№8 მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: შეიძლება თუ არა, ათი წლის ბავშვი მოინათლოს მშობლების ნებართვის გარეშე, როგორც გვითხრეს, ბავშვმა თვითონ უნდა აირჩიოს ნათლია. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?
პასუხი: ათი წელი საკმაოდ მცირე ასაკია იმისთვის, რომ ბავშვმა ასეთი გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოს. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, თუ რატომ არიან მშობლები ბავშვის მონათვლის წინააღმდეგნი. კითხვაში ისიც არ ჩანს, მშობლები ეწინააღმდეგებიან ბავშვის მიერ ნათლიად არჩეულ კონკრეტულ პირს თუ, ზოგადად, ნათლიობას უარყოფენ. ბავშვი, რასაკვირველია, უნდა მოინათლოს, თუმცა აჯობებს, ეს მშობლების თანხმობით მოხდეს. იქნებ, ვინმე ახლობელი, კომპეტენტური პირი დაელაპარაკოს მშობლებს და დაგეხმაროთ ამ საკითხის სამართლიანად გადაწყვეტაში.
კითხვა: შეიძლება თუ არა, ბავშვს სახელად იესო ვუწოდოთ?
პასუხი: საქართველოში იესოს დარქმევის ტრადიცია არასდროს იყო, რადგან ქართველი კაცი უდიდესი კრძალვით შეჰყურებდა უფლის სახელს და უბრალო მოკვდავთათვის მის დარქმევას თავს არიდებდა. სასურველია, ეს ტრადიცია დღესაც გაგრძელდეს. იესოს დარქმევის ტრადიცია არსებობდა საბერძნეთში და ფართოდაც იყო გავრცელებული. ასე რომ, საეკლესიო კანონიკით, იესოს დარქმევა არ არის აკრძალული.
კითხვა: ჩემმა ახლობელმა ძალიან დიდი ტკივილი მომაყენა. არ მაქვს სურვილი, რომ მასთან გავაგრძელო ურთიერთობა, თუმცა, როგორც მითხრეს, თუ ასე მოვიქცევი, ცოდვას ჩავიდენ. ეს სიმართლეა?
პასუხი: რაც უნდა ტკივილი მოგვაყენოს მოყვასმა, ჩვენ ვალდებულნი ვართ, მივუტევოთ – „მოგვიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“... – ეს კი იმას ნიშნავს, რომ უფალს ვთხოვთ, ისევე მოგვიტევოს ჩვენი ცოდვები, როგორც ჩვენ მივუტევებთ მათ და თუ ჩვენ სხვას არ შევუნდობთ ცოდვებს, არც უფალი მოგვიტევებს ჩვენს ცოდვებს. თუ ადამიანის გული დამძიმებულია, მასში ვერ შემოვა უფლის მადლი.
კითხვა: ითვლება თუ არა ცოდვად ის საქციელი, რაც ადამიანმა უცოდინრობით ჩაიდინა, ანუ არ იცოდა, რომ ცოდვას სჩადიოდა. არცოდნა არცოდვაა?
პასუხი: არცოდნა არცოდვაა – ამ გამონათქვამს ეკლესია არ იზიარებს, რადგან ადამიანი ვალდებულია, იცოდეს. დღეს ცოდნის მიღების უამრავი საშუალება არსებობს და ასეთი გამონათქვამი მხოლოდ თავის მართლებას ჰგავს. უცოდინრობით ჩადენილი ცოდვებიც ისევე უნდა მოინანიოს ადამიანმა, როგორც ჩვეულებრივი ცოდვები.
კითხვა: რომელი ლოცვა უნდა ვთქვათ განსაცდელისა და წუხილის დროს?
პასუხი: ასეთ დროს უნდა თქვათ ლოცვა: „ღმერთო, შეწევნასა ჩემსა მომხედენ; უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე“ და ეს დაგეხმარებათ დაამარცხოთ განსაცდელი.
კითხვა: ვის მიმართ უნდა გამოხატავდეს ქრისტიანი განსაკუთრებულ სიხარულს?
პასუხი: ქრისტიანს ყყელა უნდა უყვარდეს, განსაკუთრებით კი შეჭირვებულები, ღატაკები და განსაცდელში მყოფნი.