№7 ლალი მოროშკინამ პირად სივრცეზე წითელი ზღვარი დააწესა
ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე
პროფესორი, პიარ-ტექნოლოგი, სიღნაღში „არტ ჰოტელის“ ხელმძღვანელი, რისკიანი, ყველაფერზე წამსვლელი, კარგი დედა და ბებია, მოსიყვარულე შვილი, მოამაგე და და მეგობარი – ეს ის ჩამონათვალია, რასაც ლალი მოროშკინა, სიამოვნებით „ირგებს“. ლალი დედაქალაქის ხმაურიან გარემოს გაერიდა, მშვიდ და სუფთა გარემოში დასახლდა და მიაჩნია, რომ ყველაფერი აქვს სრული ბედნიერებისთვის, რაც ქალისთვის საჭიროა.
ლალი მოროშკინა: რაც ქალაქს გავერიდე, ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ვარ სუფთა ჰაერზე და ვცდილობ, ჩემი ხელებით შევქმნა დოვლათის წყარო. სასტუმროს ბიზნესი დიდ შრომას, კომუნიკაციასა და ყურადღებას ითხოვს. ვამაყობ, რომ მე შევძელი და წელიწად-ნახევარში ჩემი სასტუმრო ტრენდული გახდა. დღეს მოდურია ჩემთან ქორწილების გადახდა და მთელი ზამთარი სიღნაღში, პრაქტიკულად, მარტო ჩვენ ვმუშაობდით. ბუქინგის ჯილდოც კი მივიღეთ, როგორც საუკეთესო სასტუმრო, რომელიც ინტერნსიურად მუშაობდა. ჩვენ არანაირი ეროვნების ტურისტის მიღების არ გვეშინია. სიამოვნებით ვმასპინძლობდით ჩინელებსა და იაპონელებს და სამწუხაროა, რომ ეს კამპანია ისტერიკად გადაიქცა. ჩემთვის იმდენად მიუღებელია ეს ატეხილი ისტერიკა გამოგონილი „კვაზი“ ვირუსის თემაზე, რომ კატეგორიულად ვემიჯნები და ჩვენს სასტუმროში ჯერჯერობით არც არაფერი მომხდარა ცუდი – პერსონალიც ჯანმრთელია და ტურისტებიც.
– რაც კორონავირუსის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, მას შემდეგ გყავდათ ჩინელი ტურისტები?
– დიახ, ძალიან ბევრი. ჩვენ კი არა, ისინი გვიყურებენ შეშინებულები და ვუთხარი: მე, კატეგორიულად ვემიჯნები იმ ბინძურ კამპანიას, რომელიც აზიური ადამიანების წინააღმდეგაა მომართული-მეთქი. გრიპისგან ყოველთვის იხოცებიან ადამიანები და იმ გარდაცვლილთა რიცხვი, რომელიც დღეს ჩინეთშია, მათი მოსახლეობის გათვალისწინებით, მსოფილო პანიკის შექმნად არ ღირს. ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაცას სჭირდება დიდი ფულის „მოხსნა“ იმ წამალზე, რომელზეც სულ მალე იტყვიან, გამოვიგონეთო. ასე რომ, დღეს ჩემთან ცხოვრობს ჩინელი სტუმარი და კიდევ რომ მოვიდეს, სიამოვნებით გავუღებ კარს.
– ერთხელ მითხარი, ვაკეში დავიბადე და გავიზარდე, თუმცა, უპირატესობას რეგიონებში გაზრდილ მამაკაცებს ვანიჭებო. რატომ?
– იმიტომ, რომ ჩვენ გადავიტანეთ 90-იანები, რომელმაც ჩემი ვერელი, ვაკელი და საბურთალოელი კლასელები იმსხვერპლა. ჩემი საუკეთესო მეგობრები ცოცხლები აღარ არიან. შესაბამისად, ახალი მეგობრებისა და პარტნიორების ძებნა მომიწია. ისინი კი, ვინც გადარჩნენ, მე პირადად, სათვალავში არ მყავს. ჩემი მეგობრების საუკეთესო ნაწილი იყო პატრიოტი და დაიღუპა ფრონტზე ან დაბრუნდნენ დაინვალიდებულები, ფსიქოლოგიურად შეშლილები და მათთან რთულია საუბარი. მათი ფსიქიკა ძალიან დამძიმებულია. თუმცა, ქალის პატივისცემა ჩემი თაობის ბიჭებმა რომ იცოდნენ, ახლანდელ თაობას, ერთად აღებულს, არც დაესიზმრება. აღარ არიან ისინი, წავიდნენ. თუმცა, ახლა კარგი თაობა მოდის. მიყვარს მათთან მუშაობა და ურთიერთობა. სასტუმროშიც ახალგაზრდა პერსონალი მყავს. იმ ადამიანებთან ურთიერთობა მირჩევნია, ვისაც ის საზარელი ომი არ ახსოვთ. შევიძინე ბევრი კახელი მეგობარი – ალალ-მართლი ხალხია. კახეთი ის რეგიონია, სადაც ისე ვცხოვრობ, თითქოს იქ დავიბადე და გავიზარდე. მიმიხარია სიღნაღში, მეტწილად იქ ვარ.
– რომ გაკვირდები, საქმეში საკმაოდ რისკიანი ქალი ხარ. ეს რისკი შენს პირად ცხოვრებასაც ეხება?
– პირადი ცხოვრება ჩემთვის ყოველთვის მეორეხარისხოვანი იყო. გაცილებით მნიშვნელოვანია ბიზნესი, პოლიტიკა და აზარტი, რომელიც ამას მოაქვს. პირადი ცხოვრება არის ჩემი შვილები და მათი კარგად ყოფნა. ახლა – შვილიშვილები და რაც მეტად კარგ და კომფორტულ სიტუაციას შევუქმნი ჩემს მონაგარს და ასევე, დედაჩემს, თავის მეუღლესთან ერთად – ესაა ჩემი პირადი ცხოვრება და ყველაზე მნიშვნელოვანი.
– გავიგე, შენს ცხოვრებაში ახალგაზრდა მამაკაციც არის, რომელზეც შეყვარებული ხარ. თუმცა, პირად ჩამონათვალში ის არ გიხსენებია.
– ჩემს ცხოვრებაში შესაძლოა, იყოს ადამიანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას იმაზე მეტი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში, ვიდრე ოჯახის წევრებს. ვთვლი, რომ ჰარმონიულად ვცხოვრობ. არ ვარ მარტოხელა ქალი, რომელიც მიდის სახლში და ეხეთქება კედლებს. რასაკვირველია, მაქვს პირადი ცხოვრება. რაც მეტად გაიზარდნენ შვილები, მეტად საჭირო გავხდი მათთვის. ჩემი ძმაც ჩემი ნაწილია, რომელიც მაღალ მწვერვალებს უახლოვდება და მის გვერდით ვდგავარ. ასე რომ, ჩემს თავს ცალკე ვერ განვიხილავ. რაც შეეხება ახალგაზრდა მამაკაცს, მე თავად ახალგაზრდა ვარ და ვერ მეყოლება ძველგაზრდა მამაკაცი გვერდით (იცინის). არ მიმაჩნია, 10 წლით ჩემზე უმცროსი მამაკაცი პატარად. ისეთი ყვავისხელა ვარ, ჩემზე პატარა პატარა აღარ გამოდის (იცინის).
– ანუ, შეყვარებული ხარ. შენ გვერდით 40 წლის მამაკაცია, ვისთანაც თავს მშვიდად გრძნობ?
– ჩემ გვერდით ის ნამდვილად გრძნობს თავს მშვიდად (იცინის). თბილისელი, ნორმალური, კარგი ბიჭია. მე ცხოვრებაზე ვარ შეყვარებული და ვიღებ იმ საჩუქრებს, რომელსაც ის მიგზავნის.
– ეს მამაკაციც ერთ-ერთი საჩუქარია?
– რა თქმა უნდა. ფუფუნებაა, როცა გვერდით გყავს ადამიანი, რომელსაც შენი ესმის. ეს მთვარია. როცა ადამიანებს შორის გრძნობაა, იქ მინუს, პლუს ათი წელი, არაფერს ნიშნავს.
– შენ, კახეთში გიწევს ყოფნა, ის თბილისელია და როდის ხვდებით ერთმანეთს?
– აქეთ-იქით მიწევს სიარული. თან, შვილები და შვილიშვილებიც თბილისში მყავს, ვის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.
– პირად საუბარში მითხარი: რა ვქნა, ასეთი დავიბადე, ყველაფერზე წამსვლელი ქალი ვარო. რას გულისხმობდი ამ ნათქვამში?
– როცა ვამბობ, ყველაფერზე წამსვლელი ვარ-მეთქი, მართლაც ყველაფერზე წამსვლელი ვარ – კარგზეც და ცუდზეც. ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ არსებობს წითელი ხაზი, რომელიც არ უნდა გადმოკვეთოს, რადგან ის წითელი ხაზი, მის არტერიაზე გაივლის. კარგი ადამიანის გამო კი შემიძლია, გული ამოვიღო და ვაჩუქო.
– რაც წლები გვემატება, მით მეტად ვაფასებთ განვლილ წლებს. უფრო სწორად, ხდება განვლილის გადაფასება, გვერდიდან შეხედვა... შენ თუ გადააფასე, გვერდიდან შეხედე, ცხოვრების რა ეტაპზეა ლალი მოროშკინა?
– ახლა ყველაზე კარგ ეტაპზე ვარ. წავიკითხე ჩანახატი, სადაც 70 წლის ქალი აფასებს თავის განვლილ ყოველ ათწლეულებს და ამბობს: ყველაზე ბედნიერი ახლა ვარო. ჩემს განვლილ წლებზე რომ ვფიქრობ და მის გადაფასებას ვახდენ – 20 წლის ასაკში შვილს ვზრდიდი, 30 წლის ასაკშიც, თან, ვსწავლობდი, უმაღლესს ვამთავრებდი, თან დისერტაციას ვიცავდი, თან ვიბრძოდი ცხოვრებისთვის... მერე იყო რთული წლები, გაყრა, შერიგება, ჩხუბები, ამბები... დღეს, ვიცი, რომ შემიძლია, ქვა გავახარო და ოაზისად ვაქციო. ვიცი, რომ არ დავრჩები უმუშევარი და ნებისმიერ ადგილას შემიძლია, დავიწყო ახალი ცხოვრება. მაგრამ, ეს დღეს ვიცი და სანამ ეს მეცოდინებოდა, იყო შიში, როცა დიდი თვალებით, დაქცვეტილი ყურებით, ყურცქვიტასავით ვუყურებდი ამ ცხოვრებას. დღეს, 50 წლის ასაკში, როცა ვიცი, გავზარდე კარგი შვილები, არაჩვეულებრივი, ჩემთვის სტიმულის მომცემი დედა მყავს, არაჩვეულებრივი დები, რომლებიც შვეიცარიაში, მაღალ თანამდებობაზე არიან, მყავს ძმა, უნიკალური მოვლენა საქართველოსთვის, ფანტასტიკური მეგობრები და გვერდით მამაკაცი, რომელსაც შემიძლია, საღამოს ჩამოვუჯდე და ჭიქა ყავაზე მოვუყვე მთელი დღის თავგადასავალი და, რა თქმა უნდა, მაქვს საქმე, რომლითაც საკუთარ თავსა და ოჯახს ვინახავ – ეს არის ძალიან დიდი გარჯის შედეგი. არასოდეს მითაკილია. ჩაიდანიც მიჭირავს ხელში და აქანდაზიც, რადგან მე თავად ვარ ჩემი სასტუმროს დიასახლისი. ეს ჩემთვის ფუფუნებაა, რომელიც ათი წლის წინ არ მქონია. მაშინ მიშა სააკაშვილს ვეჯიკავებოდი, ვებრძოდი, რომელიც ცდილობდა, გაენადგურებინა ჩემი ცხოვრება. ეს ომი დამთავრებულია და აღარ მინდა პოლიტიკური ბრძოლა. მთავრობა, რომელიც ახლაა, ბევრად უფრო ჰუმანური და კეთილია. პატივს ვცემ მათ საქმეებს და რა თქმა უნდა, ვხედავ უარყოფითსაც. ჩვენ მძიმედ გავდივართ იმ გზას, რაც ევროპამ უკვე გაიარა.
– რადგან პოლიტიკას შევეხეთ, გკითხავ: მართალია, რომ ბიძინა ივანიშვილთან მეგობრობ და მას ოჯახის წევრად თვლი?
– ბიძინა ივანიშვილს ძალიან დიდ პატივს ვცემ და იმასაც გეტყვით, რომ სწორედ მან გადამარჩინა ამ ცხოვრებაში. გულწრფელად მიყვარს. შემიძლია, ბევრს ვეკამათო და სამწუხაროდ, სოციალურ ქსელში ბევრთანაც მომიწია დამშვიდობება. ვთვლი, რომ ამ ადამიანის გალანძღვა ქვეყნის უპატივცემულობაა. მე 2012-იანელი ვარ და მადლობას ვუხდი, მე და ჩემი ოჯახი ციხეში რომ არ ვართ, რაიმე უბედურებაში არ ვართ გახვეული და ჩემი ქვეყნის უფრო მეტი ტერიტორია რომ არ არის დაკარგული. ამას ვგულისხმობ გადარჩენაში. ბიძინას ვიცნობ გამარჯობით, მოკითხვით, დიდ პატივს ვცემ მის ოჯახს, მაგრამ მეგობარი არ ვარ და ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა, მან ჩამთვალოს მეგობრად (იცინის).
– სოციალურ ქსელში წერდი: ახლა იმ ასაკში ვარ, ქალი უნდა იწვეს და ნებივრობდეს, მაგრამ მე რთული გზა ავირჩიეო.
– დიახ, ასეა და ვთვლი, რომ ჩემს ასაკში ვინც ნებივრობს, ძალიან მალე მოუკაკუნებს სიბერე. მე დღე-ღამეში 24 საათი არ მყოფნის საქმეების დასასრულებლად. ბევრი საქმე „ავიჩონჩხლე“: დილით სიღნაღში ვარ, საღამოს – თბილისში, ღამე კი შეიძლება, სადღაც წასასვლელი გავხდე. მე მომწონს ცხოვრების ეს სტილი და ალიაქოთი.
– და, ამ გადარბენების ფონზე, კოსმეტოლოგთან და სალონში ვიზიტს, თავის მოვლასა და ფორმაში ყოფნას როგორღა ასწრებ?
– არაფერი მჭირდება – არც ბოტოქსი და არც პლასტიკური ოპერაცია და ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ვერ მიტანენ პლასტიკური ექიმები, რადგან მუდმივად ანტირეკლამას ვეწევი. მირჩევნია, ჩემი ნაოჭით შევიდე ასაკში. ჩემი ნაოჭი განვლილი წლების ასახვაა და ძალიან ვამაყობ ჩემი წლებით. არასდროს მივმართავ პლასტიკურ ექიმს, არანაირ გამაახალგაზრდავებელ პროცედურას არ გავიკეთებ. მე ყოველდღე ვვარჯოშობ, დავდივარ 4-5 კილომეტრს, არასდროს მომიწევია სიგარეტი და რითიც შემიძლია, ჩემი ორგანიზმი გავათამამო, არის 2-3 ჭიქა წითელი ღვინო. ასე რომ, წითელი ღვინო და ფეხით სიარული, ჩემთვის ბოტოქსიცაა და პლასტიკური ოპერაციაც. და არ ვთვლი, რომ ასეთი ნატურალური იმაზე ცუდად გამოვიყურები, როგორც უნდა გამოიყურებოდეს ქალი ამ ასაკში. რასაკვირველია, ამაში გენეტიკაც მშველის. არ მომწონს, რაც ჩემი თაობის ქალებს დაემართათ. არ მომწონს მათი გარეგნობა – ათასგვარი ჩარევებით იმახინჯებენ თავს. ბოტოქსს აქვს ჩვევა და ნებისმიერ პლასტიკურ ოპერაციას როცა იკეთებ, მერე ორი იმდენს ითხოვს და ზღვარი იკარგება. ნარკოტიკის ეფექტი აქვს, უკუჩვენებებზე რომ აღარაფერი ვთქვა. ვიცი რამდენიმე ქალი, რომლებიც გარეგნობით გაცილებით უკეთესები იყვნენ და დღეს ერთმანეთს დაემსგავსნენ. ისეთი ტენდენცია წავიდა, ის პერიოდი გამახსენდა, ყველას ერთნაირი „წოპეს“ ცხვირი რომ ჰქონდა. ასე რომ, მე ბოტოქსის ნარკოტიკზე არ შევჯდები, ბუნებრიობის მომხრე ვარ.
– და ბოლოს, სახელმწიფო სამსახურში დაბრუნებას თუ ფიქრობ?
– აუცილებლად დავბრუნები სახელმწიფო სამსახურში რუსეთის ელჩად და დავალაგებ ურთიერთობებს.
– ეს, როდის იქნება?
– იმედი მაქვს, მალე.