№8 არის თუ არა შესაძლებელი, რომ კორონავირუსი საიდუმლო ლაბორატორიებიდან შემთხვევით „გაპარული“ ან მიზანმიმართულად გაშვებული იყოს
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
მართალია, ჩინეთში გამოვლენილ კორონავირუსს უკვე სახელიც დაარქვეს COVID19 და გვარწმუნებენ, გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 5 000-ს მიაღწიაო, თუმცა არავინ იცის დაზუსტებით არც ვირუსის გავრცელების მასშტაბი და არც დაავადებულთა, დაღუპულთა და გამოჯანმრთელებულთა ზუსტი ციფრი. იმას გარდა, რომ ვირუსის გამოვლენისა და გავრცელების კარგა ხნის შემდეგ აღიარა ჩინეთის ხელისუფლებამ, რომ კარანტინი არა მხოლოდ ერთ ქალაქ უჰანში ჰქონდათ გამოცხადებული, არამედ სხვა მრავალმილიონიან ქალაქებშიც. ვირუსის წარმოშობას, ოფიციალურად, კვლავ გველსა და ღამურას აბრალებენ, თუმცა სხვა ვერსიებიც არის (რომლებზეც ჩვენი ჟურნალის წინა ნომრებში გესაუბრეთ). ამჯერად ბესიკ ალადაშვილთან ერთად ვიმსჯელებთ იმის შესახებ, თუ რა კავშირი შეიძლება, ჰქონდეს (ან არ ჰქონდეს) ახლად მოვლენილ ვირუსს ბაქტერიოლოგიურ იარაღთან – როგორც ჩინეთის ავისმოსურნის მიერ გამოყენებულთან, ისე შესაბამისი ლაბორატორიებიდან უნებლიეთ გამოჟონვასთან, იმის პარალელურად, თუ რა ისტორია აქვს ბაქტერიოლოგიური იარაღის გამოყენებას მისი შექმნის პერიოდიდან.
– ვირუსის გავრცელების რეალური სურათი უცნობია, ისევე, როგორც მისი წარმოშობის ზუსტი მიზეზი, როგორც, ალბათ, დანარჩენი ვირუსებისაც. თეორიულად, რამდენად რეალურია ბაქტერიოლოგიური გაჟონვის ვერსია, ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით?
– უპირველესად, უნდა ვთქვათ, რომ ამ ტიპის კრიზისი სამედიცინო სფეროში და მისი გავრცელების სწრაფი ტემპი, ბუნებრივია, იწვევს ეჭვებს. გარდაცვლილთა რაოდენობა ჩინეთში, ოფიციალურად, უკვე ათასზე მეტია. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებშიცაა უკვე, ვეროპაშიც გავრცელდა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ეს მსოფლიო პრობლემად გამოაცხადა. ქვეყნები საკმაოდ მნიშვნელოვან ღონისძიებებს ატარებენ, რომ მათ ტერიტორიაზეც არ შეაღწიოს ვირუსმა. უნდა გამოვყოთ სამედიცინო მხარეც, რაშიც მე ნაკლებად ვარ კომპეტენტური, ამ ვირუსის სხვა ვირუსებთან ნათესაობა-მსგავსება. ყველანი დაინტერესებულები ვართ და ვუსმენთ ჩვენს ინფექციონისტებს, რომლებიც არაფერს ახალს არ გვეუბნებიან იმას გარდა, რომ ეს არის გართულებული პნევმონია და ისევ ხელების დაბანისკენ მოგვიწოდებენ.
მოდი, შევეხოთ მეორე საკითხს, კორონავირუსით გამოწვეულ შედეგებს და დავსვათ მუდმივი კითხვა, ვისთვისაა ხელსაყრელი შექმნილი მდგომარეობა. კონსპიროლოგიურ თეორიებსაც ვქმნით ხოლმე ჩვენ ამ დაშვებით, მაგრამ ჟურნალისტმა და ექსპერტმა შეიძლება, ამ დაშვებებზე ისაუბრონ, იმიტომ რომ არც ეს ვარიანტია გამოსარიცხი.
– რადგან ყველაფერს აქვს მოტივი.
– დიახ. ამ ვირუსის შედეგები, თქვენ წარმოიდგინეთ, უკვე კატასტროფულია მსოფლიო ეკონომიკისთვის. განსაკუთრებით, აისახა ნავთობის ფასებზე, იმიტომ რომ ჩინეთი მსოფლიოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ყველაზე დიდი მომხმარებელია. მეორეც – ყველაზე მზარდი ეკონომიკა ჰქონდათ და ახლა უკვე 25 პროცენტითაა შემცირებული ნავთობპროდუქტების მოხმარება, იმ მიზეზით, რომ ჩინეთში წარმოება რეალურად გაჩერებულია. ჩინური პროდუქციის ექსპორტი მცირდება, ჩინეთში მოქმედმა უცხოურმა ფირმებმა შეაჩერეს წარმოებები და ყველა მოლოდინის რეჟიმში. ანუ ჩინეთისთვის ეკონომიკური ზარალი უზარმაზარია, ისევე, როგორც იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ბიუჯეტს ნავთობპროდუქტებიდან მიღებული შემოსავლებით ავსებდნენ. ამას გარდა, საკმაოდ მნიშვნელოვანი დარტყმა იყო ჩინეთისთვის, როგორც სახელმწიფოსთვის, იმიჯის შელახვა. გაირკვა ნიუანსები, რომ ცდილობდნენ ამ ამბის მიჩუმათებას, არ აცხადებდნენ ოფიციალურად ამის შესახებ და ასე შემდეგ. ამდენად, პრობლემა სერიოზულია, შედეგიც ამ ეტაპზე – საკმაოდ და ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება პროცესი.
დავსვათ ლოგიკური კითხვა: ეს არის ჩვეულებრივი ვირუსი, რომლის რაობა მედიცინამ ჯერ ვერ დაადგინა, თუ საიდუმლო ლაბორატორიებში შექმნილი ვირუსია, რომელიც შემთხვევით გამოიპარა ან შეგნებულად გამოუშვეს, რათა რეციდივი შეესწავლათ?
– არის კიდევ გენეტიკური იარაღის ვერსიაც. ხაზს უსვამენ, რომ, რაკი ეს ვირუსი ემართებათ მხოლოდ აზიელებს, ის გამოყვანილი შეიძლება, იყოს ჩინური რასისთვის. საერთოდაც, როგორც წავიკითხე, გენეტიკური იარაღის არსი ისაა, რომ, რადგან ერებს აქვთ თავიანთი სპეციფიკური საკვები, ვირუსს აჩვევენ იმ საკვებს და შემდეგ ის ეძებს ისეთ ორგანიზმებს, რომლებშიც ეს საკვებია და ასნებოვნებს.
– სხვათა შორის, ამ მიმართულებით კვლევები გერმანიაში ჯერ კიდევ ჰიტლერის დროს ტარდებოდა, როგორც შემდეგ გაირკვა. ისინი ეძებდნენ ვირუსს გარკვეული ეროვნების ხალხის წინააღმდეგ. შემდეგ გამოჟონა რაღაც ინფორმაციამ, რომ ამაზე მუშაობდნენ ამერიკელები. ეს ნაკლებად სარწმუნოა, რადგან საბჭოთა წყაროები ავრცელებდნენ.
– თუმცა საბჭოელებიც მუშაობდნენ გენეტიკურ იარაღზეო.
– ალბათ, თუმცა, როგორც მე შემდეგ გავარკვიე, არ არის ფანტასტიკური იდეა. როგორც ამიხსნეს გენეტიკოსებმა, სავსებით შესაძლებელია გამორჩევა, თუმცა ურთულესია, რომ ვირუსი გენეტიკური ნიშნით შეირჩეს. ყველაზე სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ ბიოლოგიური იარაღის აკრძალვა, მართალია, ძალაშია, არსებობს შესაბამისი კონვენციაც, ისევე, როგორც ქიმიური იარაღის წარმოებაა აკრძალული, მაგრამ ის ქვეყნები, რომლებსაც ბევრი ფული აქვთ, რომლებსაც აქვთ დიდი ენერგეტიკული რესურსები, სადაც არის ტოტალიტარული მმართველობა შეიძლება, შემოსავლებს სხვა მიზნით იყენებდნენ და მუშაობდნენ ამ მიმართულებით. გასული საუკუნის 90-ანი წლების დასაწყისში ფანჯარა გაიხსნა და ჩვენ გავიგეთ იმ საიდუმლო კვლევების შესახებ, რომლებიც საბჭოთა კავშირში ტარდებოდა ბიოლოგიური იარაღის შექმნის მიზნით. კასპიის ზღვაში იყო კუნძული „ვაზრაჟდენიე“, რომლის საიდუმლო ლაბორატორიებში ტარდებოდა ეს კვლევები. რამდენიმე ქვეყნის აკვატორიაში ხვდებოდა ეს კუნძული და ამერიკელებმა, ჩემი ინფორმაციით, მოახერხეს მისი დაკონსერვება. მაშინ რამდენიმე რუსმა და ყაზახმა მეცნიერმა ამერიკას შეაფარა თავი და ძალიან ცნობილი მეცნიერებიც გახდნენ შეერთებულ შტატებში, ანუ არ დაიმალა საიდუმლო, რომ ბიოლოგიური იარაღის წარმოებას აპირებდნენ. ამ შტამებს, ვირუსებს, ბუნებრივია, შეერთებულ შტატებშიც ქმნიდნენ და არ არის გამორიცხული, რომ სხვა ქვეყნებიც ატარებდნენ ასეთ კვლევებს. მაგრამ ბიოლოგიური იარაღი ისეთი ჯინია, რომ, თუ ბოთლიდან ამოუშვებ, არ არსებობს იმის გარანტია, რომ შენთანაც არ მოვა. როგორ გააკონტროლებ ამას და შეაკავებ შენს საზღვრებთან?!
– თუ ვაქცინა გაქვს?
– ახლა მივდივართ მეორე საკითხამდე. ცნობილი ხუმრობაა, მაგრამ რეალობას ასახავს, რომ კასპერსკის ლაბორატორია თვითონ ქმნიდა ვირუსებს, იმიტომ რომ ანტივირუსი ჰქონდა და ანტივირუსის რეალიზაციისთვის ქმნიდა ვირუსებს. ეს სიმართლესთან ძალიან ახლოსაა და აქაც შეიძლება, დავუშვათ იგივე. მაგრამ მე მაინც სკეპტიკურად ვუყურებ, იმიტომ რომ ამის მართვა რთულია, არავინ იცის, რა მუტაციას განიცდის ვირუსი. უფრო დასაშვებია შემთხვევითობა. თუ არ ვცდები, გასული საუკუნის 70-ან წლებში შეერთებულ შტატებში ბიოლოგიურ კვლევებს ატარებდნენ და გაეპარათ ეს ვირუსი, თუმცა ლოკალური შედეგი ჰქონდა. თუ ვირუსი ადამიანის გონითა და ხელითაა შექმნილი, მის მიზანმიმართულ გავრცელებაზე მეტად მიმაჩნია, რომ შესაძლებელია, ის შემთხვევით „გამოიქცა“. თუ კონსპიროლოგიის თეორიებს გავყვებით – თუ ვისთვის იყო ხელსაყრელი ვირუსის გავრცელება, ამ შემთხვევაში, ყველაზე მოგებული შეერთებული შტატები რჩება.
– რუსეთიც, რომელსაც დიდ პრობლემას უქმნის ჩინეთის ექსპანსია მის აუთვისებელ ტერიტორიებზე.
– რუსეთს პრობლემა ექმნება ნავთობის ფასით.
– ტერიტორიების დაკარგვა უფრო მნიშვნელოვანი არაა?
– ვიცი, თითქოს იღებენ კანონს, რომ უკანონო ემიგრანტები დააკავონ და, ძირითადად, იგულისხმებიან ჩინელები, რომლებიც რუსეთის საზღვართან არალეგალურად ცხოვრობენ, თუმცა, რეალურად, ამ ეტაპზე ნავთობის ფასის ვარდნა რუსეთის ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანი დარტყმა იყო, მაგრამ ამის გამო რუსეთის ხელისუფლება თავს არ მოიკლავს, შეიძლება, მოსახლეობა უფრო დაზარალდეს. იგივე ირანისთვისაც იყო ეს მნიშვნელოვანი პრობლემა, მაგრამ მაინც ლოკალური, იმიტომ რომ, ალბათ, მაინც მალე შეიკრიბება ოპეკი და მოპოვებას შეამცირებენ, რაც ფასს დაარეგულირებს. ასე რომ, ნავთობზე ფასების დაცემას დროებითი მოვლენა იქნება.
რაც მთავარია, შეერთებული შტატების კონკურენტი 21-ე სუკუნეში არის ჩინეთი როგორც ეკონომიკაში, ისე პოლიტიკაში. ჩინეთის მზარდი გავლენა იგრძნობა მთელ მსოფლიოში და სულ ახლახან ვნახე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადება, რომ ყველაზე დიდ საფრთხედ ხედავს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას. რამდენად სწორი თარგმანი იყო არ ვიცი, ან რამდენად დიპლომატიური განცხადებაა, მაგრამ ფაქტია, რომ იმავე ტრამპსაც ბევრჯერ უთქვამს, რომ ჩინეთი არის მათი მთავარი კონკურენტი. რეალურად, ჩინეთის ეკონომიკა ამ ვირუსით მნიშვნელოვნად დაზარალდება, გააჩნია, რამდენ ხანს გაგრძელდება, იმიტომ რომ გარკვეულწილად ეს იწვევს ჩინური პროდუქციისადმი უარყოფით დამოკიდებულებას და მნიშვნელოვნად მცირდება ჩინეთში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი. გავიმეორებ, ოღონდ ეს მაინც კონსპიროლოგიური თეორიაა, რომ ერთი ქვეყანა მიზანმიმართულად იყენებს ბიოლოგიურ იარაღს მეორის წინააღმდეგ. თუ დაველოდებით მოვლენების განვითარებას, ვნახავთ, ვინ გამოუშვებს ვაქცინას და შესაძლებელია, თითი მისკენაც გავიშვიროთ. ანუ შესაძლოა, აქ ჩადებული იყოს კომერციული ინტერესიც, რომ ამ ვაქცინის რეალიზაციით ვინმემ საკმაოდ დიდი შემოსავალი მიიღოს. თუმცა შესაძლებელია, კიდევ ერთი მიმართულებაც განვავითაროთ, შესაძლებელია, რომელიმე ფარმაცევტულმა კომპანიამაც, რომელსაც აქვს ვაქცინა, წამოიწყოს ასეთი კამპანია. ანუ სახელმწიფოს დონეზე კი არ მომხდარიყო, არამედ რომელიმე კვლევითი ორგანიზაციის.
– ბიზნესჯგუფის ანუ?
– რომელიმე ბიზნესკონგლომერატის, რომელიც თავის კონკრეტულ მიზნებს ისახავს. პრობლემაა, რომ ჩინეთში არ არის დემოკრატიის ის ხარისხი, რომ ბოლომდე გავიგოთ სიმართლე, როგორ წარმოიშვა ეს ვირუსი, როგორ განვითარდა. დემოკრატიულ ქვეყნებში ინფორმაცია უფრო სრულყოფილი იქნებოდა, სხვადასხვა ქვეყნის მედიკოსები, მეცნიერები გააანალიზებდნენ, რაღაც საერთო სურათსაც დავინახავდით და საშიშროების თავიდან აცილების მექანიზმებსაც. სულ ახლახან გარდაიცვალა ექიმი, რომელმაც ერთი წლის წინათ პირველმა აღმოაჩინა ეს საფრთხე, მაგრამ ის შინაპატიმრობაში ჰყავდათ ჩინეთში, პოლიტიკური თუ ეკონომიკური მიზეზით, ჩინეთის ხელისუფლებამ მას არ დაუჯერა.