კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 ზაზა ხუციშვილი: სწორედ ეგაა ნამდვილი სიყვარული, როცა არ იცი, რის გამო გიყვარს

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

სახელი: ზაზა.
გვარი: ხუციშვილი.
პროფესია: ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი, მუსიკოსი, პოლიტიკოსი.
– მოგონება ბავშვობიდან...
– ბავშვობა ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში. დიდ, ტრადიციულ ოჯახში ვიზრდებოდი. ყოველ ზაფხულს ბებია-პაპასთან ჩავდიოდით თელავში და თბილისში რომ ვბრუნდებოდი, კილო მქონდა ხოლმე (იცინის).
– ჩემი პროფესია განაპირობა...
– მუსიკისადმი სიყვარული საკმაოდ გვიან გამიღრმავდა. დავამთავრე მე-8 სამუსიკო სკოლა, რომელიც ჩემთვის ტანჯვა-წამება იყო (იცინის). ჰიდროტექნიკოსობა მამაჩემის გავლენით ავირჩიე – თავადაც ამ სფეროში გახლდათ, მაგრამ ამ პროფესიით ცოტა ხანს ვიმუშავე. რაც შეეხება მუსიკას, 1995 წლიდან ნოსტალგია მომაწვა – 80-იან წლებში რამდენიმე ჯგუფში ვუკრავდი, პირველი იყო „რვაფეხა“, შემდეგ – „ჯუკ-ბოქსი“, სადაც გავიცანი ირაკლი სანაია, რომელიც მერე უკვე „ვაკის პარკის“ წევრი გახდა.
– მშობლების როლი...
– მათ ძალიან დიდი როლი ითამაშეს ჩემს ჩამოყალიბებაში. მადლობა ღმერთს, რომ  დედა ჯანმრთელად მყავს, მამა საკმაოდ ადრე გარდაიცვალა – 68 წლის. განსაკუთრებული პატივისცემა მქონდა მათ მიმართ – არასოდეს მიმიმართავს სახელით. „ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასაო” – ეს მამას შემთხვევაში  რთულია – გარდა იმისა, რომ თავისი საქმის პროფესიონალი იყო, იშვიათი პიროვნება გახლდათ, რომელიც არც ერთ საქმეში არ იჭრებოდა.
– მეშინია...
– ადამიანს შიში მრავალი მიმართულებით შეიძლება, ჰქონდეს. როდესაც მოზრდილ ასაკში შედიხარ, იწყებ იმაზე ფიქრს, რომ რაიმე არ შეგემთხვას და ახალგაზრდა არ წახვიდე ამქვეყნიდან. მერე, რომ გაიზრდები და საკუთარ თავზე ფიქრს მორჩები, უკვე გეშინია, ოჯახის წევრს, ახლობელს არ დაემართოს რაიმე. საქართველომ იმდენი ომი გადაიტანა, მშვიდობისა და თავისუფლების ფასი გავიგეთ, ამის დაკარგვის შიშიც გვაქვს.
– ცოდვა – ეს არის?
– ორგულობა, ღალატი და ყველა იმ თვისებებიდან გადახვევა, რაც ადამიანში ფასობს. ათ მცნებას ვიზიარებ და ვთვლი, რომ რაც იქ წერია, ნამდვილად ცოდვაა, მაგრამ  ორ ადამიანს ქორწილამდე წმიდა გრძნობის საფუძველზე ურთიერთობა თუ აქვთ, ამაზე ცოდვის დარქმევა გამიჭირდება. როდესაც ორმხრივი სიყვარული არ არის და  ეს ურთიერთობები დაფუძნებულია  რაღაც წუთიერ გატაცებაზე, რასაც საბოლოო ჯამში ტკივილი მოაქვს, ეს შეიძლება, იყოს ცოდვა.
– მწამს...
– სულ მინდა, რომ მწამდეს ადამიანების, მაგრამ ეს რწმენა ცოტამ გამიმართლა. მაინც ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ კაცობრიობა ნელ-ნელა ბევრი ღირებულების ერთგული გახდება.
– მაღიზიანებს...
– არაპროფესიონალიზმი, უწესობა, განსაკუთრებით ამ ქაოსური მოძრაობის დროს. მაღიზიანებს ისეთი დამოკიდებულება, როდესაც პირად მიზნებს აყენებენ სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებზე მაღლა. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას, ჩვენი ქვეყანა უფრო სწრაფად განვითარდეს.
– რისკიანი ხართ?
– მგონი, ნაკლებად, რადგან ყველა იმას მეუბნება, რომ ნელა ვიღებ გადაწყვეტილებებს და ძველიდან ახალზე უცებ არ გადავდივარ. შესაძლოა, ეს უფრო სიდინჯესთან არის დაკავშირებული.
– რა არის ბედისწერა?
– ადამიანი საკუთარ ცხოვრებას თავისი ხასიათითა და თვისებებით განაგებს. თუ ჩვენს არსებობაში ადამიანის როლს გამოვრიცხავთ, მაშინ ყველაფერი ამაოა და ამის დაჯერება ნამდვილად არ მინდა. მეტწილად ისეთი ადამიანები აღწევენ წარმატებას, რომლებიც არიან პროფესიონალები, განათლებულები და წესიერები.
– შეგშურებიათ?
– შური, როგორც ამბობენ, იყოფა შავად და თეთრად. სხვისი წარმატება ჩემთვის სერიოზული სტიმული არის ხოლმე, მაგრამ მას რატომ აქვს კონკრეტული
რამე და მე არა – მსგავსი ფიქრები ცხოვრებაში არ მქონია. ადამიანმა საკუთარ შეცდომებზე უნდა იფიქროს, თავადვე გამოასწოროს ისინი და შედეგსაც
აუცილებლად დადებს.
– სამაგიერო გადაგიხდიათ?
– არა, პირიქით, რამდენადაც მქონია საშუალება ხელი გამიმართავს მათთვის.
– ეჭვიანი ხართ?
– ცხოვრების რაღაც ეტაპზე, ალბათ, ვყოფილვარ ეჭვიანი, მაგრამ ახლა ჩემი ოჯახის მდგომარეობიდან გამომდინარე, ეჭვიანობის საფუძველი არ მაქვს. თუმცა, რაღაც გამძაფრებული ეჭვის გრძნობა არც არასოდეს მქონია.
– როდის ყვირით?
– მდგომარეობიდან ჩემი გამოყვანა ძალიან რთულია. მშვიდი ადამიანი ვარ. „მაესტროს“ ეთერში პოლიტიკური თოქ-შოუ რომ მიმყავდა, ბევრს უთქვამს, როგორ ვითმენდი (იცინის). არის მომენტი, როცა ყველა ვუწევთ ხმას, მაგრამ ყვირილზე გადასული ჩემი თავი დიდი ხანია, არ მახსოვს.
– ბილწსიტყვაობთ?
– ძალიან იშვიათად. საზოგადოების თანდასწრებით ყოველთვის კორექტული ვარ და ეს მამაჩემის დამსახურებაც არის – მისგან ყველაზე უწმაწური რაც გამიგია, არის: „ვიგინდარა“ და „ნაძირალა“.
– სიყვარული – ეს არის...
– ადამიანის ნიჭთან გათანაბრებული თვისება. ისეთივე ნიჭთან, როგორიც არის მხატვრობა, მსახიობობა და ასე შემდეგ. ვთვლი, რომ ყველა ადამიანს ერთნაირი სიყვარული არ შეუძლია. არიან ისეთები, რომლებსაც საკუთარი თავის გარდა არავინ უყვართ. ზოგისთვისაც სიყვარული ცხოვრების ბოლომდე რჩება, კონკრეტულ ადამიანთან ნაპოვნი კომფორტის დონეზე.
– დრო და სიყვარული...
– ადრეულ ასაკში ვნებასა და სიყვარულს შორის რთულია ჩამოყალიბება. როდესაც გრძნობა დროს უძლებს ცხადია, რომ ეს ნამდვილი სიყვარულია. ფილმ „ბედის ირონიის“ ახალ ვერსიაში არის ასეთი მომენტი: ორი მამაკაცი ზის ტაქსიში და ერთ-ერთი ამბობს: ასეთი გაწონასწორებული, მოწესრიგებული ვარ და მას კი ის რის გამო უყვარსო. ტაქსის მძღოლი, რომელიც ქალბატონია, მოუტრიალდება და პასუხობს: განა რაღაცის გამო უყვარს? სწორედ ეგაა ნამდვილი სიყვარული, როცა არ იცი, რის გამო გიყვარსო.
– როგორია თქვენთვის იდეალური ქალი?
– იდეალური ადამიანები რამდენად არსებობენ – ეს ცალკე საკითხია. პირველი – ქალი გხიბლავს გარეგნობით, რის გამოც ცდილობ, ურთიერთობის აწყობას. არის მეორე ვარიანტი, როცა სამსახურის ან რაღაც გარემოების გამო გიწევს ურთიერთობა  და  მისი თვისებები გიჩენს გრძნობებს ამ ადამიანის მიმართ. ამ შემთხვევაში, ყველა იმ თვისებას, რომელიც უკვე აღვნიშნე, რომ ადამიანში დასაფასებელია, დავუმატებდი ოჯახში მოთმინების უნარს.
– ქალს ალამაზებს...
– მანერები, აღზრდა, ჩაცმულობა, თავის მოვლა, აბსოლუტურად არ არის საჭირო, იყოს გადაჭარბებული, ბრენდული და ასე შემდეგ. მოდაში რომ იყო ზედმეტი სამკაულები და „ნორკის“ „შუბა“ ძალიან მაღიზიანებდა. ასევე, არ მიყვარს, როცა ქალს მკვეთრი მაკიაჟი აქვს. სისადავე ყველაზე მეტად მომწონს.
– რას ემტერებით?
– ვემტერები – არა, უფრო ჩემთვის მიუღებელია ზოგი რამ, მაგალითად, უადგილოდ შენიშვნებისა და რჩევების მიცემა. ერთ ადამიანს აქვს ნათქვამი: რჩევა მაშინ უნდა მისცე ადამიანს, როდესაც გეკითხება.   ზომიერება სჭირდება ამ ყველაფერს. ზრდასრულ ადამიანს მიუთითო იმის გამოსწორებაზე, რაც უკვე ჩამოყალიბებული აქვს, ცოტა უხერხულია.
– მაკომპლექსებს...
– პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ერთი  რამის ღრმად მწამს:  ყველა ადამიანი შენით კმაყოფილი ვერ იქნება. მთავარი ამოსავალი  წერტილი  შენი  სინდისია, რომლის წინაშეც უნდა იყო მართალი.  თუ მორწმუნე ხარ, მაშინ – ღმერთთანაც. ამ შემთხვევაში, უკვე შეგიძლია, დაუმსახურებელი კრიტიკა არ მიიღო და ჩათვალო, რომ სწორი არ იყო. თუმცა, მიუხედავად ამისა, ხდება ისე, რომ რაღაცები გვრთგუნავს და გვაკომპლექსებს. ჩემს შემთხვევაში, ასეთი რამ იყო ის, რომ აღმოვჩნდი მილიონერების სიაში. რაც უმრავლესობიდან წამოვედი, სამსახურის მანქანა დავტოვე, პირადი ავტომობილი კი არ მყავს. შორი მანძილიდან დავდივარ და ჩემმა მეგობარმა მათხოვა  საკუთარი მანქანა, რომელიც საკმაოდ კარგია. ვინც  შორიდან დამინახავს, ალბათ, გაიფიქრებს: აუ, კარგად უშოვია და კარგი მანქანა უყიდიაო.
– ბოდიშის მოხდა გიჭირთ?
– ყველაზე რთულია, მაგრამ  ხშირად მომიხდია, მათ შორის, პოლიტიკაშიც. როცა გრძნობ, მართალი არ ხარ, უსიამოვნოა, თუმცა, უნდა შეძლო და  მოიხადო ბოდიში.
– ვამაყობ...
– ჩემი მშობლებით, ოჯახით, შვილით, მეუღლით... თუნდაც „ვაკის პარკის“ ექვსი ალბომით, რომელშიც ბევრი ისეთი სიმღერაა, რომლის შესრულებას დღესაც გვთხოვენ. ასევე, ვამაყობ ნათია თოდუათი, რომელმაც არაერთ წარმატებას მიაღწია. მეამაყება ის, რომ ჩვენი ქვეყანა რეგიონის ლიდერია ბევრი მიმართულებით, ეს დასაფასებელია, მაგრამ სამუშაო კვლავ ბევრია.
– ვაგროვებ...
– სპორტსმენების სურათების ძალიან კარგი კოლექცია მქონდა. გულშემატკივრები სხვადასხვა უბნიდან მოდიოდნენ ხოლმე სანახავად. მქონდა მარკების კარგი კოლექციაც. დღესდღეობით გვაქვს ვარდების კოლექცია, მათ შორის ბევრი იშვიათი ჯიში – 100-ზე მეტი სახეობის მაინც.  
– არასოდეს დამავიწყდება...
– მამამ რომ გიტარა მიყიდა. მივედი და ვთხოვე, გიტარა მიყიდე-მეთქი. მაშინ არც ერთს არ გვქონდა ჩემი მომავალი გააზრებული. მაშინვე დამთანხმდა, მაგრამ რომ მკითხა, რა ღირდა, აი, აქ გავჩუმდი. ბევრი წრიალის შემდეგ ვუთხარი, რომ 4 000 მანეთი ღირდა. 1985 წელში ამ თანხით, მინიმუმ, 2-3 წლის ჟიგულს იყიდდა კაცი.  უარი მითხრა, მეც არ მწყენია. მერე, დედაჩემის ხანგრძლივი კონსულტაციებით, ბიუჯეტის დათვლითა და ასე შემდეგ, გადაწყდა, რომ ეყიდათ ჩემთვის გიტარა, რომელიც ყველაზე სწორი ინვესტიცია აღმოჩნდა. თუმცა, ამაზე მაშინ არ ვფიქრობდით. დღეს ეს გიტარა გაცილებით მეტი ღირს. უკვე 35 წელია, რაც მაქვს და დღემდე მასზე ვუკრავ.
– რჩევა, რომელიც სულ გახსოვთ...
– ლორდი ჩესტერფილდის წიგნში – „წერილები ვაჟიშვილს“, ძალიან კარგი რჩევებია. მიყვარს ეს წიგნი და ყოველთვის ვჩუქნი მოზარდებს. იქ წერია: შვილო, ქება მაშინ არის ყურადსაღები, როცა გაქებს ის, ვინც თვითონ არის ქების ღირსი, თუ ეს ქება გადამეტებულია, ესე იგი, დაგცინიან.

скачать dle 11.3