№7 როგორ მასპინძლობდა პარიზში თაკო მესხს გუსტავ ეიფელის შვილიშვილი და რა იქცა მისთვის შეუსრულებელ მისიად
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ცამეტწლიანი ჟურნალისტური გამოცდილების შემდეგ, თაკო მესხის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ახლა „პოსტ ფაქტუმთან“ ერთად უკვე დილის გადაცემაზეც მუშაობს და მაყურებელს „მთავარ არხზე“ წამყვანის ამპლუაში ხვდება.
თაკო მესხი: ძალიან მძიმე ზაფხული გვქონდა მეც და მთელ გუნდს, რომელიც „რუსთავი 2-ზე“ ვმუშაობდით. ცამეტი წელი ვიმუშავე გადაცემა „პოსტ სკრიპტუმში“ და გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყო, ბევრს ვფიქრობდი. ძალიან გამიმართლა, რომ მთელი, ახლა უკვე „პოსტ ფაქტუმის“ გუნდი, „მთავარ არხზე“ ერთად წამოვედით. „რუსთავი 2-ზე“ დარჩენას არც ვაპირებდი. სიმართლე რომ ვთქვა, ვფიქრობდი, რომ სახლში წავიდოდი. პროფესიის შეცვლაც მინდოდა, რადგან ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი. მე ამ გუნდთან ერთად გავიზარდე. 19 წლის ვიყავი, მათთან რომ მივედი. მახსოვს, დათო კიკალიშვილმა მითხრა: პატარა ხარ, აქ გამოცდილი პროფესიონალები მუშაობენო. არც მიოცნებია ამ გადაცემაში მუშაობაზე, მაგრამ ნატა ამაღლობელმა მომკიდა ხელი და ყველაფერი მასწავლა. მისი დამსახურებაა, რომ „პოსტ სკრიპტუმის“ ნაწილი გავხდი. მე ძირითადად, კულტურის თემებზე ვმუშაობ და რატომღაც შიში მქონდა, რომ ბევრი მიზეზის გამო ახალ ტელევიზიაში რთული იქნებოდა ასეთი მიმართულებით მუშაობის გაგარძელება. თუმცა მალევე მითხრეს, რომ არცერთი სეგმენტი არ დაიწევდა უკან. უფრო მეტიც, ახლა უკვე დილის გადაცემაშიც ვარ. ეს იდეა ზაფხულშივე გაჩნდა. თაშკა ჩანტლაძე და სალომე ბენიძე არიან დილის გადაცემის პროდიუსერები – ცამეტი წლის წინ სწორედ მათთან ერთად მივედი „რუსთავი 2-ში“. პირველად რომ მითხრეს დილის გადაცემის შესახებ, სერიოზულად ვერ მივიღე. ამდენი წელია, ჟურნალისტი ვარ, მაგრამ აბსოლუტურად სხვა გამოცდილება მქონდა, პირდაპირ ეთერში არასდროს მიმუშავია.
– გაგიჭირდა გამკლავება?
– ერთ-ერთი პირველი მიზეზი, რის გამოც დილის გადაცემაზე მუშაობის არ შემეშინდა, დილის სიყვარულია. ისედაც ყოველთვის შვიდ საათზე ვდგებოდი და რომ მითანხმებდნენ, მითხრეს: შენ ხომ ისედაც ადრე დგები და რა პრობლემააო (იცინის). არ მეგონა, თუ გამოვიდოდა და ძალიან მეშინოდა. ცამეტი წლის განმავლობაში სულ რამდენიმე ჩართვა მქონდა პირდაპირ ეთერში და ჩემი აზრით, საკმაოდ წარუმატებელი (იცინის). თუმცა, ახლა მთლიანად დავივიწყე ნერვიულობა და სამი საათი ეთერში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. უკვე საოცრად მიყვარს ეს გადაცემა. თან, ძალიან კარგი პარტნიორი მყავს – ლევან ბუთხუზი. მომეწონა გადაცემის კონცეფცია. არ ვიცი, მაყურებელი ამჩნევს თუ არა, მაგრამ ჩვენ არ გვყავს სუფლიორი, ყველაფერი იმპროვიზაცია და ჩვენი დამოკიდებულებაა. ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ პირველივე ეთერში მივხვდი, რომ ეს არის ის საქმე, რომლის კეთებაც ისე მიყვარს, ვგიჟდები.
– თავის დროზე, ჟურნალისტობა როგორ გადაწყვიტე?
– მე ვვფიქრობ, რომ ჩვენ ცოტა ადრე ვაკეთებთ პროფესიულ არჩევანს. 16 წლის ვიყავი, სკოლა რომ დავამთავრე და არ მახსოვს, მაშინ რას ვფიქრობდი კონკრეტულად ჩემს მომავალთან დაკავშირებით. ძალიან აქტიური ადამიანი არ ვყოფილვარ – ბევრი ლაპარაკი რომ უყვარს, სტანდარტულად ჟურნალისტიკასთან რომ ასოცირდებიან. კომუნიკაცია კარგად გამომდის და მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა. ახლაც დიდი სიამოვნებით ვაკეთებ სიუჟეტებს „პოსტს ფაქტუმში“. თუმცა, როცა არჩევანს ვაკეთებდი, კონკრეტული მიზეზი არ მქონია. მახსოვს, რომ მინდოდა ხელოვნებათმცოდნეობა მესწავლა. კარგი იქნებოდა, რომ ეს გამეკეთებინა. დღეს ვერ ვფიქრობ, რა შეიძლება, იყოს ჟურნალისტიკაზე საინტერესო პროფესია, მაგრამ მგონია, რომ უმჯობესია, რომელიმე კონკრტულ მიმართულებაში გქონდეს განათლება. ჟურნალისტიკა უფრო პრაქტიკის ამბავია. ჯავახიშვილის უნივერსიტეტი დავამთავრე და მიუხედავად იმისა, რომ კარგი ლექტორები მყავდა, შემიძლია ვთქვა, რომ იქ პრაქტიკული, ანუ რეალური ჟურნალისტიკა, არ მისწავლია.
– სწავლის შემდეგ პირდაპირ „რუსთავი 2-ში“ დაიწყე მუშაობა?
– პირველ კურსზე ვიყავი, როცა უნივერსიტეტში მოვიდნენ სტუდია „დღიდან“ და რამდენიმე აგვარჩიეს. მათთან ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდი. შემდეგ ცოტა ხნით, „პირველი არხის“ დილის საინფორმაციოშიც ვიყავი. მაშინ „პოსტ სკრიპტუმში“ პრაქტიკანტი იყო ჩემი ძალიან ახლო მეგობარი, ძალიან წარმატებული გოგო – მარიკა ქოჩიაშვილი, რომელიც ახლა ლონდონში ცხოვრობს და „როიტერში“ მუშაობს. მაგრამ პროგრამით ლონდონში მიდიოდა და მითხრა, აქ პრაქტიკანტი უნდათ და ხომ არ მოხვალო? ჩემი სტუდენტობის დროს „დროება“ და „პოსტ სკრიპტუმი“ იყო ორი მთავარი გადაცემა და ვერც ვიოცნებებდი იქ მოხვედრაზე. რომ მივედი, შოკირებული ვიყავი, რამეს რომ დამავალებდნენ, საჩუქრად აღვიქვამდი, ყველას თვალებში შევციცინებდი.
– ალბათ, სირთულეებიც იყო.
– ამ გადაცემით ვცხოვრობდი. ჩემთვის სხვა არაფერი არსებობდა. ყველა მეჩხუბებოდა, რომ არასდროს ვესწრებოდი მნიშვნელოვან ღონისძიებებს და სულ სამსახურში ვიყავი. თან, ეს ძალიან მომწონდა. სირთულეები მას შემდეგ დაიწყო, რაც ბავშვები გამიჩნდა. რაც დრო გადის, ვხვდები, რომ შესაძლოა, მათ ძალიან მნიშვნელოვან ამბებს ვერ დავესწრო – თუნდაც, ჩემი შვილების კრებას, გავაცდინე ჩემი უმცროსი შვილის სპექტაკლი და ჩემი არყოფნა რომ დაეკომპენსირებინათ, მთელი ჩემი სანათესაო წავიდა (იცინის). მართლა გული მიჩუყდება ამ ყველაფერზე. ბავშვებს ნაკლებად აინტერესებთ, დედა რომ ტელევიზორშია. რა თქმა უნდა, ურჩევნიათ, მათ გვერდით ვიყო. ორივე სამი თვის იყო, სამუშაოდ რომ გავედი და ამასაც ძალიან ვნანობ. რომ გაიზრდებიან, იმედია, მაპატიებენ. თუმცა, ბოლო წლებში, სამსახურშიც ფუფუნება მაქვს თავისუფალი რეჟიმის სახით. ვცდილობ, თავისუფალი დრო მთლიანად ბავშვებთან ერთად გავატარო.
– ალბათ, როცა „დროებასა“ და „პოსტ სკრიპტუმს“ უყურებდნენ, ბევრისთვის მოგზაურობა იყო ერთ-ერთი მიმზიდველი ფაქტორი ჟურნალისტიკაში.
– მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ვარ ნამყოფი. თავიდან რომ მივედი, ოპერატორი ბიჭები წუწუნებდნენ, ხვალ ისევ პარიზში მიშვებენ, აღარ შემიძლიაო და სახლში რომ მოვდიოდი, ვფიქრობდი ხოლმე, რომ „ტიპობდნენ“. მაგრამ ბოლოს მეც ასე ვიყავი. ვჩხუბობდი, ხომ არ შეიძლება, ცხრაჯერ წავიდე პარიზში, მე არ გამიშვათ-მეთქი (იცინის). ალბათ, არავინ დაიჯერებს, მაგრამ ასე იყო. თუმცა, ახლა ცოტა შევიცვალეთ, ასე აღარ ვმოგზაურობთ. სულ სხვაა, როცა ტურისტი ხარ რომელიმე ქვეყანაში და სხვა – როცა საქმეზე მიდიხარ. პირველად პარიზში ნატალია ვადიანოვას ჩასაწერად წავედი. საოცარი იყო მოდის სამყარო და ძალიან შთამბეჭდავი ვიზიტი გამოვიდა. მეორედ გუსტავ ეიფელის შვილიშვილის ჩასაწერად ჩავედი და რა უნდა იყოს იმაზე უკეთესი, ეიფელის შვილიშვილი რომ გმასპინძლობს პარიზში?! ასეთი შემთხვევა ბევრი იყო.
– ოჯახზეც ვისაუბროთ...
– ჩემი მეუღლეც გადაღებაზე გავიცანი. ოჯახის შექმნაზე რომ დავიწყე საუბარი, სამსახურში მითხრეს: რა ოჯახი, ხომ არ გაგიჟდიო (იცინის). დათო მეუბნებოდა, ბავშვები რომ გაგიჩნდება სახლში დაჯდებიო (იცინის). ეტყობა, ერთგვარი პროტესტი მაქვს, რომ ჩემს საქმეს არაფერმა შეუშალოს ხელი. ამიტომ სულ ვცდილობ, არ მოვდუნდე.
– ოჯახში როგორი გოგო ხარ?
– არასდროს არაფერს ვამზადებ. სამწუხაროდ, არც ვიცი. ჩემთვის გემრიელი კერძის გაკეთება შეუსრულებელი მისიაა (იცინის). ძალიან მეშინია, რომ კარგი არ გამომივა. წიწიბურა მომიხარშავს, რომელიც ასევე, არ მოსწონთ ჩემს შვილებს (იცინის). რამდენჯერაც ვცადე, წარუმატებელი გამოდგა. თუმცა, წინა კვირაში შევუწვი კვერცხი მეუღლეს და კმაყოფილი იყო. არ მიყვარს, რომ ამბობენ, სამზარეულოში არ შევდივარო. ძალიან მინდა, რომ გამომდიოდეს, მაგრამ ფობია მაქვს. ეტყობა, არ მიყვარს წარუმატებლობა. სახლის ამბებსაც ვერ ვასწრებ. თუ სახლში ვარ და დრო მაქვს, ვცდილობ, ბავშვებს ვეთამაშო, მათთან ერთად გავატარო დრო, ვიდრე, სახლის საქმეები ვაკეთო. ჩემთვის ეს არ არის პრიორიტეტული. არ მინდა, ვინმემ ცუდად იფიქროს, მეც გავუღიზიანებივარ ამ თემაზე მსგავს საუბრებს, მაგრამ მონდომების მიუხედავად, კერძების მომზადება მართლა არ გამომდის და დალაგებას რაც შეეხება, ისედაც ისე ცოტა დრო გვაქვს, რომ პრიორიტეტი ჩემთვის ეს კი არა, შვილებთან ურთიერთობა და დასვენებაა. მინდა, მხოლოდ ის გავაკეთო, რაც მსიამოვნებს და მიყვარს. როცა საქმე პროფესიას ეხება, შვილებსაც მხოლოდ იმას ვეუბნები, რომ ბედნიერები უნდა გამოვიდნენ. უფროსი რვა წლისაა, უმცროსი – ექვსის. ჯერ პატარები არიან, მაგრამ რამხელებიც არ უნდა იყვნენ, მთავარია, ბედნიერად გრძნობდნენ თავს.