№8 სიყვარულის საფეხურები
ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე
ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ყველა ადამიანი თავის ცხოვრებაში, ადრე თუ გვიან, პოულობს სიყვარულს. მთავარი პრობლემა ურთიერთობაში არსებული ის სირთულეებია, რომლის გადალახვაც ბევრს უჭირს. ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ სიყვარულს ხუთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი აქვს და ადამიანები ყველაზე ხშირად მესამე ეტაპზე შორდებიან.
შეყვარებულობის ეტაპი – პერიოდი, როცა განსაკუთრებულად მძლავრია ბედნიერების ჰორმონი. ეს არის ეტაპი, როცა ადამიანი დიდ იმედებს ამყარებს იმაზე, ვინც მოსწონს. მისთვის პარტნიორი უნაკლო ადამიანია. ამ დროს საწინააღმდეგო აზრის გათვალისწინება არავის უნდა.
ურთიერთობის ოფიციალური დასაწყისი – ამ ეტაპისთვის სიყვარული უფრო მყარი ხდება და პაემნებს თანაცხოვრება ცვლის. ამ დროს ადამიანები უკეთ შეიცნობენ ერთმანეთს. ესაა ბედნიერებისა და სიხარულის პერიოდი. ამ დროს ჩნდებიან შვილები, რაც ბედნიერებას კიდევ უფრო ამყარებს.
იმედგაცრუება – პერიოდი, როცა პარტნიორი ცოტა მოსაწყენი, ერთფეროვანი და ზედმეტად გამაღიზიანებელი გეჩვენებათ. ამ დროს პირველად ჩნდება სურვილი, ერთ წამში გაწყვიტოთ ურთიერთობა. ასეთ დროს ბევრი იწყებს ფიქრს, რომ საყვარელი ადამიანის არჩევანში შეცდა და ახალი სიყვარულის ძიების დროა.
კრიზისისა და დიდი სიყვარულის ეტაპი – თუ მესამე ეტაპის გადალახვა შეძელით, იწყება ღირებულებების გადაფასების ეტაპი. როცა ხვდებით, რომ გვერდით გყავთ არა იდეალური ადამიანი, არამედ ჩვეულებრივი მოკვდავი, რომელთან ერთადაც უამრავი სირთულე გადალახეთ. თქვენ მას იღებთ ისეთს, როგორიც არის და პრობლემები ქრება.
სიყვარულის გაზიარება – მას შემდეგ, რაც სიყვარულის გზაზე არსებულ ყველა სირთულეს გადალახავთ, ხვდებით, რომ ყველაფერი შეიცვალა. გაქვთ უნარი, ერთად შეცვალოთ რაღაც ამ სამყაროში. იწყებთ ერთნაირად ფიქრს, ერთი საქმის კეთებას, ერთად მოქმედებას და ეს ნიშნავს იმას, რომ ურთიერთობა შედგა.
გამოხატე
სიყვარული
სიყვარულის გამოხატვის გზები საკმაოდ მრავალფეროვანია. მაგრამ ფსიქოლოგები მხოლოდ რამდენიმე მთავარ მეთოდს გამოყოფენ, რომელთა საშუალებითაც საყვარელ ადამიანს ყველაზე მარტივად დაანახვებთ თქვენს გრძნობას;
* არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ ფლირტი სიყვარულის გამოხატვის საუკეთესო გზაა. ფლირტის საშუალებით არათუ სიყვარულს გამოხატავთ, ცხოვრებას ბედნიერებითაც ავსებთ, ურთიერთობა უფრო მყარი და უკეთესი ხდება;
* ხშირად მოუსმინეთ საყვარელ ადამიანს – ასეთ დროს ის გრძნობს, რომ მისი სურვილები თქვენთვის მნიშვნელოვანია და ესე იგი, მართლა ძალიან გიყვართ;
* მიიღეთ ახალი გამოცდილება ერთად – წყვილები, რომლებიც რაღაცას ერთად აკეთებენ, საოცარ სიახლოვეს გრძნობენ ერთმანეთის მიმართ. ამ დროს გამოიყოფა ჰორმონი ოქსიტოცინი, რომელსაც „ჩახუტების ჰორმონსაც“ უწოდებენ. დარგეთ ყვავილები ან დაიწყეთ ახალი ბიზნესი ერთობლივად. შედეგად, თქვენ ერთმანეთთან მჭიდრო კავშირი გექნებათ;
* ერთმანეთზე ზრუნვა – საყვარელი ადამიანისთვის მცირე რაღაცების გაკეთებითაც კი, უდიდეს სიყვარულს გამოხატავთ. აჩვენეთ, როგორ უფრთხილდებით და როგორ ზრუნავთ მასზე;
* ესაუბრეთ საყვარელ ადამიანს თქვენს გრძნობებსა და ემოციებზე – გაუზიარეთ სიხარული. თავადაც მოუსმინეთ მის განცდებს ყოველგვარი განსჯის გარეშე. დაუჭირეთ მხარი, როცა მას ეს სჭირდება;
* ბევრი დრო გაატარეთ ერთად – მიუხედავად ცხოვრების დაძაბული რეჟიმისა, აუცილებლად უნდა მოახერხოთ განმარტოება. წადით ქალაქგარეთ შაბათ-კვირას და გაატარეთ დრო რომანტიკულად;
* ხშირად გაიხსენეთ ურთიერთობის პირველი ნაბიჯები, როცა ყველაფერი შესანიშნავად იყო – ეს თქვენს ურთიერთობას ახალ ენერგიას, ახალ ძალას მისცემს, კარგ განწყობაზე დაგაყენებთ. ემოციური საკვები გულს გაგითბობთ და ურთიერთობას უფრო მყარს გახდის;
* იყავით კეთილგანწყობილი საყვარელი ადამიანის ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების მიმართ – საყვარელი ადამიანის გარემოცვაში აუცილებლად იქნებიან ისეთები, რომლებიც არ მოგწონთ და შესაბამისად, მათთან ურთიერთობაც არ გსიამოვნებთ. ეს ნორმალურია. უბრალოდ, გახსოვდეთ, რომ არ დაიწყოთ მათი კრიტიკა. სჯობს, ნეიტრალური პოზიცია გქონდეთ;
* აჩვენეთ პარტნიორს თქვენი ძლიერი მხარეები, ანუ ის, რაც ყველაზე კარგად გამოგდით – აჩვენეთ საყვარელ ადამიანს თქვენი ნიჭი.
რეალური მიზეზი
იქნებ არასდროს დაფიქრებულხართ ამაზე, მაგრამ ღალატი მარტო იმათი ხვედრი არ არის, ვინც ურთიერთობაში ბედნიერება ვერ ჰპოვა. დავიწყოთ იმით, რომ იდეალური ურთიერთობა არ არსებობს. შეიძლება, ადამიანებმა ბევრი ილაპარაკონ მათ იდეალურ ქორწინებაზე, თავის არაჩვეულებრივ პარტნიორზე, რომელიც უსიტყვოდ ხვდება სათქმელს, მაგრამ ეს ტყუილია. ის მოსაზრებაც მცდარია, რომ ურთიერთობაში ბედნიერი ადამიანები ღალატზე არ ფიქრობენ. ღალატის რეალური მიზეზები უფრო ღრმაა და სპეციალისტები მათ პუნქტებად ყოფენ.
* მამაკაცებიცა და ქალებიც ღალატზე ფიქრს იწყებენ, როცა საკუთარი სექსუალურობის დამტკიცება სურთ. ეს არის არასრულფასოვნების კომპლექსის ერთ-ერთი გამოვლინება, რომელიც შემდეგ, უკვე მოტივად გადაქცეული, ხშირად უბიძგებს ადამიანებს ღალატისკენ. დიახ, შეიძლება, პარტნიორი თავს შეუდარებლად მიიჩნევდეს, მაგრამ კიდევ უნდა ვინმესგან ამის მოსმენა;
* არის შემთხვევები, როცა თითქმის დარწმუნებული ხართ, რომ არ უღალატებთ. მაგრამ მაინც ფიქრობთ, რომ ვნება სადღაც გაქრა. გენატრებათ, კვლავ ეფლირტაოთ პარტნიორს. თუ ამას გრძნობთ, სანამ ღალატამდე მიხვალთ, დაელაპარაკეთ. პირდაპირ უთხარით, რომ მეტი გინდათ. მაშინ არც გვერდით გახედვა მოგიწევთ;
* თუ ურთიერთობაში ერთმანეთი ამოწურეთ, საქმე უკვე ცუდადაა. ეს ღალატის ყველაზე საწყენი და გულწრფელი მოტივია. თქვენ ადრე ქორწინება მოგწონდათ, ახლა კი თითქოს ცალ-ცალკე ვითარდებით. ერთმანეთის აღარ გესმით და სხვაგან პოულობთ სიხარულს. დროა, ერთმანეთს გაეყაროთ და ამის გაკეთება, რა თქმა უნდა, ღალატის გარეშე სჯობს;
* ხანდახან ღალატის მიზეზი ძველი ტრავმა და მარტო დარჩენის შიშია. ანუ, თუ მან ოდესმე გიღალატათ, მსხვერპლის როლის თამაში ერთხელაც აუცილებლად მოგბეზრდებათ და ანგარიშის გათანაბრების სურვილი მოგინდებათ. ამ შემთხვევაში ფსიქოთერაპიის კურსი იქნება აუცილებელი.