ვიწრო, რომ პატარამ თავი კომფორტულად იგრძნოს. აუცილებელია სამოსის დროული გამოცვლა. მუდმივად ადევნეთ თვალ-ყური ბავშვის ჰიგიენას. ნასიცხის შემთხვევაში, რეკომენდებულია დღეში არანაკლებ 3-ჯერ ბანაობა, ზაფხულში კი – უფრო მეტჯერ. ბანაობა შეიძლება უბრალოდ ანადუღარ წყალში. ნასიცხის სამკურნალოდ, ეფექტურია ახალშობილის ბანაობისთვის განკუთვნილ წყალში გვირილის, ორკბილას, მუხის ქერქის ან ბერძნული კაკლის ფოთლების ნაყენის დამატება. მაგრამ დაუკვირდით, რომ პატარას რომელიმე მათგანის მიმართ არ ჰქონდეს ალერგია. ალერგიის შემთხვევაში, შესაძლოა, თავი იჩინოს ალერგიულმა გამონაყარმა. ეფექტურია და ძალიან ბევრს ეხმარება დაფნის ფოთლების ნახარში: 3-4 დაფნის ფოთოლი ჩაყარეთ 1 ჭიქა წყალში და ადუღეთ 15 წუთი. ნაყენი წაუსვით დაზიანებულ ადგილებში. 10 დაფნის ფოთოლი 1 ლიტრ წყალში, ადუღეთ 15 წუთი და ნაყენი ჩაუმატეთ ბავშვის ბანაობისთვის განკუთვნილ წყალში. მოერიდეთ კანის დაზიანებულ ადგილებში სხვადასხვა კრემის გამოყენებას. ამან შეიძლება, სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმოს, რადგან დაზიანებული ადგილები ნოტივდება და კანი არ სუნთქავს, რაც შესაძლოა, დაჩირქების მიზეზი გახდეს. ნასიცხის სამკურნალოდ გამოიყენება სპეციალური, ჰიპოალერგიული საბავშვო კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც წყლის საფუძველზეა დამზადებული. თუ შენიშნეთ, რომ ნასიცხი ბავშვის კანზე არ გადადის რამდენიმე დღის განმავლობაში, იმატებს ზომაში, მიდრეკილია დაჩირქებისკენ და ბავშვი გაღიზიანებულია, ეს ნიშნავს, რომ დაიწყო ინფიცირება. ამიტომ საჭიროა პედიატრთან ან დერმატოლოგთან ვიზიტი, რათა პროცესი შორს არ წავიდეს და სწორი მკურნალობა დროულად დაენიშნოს.
როგორ გავარჩიოთ ალერგიული გამონაყარი ნასიცხისგან?
თუ კანზე გაჩნდა მუქი წითელი ფერის მუწუკები („პრიშჩიკები“), სავარაუდოდ, ეს ალერგიული გამონაყარია. შესაძლოა, გამონაყარი გამოვლინდეს ხორკლიანი ლაქების სახით სხეულზე, თვალებისა და ლოყების გარშემო. ალერგიით გამოწვეული გამონაყარი შეიძლება გაიზარდოს ზომებში და გადაიზარდოს ანთებით პროცესში. ზოგიერთ შემთხვევაში, მუწუკებში დგება გამჭვირვალე სითხე. ასეთი სახის გამონაყრის გამოცნობა შეიძლება იმითაც, რომ ის რჩება ბავშვის სხეულზე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ალერგიისთვის დამახასიათებლია გამონაყარი ბავშვის სხეულის შემდეგ მოინაკვეთებზე: იღლიებში, მუცელზე, თეძოებზე, ხელისა და ფეხის მტევნებზე, თავზე. ნასიცხისგან განსხვავებით, ალერგიული გამონაყარი ახალშობილებსა და უფროსი ასაკის ბავშვებში იწვევს მოუსვენრობას, რადგან დაავადებული ადგილები ექავებათ.