№8 პანკრეასის ანთება და მისგან თავდაცვა
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

მწვავე პანკრეატიტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომია მწვავე ტკივილი. ტკივილი აწუხებს თითქმის ყველა პაციენტს და ახასიათებს რიგი თავისებურება:
* ტკივილი შეიძლება, დაიწყოს როგორც უეცრად და ძალზე ინტენსიურად, ისე ნელ-ნელა და მისმა ძალამ თანდათან მოიმატოს;
* ტკივილი, ჩვეულებრივ, ლოკალიზებულია მუცლის ზედა ნაწილში, მის შუაში ან მარცხნივ. ხშირია ტკივილის ირადიაცია (გადაცემა) ზურგისკენ;
* ტკივილი ხშირად იწყება ან მძიმდება ჭამის შემდეგ;
* ტკივილი გრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში;
* ტკივილი შეიძლება გაძლიერდეს ზურგზე წოლისას.
მწვავე პანკრეატიტის დროს პაციენტი დასუსტებულია. შეინიშნება ტკივილის თანმხლები სხვა სიმპტომებიც:
* ღებინება, რომელსაც არ მოაქვს შევება. ცხელება, შემცივნება, მუცლის შებერვა;
* გულისცემის აჩქარება, რომლის მიზეზიც შეიძლება იყოს ტკივილი, ცხელება, სითხის დაკარგვა ღებინების, შიმშილის გამო ან წარმოადგენდეს კომპენსატორულ მექანიზმს შინაგანი სისხლდენისას.
მეტისმეტად მძიმე შემთხვევებში, როცა პანკრეატიტი რთულდება ინფექციითა და სისხლდენით, პაციენტს შესაძლოა, ჰქონდეს დაბალი წნევა, რომელიც, თავის მხრივ, განაპირობებს: სისუსტეს, გონების დაკარგვას, ძილად მივარდნას, ადვილად გაღიზიანებას, კონცენტრირების უნარის დაკარგვას, თავის ტკივილს.
მკურნალობის შედეგად პაციენტთა დიდი ნაწილი სავსებით გამოჯანსაღდება, ორგანო იბრუნებს ნორმალურ მდგომარეობას. თუმცა, დაავადების გამომწვევი მიზეზების ზემოქმედებით შესაძლოა, განვითარდეს დაავადების განმეორებითი ეპიზოდები. მწვავე პანკრეატიტის შემთხვევათა 5-10 პროცენტში ვითარდება გართულებები: თირკმელების უკმარისობა, სუნთქვის დარღვევა, დიაბეტი, ტვინის დაზიანება.
მწვავესგან განსხვავებით, ქრონიკული პანკრეატიტის დროს ორგანო არ უბრუნდება ნორმას, მისი დაზიანება გრძელდება, რასაც შესაძლოა გართულებები მოჰყვეს, რომელთა შორის აღსანიშნავია: სისხლჩაქცევა პანკრეასში ან მის ირგვლივ, რისი მიზეზიც სისხლძარღვთა დაზიანებაა ორგანოში და მის მიმდებარედ. სისხლდენა შესაძლოა, იყოს ძლიერიც, რაც დაუყოვნებელ დახმარებას მოითხოვს და სუსტიც, რომლის შედეგადაც ანემია ვითარდება.
* პანკრეასის უკმარისობა – პანკრეასი შესაძლოა, ისე დაზიანდეს, რომ ვეღარ შეასრულოს თავისი ფუნქცია – საკვების მონელება ან სისხლში გლუკოზის შემცველობის ნორმალიზაცია. შედეგია შაქრიანი დიაბეტი და წონის კლება;
* პანკრეასის კიბო – ქრონიკული პანკრეატიტი ხელს უწყობს პანკრეასში ანომალიური უჯრედების ზრდას, რამაც შეიძლება სიმსივნური ხასიათი მიიღოს.
პროფილაქტიკისთვის დავიცვათ შემდეგი რეკომენდაციები: თავი დავანებოთ სმას. ვიკვებოთ ხშირად, მცირე ულუფებით. მივიღოთ ცხიმით ღარიბი საკვები. თავი ავარიდოთ განსაზღვრული ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებასა და მედიკამენტების მიღებას.