№8 როდის ვერ ამართლებს მამაკაცის თვალში ქალის ღირსებები
ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე
როცა მამაკაცი შეყვარებულია, მისთვის სირთულეს არ წარმოადგენს სასურველ ქალს საჩუქრად მთელ ქვეყნიერებას დაჰპირდეს. დაიფიცებს, რომ სამარადჟამოდ მისი ერთგული იქნება, მაგრამ ურთიერთობაში ყველაფერი მარტივად არ არის. მამაკაცები სიყვარულის პირველივე მომენტიდან გვარწმუნებენ, რომ მხოლოდ ჩვენ ვეყვარებით და მზად არიან ბევრი რამ გვაპატიონ, მაგრამ ცეცხლი ყოველთვის ერთნაირად არ წვავს და დგება მომენტი, როცა ქალი და მამაკაცი ერთმანეთს მთელი თავისი ნაკლოვანებებით ხედავენ.
თამუნა (32 წლის): მგონი, მამაკაცები ისე იძლევიან დაპირებებს, ვერც აცნობიერებენ პასუხისმგებლობას. იმ ექვსი წლის განმავლობაში, რაც გათხოვილი ვარ, ამაში კარგად დავრწმუნდი. ჩემი ქმარი გულანთებული შეყვარებული იყო და ჩვენ შორის თავბრუდამხვევი რომანი დაიწყო. მაშინ მისი ყველა სიტყვის მჯეროდა.
– რას გელაპარაკებოდათ – კონკრტულად გპირდებოდათ რამეს?
– სტანდარტულად. რასაც ყველა შეყვარებული მამაკაცი ელაპარაკება და ჰპირდება ქალს. მაშინ მე ასე კარგად არ ვიცნობდი მამაკაცების ბუნებას. სიტყვების „ფრიალი“ მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს. არა მგონია, ჩემი ქმარი გამონაკლისი იყოს. ყველა ერთნაირია, ყველა...
– კონკრეტულად, რას გულისხმობთ?
– როცა რაღაც არ მოსწონთ, მათ შეუძლიათ, ყველაფერს გადაუსვან ხაზი და ახალი ფურცლიდან დაიწყონ ურთიერთობა. ამას ისინი იქამდე აკეთებენ, სანამ სასურველი ქალი მათი საკუთრება არ გახდება. მაგრამ, როგორც ცნობილია, ანთებულ სასიყვარულო გრძნობის ჩაქრობის უნარიც აქვთ და როდესაც ეს ხდება, მამაკაცი კარგად ხედავს მისი პარტნიორი ქალის შეცდომებს და მათთვის ქალის ნაკლი იშვიათად არის „საყვარელი“ სისუსტე. მისთვის არსებობს ბევრი ისეთი რამ, რომელთა პატიებაც, უბრალოდ, შეუძლებელია. არ გეგონოთ „გლობალურ“ შეცდომებზეა საუბარი. გეუბნებით და ერთ სიტყვას არ ვამეტებ, მოცემულ სიტუაციაში მას სიყვარულიც კი არ ეხმარება – როცა გაბრაზებულია ან უკმაყოფილო, ასეთ დროს არანაირ გრძნობაზე არ შეიძლება იყოს საუბარი. მამაკაცს არც საკუთარი დანაშაულის აღიარება და უკან დახევა სჩვევია. ყოველ შემთხვევაში, ამას ხმამაღლა არ გააკეთებს. ბუტიებიც არიან და წყენის გულში ჩადებაც იციან.
– სად გადის ზღვარი და რა არის ის, რისი პატიებაც მამაკაცს არ შეუძლია?
– ვფიქრობ პირველი, რის პატიებასაც მამაკაცი ვერასოდეს შეძლებს, არის ღალატი. სხვათა შორის, არიან მამაკაცები, რომლებიც ღალატს პატიობენ საყვარელ ქალს. მაგრამ ჩვენ ხომ მშვენივრად ვიცით, რომ მამაკაცები უფრო ხშირად და, თან, პირველები იწყებენ ღალატს. თუმცა, მათ თუ შეეკითხებით, მამაკაცებისთვის ღალატი დიდად ამაღელვებელ მომენტს არ წარმოადგენს, რადგან თითქოს ისინი მხოლოდ სხეულით ღალატობენ. არ ვეთანხმები და ეს წარმოუდგენელ სისულელედ მიმაჩნია. მაგრამ ვიტყვი, რომ ღალატს არ დავაყენებდი პირველ ადგილას იმ მიზეზების სიაში, რაც ოჯახს ანგრევს.
ამბობენ, რომ თუ ქალი ღალატობს, ეს მამაკაცისთვის სამყაროს დასასრულს ნიშნავს. არ ვიცი, მე ეს თემა არასოდეს გამირჩევია ქმართან – ვერ გაიგებდა სწორად. იფიქრებდა, რომ რაღაც დავაშავე და ვუმალავ.
– რაღაც დააშავეთ, ანუ უღალატეთ?
– დიახ. მამაკაცი განსაკუთრებით განიცდის საკუთარი თავმოყვარეობის შელახვას, პიროვნულ შეურაცხყოფას. თუ მის პატივმოყვარეობაზე „ითამაშებ“, ის ამას არ გაპატიებს, თავმოყვარეობა არ აძლევს საშუალებას, ასეთი რამ აიტანოს. როგორც უნდა მოინდომოს, ვერ მოახერხებს. ეს ის შემთხვევაა, როცა ქალი მამაკაცზე გაცილებით მაღლა აყენებს საკუთარ თავს, რაც ძალიან მოქმედებს მათ ურთიერთობაზე. ვერაფერს იზამ, ეს ხომ გენეტიკაა – ოჯახში მამაკაცს მთავარი ადგილი უნდა ეჭიროს. ეს წესი ცხოველებშიც კი მოქმედებს. არაა პრობლემა – დაე, შემოჰქონდეს ქალს მეტი ფული, არჩენდეს ოჯახს... მაგრამ საკმარისია, ქალმა მხოლოდ მინიშნება გააკეთოს იმაზე, რომ მამაკაცზე მაღლა დგას და... სავსებით შესაძლებელია, ეს მამაკაცი თვალითაც ვეღარ იხილოს. სწორედ, ეს პრობლემა დაგვიდგა ოჯახში. მე ეს პრინციპულად და შეგნებულად არ გამიკეთებია. ბოლო ორი წელი, ისე მოხდა, რომ ქმარზე მეტი შემოსავალი გამიჩნდა. თანამდებობითაც სოციალური კიბის უფრო მაღალ საფეხურზე ავედი. თავიდან, თითქოს, გაუხარდა, მაგრამ თურმე, ნელ-ნელა იბოღმებოდა და დაიწყო ურთიერთობაში კრიზისი. გამოკითხვებიდან ჩანს, რომ მამაკაცს უფრო ჭკვიანი ქალი სჭირდება, ვიდრე ჩერჩეტი, რადგან შეუძლებელია სისულელეების ხშირად მოსმენა. მაგრამ რეალურ ცხოვრებაში, სახლში მეტისმეტად ჭკვიანი ქალი აღიზიანებს. სწორი აზროვნებისა და ჯანსაღი იუმორის მქონე ქალი მამაკაცებში მოწონებას იმსახურებს მხოლოდ საჯარო სივრცეში, ანუ წვეულებაზე, შეკრებებზე, სამსახურში... მაგრამ თუ ქალი ოჯახში ხშირად გონებამახვილობს, ქმარი ამას დიდხანს ვერ გაუძლებს, იმიტომ, რომ კაცი იშვიათად თუ მიხვდება, სად გადის ზღვარი დაცინვასა და ჯანსაღ იუმორს შორის. ისე დაგვეძაბა ურთიერთობა, უკვე კრიტიკულ ზღვართან მივედით. მინდა, დავსვა, დაველაპარაკო, მაგრამ გამირბის. ანუ, ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ კომუნიკაციის მოშლა ურთიერთობას აცივებს. მერიდება. არ ვიცი, როგორ აღვადგინო ჩვენ შორის ის დამოკიდებულება, რომელიც გვქონდა.
– ანუ, მიზეზი მხოლოდ ის არის, რომ თქვენ მასზე მეტი შემოსავალი და პოზიცია გაქვთ? იქნებ ეჭვიანობს.
– ეჭვიანობს, მაგრამ ჩემს სამსახურზე და არა კონკრეტულად მამაკაცზე, ოღონდ, ამას არ აღიარებს. დადის დაბოღმილი, წარბშეკრული. წესიერად არ მელაპარაკება. სულ უხასიათოდ არის. ზოგჯერ სამსახურში გვიანობამდე დარჩენა მიწევს და მაშინ, საერთოდ, წონასწორობიდან გამოდის. საყვედურებით მიკლებს, რომ მე ქმარი და ოჯახი ფეხებზე მკიდია. რომ მარტო ფული მაინტერესებს. რომ ნებისმიერი ქალი ბედნიერი იქნებოდა, მისნაირი ქმარი რომ ჰყავდეს და მე უმადური გამოვდექი. როგორ მივუდგე, რა სიტყვები გამოვნახო მასთან სასაუბროდ, აღარ ვიცი. ოჯახს ხომ არ დავანგრევ იმის გამო, რომ მე კარიერაში წარმატებას მივაღწიე. არც სამსახურის მიტოვება მინდა. მიყვარს ჩემი საქმე და მიხარია, რომ შრომა დამიფასდა. როგორ გავაგებინო ეს ჩემს ქმარს.