№8 განკითხვის ცოდვის შესახებ

ზოგი განკითხვის ცოდვაში ჩვეულებით ვარდება, სხვანი ავმეხსიერებით, კიდევ სხვანი შურითა და სიძულვილით, ხოლო უმეტესი ნაწილი – თვითდაჯერებითა და აღმატებულებით. მიუხედავად ჩვენი დიდი გამოუსწორებლობისა და ცოდვილობისა, გვეჩვენება, რომ ყველაზე უკეთესნი ვართ. უკეთუ განკითხვის ცოდვისაგან გამოსწორება გვწადია. ყოველმხრივ უნდა ვეცადოთ, რომ ღვთისა და კაცთა წინაშე თავმდაბლობა ვაიძულოთ თავს და ამისთვის ღვთის შემწეობა გამოვითხოვოთ. მოვიხსენოთ სახარებისეული სიტყვა: „სასუფეველი ცათაი იიძულების და რომელნი აიძულებდნენ, მათ მიიტაცონ იგი“ (მათ. 11,12) და მესამე დღეს აღმდგარი იესო ქრისტეს დაპირება: „აღიღეთ უღელი ჩემი თქვენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაი სულთა თქუენთაი. რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტვირთი ჩემი სუბუქ არს“ (მათ. 11.29-30).
***
კაცობრივი ცდომილება და მტრის ხრიკები მრავალგვარია. როდესაც კაცი ყველაფერში სხვებს ადანაშაულებს და არა საკუთარ თავს, ვერ ხედავს, თუ როგორ შედის ამით ცდომილებაში (დაუდევრობაც მტრის ხიბლად იწოდება). ვკითხულობ, გადარჩები კი? გადარჩები – ოღონდ ნუ განიკითხავ სხვებს და მოიხვეჭე სიბრძნე მძიმე ვითარებებში. მშვიდობა შენდა! მოიხვეჭე სიბრძნე!
ადამიანური სიცრუე
გეჩვენებათ, რომ ზოგიერთი ადამიანი თავს უფლებას აძლევს, ურცხვად იტყუებოდეს. სინამდვილეში კი, ეს სრულებით არ არის ასე. თუ წმიდა მამების ნათქვამით ადამიანს ერთი ვნება აბრმავებს, რაღა იქნება მაშინ, როდესაც ისინი მთელი გროვა გახდება? მაგალითად, მზვაობრიობა, პატივმოყვარეობა, მათგან გამომდინარე რისხვა და სიძულვილი თუ ასეთი ვნებები ბატონობდეს კაცზე, შეუძლია კი მას საგნებზე სწორი წარმოდგენა ჰქონდეს? ხომ არ დაიწყებს იგი ამ ვნებათა გავლენით არასწორი შეხედულებების სწორად წარმოჩენას? როგორც კაცს ეჩვენება, ისე მეტყველებს.
ღირსი ამბროსი ოპტინელის სწავლებანი